top of page

„ჩემი ოცნებაა ქართულ სცენაზე ვიცეკვო“

2Maia-Makhateli-in-Swan-Lake-©-Martynas-Aleksa-2.webp
IMG_0407.JPG
DSC_0697.jpg

ნინო გაბედავა

„ჩემი ოცნებაა ქართულ სცენაზე ვიცეკვო“

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტამდე - ამბავი პრიმა-ბალერინა მაია მახათელის, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელია, რაც მის პროფესიონალიზმს, უნიკალურ ტექნიკას, განსაკუთრებულ ნიჭს, სცენურ მომხიბვლელობასა და საბალეტო ხელოვნებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს ადასტურებს და ხაზს უსვამს მის მრავალწლიან შემოქმედებით გზას.

მაია მახათელი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალებისა და კონკურსების, ასევე, აშშ-ის საბალეტო გილდიის (Denver Ballet Guild’s Young Dancers Competition 2002) ახალგაზრდა მოცეკვავეთა კონკურსის (I პრემია და გრან-პრი) ლაურეატია, მიღებული აქვს ალექსანდრა რადიუსის უმაღლესი ჯილდო, “Benois de la Dance“-ს პრემია (მსოფლიოში ცნობილი, როგორც ბალეტის ოსკარი), 2020 წელს - ჟურნალ “Dance Europe“-ს პრიზი „წლის საუკეთესო ბალერინა“ და სხვ.

მისი წოდებებისა და ჯილდოების რაოდენობა 40-მდე აღწევს, ნაწილი კი ასე გამოიყურება:

1.         2025 Careel Achievement Award—London

2.         2024 Elsa Ghezzi per la Danza Award—Itali

3.         2020 Dancer of the Year – Critics” Choice, Dance Europe Magazine

4.         2015 Alexandra Radius Prize—Netherlands

5.         2011 Nina Ananiashvili &Gilbert Albert Star Award—Georgia

6.         2002 Youth America Grand Prix—Finalist, New York

7.         2002 Youth America Grand Prix—2nd Prize,  Denver Regional Round

8.         2002  Denver Ballet Guild’s Young Dancer’s Competition—First Prize

9.         2001  Chabukiani-Balanchine international Ballet Competition -Award 

 

2025 წლის 28 აპრილს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა ღონისძიება „შეხვედრა მაია მახათელთან“, სადაც ქართველმა პრიმა-ბალერინამ არა მხოლოდ თავის მოღვაწეობაზე, მიღწევებსა და სირთულეებზე ისაუბრა, არამედ: ზოგადად ამ ურთულესი პროფესიის შესახებ, ახალგაზრდებს გაუზიარა გამოცდილება და გარკვეული რჩევა-დარიგებაც კი მისცა. მისი აღმაფრთოვანებელი „ფუეტეს“ მიღმა ბევრი შრომა და სირთულე იმალება, ბალეტი ხომ დიდ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს. მაია ქართულად საუბრობს და ოცნებობს, რომ ქართულ სცენაზე იცეკვოს. რაც მნიშვნელოვანია ის არის უშუალო, უბრალო და გულწრფელი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, ასევე, მაიას მამასთან ნიკოლოზ (ნუგზარ) მახათელთან ერთად წარიმართა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფე, 1966-1992 წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, სხვადასხვა პერიოდში თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი იყო, 2001 წლიდან მოღვაწეობს აშშ-ში როგორც ბალეტის პედაგოგი, 2013 წელს კი წლის საუკეთესო ქორეოგრაფად დაასახელეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეხვედრა მაიასთან იყო ინტერაქციული, რაც განპირობებული იყო დამსწრე სტუმრების აქტიური ჩართულობით, კითხვებით და გარკვეულ დისკუსიაში მონაწილეობითაც კი. ასე, მცირე ინტერვიუს საშუალებაც კი მოგვეცა და გთავაზობთ ნაწყვეტს:

  • როგორ მუშაობთ როლზე? ხდება თუ არა ისე, რომ თქვენს პირად გამოცდილებას იყენებთ, რათა კონკრეტული როლის განცდა უფრო ღრმა გახდეს?

როდესაც როლისთვის ვემზადები, რა თქმა უნდა, ვცდილობ შევისწავლო და გავიგო იმ პერსონაჟის ხასიათი, საერთოდ პიროვნება. ეს მართლაც საინტერესო პროცესია. მიყვარს ამ ყველა პერსონაჟის გაცოცხლება სცენაზე თავისი ემოციებითა და განცდებით. ვცდილობ ვიგრძნო ის, რასაც ისინი გრძნობენ და მართლაც, ჩემს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას დავუკავშირო, რათა გამოვიყენო როლში. მაგალითად, როდესაც ვმუშაობდით ბალეტზე „ფრიდა“, პერსონაჟზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, როგორ უნდა გადმომეცა უსიტყვოდ მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი წავიკითხე და მოვისმინე ფრიდას შესახებ. საბოლოოდ, ეს პერსონაჟი ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, ისე რომ დიდი დრო დამჭირდა შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად, თითქოს ვგრძნობდი როლის გავლენას და ჯერ კიდევ მის სამყაროში ვცხოვრობდი.

  • რომელი ბალეტი და პერსონაჟია თქვენს ხასიათთან უფრო ახლოს?

ბალეტი „დონ კიხოტი“, პერსონაჟი - ჩელიტა (კიტრი). ეს ცეცხლოვანი ხასიათი და ტემპერამენტი მეტად ახლოსაა ჩემს პიროვნებასთან. სხვათა შორის, სწორედ ბალეტი „დონ კიხოტი“ იყო, რომლის შემდეგაც გავხდი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მარცხი იყო სცენაზე რასაც ახლა მოვყვები, თუმცა ამან პრიმას ტიტული მომაპოვებინა: ერთ-ერთ გამოსვლაზე „დონ კიხოტში“ მოხდა ისე რომ პუანტიდან ფეხი ამომივარდა და ვერ გავაგრძელე ცეკვა, თუმცა არ დავიბენი და დავიწყე ინტერპრეტაცია. ჩემი პარტნიორი მიხვდა რაშიც იყო საქმე, სცენა კი უცებ ჩააბნელეს და ფარდა დაუშვეს. მეგონა რომ თეატრიდან გამაგდებდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც თეატრის დირექციას შევხვდი, ტედ ბრანდსენს, მითხრეს, რომ სწორედ ამ გამძლეობისთვის და გონებამახვილობისთვის გავხდებოდი პრიმა.

  • როგორ ინარჩუნებთ საკუთარი თავის რწმენას, როცა თქვენი პროფესიის გარშემო დიდი კონკურენციაა?

თუ ამ ხელოვნებას ემსახურები არ გაქვს მოდუნების უფლება. საკმაოდ მომთხოვნი და კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. სხვათა შორის, სხვა მოცეკვავეებისა და დასების მუშაობის პროცესის ყურება მაცოცხლებს და ენერგიას მაძლევს, ეს გამოწვევა კი შემდგომი განვითარებისთვის მჭირდება. ამ შემთხვევაში კონკურენცია ჩემთვის არის როგორც გამოწვევა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ის იყოს ჯანსაღი. ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის დამერწმუნებინა რომ მე უფრო მეტი შემიძლია. პატარა ასაკში ჩემი ძმა დათო ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევდა და მინდოდა მასზე უკეთესი ვყოფილიყავი, კონკურენტად აღვიქვამდი. საერთოდ, ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია კონკურენცია, ოღონდ ჯანსაღი, ასე იზრდები პროფესიულად! მახსოვს, 12 წლის ასაკში, როდესაც ჩემი ძმა ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სცენაზე ვნახე, სწორედ იქ ჩავიფიქრე - იქნებ მეც ოდესმე ჰოლანდიაში ვიცეკვო-თქო. სწორედ ჩემმა ძმამ დამანახა, რომ ყველაფერს მივაღწევდი შრომითა და მიზანდასახულობით.

  • თქვენთვის რას ნიშნავს ცეკვა?

ცეკვა ჩემი განუყოფელი ნაწილია, მას სხვა სამყაროში გადავყავარ, რის საშუალებითაც გამოვხატავ საკუთარ ყველა ემოციას. აი, ბალეტი კი ეს მშვენიერებაა, ვფიქრობ ყურადღება მხოლოდ პირუეტების მაქსიმალურად შესრულებასთან და ტანვარჯიშის ჩვენებაზე არ უნდა იყოს გამახვილებული, აქ სხეულის ენით ამბავი უნდა მოჰყვე. სწორედ ეს არის ჩემთვის უფრო საინტერესო - რას მიყვები სხეულით და რა ემოცია გაქვს.

  • რა არის თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული მიზანი ან ოცნება?

იცით, ბევრი ჯილდო და ტიტული მაქვს მიღებული, თუმცა ჩემი უდიდესი ოცნება, მაინც, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ცეკვაა, მინდა ქართველ მაყურებელს ჩემი შემოქმედება გავუზიარო და ვაგრძნობინო ის ცოცხალი, ემოციური ურთიერთობა, რასაც უცხოელი მაყურებელი განიცდის და გამოხატავს - ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ხელოვნებასა და ქართველ მაყურებელს ერთმანეთთან აკავშირებს. ასე, რომ ჩემი ოცნებაა ქართულ სცენაზე ვიცეკვო.

 

28 აპრილს, ღონისძიების დასასრულს, ქართველმა პრიმა-ბალერინა მაია მახათელმა თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულს - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს საჩუქრად თავისი კუთვნილი პუანტები გადმოსცა.

 

სტატიაში გამოყენებულია მაია მახათელის პირადი გვერდიდან აღებული, აა(ი)პ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ფოტო მასალები, ასევე, ამავე გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში - ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის ფონდში დაცული მაია მახათელის კუთვნილი პუანტის ფოტო-სურათი.

bottom of page