top of page

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა 2015 წელს

news_31761.jpg

მაკა ვასაძე

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის შუქ-ჩრდილები

 „ქართული სპექტაკლების პროგრამა“ – Georgian Showcase - უკვე მეშვიდედ, 2015 წ.  5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შვიდი წლის განმავლობაში, ამ პროგრამის ფარგლებში, თეატრის მოყვარულმა მაყურებელმა, პროფესიონალებმა და მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ნახეს - 235-მდე სპექტაკლი.

განვლილი 6 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამებმა: _ საერთაშორისო პროგრამა (2009), „ქართული სპექტაკლების პროგრამა“ – Georgian Showcase (2009), „New“ (2011), მასტერკლასები, ტრენინგები და გამოფენები (2009); კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმები და შეხვედრები _ „კულტურული ხიდი“ (2010); სპეციალური ღონისძიებები და ფესტივალის კლუბი (2009); „ნიუ მარკეტი _ კავკასია და შავი ზღვის ქვეყნები“ (2014) _ იმდენად გაითქვეს სახელი, რომ წელს Georgian Showcase-ს, ქართული სპექტაკლების დასათვალიერებლად, უცხოელი სტუმრების: ფესტივალის დირექტორების, პროდიუსერების, კრიტიკოსების, რეჟისორების, ექსპერტების - უპრეცენდენტოდ დიდი რიცხვი _ 73 სტუმარი ეწვია. მათ შორის, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (IATC) პრეზიდიუმის 12 წევრი, რომლებმაც რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, პრეზიდიუმის 2 სხდომა ჩაატარეს. ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში, გარდა სპექტაკლებისა, საფესტივალო გუნდის მიერ, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც, რუსი თეატრმცოდნის და კრიტიკოსის მარინა დმიტრევსკაიას წიგნის _  „თბილისური მარიონეტების ისტორია, საუბრები რეზო გაბრიაძესთან თოჯინებზე, ცხოვრებასა და სიყვარულზე“ _ პრეზენტაცია. ავტორი, რეზო გაბრიაძის შემოქმედების და თბილისის მარიონეტების თეატრის შესახებ ცალკეულ სტატიებს,  4 წლის განმავლობაში „პეტერბურგსკი ტეატრალნი ჟურნალში“ (Петербургский театральный журнал) აქვეყნებდა, შემდეგ კი წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე. 10 წლის შემდეგ, ითარგმნა ქართულ ენაზე და 8 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, ავტორმა თავისი ნაშრომი წარუდგინა ქართულენოვან მკითხველს. გარდა ამისა, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული და სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე დადგმული, თანამედროვე ქართველ დრამატურგთა პიესების (ანოტაციების) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო: დათა თავაძის _ „დედაომი“, დავით გაბუნიას - „რამდენიმე დამამძიებელი გარემოება“, ბასა ჯანიკაშვილის _ „გაბრაზებული ჩიტი“, თამარ ბართაიას - „სათამაშო პისტოლეტი“ და ლაშა ბუღაძის _ „ნავიგატორი“.

IATC-ის წევრებს, საქართველოს სექციის თავმჯდომარის, ქალბატონ ირინა ღოღობერიძის თაოსნობით, 7 ოქტომბერს, მიღება ჰქონდათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. უცხოელმა კრიტიკოსებმა, მინისტრის მოადგილეებთან ქალბატონ მანანა ბერიკაშვილთან და ბატონ კახი კანდელაკთან საუბრისას, აღნიშნეს, რომ ისინი გაოცებულები არიან, ვინაიდან ამგვარ პატარა ქვეყანას, ასეთი ტრადიციული, იმავდროულად თანამედროვე და მრავალმხრივი თეატრი აქვს. განსაკუთრებით აღნიშნეს ქართული სამსახიობო სკოლის მაღალი დონე და ის ფაქტი, რომ თეატრში ბევრი ახალგაზრდა დადის.

ვინაიდან 4 დღეში ფიზიკურად შეუძლებელია 40-50 სპექტაკლის ნახვა, პროგრამის კოორდინატორის თამარ ლალიაშვილის და საორგანიზაციო გუნდის თხოვნით,  მეორე წელია, ქართველი კრიტიკოსები,  ქართული პროგრამით დაინტერესებული უცხოელი ექსპერტების, კრიტიკოსების, პროდიუსერებისათვის და ა. შ., ქართულ შოუქეისში მონაწილე, რაოდენობრივად საკმაოდ დიდი წარმოდგენების ნუსხიდან, რეკომენდირებული სპექტაკლების მოკლე სიას (12-15) ვაკეთებთ. რეკომენდირებისას, უპირველეს  ყოვლისა, ვცდილობთ, ქართული თეატრი ფართო სპექტრით წარმოვაჩინოთ. 2015 წ. ქართული სპექტაკლების პროგრამის  და წელს დამატებული ქვეპროგრამა OFF-ის ფარგლებში, ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელ სტუმრებს წარუდგინეს, IATC -ის საქართველოს სექციის და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის მიერ _ 12 რეკომენდირებული, 5 პრემიერა და 2 დამატებითი (წინასწარ გაუთვალისწინებელი) სპექტაკლი.

რეკომენდირებული სპექტაკლების სიის შედგენისას, ვეცადეთ საქართველოს თეატრებში შექმნილი პროდუქციიდან საუკეთესოები აგვერჩია, _ 2014-15 წ. ძირითადი მიმართულებების და ტენდეციების ამსახველი ისეთი სპექტაკლები, რომლებიც მიმზიდველი და მნიშვნელოვანი, ქართული თეატრალური სეზონის სახის შემქმნელი იყო. გავითვალისწინეთ, დრამატურგიული ნაწარმოებების მრავალფეროვნება: ქართული და უცხოური კლასიკა, ქართული და უცხოური თანამედროვე პიესები. რეკომენდირებულთა სიაში იყო  კლასიკოს და თანამედროვე დრამატურგთა, ორიგინალურ თუ გადამუშავებულ ვერსიებზე შექმნილი წარმოდგენები. ევრიპიდე, უილიამ შექსპირი, ჰაინრიხ ფონ კლაისტი, იაკობ გოგებაშვილი, ჟან ანუი, ჟან ჟენე, ალბერტ რამსდელ-ჰენრი, იზაბელ დორე, დათო ტურაშვილი, დავით გაბუნია, ნიკოლოზ საბაშვილი, როდრიგო ფიშერი, ანტონინ მარტო (ირაკლი კაკაბაძე) - დადგეს:  მსოფლიოში სახელგანთქმულმა მაესტრო რობერტ სტურუამ; შუა თაობის, ევროპისათვის ცნობილმა და ნაკლებად ცნობილმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა: ანდრო ენუქიძემ, ბესო კუპრეიშვილმა, სოსო ნემსაძემ, ნიკოლოზ თავაძემ, იოანე ხუციშვილმა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ, მიშა ჩარკვიანმა, როდრიგო ფიშერმა, რუსუდან კობიაშვილმა, ნიკოლოზ საბაშვილმა, სალომე ჯოგლიძემ. უპირატესად მივიჩნიეთ სხვადასხვა თანამედროვე სათეატრო ფორმით შექმნილი სპექტაკლები: სინთეზური,  შერეული ტიპის წარმოდგენები, თითების თეატრი, ფიზიკური მოძრაობის და ნეოკლასიკური საბალეტო ფორმის თეატრი, საბავშვო თოჯინური, მარიონეტების თეატრი, დოკუმენტურ-მხატვრული ვერბატიმი, სპექტაკლი-პერფორმანსები, პოსტმოდერნისა და პოსტპოსტმოდერნისთვისაც დამახასიათებელი, გადამუშავებულ „მითებზე“, „არქეტიპებზე“ _ აგებული წარმოდგენები, უმაღლესი სამსახიობო პროფესიონალიზმით გამორჩეული სპექტაკლები. და, რაც მთავარია, რეკომენდირებულთა შორის, არა მარტო თბილისის, არამედ, რეგიონის თეატრების _ თელავის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის  - ნამუშევრებიც შეირჩა.

რა გამოიკვეთა 2015 წ. რეკომენდირებული სპექტაკლებით? რა ძირითადი მიმართულებები და ტენდეციებია დღეს ქართულ თეატრში? დავიწყებ რეგიონის თეატრებით, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის, რობერტ სტურუას, გიორგი სიხარულიძის, პაატა ციკოლიას, სალომე ჯოგლიძის ნამუშევრებით, რომლებიც მხატვრული თვალსაზრისით, თბილისის თეატრებში შერჩეულ სპექტაკლებზე, მეტი თუა არა, ნაკლებიც არ არის.

თელავში,  ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჰაინრიხ ფონ კლაისტის კომედიის _ „გატეხილი ქოთანი“ _ დადგმის იდეა, მსოფლიოში სახელგანთქმულ რეჟისორს, რობერტ სტურუას ეკუთვნის. მან  არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი შეკრა: თანადამდგმელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, მხატვარი - მირიან შველიძე, ქორეოგრაფი _ ცისია ჩოლოყაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - ქეთი ნარეკლიშვილი. პიესა, მასში დასმული პრობლემების მიუხედავად, კომედიაა, სპექტაკლი კი, უფრო სატირაა, ფარსია. რეჟისორებმა წარმოდგენა ე. წ. კაბარეს სტილისტიკაში გადაწყვიტეს და საათსა და ათ წუთში მოაქციეს  საკმაოდ გრძელი ნაწარმოები. ეს მიღწეულია, არა მარტო ტექსტის შემოკლებითა, თუ კუპიურებით, არამედ, რეჟისორების მიერ მსახიობებისთვის მიცემული ამოცანების ზუსტად განხორციელებით, ცისია ჩოლოყაშვილის ქორეოგრაფიული ნახაზით, სპექტაკლში გამოყენებული გია ყანჩელის, რიუიტი საკამოტოს, მიქაელ კამენის მუსიკალური ფრაგმენტების, მირიან შველიძის რეჟისორთა კონცეფციის გამომხატველი, არაჩვეულებრივი სცენოგრაფიით და მხატვრული განათების (თელავის თეატრის ტექნიკური აღჭურვილობის სიმწირის მიუხედავად) მეშვეობით. კლაისტთან, გატეხილი ქოთანი ადამიანთა სულიერი რღვევის სიმბოლოა, მოსამართლის პარიკი კანონის უზენაესობის, მოსამართლის სავარძელი კი, რეჟისორთა ჩანაფიქრით, ძალაუფლების აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა. სპექტაკლში ამაზე მინიშნება რამდენჯერმეა. ფინალში კი, აშკარად გამოხატულია, რომ ადამიანის სწრაფვა ძალაუფლების მოპოვებისაკენ დამღუპველია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წ. ყოველწლიური თეატრალური პრემიით _ „დურუჯი“, მამაკაცის საუკეთესო როლისათვის, სწორედ „გატეხილ ქოთანში“ შესრულებული ადამისათვის, ვანო იანტბელიძე დაჯილდოვდა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, გიორგი სიხარულიძემ,  ბილი უაილდერის სახელგანთქმულ ფილმის _ „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ (Some Like It Hot), თეატრალური ვერსია განახორციელა. კინოკლასიკად აღიარებული ფილმის გასცენიურება, ვფიქრობ ერთობ თამამი გადაწყვეტილება იყო. ამას გარდა, ფილმის გასცენიურება, ალბათ, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც, ლიტერატურული ნაწარმოების. თან ფილმის, რომელიც ყველა დროისა თუ თაობის, უსაყვარლესი კომედიაა, ჯეკ ლემონის, ტონი კიორტისის, ჯორჯ რაფტის და მერლინ მონროს მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეებითა თუ ფრაზებით, რომლებიც ფილმის ერთხელ ნახვის შემდეგაც კი გამახსოვრდება და ე. წ. „მოარულ ფრაზებად“ იქცა. რეჟისორმა მხიარული, მსუბუქი, კომედიური ხასიათის, მიუზიკლის ჟანრის ელემენტებით განზავებული სანახაობა შექმნა.

ოთარ ქათამაძემ და პაატა ციკოლიამ _ „კალიგულა“ _ სპეციალურად ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრში განსახორციელებლად დაწერეს. ეს არის თანამედროვე დრამატურგიის ხერხებით, თანამედროვე ტექსტებით აგებული პიესა, რომელშიც რამდენიმე ხაზი, ერთი სათქმელის გამომხატველია. ეს არის პიესა _ ძალადობაზე, ჩაგვრაზე, გულგრილობაზე, უიმედობაზე... მოძალადეობაზე და ძალადობს მსხვერპლებზე... ეს არის პიესა ჩვენ თანამედროვე საზოგადოებაზე, სადაც ერთმანეთი არც, უყვართ და არც, პატივს სცემენ, სადაც მოძალადეობა და ჩაგვრა, არა მარტო ერთმანეთისათვის უცნობ, ან, ნაცნობ ადამიანებს შორისაა, არამედ დედასა და შვილს შორის. პიესაშიც და სპექტაკლშიც, ერთ-ერთი მთავარი ხაზი, სწორედ დედა-შვილის, დედისა და ვაჟიშვილის პრიზმაში, ქალისა და მამაკაცის, ორი სქესის დაპირისპირებაა. რეჟისორმა პაატა ციკოლიამ (პიესის თანაავტორი) გარეგნულად მშვენიერი, მაგრამ დიქტატორი, მონსტრი დედის და მსხვერპლი ვაჟიშვილის სახეები შეაქმნევინა მსახიობებს: ნაირა ჭიჭინაძესა და გიორგი სურმავას. რეჟისორის კონცეფცია, ძალიან ზუსტად აისახა მხატვარ ქეთი ნადიბაიძის სცენოგრაფიაში. პიესასა და სპექტაკლში ასახული დრამატული მოვლენები, სცენის სიღრმეში გაკეთებულ ულამაზესი „ედემის“ ბაღის ფონზე ვითარდება. ფინალში კი უზარმაზარი დაუბადებელი ბავშვის მარიონეტის გამოყვანით, სპექტაკლის შემქმნელებმა ნათლად გაუსვე სხაზი ადამიანის მომავლის უიმედობას, იმას, რომ დაბადებულ, თუ ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვებს თანამედროვე სამყაროში, სითბო, სიყვარული არ ელოდებათ. წლევანდელ „დურუჯზე“, ოთარ ქათამაძის და პაატა ციკოლიას „კალიგულამ“, საუკეთესო ქართული პიესის პრემია მოიპოვა.

 

სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორმა სალომე ჯოგლიძემ, ევრიპიდესა და ოვიდიუსის ტექსტების მიხედვით, სპექტაკლი „მე-მედეა“ განახორციელა. ეს გახლავთ პოსტმოდერნისა და პოსტპოსტმოდერნისათვის დამახასიათებელი, მითის ახლებურად გააზრების, წაკითხვის მცდელობა. რეჟისორმა სპექტაკლზე მუშაობისას, ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შეკრა: მხატვარი _ ქეთი ნადიბაიძე, კომპოზიტორი _ მაკა ვირსალაძე, მსახიობები _ ლილი ხურითი, ნინო შავგულიძე, მარიამ დოლიძე.  სალომე ჯოგლიძემ ლილი ხურითთან ერთად, უახლესი სათეატრო ხერხებით, მითოლოგიურ-ისტორიული ამბის საკმაოდ თამამი იტერპრეტაციით, თანამედროვე პრობლემებით აღსავსე ქალის სახე შექმნა.

თბილისის თეატრებში განხორციელებული სპექტაკლებიდან კრიტიკოსებმა 8 ნამუშევარს მისცეს რეკომენდაცია.

„იულიუს კეისარი“ _ ფრაგმენტები ერთ მოქმედებად, მაესტრო რობერტ სტურუას (შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული  დრამატულ სახელმწიფო თეატრი) შექმნილი სანახაობაა. რეჟისორმა შექსპირის ხუთმოქმედებიანი ტრაგედიიდან _ პირველი 2,5 მოქმედება დადგა.  რეჟისორის კონცეფცია - შექსპირის სენტენციაა: ცხოვრება თეატრია, ადამიანები კი, ვიღაცის მიერ მართული მარიონეტი-პერსონაჟები, მირიან შველიძის სცენოგრაფიაშიც ნათლად არის გამოკვეთილი. სცენაზე ცხოვრების სარკისებრი ასახვა, მაყურებელთა დარბაზის ნაწილის სცენაზე გადატანით, რეჟისორმა და მხატვარმა, ჯერ კიდევ „მეფე ლირის“ დადგმის დროს (1987) გამოიყენეს, „იულიუს კეისარში“ კი, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრეს, გაუსვეს ხაზი. მხატვრული განათება, ფერთა გრადაციით,  სპექტაკლის ატმოსფეროსა და განწყობას ქმნის. განწყობის შექმნას ხელს უწყობს სპექტაკლის მუსიკალური რიგი: გემოვნებით შეხამებული საოპერო, კლასიკური და თანამედროვე ე. წ. „ჰიტები“. რობერტ სტურუა თავის სპექტაკლებში მუდმივად იყენებს კინოენას. „იულიუს კეისარში“ თეატრში კინოხერხების გამოყენების გარდა, რეჟისორმა სცენოგრააფიის და მსახიობთა მიერ შექმნილი ტიპაჟების მეშვეობით, პირდაპირ მიუთითა მაყურებელს: სცენაზე წარმოდგენილი რომი, შექსპირთან ერთად ფელინის რომიცაა. აქაც, რობერტ სტურუას საკვლევი თემა: ძალაუფლების მოპოვებისაკენ სწრაფვაა, და, რომ ძალაუფლება, ისევე როგორც, დანარჩენი სხვა, ცხოვრებაში დროებითია. სპექტაკლის სტილისტიკაც თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრა რეჟისორმა: კომიკური ელემენტებით გაზავებული ტრაგი-ფარსი.

გურჯი-ხათუნი _ რუსთაველის თეატრის და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის ერთობლივი ნამუშევარია. დადგმა ახალგაზრდა ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ, დათო ტურაშვილის იმავე სახელწოდების ისტორიული რომანის მიხედვით, განახორციელა. თმარ მეფის შვილისშვილის, გურჯი-ხათუნის დრამატული სასიყვარულო ისტორიის ფაბულაზე შექმნილი ლიბრეტოს ავტორი თავად  დათო ტურაშვილია. ორიგინალური მუსიკის ავტორია, ისრაელში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი, იოსებ ბარდანაშვილი. შთამბეჭდავ სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე კი ანკა კალატოზიშვილმა იმუშავა. მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული სპექტაკლი, ნეოკლასიკურ და ტრადიციულ საბალეტო ელემენტებზეა აგებული. ისტორიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, წარმოდგენა საინტერესოა ორიგინალური ქორეოგრაფიული ნახაზით,  მუსიკალური და სანახაობითი თვალსაზრისით.

თამაში მაგიდასთან _ „თითების თეატრის“ და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი პროექტია.  ისინი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. თამამად ვიტყვი, რომ ერთობლივ ნამუშევართა შორის, „თამაში მაგიდასთან“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ბესო კუპრეიშვილის ყოველი დადგმა გამოირჩევა ორიგინალურობით, დახვეწილი გემოვნებით, დაუშრეტელი ფანტაზიით. ეს გახლავთ თანამედროვე, სინთეზური თეატრის სიმბიოზი. თითებით, თოჯინებით და ცოცხალი მსახიობების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკაზე შექმნილ ეტიუდებს, რეჟისორი ოსტატურად კრავს ერთ მთლიანობაში. ყოველ მათგანს კი უმთავრესი - ადამიანებისადმი უდიდესი სიყვარულის გრძნობა აერთიანებს. ათამდე ეტიუდისგან შეკრული სპექტაკლი, ონისე ონიანის ანგელოზი-ჯამბაზის მიერ გათამაშებული სხვადასხვა ამბავია. ვის არ შეხვდებით აქ: ცნობილ მომღერლებს, მოცეკვავეებს, სლავა პოლუნინს და ჩარლი ჩაპლინსაც კი. მსახიობები სხვადასხვა გამომხატველი საშუალებით: მიმიკით, პლასტიკით, თითებით, ხელებით, ფეხებით - ძალიან საყვარელ, ერთდროულად მხიარულ და სევდიან პერსონაჟთა სახეებს ქმნიან. მათი თამაში მაღალი ოსტატობით და პროფესიონალიზმით  გამოირჩევა.

1945 _ ახალგაზრდა, ნიჭიერი და რაც მთავარია, შრომისმოყვარე რეჟისორის - ნიკა საბაშვილის საავტორო სპექტაკლია. წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა პროფესიული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდა. ეს გახლავთ ახალგაზრდა თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ შექმნილი სპექტაკლი. ჰიტლერის ცხოვრების, ერთ-ერთი არსებული ვერსიით,  ბიოგრაფიულ ფაქტებზე აგებული სპექტაკლის ინსცენიერების ავტორი, თვად დამდგმელია. სპექტაკლის პრემიერა 2015 წ. 3 მარტს შედგა, მაგრამ დღემდე, მაყურებლის ინტერესი არ განელებულა და ამ წარმოდგენაზე ბილეთის შოვნა ძალიან ძნელია. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია არა მარტო სპექტაკლში მოთხრობილი ამბით, არამედ რეჟისურით, ბარბარა ასლამაზაიშვილის რეჟისორული კონცეფციიდან გამომდინარე შექმნილი სცენოგრაფიით, თამაზ იმნაძის მუსიკალური გაფორმებით და მსახიობ ანა სანაიას მიერ, ამ სპექტაკლისთვის მიგნებული ქორეოგრაფიული ნახაზით. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მსახიობი ანა სანაია, სპექტაკლში ორი განსხვავებული ხასიათის სახეს - ჰიტლერის დედის და ებრაელი ქალიშვილის _ სამსახიობო ოსტატობით ქმნის. ნიკა საბაშვილმა კონკრეტული ადამიანის ამბავი განაზოგადა. სპექტაკლში ადამიანის ტირანად ქცევის ასპექტების კვლევა, რეჟისორმა ზოგადად _ ტირანიის, დიქტატურის გლობალური თემები წამოსწია წინა პლანზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წ. ნიკა საბაშვილმა, 1945-ის დადგმისთვის,  თეატრალური პრემიით - „დურუჯი“ დაჯილდოვდა, ნომინაციაში _ საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევრი.

ბრაზილიელმა ხელოვანმა: რეჟისორმა, მსახიობმა, გამნათებლმა, პედაგოგმა როდრიგო ფიშერმა _ სპექტაკლი-პერფრმანსი _ „2+2=2“, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში, ოთხი ქართველი მსახიობის მონაწილეობით დადგა. ინტერაქტიული, „ე. წ. „ფორუმ თეატრის“ პრინციპებზე შექმნილი წარმოდგენის ფაბულა, მასში მონაწილე მსახიობების ავტობიოგრაფიულ, რეალურ ამბებზეა აგებული. ინსცენირების ავტორები არიან: თავად როდრიგო ფიშერი და ანტონენ მარტო (ირაკლი კაკაბაძე). დადგმის სარეჟისორო კონცეფცია, სრულ თავისუფლებასა  და იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა, როგორც მსახიობებისთვის, ასევე, წარმოდგენაში აქტიურად ჩართული მაყურებლისთვისაც. ეს გახლავთ, თანამდროვე სათეატრო ენით შექმნილი სპექტაკლი, რომელსაც შეგიძლია უწოდო: პერფორმანსიც, აქციაც, ახალი სათეატრო ფორმის ძიებაც.

სამეფო უბნის თეატრმა წლევანდელ Georgian Showcase-ზე ორი სპექტაკლი წარმოადგინა. დავით გაბუნიას თანამედროვე დრამატურგიული ხერხებით აგებული პიესა „ბეჩავი“, ახალგაზრდა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემები, დრამატურგმა და რეჟისორმა, იუმორით, ზოგჯერ ირონიულად, ზოგ შემთხვევაში კი გროტეკულად წარმოაჩინეს. მსუბუქად, კარგი ქართულით დაწერილი სასცენო ტექსტი, სწორად შერჩეული სამსახიობო ანსამბლი, დახვეწილი რეჟისურა, ქეთი ნადიბაიძის ლაკონური მხატვრული გაფორმება და კარგად შერჩეული ერეკლე დეისაძის მუსიკა, მთლიანად იპყრობს მაყურებელის ინტერესს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. თანამედროვეობაში არსებული სხვადასხვა პრობლემა: უსუსურობა, უუნარობა, „იმპოტენცია“, დიქტატი, გენდერული თანასწორობა თუ უთანასწორობა _ ქალების გარმოცვაში გაზრდილი ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფონზე  აისახება და სოციალური სატირა, ჩვენი ქვეყნისა თუ ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოს ყოფა გროტესკულ სახედ განზოგადდება. 

მეორე წარმოდეგნა, რომელიც სამეფო უბნის თეატრმა, ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში ითამაშა _ ნიკა თავაძის მიერ დადგმული ჟან ჟენეს „მოახლეები“ გახლავთ.  ეს, თანამედროვე, სახელგანთქმული ფრანგი მწრლისა და დრამატურგის ნაწარმოების, ქართულ სცენაზე განხორციელების პირველი და თანაც, წარმატებული მცდელობაა. ნატო მურვანიძის, ნინო კასრაძის და ბაია დვალიშვილის დახვეწილი, გემოვნებით, პროფესიონალიზმით შექმნილი ჟენეს პერსონაჟები, ქართული, თანამედროვე სამსახიობო სკოლის საუკეთესო მაგალითია. ემოციებით, გრძნობებით, ფსიქოლოგიური ნიუანსებით დატვირთული ამბის განვითარება- გადმოცემას, სადაც სიძულვილი და სიყვარული, ღალატი და ერთგულება ერთმანეთშია გადახლართული, რეჟისორისა და მსახიობთა არაჩვეულებრივი ნამუშევრის გარდა, ხელს უწყობს ქეთი ნადიბაიძის შეფარული, თითქოს ლამაზი, მშვენიერი, მაგრამ იმავდროულად, სულისშემხუთველი, გამოუვალი ატმოსფეროს შემქნელი სცენოგრაფია და ნიკა ფასურის მუსიკალური გაფორმება.

ადამიანი, ჩვენს სამყაროში არსებული, ყველაზე უფრო გონიერი და რაც მთავარია, მოაზროვნე არსება, სამწუხაროდ, ხშირად ბოროტებას ირჩევს. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ ომობენ. უმეტესწილად _ ერის, ქვეყნის, ღვთის სახელით... თანამედროვე ფრანგი კანადელი ავტორის იზაბელ დორეს პიესა _ „სეზარი და დრანა“, საინტერესოა არა მარტო თემითა და პრობლემატიკით, არამედ, იმითაც, რომ პოეტური თეატრის სტილისტიკით დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა სამკაციანი პიესა მონოსპექტაკლად აქცია. მან სწორად განსაზღვრა ნაწარმოების ძირითადი სტრუქტურა. ტექსტი შეამოკლა, გააკეთა კუპიურები.  გასაოცარია მსახიობ ლილი ხურითის გარდასახვის უნარი. მსახიობი ხატოვნად, სიმართლით გადმოსცემს პერსონაჟის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს. რეჟისორის კონცეფციას ერწყმის, თეთრ და შავ ფერში გადაწყვეტილი, სპექტაკლის სცენოგრაფია (თამარ კობიაშვილი). რეჟისორმა დასაწყისშივე ძალადობის თემის შემოტანით,  კიდევ უფრო გაამწვავა დრამატურგის სათქმელი. საათსა და 10 წუთში გათამაშებული, ერთი კონკრეტული ადამიანის, ბოშა ქალის პერიპეტიებით აღსავსე ცხოვრება, ნებისმიერი მცირე ერის ტრაგიკულ ისტორიად შეიძლება აღიქვა.       

ალბერტ-რამსდელ ჰენრის _ „რა დროს შექსპირია“   _  იოანე ხუციშვილმა თავისუფალი თეატრში დადგა. იუმორითა და სევდით მოყოლილი მარტოსულად ქცეულ ადამიანთა ამბავი, რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა, მსუბუქად, კომედიური ელემნტებით გაჯერებული ეპიზოდებითა და სცენებით ასახეს. დრამატურგიული ნაწარმოებიდან გამომდინარე, სპექტაკლი მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროში, როგორ გაუცხოვდებიან და აღარ ესმით ერთმანეთის ორ უახლოესს ადამიანს _ ცოლსა და ქმარს, და, როგორ ხდება ძაღლი ადამიანის ყველაზე უფრო ერთგული, საყვარელი არსება.

 

წლეწვანდელ Georgian Showcase-ზე თბილისისა და რეგიონის თეატრებმა ექვსი პრემიერა ითამაშეს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის  პიესის _ „ჰელვერის ღამე“ _ მიხედვით, ირაკლი სამსონაძის გადმოქართულებული ვარიანტი _ „ბონდოს ღამე“ ­_ ანდრო ენუქიძემ დადგა. სპექტაკლი სპეციალურად ბათუმში, ექსპერიმენტებისა და ძიებებისათვის,  ზაფხულში ახლადგახსნილი პატარა, სათეატრო სივრცისთვის შეიქმნა. მსახიობების: მაია ცეცხლაძის და ტიტე კომახიძის მიერ საინტერესო სახეების შექმნის მიუხედავად, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა, ამ კარგად აგებული პიესის გადმოქართულებული ვარიანტის დადგმა. მითუმეტეს, რომ ცვლილება ძირითადად სახელების გადასხვაფერებას შეეხო. ბათუმის თეატრშივე, ექპერიმენტულ სცენაზე  მიშა ჩარკვიანმა ინგმარ ბერგმანის ცნობილი ფილმის _ „ჩურჩული და კივილი“ ­_ სცენური ვარიანტი შექმნა. პირადად ჩემზე, ახალგაზრდა რეჟისორისთვის უკვე აპრობირებული ხერხებით შექმნილი, ნაჩქარევად გაკეთებული სპექტაკლის შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან საინტერესოდ, ორიგინალურად წაკითხული ანტონ ჩეხოვის პიესა ­_ „სამი და“ ­_  განახორციელა ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ, ეს მისი მეორე დადგმაა („კარმენი“) თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. ქორეოდრამის ჟანრში გადაწყვეტილ წარმოდგენაში ამავე თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. იმავე თეატრმა მიშა ჩარკვიანის თანამედროვე სათეატრო ხერხებით, ჩვენს თანამედროვე დროში გადმოტანილი, საინტერესო კონცეფციით, ახლებურად წაკითხული ევრიპიდეს „მედეა“ განახორციელა. აღსანიშნავია, ბუბა გოგორიშვილის და კახა  კინწურაშვილის შექმნილი მედეასა და იაზონის გმირთა სახეები.     კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, მისივე დადგმული, ახალი სპექტაკლი-პერფორმანსით „ფან დოს მაგორია“ ­_ წარსდგა მაყურებლის წინაშე. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში, აკაკი წერეთლის 170 წლის იუბლილესადმი მიძღვნილი სპექტაკლი ­_  „ბაშია-აჩუკი“, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დადგა.

 

Georgian Showcase, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამებს შორის.   ამ 7 წლის განმავლობაში, ქართული სპექტაკლების პროგრამის წყალობით თეატრებს, საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა თავისი სპექტაკლები გაყიდოს უცხოურ ბაზარზე. გარდა ამისა, დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი. რეჟისორები: ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი, ბესო კუპრეიშვილი, ავთო ვარსიმაშვილი, დათა თავაძე - დღეს ევროპაში ცნობილი სახელებია. მათ ხშირად იწვევენ სპექტაკლების დასადგმელად სხვადასხვა ქვეყანაში.  ასევე განხორციელდა კოპროდუქციებიც. მაგალითად: ლევან წულაძის „კაპიტან კორელის მანდოლინა“ ბრიტანელებთან ერთად, ბესო კუპრეიშვილის „ჩემი ჰამლეტი“ - ქართულ-ბრიტანული პროდუქციაა, ლევან წულაძის „შეშლილის წერილები ქართულ-იტალიური თანამშრომლობის შედეგია. Georgian Showcase-ის  წყალობით, რამდენიმე რეგიონული თეატრი მიიწვიეს სხვადასხვა ფესტივალზე, ხოლო -  ქუთაისის, ბათუმის, ფოთის თეატრებმა  სხვადასხვა ქვეყანასთან ერთობლივი პროექტებიც განახორციელეს. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ როდესაც საქართველოს თეატრებში, სეზონის განმავლობაში იდგმება კარგი სპექტაკლები, უცხოელ ექსპერტებს აუცილებლად გააქვთ ისინი მსოფლიო სათეატრო სივრცეებში.

 

სამწუხაროდ, წლევანდელმა ჩვენებამ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა შემფასებლებზე. ყველა, ვინც პირველად არ სტუმრობდა საქართველოს და ფესტივალს, ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართული თეატრების შარშანწინდელი და შარშანდელი პროდუქცია, მხატვრული თვალსაზრისით, ერთი-ორი სპექტაკლის გარდა, წლევანდელს ბევრად აღემატებოდა. ფესტივალის საიტზე, უკვე დაიდო უცხოელი კრიტიკოსების შეფასებები, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით მათ, ერთი რამ უდავოა, ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული სეზონი არ გამოირჩეოდა მაღალმხატვრული წარმოდგენებით. ამაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, ვინაიდან წელს თეატრებმა, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ, დიდი შანსი დაკარგეს თავიანთი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის. სხვადასხვა მიზეზით, გასულ სეზონში, სპექტაკლები არ დაუდგმათ: არც ლევან წულაძეს, არც დათო დოიაშვილს, არც დათა თავაძეს... ვფიქრობ, ეს სერიოზული დაფიქრების და განსჯის საგანია.

bottom of page