„გამშორდი, წყეულო ლაქავ, გამშორდი-მეთქი“ ანუ პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში
„გამშორდი, წყეულო ლაქავ, გამშორდი–მეთქი“
ანუ პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში
ირინა ღოღობერიძე
არავინ იფიქროს, რომ წერილის სათაური ზოგადად თეატრს ან კონკრეტულად ბათუმის თეატრის პრემიერას გულისხმობს. თეატრიც ძალიან მიყვარს და ბათუმის თეატრის სპექტაკლსაც (რეჟ. ანდრო ენუქიძე, თარგმ. ლილი ფოფხაძე, რობერტ სტურუა) დიდი ინტერესით ვუყურე. შექსპირის საკრალური ფრაზა საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად მისივე დაწყევლილი პიესისაგან თავის დასაცავად ვიხმარე მხოლოდ. ბათუმელებიც ასე მოიქცნენ. რეპლიკის სცენური ვარიანტი „გასწი, გამშორდი, წყეულო ლაქავ“ ყველა ბანერს, აფიშას, სპექტაკლის პროგრამასა და მოსაწვევებსაც კი წააწერეს. ვფიქრობ, სადღაც სცენაზე ან კულისებშიც გააკრეს ისე, რომ მაყურებელს ვერ დაენახა. უპირველესი თავდაცვითი რიტუალიც, ალბათ პირნათლად შეასრულეს და პიესის სათაური ან მთავარი წყვილის სახელები მხოლოდ სპექტაკლისა და რეპეტიციების დროს ახსენეს. გადავწყვიტე, რომ მათი სახელების პირდაპირ ხსენებას აქაც მოვერიდო.
უნდა ითქვას, რომ თეატრის მსახურთა ამ პიესის მიმართ ესოდენ „ეზოთერიული ძრწოლა“ არც თუ უსაფუძვლოა, რადგან ოთხნახევარი საუკუნის განმავლობაში, მის რეპეტიციებსა თუ პრემიერებზე არაერთი შემაძრწუნებელი ამბავი მომხდარა. გავბედავ და რამდენიმეს მაინც გავიხსენებ და, რა თქმა უნდა, 1606 წელს გამართული შექსპირისდროინდელი პრემიერით დავიწყებ. პიესის დაწერა შექსპირს მეფემ ჯეიმს პირველმა შეუკვეთა. მსახიობი ბიჭი, რომელიც, პიესაში, ბრიტანელების შემოკლებას გამოვიყენებ, ლედი მ.–ს ასახიერებდა, სცენაზე გასვლის წინ გარდაიცვალა და მისი როლი თავად შექსპირმა შეასრულა. ამ ამბის მომსწრე მეფემ პიესა აითვალწუნა და აკრძალა. ეს ტექსტი მხოლოდ 1667 წელს გაიხსენეს, ხელახლა გადაწერეს და მიუზიკლად გადააკეთეს. თვითმხილველნი იმოწმებიან, რომ პრემიერამ მშვიდად მხოლოდ იმიტომ ჩაიარა, რომ ალქაჯები ლაღად მღეროდნენო. თუმცა 1703 წელს, როცა ლონდონის ერთ–ერთმა თეატრმა პიესის ორიგინალური ვერსიის აღდგენა მოისურვა და პრემიერაც დანიშნა, ინგლისს, მის ისტორიაში ყველაზე დიდ ქარიშხალი დაატყდა თავს. მთლიანად დაინგრა ბრისტოლი, დაზარალდა ლონდონი და თეატრი, სადაც იმ დღეს ამ „უხსენებელი“ პიესის პრემიერა უნდა შემდგარიყო. ათწლიანი პაუზის შემდეგ, 1714 წელს პიესა კვლავ ითამაშეს. ამჯერად მსახიობი, რომელიც მთავარ როლს ასახიერებდა შემთხვევით დაჭრეს და პიესა ისევ კარგა ხნით გადაივიწყეს. ამ ტრაგედიის პრემიერების ყველაზე პირქუშ თარიღად მაინც 1848 წელია მიჩნეული, როცა ნიუ იორკის ასტორ პალასის ოპერაში მაყურებელთა შორის ატეხილი ჩხუბის გამო გამოძახებულმა ეროვნულმა გვარდიამ ცეცხლი გახსნა. ამის შედეგად შედეგადაც ასობით მაყურებელი დაშავდა, ხოლო ოცდაათი ადგილზევე გარდაიცვალა. 1937 წელს ლონდონის ოლდ ვიკის თეატრის პრემიერის დღეს ამ თეატრის ერთ–ერთი მფლობელი ლილიან ბეილისი გულის შეტევით გარდაიცვალა, ლოურენს ოლივიემ კი ჯერ ხმა დაკარგა, მერე დეკორაციის საპირწონე ტვირთმა კინაღამ მოკლა, პრემიერის დღეს კი დაშნა გაუტყდა, მოტეხილი პირი მაურებელში გადავარდა და ერთ–ერთს შიშისაგან გული გაუსკდა. არაფერმა გასჭრა! ლოურენს ოლივიემ თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული როლი მაინც ითამაშა. შექსპირის მკვლევარებმა ყველაზე უიღბლოდ 1942 წლის პრემიერა ჩათვალეს, მთავარ როლს ამ სპექტაკლში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯონ გილგუდი ასრულებდა. წინასაპრემიერო ჩვენებაზე ერთი მსახიობი კულისებში, მეორე კი ალქაჯების ბანგის მოხარშვის სცენაში გარდაიცვალა, მხატვარ–დეკორატორმა კი პრემიერის მეორე დღესვე თავი მოიკლა... ჯონ გილგუდმა სპექტაკლი, რა თქმა უნდა, მაინც ითამაშა.
პიესის მსხვერპლთა სიის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ თავსაც დავიზღვევ და მკითხველ–შემსრულებლებსაც დავინდობ. დავამატებ მხოლოდ, რომ შექსპირის პიესის წყევლის „თავიდან ასაცილებლად“ თეატრში სხვადასხვა დროს ბევრი რიტუალი შეიქმნა, რომელთა შორის ყველაზე მისაღები, პოეტური და, ალბათ, უფრო ქმედითიც შექსპირის ნაწარმოებებიდან „განწმენდი ციტატების“ წაკითხვაა. მაგ. „ჰამლეტის“ პირველი მოქმედების, მეოთხე სცენიდან, ან „ვენეციელი ვაჭრიდან“, რომელიც ყველაზე ბედნიერ პიესად არის მიჩნეული, ან კიდევ უკეთესი, „შუაზაფხულის ღამის სიზმრიდან“, სადაც შექსპირის და საერთოდ თეატრის ჰისტრიონების ირონიულ ხატად აღიქმება ეპილოგის ცნობილი ტაეპი:
„თუკი რამეზე დაგწყვიტეთ გული,
ან ეს გართობა არ იყო სრული
და გაგიცრუეთ იმედი მწარედ,
მაშინ ეს თხოვნა მიიღეთ ბარემ:
ჩამოგეძინათ სკამებზე თითქოს
და რაც აქ ნახეთ, სიზმარი იყოს...“
ყველაზე მოხერხებულად ალქაჯთა წყევლას თავი აარიდა კარმელო ბენემ, იტალიური თეატრის „სასტიკ ბავშვად“ მონათლულმა გენიალურმა მსახიობმა, დრამატურგმა და ესეისტმა. 1997 წელს, პარიზის ოდეონის თეატრის სცენის შუაგულში შემაღლებაზე დადგმულ მრგვალი ფორმის მოზრდილ, სისხლისფერ ფიცარნაგზე, უკვე ასაკოვანმა და ფერხორცში კარგად ჩამჯდარმა არტისტმა საოცარი, უსიტყვო მონოსპექტაკლი გაითამაშა, სადაც, არავინ იცის ცოცხლად დარჩენილი თუ უკვე ჯოჯოხეთში მყოფი გლამისისა და კავდორის თენი, თავის სასტიკ თავგადასავალს უყვებოდა მაყურებელს. უყვებოდა მისეული ინტერპრეტაციით ძუნწი პლასტიკით, უცნაური შეძახილ–მოძახილებით, მოკლე, თითქმის გაუშიფრავი რეპლიკებით და იმ ხმაურების იმიტაციით, რითაც ადამიანი სიკვდილის, ომის, მკვლელობის, ვერაგობის, ძრწოლის, განსაცდელის, სიკეთის, სიყვარულისა თუ სხვა ნებისმიერ ჟამს, ასე ბუნებრივად გადმოსცემს ხოლმე.
შოტლანდიურმა პიესამ კუდი ბათუმშიც მოიქნია. პრემიერის ღამეს ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ სასტუმროს ნომერში შეყუჟულებს შეგვეშინდა ბირნამის ტყის მსგავსად მტირალა მთა არ დაძრულიყო ჩვენს დასასჯელად, თუმცა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა, შექპირის ალქაჯებს, ეტყობა, კოლხმა მედეამ უმასპინძლა და პრემიერამაც წარმატებით ჩაიარა.
ანდრო ენუქიძემ და ბათუმის თეატრის თითქმის მთელმა დასმა მაყურებელი დიდი სპექტაკლისთვის აუცილებელი მუხტით, რიტმითა და უჩვეულოდ აწყობილი სცენური სივრცის ოსტატურად ფლობის უნარით დააინტერესა. მხატვარმა გოგლა გოგიბერიძემ სცენის უკანა კედელზე მაყურებლისთვის ხუთი, თუ ექვსრიგიანი თითქმის ვერტიკალური, ერთი შეხედვით, არც თუ უხიფათო ამფითეატრი ააგო. შიშველ ფიცარნაგზე ერთი სავარძელი იდგა. სხვა რეკვიზიტი, მაგალითად, მაგიდა ნადიმის სცენისთვის, სკამები, აბაზანა სიგიჟის სცენაში და ა.შ. კონკრეტული ფუნქციური დატვირთვისთვის თავად მსახიობებს შემოჰქონდათ, უფრო ზუსტად მსუბუქად და ბუნებრივად მოაგორებდნენ, ცარიელი დარბაზის კუთხეში, მეორე იარუსისი დონეზე ხის მასალით ნაშენ შემაღლებაზე ზარბაზნის პირი მოსჩანდა. სტანისლავსკის თოფისა არ იყოს, ზარბაზანიც შესაფერ მომენში დაიქუხა. მაყურებელთა დარბაზის ბენუარის ლოჟებს შორის, ცენტრში მდებარე ოთხი კოლონის ცვალებადი განათება ამ სივრცეს ხან მეფე დანკანის სასახლის ფასადად აქცევს, ხან მისამალ–სათვალთვალო წერტილად. აქედანვე, დარბაზში შესასვლელი ცენტრალური კიბით და გასასვლელით მოემართებიან სცენისკენ წარმოსადეგი და თავდაჯერებული მეფე დანკანი (მსახ. მანუჩარ შერვაშიძე), სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების სურვილით გახელებული სამეფო წყვილი (მსახ. ზაალ კომახიძე, თათია თათარაშვილი), ვერცხლის წყალივით მოძრავი ალქაჯები (მსახ. ტიტე კომახიძე, ქეთევან ეგუტიძე, თეო შამილაძე)... თითოეული, ვიტყოდი, კინემატოგრაფიული ხერხით დადგმული „გადასვლა“ ზუსტი ხასიათით, დახვეწილი მოძრაობით და რიტმით გამოირჩევა. აქვე დავძენ, რომ ქორეოგრაფ კოტე ფურცელაძის პროფესიონალიზმი და გემოვნება ნებისმიერი სპექტაკლის მცირე სცენებშიც კი ყოველთვის ადვილად ამოიცნობა ამოიცნობა.
დანკანის მკვლელობასაც სწორედ იარუსებიდან დარბაზში გადმოყრილი ფურცლებითა და შეძახილებით „დანკანი მოჰკლეს“ ამცნობენ მაყურებელს. მასობრივი სცენის ასეთი აწყობა, შესაძლოა, არახალი ხერხია, მაგრამ დარბაზის კარგად სრულ გამოყენებას. ნამდვილად ხელს უწყობს. ამგვარად, დეკორაცია სპექტაკლში პრაქტიკულად მთელი დარბაზია თავისი ლოჟებით, სადაც მოკლულთა აჩრდილები გაიელვებენ; სცენით, სადაც ძირითადი მოქმედება თამაშდება და თუნდაც კედელზე შეფენილი მაყურებლით, რომელიც ელისაბედისეული თეატრის მაყურებლს ემსგავსება იმ თვალსაზრისით, რომ მთელ სივრცეზე განფენილი მოქმედების თანაზიარი ხდება. იგი დაჰყურებს მოქმედებას და პერსპექტივაშიც აღიქვამს მას. სპექტაკლიც, დეკორაციად ქცეული დარბაზიდან იწყება, სადაც შეუმჩნევლად, შემოდის ადამიანი, უჩუმრად ჯდება და სცენის სიღრმეში, ქანდარაზე მჯდომ მაყურებელს ყურადღებით ათვალიერებს. ერთი–ორი წუთი მაინც გავიდა, ვიდრე გავიაზრეთ, რომ ის არის „ღირსეული მთავარი როსი“ (მსახ. ჯემალ ველიაძე), რომელიც გლამისისა და კავდორის მთავრის ქმედებას შინაგანად არ ეთანხმება, თუმცა, შეცვლით ვერაფერს ცვლის და ამის გამო იტანჯება კიდეც.
სცენოგრაფიის საერთო კონტექსტში ორგანულად ჯდება სტილიზებული კოსტუმებიც. როგორც ვიცით, შექსპირისდროინდელ სპექტაკლებს თანადროულ, ანუ ელისაბედის ეპოქის კოსტუმებში თამაშობდნენ. შესაძლოა ამიტომაც ირგებს დროის მიღმა მყოფი შექსპირის დრამა კოსტუმებსა თუ დეკორაციებში ნებისმიერი ეპოქის, ეპოქაზე სტილიზებულ, თუ თანამედროვე ან კარგად შესრულებული ეკლექტიკის გამოყენებას. ბათუმის თეატრის სპექტაკლში კოსტუმები ერთი, საკმაოდ პირქუში ფერის გამოყენებით არის შესრულებული. სტილიზაცია აქსესუარებში და პატარ–პატარა დეტალებშიც შეინიშნება. ცოცხალ ლაქებს ქმნის მაგ. თეთრი პერანგი ნადიმის სცენაში, მეფეების გამორჩეულად მდიდრული სამოსი, ქალ პერსონაჟთა კოსტუმები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ზურგის დიზაინზე არის გამახვილებული, ალბათ, იმის გათვალისწინებითაც, რომ მაყურებელი, ასე ვთქვათ, „უკუღმა“ ზის და მიზანსცენაც წრიულ თუ ორმხრივ აღქმას ითვალისწინებს. ეფექტუეობის გარდა ალბათ ისიც იყო გათვალისწინებული, რომ მაყურებელი, ასე ვთქვათ „უკუღმა“ იჯდა და მიზანსცენასაც ორმხრივად ერთნაირი დატვირთვით აღიქვავდა.
პიესა ერთი შეხედვით, მხოლოდ პოლიტიკურ ტრაგედიას წარმოადგენს, მაგრამ ამ ნაწარმოებში სამეფოს არა პოლიტიკა, არამედ ბოროტების მატარებელი ადამიანის ძალაუფლებისკენ დაუოკებელი ლტოლვა ანადგურებს. ზაალ გოგუაძის ინტერპრეტაციით კავდორის თენი სპექტაკლის დასაწყისში გვევლინება, როგორც მამაცი მეომარი და ერთგული ქვეშევრდომი, მაგრამ მისი ცნობიერების მიღმა მყოფ ზებუნებრივ ძალებთან შეხვედრა და მათი წინასწარმეტყველება მის ფარულ სულიერ მანკიერებებს გამოაცოცხლებს, „ნათელში ბნელს“ გააძლიერებს და ბოროტებით აღსავსე სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე დააყენებს. მსახიობი ზუსტი ინტონაციითა და პლასტიკით გადმოსცემს თავისი გმირის მერყეობას, ბოროტ ზრახვებთან გამკლავების სუსტ, მაგრამ მაინც არსებულ სურვილს. იგრძნობა, რომ ზაალ გოგუაძის პერსონაჟი, როგორც ნამდვილი პოლიტიკოსი ფრთხილიც არის, რადგან იცის, რომ ბოროტებასა და ინტრიგებში ღრმად შეტოპვა მის უკვე შემდგარ კარიერას საფრთხეს შეუქმნის. მისი რეპლიკა „როგორ დავღვარო მეფე დანკანის სისხლი...“ ნათელსა და ბნელს შორის მოქცეული კაცის უკანასკნელი გაბრძოლებაა, რომელსაც ალქაჯების წინასწარმეტყველებაზე მეტად მისი, უკვე ბნელში მყოფი მეუღლე დაასამარებს.
საკმაოდ უცნაურად არის დანახული და გააზრებული მომავალი დედოფლის პირველი შემოსვლის სცენა. თეთრებში შილიფად გამოწყობილი ქალბატონი (მსახ. თათია თათარაშვილი) მთვარეულივით შემოდის და თავის ჩამოხრჩობას ცდილობს. რისთვის? ომში წასული მეუღლის ბედი აღელვებს, თუ სიყვარულში არ გაუმართლა და მისი გონება უღიმღამო ყოფამ დაასნეულა? თუმცა სისუსტე წამიერია. ქმრის ჩამოსვლის და დანკანის სტუმრობის ამბავი მას უმალ გამოაფხიზლებს და მოქმედებისკენ უბიძგებს. წითელ ფეხსაცმელსაც კი ჩაიცმევს, თითქოს იმისთვის, რომ თავისი სისხლიანი ფიქრები და ნაკვალევი გადაფაროს. გოგი გვახარიას გადაცემის „ფსიქო“ ლოგოს დატვირთვის მქონე ანონსი გამახსენდა, რომელშიც გამომწვევად ტრიალებდა წითელი, პისტოლეტისქუსლიანი ფეხსაცმელი ალმოდოვარის ფილმიდან „მაღალი ქუსლები“. თათია თათარაშვილის პერსონაჟს მკვლელობის გეგმა და იარაღიც გააზრებული აქვს, რადგან რეჟისორის ჩანაფიქრით იგი იმთავითვე ბოროტების გასახიერებად არის წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, აგრეთვე, სცენა, სადაც ის მთელი სამყაროს ბნელეთს უხმობს დასახმარებლად – „სქესი შემიცვალეთ... ბოროტებით გაჟღინთეთ ჩემი სხეული... ჩამინერგეთ მკვლელობის ძალა...“ ამ სცენას მსახიობი ფარული ვნებით, ხაზგასმულად თავისუფალი პლასტიკით და ძალიან მართალი ინტონაციით გაითამაშებს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ თათია თათარაშვილი ზუსტად ირგებს თავისი გმირის ხასიათსა და ტექსტს, მისი რეპლიკების მელოდიკაში, შეფასებებსა თუ მოძრაობაში მწირი სიყალბეც არ შეინიშნება.
არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა ასეა, მაგრამ სპექტაკლში თითქოს საერთოდ მოხსნილია სამეფო წყვილის სასიყვარულო ხაზის რომანტიკა, რომელსაც რეჟისორები ასე ხშირად ზედმეტადაც კი აძლიერებენ ხოლმე. სიყვარული ამ სპექტაკლში მხოლოდ ფიზიკური და დამანგრეველი სექსუალური აქტია, რომელიც პერსონაჟთა ნებისმიერ ქმედებას თითქოს ამართლებს და ასაზრდოვებს. დანკანის მკვლელობის თანადროულად გამართული ნადიმის სცენა რეჟისორსა და ქორეოგრაფს ზნეობრივ ორიენტირებს მოკლებული მაღალი საზოგადოების ორგიის ფორმით და ეროტიულ - პლასტიური ესთეტიკით აქვთ გადაწყვეტილი. ეს სცენა დონიცეტის ულამაზესი არიის „უნა ფურტივა ლაკრიმა“ (მოპარული ცრემლი) არანჟირებული თანხლებით თამაშდება, რის შემდეგაც ავსულ წყვილს ემბრიონის პოზაში ჩაეძინება. სპექტაკლის ესთეტიკასთან თანაფარდი, მაგრამ ოდნავ ბრუტალური და სწორხაზოვნი მომეჩვენა სიგიჟის სცენის გადაწყვეტა. აბაზანაში ნებივრად მიწოლილი დედოფლის შემოყვანა, რა თქმა უნდა ეფექტური სვლა იყო, მაგრამ წყლის სისხლისფრად შეღებვა და კლასიკურად ტრაგიკულ რეგისტრში ამ სცენის ხმამაღალი ხარხარით დასრულება, სპექტაკლის საერთო ქარგიდან ოდნავ ამოვარდნილი მომეჩვენა. შესაძლოა ეს სცენა პრემიერის შემდეგ სხვაგვარად ჩაჯდა ან გათამაშდა და სპექტაკლის კიდევ ერთხელ ნახვის შემთხვევაში ჩემი შეფასება მიკერძოებულადაც მომეჩვენება.
სპექტაკლში საინტერესოდ არის გადაწყვეტილ მეორე პლანის პერსონაჟთა სახეები, თუმცა, აქვე დავძენ, რომ შექსპირის პიესებში მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, პრაქტიკულად, არ არსებობს. უკვე მოხსენიებულთა გარდა, პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ სპექტაკლში სულ ორი ქალი პერსონაჟია, ლედი მაკდაფის სცენას გავიხსენებ. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ სპექტაკლში „ელექტრა“ (რეჟ. მიშა ჩარკვიანი), მსახიობი მეგი კობალაძე ამ როლშიც ძალიან დამაჯერებლად და ორგანულად მუშაობს. ლედი მაკდაფის ტრაგიკულ ბედს იგი უზუსტესი ინტონაციურ–პლასტიკური მონახაზით და ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე წარმოგვიდგენს.
ასეთივეა ზაზა ზოიძის ბენკო, სპონტანური და ერთგული, ირონიული და შოტლანდიის ბედ–იღბალზე ტრაგიკულად ჩაფიქრებული. საინტერესოა მისი პოზიცია ალქაჯებთან შეხვედრის სცენაში. თუ გრძნეულებთან შეხვედრა მომავალი მეფის გონებაში ბოროტ ზრახვებს გამოაღვიძებს, ბენკო მათ სიტყვებს გულთან ახლოს არ მიიკარებს, „ქვესკნელის მოციქულებად“ მონათლავს, მათ წინასწარმეტყველებას ყურადღებას არ მიაქცევს და სკეპტიკურადაც შეაფასებს. მსახიობი განსაკუთრებული ნიუანსებით ამდიდრებს ბენკოს პერსონაჟს და ეს ყველაზე ნათლად მისი მკვლელობის სცენაში იკითხება.
უდავოდ ყურადღებას იმსახურებს სამი მკვლელი, რომლებსაც მსახიობები ენვერ ჩაიძე, ნოდარ იაკობიძე და ბერდია ინწკირველი ასახიერებენ. მკვლელები ინსტრუმენტების ფუტლიარებით მიდი–მოდიან, სადაც, ნამდვილად, ნაირ–ნაირი იარაღი აქვთ ჩალაგებული. ისინი არტისტულად და მოქნილად მოძრაობენ, პირმოთნე ღიმილით შეჰყურებენ და უსმენენ მეფეს. ყველაფერზე წამსვლელნი და ყველანაირი საშინელების შემსრულებელნი ჩანან. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთნაირად ცახცახებს და ერთი ძალისხმევით ცდილობს სასტიკი მეფის მომადლიერებას, მათაც ჰყავთ თავისი მაესტრო (მსახ.ენვერ ჩაიძე), ოდნავ უფრო ელეგანტური და უფრო თვითდაჯერებული, სხვებზე ჭკვიანი და ფრთხილი. უნდა ითქვას, რომ არტისტებმა მინიმალური, მაგრამ ზუსტი ხერხებით, ჩვენს თვალწინ დაქირავებული მკვლელების გროტესკულად კინემატოგრაფიული ხატი შეგვიქმნეს.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ალქაჯების სახეების გააზრება და არტისტები, რომლებიც მათ ასახიერებენ. ლეგენდის თანახმად შექსპირმა ალქაჯების სცენებში, შოტლანდიის მეფის საამებლად, დემონოლოგიაზე მისივე დაწერილი ფოლიანტის ნაწყვეტები გამოიყენა და პერსონაჟთა რეპლიკები რეალური წყევლითა და სარიტუალო შელოცვებით გაამდიდრა. ვინ იცის, იქნებ ამ პიესის თანამდევი უბედურებები სწორედ აქედან და ამის გამო დაიწყო?! ამასთანავე, შექსპირმა ამ პერსონაჟთა ტექსტში მისთვის ჩვეული გენიალობით ირონიის ნაპერწკლებიც გაურია, რაც საუკუნეთა მანძილზე მსახიობებს ორმაგი, ან მეტი დატვირთვით თამაშის საშუალებას აძლევდა. ალქაჯების ტექსტის მრავალშრიანი წყობის მონახაზი აწყობილია ერთგვარი მაგიური რეალიზმის პრინციპით, სადაც ზებუნებრივი ელემენტები, ერთი შეხედვით ბანალური თეატრალური ხერხებით უნდა ყოფილიყო გასახიერებული. უნდა ითქვას, რომ მსახიობთა ტრიომ ტიტე კომახიძის, ქეთევან ეგუტიძის და თეო შამილაძის შემადგენლობით მშვენივრად გაითავისა თამაშის შემოთავაზებული წესი და ლაღად შეუთავსა ერთმანეთს ირონია და შავი იუმორი, პაროდირებული და ჭეშმარიტი ტრაგიზმი, ზებუნებრივი, იდუმალი, მიწიერი და ყოფითი. შაპიტოს ჯამბაზების თუ კაბარეს წამყვანთა ექსტრავაგანტულ, ხატოვან კოსტუმებში გამოწყობილი სამეული თითქმის სულ სცენაზე დგას, ყველაფერს ამჩნევს, ყველაფერს ხედავს, სხვადასხვა პერსონაჟთა თამაშსაც კი მოხერხებულად ირგებს. ასევე ცვალებადი და მოუხელთებელია მათი განწყობა, იერსახე, გრძნობათა ბუნება, თამაშის სტილისტური თუ ინტონაციური რეგისტრი, პლასტიკა. მაგრამ ამ ყველაფერს არტისტები მოქმედებაში ჩაურევლობის პრინციპით, ვიტყოდი, ეგზისტენციალურად გაუცხოებული მანერით ასრულებენ, რადგან ოდიდგან იციან, რომ საბედისწეროდ დატრიალებულ ბოროტების ბორბალს ვერაფერი შეაჩერებს, მათ კი წინასწარმეტყველება და გაფრთხილება ევალებოდათ მხოლოდ.
ალქაჯების ხაზში ჯდება აგრეთვე სპექტაკლის შთამბეჭდავი ფინალი, რომელიც რეჟისორმა, თითქოს ზებუნებრივ ძალთა საამებლადვე მოიგონა. სხვათა შორის ფინალი ტექნიკურადაც საკმაოდ რთული გასამართი იქნებოდა. სცენის წრეზე დამონტაჟებული ფიცარნაგი ტროსებით ოდნავ ადის ჰაერში და ამ ზეაწეულ სივრცეში შედგება მელკოლმის (მსახ. მამუკა მანჯგალაძე) და შოტლანდიის ცოდვილი მეფის ორთაბრძოლა. ბოლო მონოლოგის სიტყვებზე „დაჰბერე ქარო! ჭექა–ქუხილით შესძარი ზეცა, მზის ნათელი წყვდიადმა შთანთქოს... ჩემთან ერთად დაიღუპოს მთელი სამყარო“, ფიცარნაგი უფრო მაღლა აიწევა, რათა მაყურებელს მხედველობის პერსპექტივა მისცეს, ამასთანავე შეტრიალდება სცენის წრე იმისთვის, რომ გაიხსნას მისი ნახევარი, მაყურებელმა სცენის ჯოჯოხეთში ჩაიხედოს და იქ გამართული ბრძოლა დაინახოს. ვფიქრობ, უსუსური აღწერა გამომივიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ქმედითი და ტექნიკურად ჭუჭყის გარეშე შესრულებული ფინალი გახლდათ და სარემონტო თეატრის მწირი ტექნიკური აღჭურვილობის მიუხედავად, ჯოჯოხეთი მაინც პროფესიულად განათებული ჩანდა. თუმცა იმ წამს მაინც წარმოვიდგინე, როგორ ააგიზგიზებდა რეჟისორი თავის ფინალს, თეატრს რომ თანამედროვე განათება ჰქონოდა. ფინალთან დაკავშირებით ერთი რამ კიდევ გვექნება ალბათ დასანანი. სამწუხარო იქნება თუ ტექნიკური სირთულეების გამო ამ სპექტაკლის სხვა თეატრში წაღება და თამაში არ მოხერხდება. თუმცა ვინ იცის, იქნებ...
და ბოლოს, პატარა პოსტ–სკრიპტუმი.
მგონი მოვახერხე და მთავარი გმირის სახელი არსად ვახსენე. ეს ხუმრობა ისევ შექსპირს დააბრალეთ, რომელიც ოთხნახევარი საუკუნეა გენიალური თხზულებების იდუმალებით გვნუსხავს და გვაჯადოვებს, თანაც ირონიულად თვალს გვიკრავს და არც საკუთარ ვინაობას გვიმხელს ბოლომდე. შექსპირს დააბრალეთ და რეჟისორ ანდრო ენუქიძის ჩანაფიქრს, რომელმაც ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანენელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, თითქმის მთელ დასთან ერთად, პირველი პრემიერა გამოუშვა და შექსპირული სულისკვეთებით დაცვით დადგა ის შოტლანდიური პიესა, და აქ სათაურსაც ვახსენებ –– „მაკბეტ“.
ირინა ღოღობერიძე