
ლუარსა ბობა არსად გამქრალა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

25.07.2026
მანანა თევზაძე
ლუარსაბობა არსად გამქრალა
სპექტაკლის აფიშამ და პროგრამამ მაუწყა, რომ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ტექსტზე მუშაობდნენ: მანანა ანთაძე და საბა ასლამაზიშვილი; მხატვარი გახლავთ გიორგი უსტიაშვილი, კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე; მონაწილეობენ მსახიობები: თამრი ბზიავა, შაკო მირიანაშვილი, ბექა ჯუმუტია.
პროგრამის ფოტოსურათშივე გამოჩნდა მათი დამოკიდებულება წარმოდგენის საგნისადმი - ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდებული ორი კოსტიუმირებული არსება - ქალი და კაცი, ყვავილების თაიგულით ხელში, მხოლოდ უთავოდ, უსახოდ... თითქოს არსებულნი და... არარსებულნი!
საცნაურია ასევე სპექტაკლის სახელწოდებაც, ტრადიციული ძახილისა და კითხვის ნიშნის გარეშე, ისე, როგორც ეს ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა გამოტანილი თავისი ნაწარმოების სათაურად. რამაც სრულიად ახლებურად განმაწყო სპექტაკლისადმი: იქნებ სულაც არ არის ისე ცუდი ლუარსაბი, როგორც მეგონა? და საზოგადოებაც რომ არ არის ისე კარგი, რომ აღშფოთებულმა განსაჯოს, - ოჰ, რა ცუდები ყოფილან ლუარსაბი და დარეჯანიო!
კლასიკური ნაწარმოები სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იკითხება და იმიტომაცაა კლასიკური, რომ არასოდეს კარგავს აქტუალობას; არაერთხელ წაკითხული, უმრავლეს შემთხვევაში ნასწავლიც კი, თავიდან გასააზრებელ და ამოსახსნელ თემასა და პრობლემას გთავაზობს.
„და მე მაგონდება, როგორ მწარედ ვიტირე ბავშვობისას, როდესაც ლუარსაბის სიკვდილის ამბავი წავიკითხე“... ეს ფრაზა ცნობილი ქართველი მწერლის მიერ სინანულით ამოთქმული ფრაზაა.
ქართულ თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული „კაცია-ადამიანი“, ასახვის საგნისადმი ასევე სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას წარმოაჩენდა და ამაში, უმთავრესი განმსაზღვრელი ნიშანი, მსახიობის მომხიბვლელი პიროვნება იყო!
მსახიობს მიღმა კი, რა თქმა უნდა, იდგა რეჟისორი და მის მიერ გააზრებული სპქტაკლი.
თუმანიშვილის თეატრის შემთხვევაშიც სწორედ ასეა:
„ლუარსაბობა“ არსად გამქრალა. მან უბრალოდ ფორმა იცვალა. ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ამბავი მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძისა და მისი ოჯახის შესახებ, ეს ნაწარმოები „დიდი სარკეა“, სადაც ყველა მკაფიოდ ჩანს თავისი ცხოვრებით და თავისი ტკივილით.
ამ სპექტაკლის ლუარსაბი აღარ არის თავადი, მფლობელი მამულისა; იგი უფრო წარმოსახვითი „მებატონეა“, ჩაკეტილი რომელიღაც კორპუსის რომელიღაც სართულზე, კომფორტულ ბინაში, თავის დარეჯანთან ერთად... დარდით თითქოს დაბნეული და ყოჩაღიც, მაგრამ მაინც ფსევდო! რაღაცნაირად ძალიან თანამედროვე, სწორედ თბილისელი, ზოგადად ქართველი.
სცენა მთლიანად შავადაა შეფერილი...
და ამ ბინაში, გაშლილ მაგიდასთან, საქმიანობს დარეჯანი (მსახიობი თამრი ბზიავა). ჭიქები, თეფშები, ვერცხლისფერი ქვაბი... რომელიღაც ტაფიდან ოხშივარი ამოდის...
მაგიდა-კუნძულთან ორი საპირისპირო სკამი დგას, უკან - სარკე- ტიხარი მაგიდას ირეკლავს.
ჭაღიც ჰკიდია.
ავანსცენაზე, ქოთანში, მსხმოიარე მცენარე დგას, მანდარინის თუ ფორთოხლის?
დარეჯანს თეთრ კაბაზე მოყავისფრო ყვავილებიანი ხალათი მოუცვამს. დროდადრო შუბლს იჩრდილავს, დარბაზს გადახედავს... ქმარს ელის...
უცებ ხმამაღლი ქშენა და ოხვრა ისმის.
ეს ლუარსაბი (მსახიობი შაკო მირიანაშვილი) გამოჩნდა დარბაზის უკანა რიგებში; შავი პიჯაკი აცვია, თეთრი პერანგი, როგორც მოწინავე პირს... ხმამაღლა თვლის, - ერთი, ორი, სამი...
აჰ, ალბათ ბუზებს...
40-მდე ავიდა, მერე კვლავ თავიდან იწყებს თვლას;
თურმე მაყურებელს თვლის...
როგორი გამხდარია ლუარსაბი... ნერვიული სიფითრე დაჰკრავს სახეზე. მისი ლაპარაკის სტილიც ჩქარი და მღელვარეა!
მიუსხდნენ მაგიდას სავახშოდ თუ სასადილოდ. დარეჯანი გემრიელად ილუკმება;
ლუარსაბი კვლავ ლაპარაკობს, წარმოთქვამს ძალიან ნაცნობ ტექსტებს, მაგრამ თითქოს სხვა ნაწარმოების გმირია...
მერე თითქოს წაკამათდნენ, მერე გაარშიყდნენ, იკოცნავეს კიდეც და ლუარსაბმა რამდენჯერმე გაიმეორა, - კაცი ვარ... ადამიანი ვარ...
ანუ მე ვარ, რაცა ვარო!
და ისე უცნაურად გაწელა, გააგრძელა - კაცის - ამოთქმა, ისე უცნაურად იწყო ფილოსოფოსობა კაცობის თემაზე, თითქოს რაღაცას მიმტკიცებსო...
სცენა უფრო კარგად განათდა და აღმოვაჩინე, რომ ქოთნის მცენარე ბროწეული ყოფილა - ნაყოფიერების სიმბოლო...
ჰო, რა თქმა უნდა, ნაყოფიერების სიმბოლო...
ლუარსაბისათვის ხომ მნიშვნელოვანია დარეჯანის შვილოსნობა!
ბუზების თემა ადვილად მიაჩუმათეს. ბუზები და მაყურებელი არ არის საინტერესო, აი მერე კი...
მერე სასიყვარულო დიალოგი გაიმართა: - ჩემი სულის წიწმატი ხარო, - სთქვა მგონი, დარეჯანმა, ლუარსაბს იატაკზე წამოუწვა და... ჰა და ჰა, ის იყო, რომ...
ლუარსაბის ჯიბიდან მობილური აწკრიალდა და დაიწყო საამო დიალოგი ბაზრიდან მოსულ მოურავ დათოსთან; - აბა, რა მწვანილი მოიტანეო და, - ტარხუნაო!
- სავსეა ოჯახიო! - გახარებულმა ლუარსაბ-დარეჯანმა აღმოსავლურ მელოდიაზე იწყეს ტანის რხევა...
სრული თანამედროვიზაცია ხდება ამბისა და სიტუაციისა, იმდენად რომ ორივემ მიკროფონები მოიმარჯვა და სამოთხის ხის ამბავი, ღვინის სმასთან ერთად წაიმღერ-ჩააბულბულა.
ინსცენირებაში ტექსტის თავისუფალი მიმოქცევაა, თუმცა არა მგონია, თვითონ ტექსტში საგრძნობი ცვლილება იყოს.
ელისაბედთანაც მობილურით ლაპარაკობენ, იმ ამბით უკმაყოფილონი რომ, - ქალს ქალობა აღარ ეტყობა და კაცს - კაცობაო! გაიხედეთ გარეთაო...
ამ დროს დარბაზში ჩაბნელდა და სინათლის სხივში ათამაშებული თითებით, კედელზე, მგლის ჩრდილი გაჩნდა; რუსულმა თემამაც გაიჟღერა, - აბა, რა, რასაც რუსები ამბობენ, ყველაფერი ტყუილიაო...
ლუარსაბის პათეტიკური გამოსვლისას, - ვის ექნება ჩემოდენა მოსავალი, ვინ დაწურავს ჩემოდენა ღვინოსაო? - დარეჯანი მობილურით ვიდეოს იღებს;
მერე ბედნიერი ლუარსაბი სარკისკარიან მაცივარს აღებს და იქ ჩამწკრივებულ სასმელ-საჭმელს ყველას წარმოუჩენს.
მერე მაგიდაზე შეხტება, ახლა იქიდან ქადაგებს საკუთარი ქონებისა და სიმდიდრეების შესახებ, თან შტოფით ღვინო მოიყუდებს, ერთი ამოსუნთქვით შესვამს და ამოიძახებს, - მშია, რა გვაქვსო? დარეჯანიც ჩამოუთვლის, - ღორის მწვადიო, ზურგიელიო...
ის კი იძახის, - სხვა რამე მინდაო...
- შარზე ხარ, რა სხვაო?
და მთელ ამ დიალოგში, ლუარსაბის ჩვეულ კახურ კილოკავს, რატომღაც დასავლურ-იმერულ-მეგრული კილოკავი სჭარბობს, ზოგადად ქართველური!
ლუარსაბის გასტრონომიული დილემა – ჩიხირთმა სჯობია თუ ბოზბაში და თევზების მეფე ორაგულია თუ თართი, – ხომ ილია ჭავჭავაძის ლუარსაბის მთავარი ცხოვრებისეული საფიქრალია, მაგრამ საბა ასლამაზიშვილის და შაკო მირიანაშვილის ლუარსაბი შინაგანად იმდენად ინფანტილურია, უმწეო, რომ ტექსტს საკმაოდ სახიერად კი ამბობს, სპექტაკლის მაყურებელს, ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე მოგახსენებთ, არ ეცინება ლუარსაბის აბსურდულ დიალოგებზე, მის სიზმრებზე და დარეჯანთან კინკლაობაზეც...
მათი კამათი ისეთ ვნებიან პაექრობაში, ცეკვასა და ბღლარძუნშიც კი გადაიზრდება, რომ ძალაგამოცლილები ერთმანეთს მიესვენებიან.
აქ კი ჩუმ-ჩუმად შვილის თემასაც მიადგებიან და ისეთი შეხლა-შემოხლა იმართება ცოლ-ქმარს შორის, შენი მოწონებული. ბალიში, ერთი წუთის წინ, დარეჯანი სახეში რომ ურტყამდა ლუარსაბს გამეტებით, უცებ პაწაწა ბავშვად იქცა, სიმღერით ხელში ატატებული, მონანავე პაწაწა ბავშვად...
და ლუარსაბის სიზმარიც იქვეა! იქვეა კვლავ ხაზგასმით გამეორებული, - კაცია!.. ადამიანი!..
და ღმერთთან გაბმული საუბარი, - რა დავაშავე? რა?
ძმის ცოდვების ჩამოთვლა ღმერთისათვის - სიზმარი ხომ იგივე აღსარებაა ღვთის წინაშე...
მაგრამ ღვიძლი ძმა რომ დაასმინა უფლის წინაშე?
მაგრამ ეს ღვიძლი ძმა არ იყო, რომ ასე ცუდუბრალოდ ყველაფერში მოატყუა ლუარსაბი?
და დარეჯანისგან მისთვის, როგორც წმინდანისათვის, უკან, თავზე, წმინდანის ნიმბივით მიფარებული ქვაბის შუშის თავსახური...
მკითხავის მოლოდინში ლოგინზე წამოკოტრიალებული ლუარსაბ-დარეჯანი...
და რომ მეგონა სცენაზე ბოლომდე მხოლოდ მათი დუეტი იქნებოდა, კვამლში გახვეული სცენის სიღრმიდან, შავ ჩოხაში შემოსილი, ოქროს პირბადით დამშვენებული მკითხავი - კაცი (მსახიობი ბექა ჯუმუტია) ამოდის!
დუდუკების თანხლებით მომღერალი, ცოლ-ქმრის სხეულის ხელების ფათურით მომსინჯავი და ვითომ ჯადოს მომშორებელი, ერთს შეუყვირებს, საქმეს მიხედეთო და ბუქნაობაში გართულ ცოლ-ქმარს, როგორც მოვიდა, ისევე დასტოვებს, სცენის სიღრმეში ჩაბრუნებული...
საკმაოდ შთამბეჭდავი სცენაა.
საჭმელს ძღომაზედ მიმჯდარ დარეჯანს გული ერევა, უწუხს... შვილის მომლოდინე ლუარსაბი კი გაიძახის, - ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო!
სადაა შვილი, ან მამა, ან დედა?
ეს ცნობილი საყვარელი მელოდიაც რა საყვარლად ისმის: - ჩემო კარგო ქვეყანავ...
სავსე ჭიქით სცენაზე დგას ლუარსაბი და კვლავ თვლის - ერთი, ორი, სამი, შვიდი, თორმეტი...
მაყურებელს თვლის თუ ბუზებს, თუ წუთებსა და წამებს?
მერე ძახილით, - სად ხარო? დარეჯანს ეძებს...
ის კი იქვეა, ბალიშებს მისვენებული, სულ ცოტა ხნის წინ მიცვლილი...
ბალიშს დასწვდება ლუარსაბი და პატარა ბავშვივით გულში ჩაიხუტებს; უმწოდ ხელებჩამოყრილი, თვლით ისევ 40-მდე მივა და თვითონაც მიწვება დარეჯანის გვერდით...
რეფრენივით გასდევს სპექტაკლს მისი ნათქვამი კითხვა თუ ამოძახილი, - კაცია, ადამიანი...
კაცია? ადამიანი?
ვინ არის ბოლოს და ბოლოს ეს ლუარსაბი?
ასეთი მოქმედებებით დახუნძლული სცენა ნელ-ნელა აჩენს მსახიობთა შინაგან სამყაროს და მათ მოულოდნელ განცდებს; რადგან სპექტაკლში არსადაა კომედია და არც ტრაგედია, აქ უფრო პაროდიაა „ლუარსაბ თათქარიძის“ თემაზე; თამაშის ხერხებიც შესაბამისია, მკვეთრი, ხაზგასმით მოძრაობაზე აქცენტირებული, შესანიშნავად შესრულებული თამრი ბზიავასაგან, შაკო მირიანაშვილისაგან, ბექა ჯუმუტიასაგან.
მომწონს, რომ რეჟისორი კარგად მუშაობს მსახიობებთან. ეს თვისება ადრეც შევამჩნიე მის სპექტაკლებში.
არტისტები გულმოდგინედ მიჰყვებიან საკუთარ ხაზს, თუმცა ძნელია ამ გმირების ტრადიციული აღქმისაგან თავის დაღწევა; კონკრეტული სახეები დრომ ჩამოქნა და მათი ხედვა ჩამოაყალიბა.
ამ შემთხვევაში, ისინი საერთო განწყობილებას საკუთარს უთანხმებენ, სპექტაკლის სტილს არ არღვევენ და ქმნიან ერთგვარ ნაზავს ლიტერატურულ პირველწყაროსა და რეჟისორის ნააზრევს შორის.
„კაცია, ადამიანში“ ფრაგმენტულად მოხაზული კონტურები, ირონიული სტილი არ ეძიებს პერსონაჟების დასაგმობ თვისებებს, მხოლოდ თვალს შეავლებს და მძიმე შეგრძნებას ამსუბუქებს, აფერადებს.
ლუარსაბი ცვლილებებს არ ექვემდებარება, ამიტომაც რჩება უშვილძიროდ – ეს ავტორის მკაცრი განაჩენია, მაგრამ სპექტაკლში ყველაფერი ისე შეკვეცილად და ისეთი სტილითაა გადმოცემული, პაროდიად აღვიქვამ.
ნუთუ ბოროტი ადამიანები არიან ლუარსაბ თათქარიძე და მისი მეუღლე დარეჯანი?
მათი მკვეთრი, შეულამაზებელი სახეები, თითქოს დავიწყებულიც მყავდნენ თავისი ტექსტებით. თურმე მათთან მიბრუნება ყოველთვის დროულია, რადგან თათქარიძეობის ფენომენი ყველა დროში მტკივნეულია.
სწორედ, ამიტომ იგრძნობა სპექტაკლში ავტორისეული ფარული თანაგრძნობა, რომ ლუარსაბი კაცია, ადამიანია და ყველა მისი ნაკლი ადამიანურია.