top of page

ლუარსაბი ჩვენს დროში - „კაცია, ადამიანი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

680771318_1428251662664583_1422748841663300837_n.jpg

14.07.2026

ანი გონგაძე

ლუარსაბი ჩვენს დროში - „კაცია, ადამიანი“

საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლზე მისვლისას, კლასიკურ დადგმას უკვე აღარ ელოდები. პირიქით, გაინტერესებს ამჯერად როგორ წაიკითხავს ყველასთვის ნაცნობ ტექსტს. მისი რეჟისორული ხელწერა უკვე თავად იქცა მოლოდინად: კლასიკა მისთვის დასრულებული ამბავი კი არა, მასალაა, რომელსაც დღევანდელ დროში ხელახლა აცოცხლებს. სწორედ ამ მოლოდინით შევედი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ილია ჭავჭავაძის „კაცია, ადამიანის“ ახალი ინტერპრეტაციის სანახავად.

დარბაზში შესვლისთანავე სცენაზე თანამედროვე სამზარეულო მხვდება, სადაც დარეჯანი საქმიანობს. ყველაფერი იმდენად ყოველდღიური და ნაცნობია, რომ მალევე გავიწყდება, კლასიკური ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე რომ იმყოფები. უკვე პირველივე წუთებში ცხადი ხდება - ეს არ იქნება „კაცია, ადამიანი“, რომელსაც აქამდე ვიცნობდით.

სწორედ მაშინ, როცა მზერა სცენისკენ გაქვს მიპყრობილი, ლუარსაბი შემოდის. გვათვალიერებს და თვლას იწყებს. ჩვენში სწორედ იმ ბუზებს ხედავს, რომელთა რაოდენობაზეც ილიას ტექსტში მთელი კონფლიქტი აიგო. ამ ერთი რეჟისორული სვლით იკვეთება ის რამდენიმე ძირითადი ხაზი, რომელიც სპექტაკლმა ორიგინალი ნაწარმოებიდან შეინარჩუნა, დანარჩენი კი უკვე თავისუფალი, თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

საბა ასლამაზიშვილს ილიას პერსონაჟის შენარჩუნება კი არა, მისი გადააზრება აინტერესებს. მისი ლუარსაბი XIX საუკუნეში აღარ ცხოვრობს - ის დღეს, ჩვენს რეალობაშია. ადამიანი, რომელსაც საკუთარი კომფორტი ყველაფერზე მაღლა უდგას, საკუთარ სიმართლეში არასდროს ეპარება ეჭვი და ყველაფრის გამართლება ერთი ფრაზით შეუძლია - „კაცი ვარ - ადამიანი!“. სწორედ ამიტომ, ეს სიტყვები დღესაც ისეთივე მტკივნეულად ჟღერს, როგორც საუკუნის წინ.

შაკო მირიანაშვილის ლუარსაბი მუდმივად დაძაბულია. მისი ირონია, გაღიზიანება და თვითდაჯერებულობა ერთმანეთში ისე ირევა, რომ პერსონაჟი უცნაურად ნაცნობი ხდება. მის ყურებას იმიტომ აღარ იწყებ, რომ კლასიკური გმირის ინტერპრეტაცია გაინტერესებს; უცებ ხვდები, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემოც არიან.

თამრი ბზიავას დარეჯანი მხოლოდ მორჩილი ქალი აღარ არის. მის ყოფაში იგრძნობა ყოველდღიურობა, დაღლა, შეგუება და ის უხილავი ძალადობა, რომელსაც ხშირად ვეღარც კი ვამჩნევთ. ამიტომ მათი ურთიერთობა უფრო დღევანდელ ოჯახს ჰგავს, ვიდრე ლიტერატურის ფურცლებზე დარჩენილ ამბავს.

სრულიად სხვა ტემპი შემოაქვს ბექა ჯუმუტიას ეპიზოდურ გამოჩენას. რამდენიმე წუთით სპექტაკლის ენერგია იცვლება, ჩნდება სიმსუბუქე და ახალი რიტმი. ეს პატარა, მაგრამ ზუსტად გათვლილი აქცენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეპიზოდური როლიც შეიძლება მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გახდეს.

სპექტაკლის ვიზუალური გადაწყვეტა და კოსტიუმები ერთ მთლიან სისტემად მუშაობს. არც ერთი დეტალი ძველი ეპოქის რეკონსტრუქციას არ ცდილობს - ყველაფერი აწმყოში არსებობს და სწორედ ამიტომ ილია ჭავჭავაძის ტექსტიც აწმყოს ენაზე იწყებს საუბარს. ეს განსაკუთრებით კოსტიუმებშიც იკითხება. ლუარსაბის გათანამედროვებული, ჩოხით შთაგონებული სამოსი თავიდანვე ცხადყოფს, რომ სცენაზე არ ვხედავთ იმ ლუარსაბს, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში კლასიკური ტექსტიდან არის დამკვიდრებული. იმავე პრინციპს მიჰყვება ბექა ჯიბუტიას პერსონაჟის კოსტიუმიც, რომელიც სპექტაკლის თანამედროვე ესთეტიკას ორგანულად ერწყმის. თუმცა მუსიკალური გაფორმება ყველა ეპიზოდში ერთნაირად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. რამდენიმე სცენაში მუსიკა, ჩემი აზრით, უფრო დამოუკიდებელ ეფექტად აღიქმებოდა, ვიდრე დრამატურგიის ორგანულ ნაწილად. იმ მომენტებში, როდესაც სცენის ემოციური დაძაბულობა თავად მსახიობების თამაშითაც საკმარისად იკითხებოდა, მუსიკალური ფონი ზედმეტ აქცენტად მეჩვენებოდა.

ეს მხოლოდ მცირე დეტალებია, რომელთა თქმაც შემიძლია ისე, რომ სპექტაკლის შინაარსი არ გავამჟღავნო. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის კლასიკური ნაწარმოები თითქმის ყველამ იცის, მაყურებელს არაერთხელ ექნება განცდა, რომ სრულიად დამოუკიდებელ ისტორიას უყურებს და დროებით დაავიწყდება კიდეც, რომ სწორედ „კაცია, ადამიანის“ ინტერპრეტაციას ადევნებს თვალს.

ყველა ეს დეტალი ცხადყოფს, რომ სპექტაკლი მხოლოდ კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია არ არის. ის მაყურებელს სარკეს უდგამს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი ხვდები, რომ ლუარსაბი თეატრში არ დარჩა - ის ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოვიდა. სწორედ მაშინ ხვდები, რატომ რჩება ილია ჭავჭავაძე დღესაც ასე აქტუალური.

bottom of page