მაგი მარენის მომნუსხველი ქორეოგრაფიის ძალა

ანი ცხვედაძე

მაგი მარენის მომნუსხველი ქორეოგრაფიის ძალა


რუსთაველის თეატრის სცენაზე, 19-20 ოქტომბერს,  GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi-ის გახსნა   წილად ხვდა,  სრულიად გენიალური მაგი მარენის მომნუსხველ ქორეოგრაფიულ წარმოდგენას, “MAY B”! ქორეოგრაფი, მაგი მარენი, ირლანდიელი მწერლის და აბსურდის დრამის, ერთგვარი ფუძემდებლის სემუელ ბეკეტის  სტილიზაციას, ფილოსოფიურად ამეტყველებს სცენაზე სხეულის ენის, ცალსახად გენიალური სტრუქტურით... 

წარმოდგენის პირველივე წუთებიდან იგრძნობა, მომდევნო საათნახევრის მანძილზე არსებული  მაგიური ატმოსფეროს  ძალა...  სადაც პირველივე მუსიკალურმა აკორდმა, ჩაბნელებულ დარბაზში და აბსოლუტურ სიჩუმეში, განსაზღვრა, ყოველი მომდევნო წუთით და წამით განცდილი შთაბეჭდილებათა სამომავლო პერსპექტივა...   დაახლოებით 10 წუთი, შუბერტის არაჩვეულებრივი მუსიკა ჟღერს, სრულ  უსინათლობაში, მაყურებელი, თანდათან, არასტანდარტულ, თან ინტიმურ და მომაჯადოვებელ, აბსურდის თეატრის არქიტექტონიკას ითავისებს...   5 ქალი და 5 მამაკაცი სცენაზე, ერთმანეთის იდენტური თეთრი სამოსით, თეთრი ფეხსაცმელით და ერთნაირად თეთრი გრიმით მოსვრილი სახეებით, იწყებენ სცენაზე, თავდაპირველად სტატიკურ ქორეოგრაფიულ მოძრაობებს, დროდადრო რიტმულს, ხან კი ასინქრონულს...  ქორეოგრაფიის დასაწყისში,  სცენის „იატაკი“  მსახიობების, უსიცოცხლო, სტატიკური  სვლის შედეგად, მათივე ნაფეხურებად ინიშნება, რომლისგან, ერთგვარი გეომეტრიული კომპოზიცია იქმნება სცენაზე...   იბადება აზრი, რომ თითქოს მოდერნის, ერთ-ერთი ‘შემტევი’ - ავანგარდული, ფერწერული მიმდინარეობის „კუბიზმის“ განსხვავებულ ვარიაცის ვხედავ...
       
რამდენიმე წუთში, ქორეოგრაფიული მიზანსცენების სიმრავლემ, სცენის „იატაკის“ ერთგვარი, ხაზობრივი სტრუქტურა, მთლიანად თეთრი ფერის ზედაპირით გადაასხვაფერა.  დროდადრო, აბსურდის გამთამაშებელი, ‘უსახო’, იდენტობის არმქონე გმირები, გაუგებარ,  მოკლე ფრაზებს წამოიყვირებდნენ, მელოდიური ჟღერადობით, ხშირად გაბრაზებული, გამოურკვეველი ინტონაციით. მაგი მარენის  ნამუშევარი, უდავოდ, ფილოსოფიური და ძალიან მიმზიდველია, ასინქრონულ, სინქრონულ და რიტმულად თანაბარზომიერ ქორეოგრაფიულ მოძრაობებს, რომ ათამაშებს სცენაზე და არაჩვეულებრივ მიზანსცენებად აქცევს!.. გადმოსცემს, ადამიანების ყოფის, დღემდე აბსურდულ საზრისს, მიუხედავად, ამ საუკუნეში მიღწეული - პროგრესული სიკეთეებისა...    თანდაყოლილი ინსტინქტების  ეგზიბიციონისტურ გამოსახვას მიმართავს, მსახიობების სხეულების მეშვეობით; მათ შორის, ქალის და მამაკაცის  ინსტინქტურ -„კანონზომიერსო“ იტყვიან, ლტოლვას!..  უღიმღამო, ბეკეტისეული პერსონაჟების, ანუ ჩვენი ცხოვრების პერიპეტიებს...  „შეუღლების“ ‘ფლეგმატური  სცენა’; ტორტის  გაუმაძღრად დაგემოვნების პროცესი;  ანტაგონიზმი  მოქმედ პერსონაჟებს შორის, ფარული და ღია აგრესია ერთმანეთისადმი, კვლავ გაუაზრებელი.  ქორეოგრაფიული წარმოდგენის მსვლელობისას, გმირები კოლიზიებით-ვერბალური, თუ სხეულებრივი წინააღმდეგობებით ებრძვიან ერთმანეთს და საკუთარ თავს!..  ვერც ქალი ხვდება და ვერც კაცი, მათ სხეულს რა ფუნქციური დატვირთვა აქვს, და რისთვის არის „საჭირო“, მათივე სხეულები?..ან, კი არის საჭირო?..  ინერციით, ეხებიან ერთმანეთის სასქესო ორგანოებს (კაცი ქალისას და პირიქით!), თუმცა კვლავ, უაზროდ, აბსურდულად, წყვეტილ-წყვეტილად...    დაახლოებით, რამდენიმე წამით, მაგი მარენის თვალით დანახული, ბეკეტისეული გმირები, ტოვებენ სცენას, ფეხსაცმელს იხდიან და ავანსცენაზე აწყობენ მწკრივად...  როცა ბრუნდებიან, მოჩვენებითი „ფერისცვალებით“, ვიზუალური შტრიხების უმნიშვნელო ცვლილება, მათი სახის  ერთნაირ „უსახურობას“, ფაქტობრივად ვერაფრით ნიღბავს...      ბეკეტის პერსონაჟების, ქაოტური ქმედებები სცენაზე, სცენიდან პარტერში და პარტერიდან ქაოსური სვლით ‘დემარში’, შემდეგ კვლავ დაბრუნება სცენის სიღრმეში, ისევ გასვლა  ერთი ნაპირიდან და კვლავ შემოსვლა მეორე მხრიდან... ასე უსასრულოდ, ქორეოგრაფი, ცხადად გვაჩვენებს, ადამიანების გაუაზრებელ, ინერციულ და მექანიკური არსებობის „არქეტიპებს“.
 

მუსიკა: შუბერტის  ვოკალური ციკლიდან, გასაოცარი რომანტიკული ჟღერადობის კომპოზიციები და გევინ ბრაიერსის „Jesus' Blood Never Failed Me Yet ... “რომელიც  გენიალურ რეპრიზად კონსტრუირდა წარმოდგენის დასასრულს და ერთმიშვნელოვნად, მთავარი პერსონაჟის ადგილი დაიკავა...   დადგმის, ბოლო წუთებში,  მარტო დარჩენილი მოქმედი გმირი, გაშეშებული სახით, დგას სცენის ცენტრში - წინ მიმართული მზერით(„გოდოს მოლოდინში“). თანდათანობით სინათლე მინავლდება და სულ მთლად ქრება! და სრულდება აბსურდიც!(?)  რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ნათდება სცენა, პარტერი, მთლიანად რუსთაველის თეატრის დარბაზი და ჩვენს წინ, მწკრივად დგას 10 საოცარი მსახიობი... რომლებიც, დაახლოებით 15 წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტების  თანხლებით, სხეულების აბსოლუტურად  მომაჯადოვებელი ზუსტი შეთანხმებით, რამდენჯერმე გვიხრიან თავს გალანტურად და ამავე დროს, აბსურდის თეატრისთვის დამახასიათებელი;  ცივი-განყენებული  სახეების გამომეტყველებით, მომაჯადოვებლად ქრებიან რუსთაველის თეატრის სცენიდან!..