top of page

“მადლიერი უმადურის ამბავი”

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_4878.jpeg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
“მადლიერი უმადურის ამბავი”


დიდი ხანია მინდა ბორჯომის თოჯინების თეატრის შესახებ დაწერა, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ვაკვირდები ამ თეატრის მსახიობების თავდადებულ შრომას, მუშაობას და სიყვარულს იმ საქმის მიმართს, რასაც ემსახურებიან. 

ბორჯომის თოჯინების თეატრის დასში სულ ექვსი მსახიობია, პროფესიაზე და თეატრზე შეყვარებული ექვსი ადამიანი, რომელთა დამოკიდებულებაც ნამდვილად იგრძნობა მათ შრომისმოყვარეობასა და თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია რეგიონულ თეატრზე, რომელსაც შედარებით მცირე ყურადღება ექცევა, წარმოდგენამ, რომელზეც შევაჩერე არჩევანი, ერთმნიშვნელოვნად დამარწმუნა, რომ ეს არის თეატრი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს სათეატრო სფეროს პროფესიონალებისაგან, მაყურებლებისგან და ბევრად მეტმა ადამიანმა უნდა გაიცნოს.

 

დაწერო იმის შესახებ, რაც გულში გრჩება, თითქოს ყოველთვის უფრო რთულია. სპექტაკლი „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ ორჯერ ვნახე – სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალზე და ორივეჯერ, ერთნაირად ძლიერად იმოქმედა ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხა სივრცეს, თავის მხრივ, განსხვავებული სპეციფიკა აქვს.

 

თოჯინური სპექტაკლი „გუდული ბაბუ და პატარა უჩა” რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „უმადურის” მიხედვით. სპექტაკლი ასი წლის გუდული ბაბუაზე გვიყვება, რომელიც სოფელ წიფნაგვარაში ცხოვრობს. მარტო, ერთი ძროხის და რამდენიმე ქათმის ამარა. შვილები ჰყავს, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც, მაგრამ მისგან შორს, დაფანტულები. სამაგიეროდ, გუდული ბაბუას პატარა უჩა ჰყავს, მეზობლის შვილი, რომლის გამოც მოხუცებულს სოფლის დატოვება არ უნდა. კი გაგიკვირდებათ - რატომ? ასე უკვირდა მის შვილსაც - დიმიტრის. „უჩა მელიმონაძე ვის დაკარგვია, მასეთი უჩა რვა მყავს სახლში” - ჩივის გუდულის შვილი და მართალიცაა, მაგრამ ისეთ უჩას, რვა რომ ჰყავს სახლში, დედაც ჰყავს და მამაც - აი, მელიმონაძეს კი მხოლოდ დედა და მეზობლად მეგობარი და ბაბუ - გუდული.

სპექტაკლი არა მხოლოდ ერთი მოხუცის ამბავს გვიყვება, არამედ ეხება უფრო ფართო თემებს: სიბერის მარტოობას, თაობათა შორის ემოციურ დაშორებას და სოფლის ცხოვრებიდან ახალგაზრდების გადინებას. შორ მანძილზე მყოფი შვილები აქ სიმბოლოდ იქცევა იმ უხილავი ბარიერისა, რომელიც ხშირად სიბერის წლებთან ერთად ჩნდება. პატარა უჩა კი იმ სითბოსა და თანაგრძნობის სახეა, რომელიც ყოველთვის სისხლით არ განისაზღვრება - ზოგჯერ გულით აყალიბებს ყველაზე ძლიერ კავშირს.

ეს დადგმა გულწრფელად და მარტივად გვახსენებს, რომ ადამიანისთვის, განსაკუთრებით სიბერეში, ყველაზე ძვირფასი არის არა მხოლოდ ოჯახური კავშირი, არამედ ყოველდღიური სითბო და ურთიერთობა, რომელიც მას მარტოობისგან იცავს. ამბავი თოჯინებითაა გათამაშებული. ეს რთული ამოცანაა მსახიობებისთვის (ალეკო სტეფანიანი, ბაქარ ლომიძე, თამარ გელაშვილი, ირინა კუბანსკი, მარიამ ლომიძე, სალომე მიქელაშვილი), რადგან მათ უნდა გადმოსცენ ხასიათი და დინამიკა მხოლოდ თოჯინების მოძრაობით, ისე, რომ მაყურებელმა თითოეული დაინახოს როგორც პერსონაჟი და არა მისი „მმართველი“. თოჯინებით თამაში სიზუსტეს, კონტროლს და სინქრონულობას მოითხოვს, რადგან მცირე შეცდომაც კი შესამჩნევია. ამ შემთხვევაში, თოჯინები წინასწარ ჩაწერილ ტექსტზეა გათამაშებული, რაც მსახიობებს საქმეს უმარტივებს .  ტექსტი ნამდვილად შთამაგონებლადაა მოთხრობილი, იმდენად, რომ მხოლოდ მოსმენაც კი სასიამოვნოა მაყურებლისთვის (გახმოვანება: გიორგი კაჭახიძე, დავით როსტომაშვილი, ეკატერინე შარიქაძე, ლევან ხვთისიაშვილი).

 

სპექტაკლის მხატვრობაზე ვახტანგ ქორიძემ იმუშავა, რომელმაც სცენაზე შექმნა პატარა სოფლის ატმოსფერო - ძველი ხის სახლის ფრაგმენტები, სოფლური ეზოს სიმყუდროვე და თბილი ფერები. ფერთა გამა მიწის ფერს, ხის ტონებსა და მწვანე აქცენტებს აერთიანებს, რაც მაყურებელს სოფლის სიმშვიდის აღქმას უტოვებს. თოჯინები და დეკორაცია შესრულებულია ისე, რომ რეალისტურობასთან ერთად ინარჩუნებს სითბოსა და ბავშვურ იუმორს. ეს ვიზუალური სტილი მაყურებელს დაუფარავად აკავშირებს ამბავთან, თითქოს თავადაც გუდული ბაბუას მეზობელია. ვახტანგ ქორიძის სცენოგრაფია მოქნილი და ფუნქციურია. მინიმალიზმი და დეტალების სიზუსტე ერთმანეთს ერწყმის, რის გამოც ისტორია დინამიკას ინარჩუნებს და არცერთ მომენტში არ კარგავს ერთიანობას.

 

ბორჯომის თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გუდული ბაბუ და პატარა უჩა” ნამდვილად მიეკუთვნება თოჯინური სპექტაკლების იმ კატეგორიას, რომელიც მხოლოდ საბავშვო არ არის, რადგან მას ნამდვილად შეუძლია ზრდასრული ასაკის მაყურებლის გულის მოგებაც. მსახიობების გულწრფელობა, ვახტანგ ქორიძის სითბოთი და სინამდვილით სავსე სცენოგრაფია და რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის ზუსტი ხედვა ქმნის ერთ მთლიან, ჰარმონიულ ნამუშევარს, რომელიც მაყურებელზე მართლაც ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ეს სპექტაკლი გვახსენებს იმ ადამიანურ სითბოს, რომელიც ხშირად გვავიწყდება ჩვენს ყოველდღიურობაში და გვაფიქრებს, რამდენად ძვირფასია გულით შექმნილი ურთიერთობები.

bottom of page