top of page

მამა-ბატონი?!.

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

საიქიო აღარ არსებობს

თამარ ქუთათელაძე

მამა-ბატონი?!.

 

XXI საუკუნის 20-იანი წლებიდან აშკარად გამოიკვეთა საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორების ჯგუფი. კონკურენცია მათ აიძულებთ შექმნან ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული აქტუალური სანახაობების წყება, მონიშნონ საკუთარი ნიშა, დამკვიდრდნენ დიდ რეჟისურაში. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან მაგრამ ჰგვანან კიდეც. აერთიანებთ დიდი სევდა და ტკივილი ჩვენს სიმულაციურ სამყაროში სრულიად დაუცველ ადამიანის ბედზე. ამ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებში უხვადაა კლასიკური ტექსტები. სწორედ მისი საშუალებით მართავენ ყველაზე მწვავე დიალოგს მაყურებელთან უსაზღვროდ მნიშვნელოვან თემებზე, სცენიდან  გვთავაზობენ ე.წ. საპროტესტო აქციებს მარად მოუგვარებელსა თუ უახლეს  მანკიერებებზე. ჩვენი საუკუნის დაღლილი, დეპრესიული, თითქმის აგრესიული, შესაბამისად გართობის, დასვენებისა და უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტვისთვის განწყობილი საზოგადოება, დაჟინებით მოითხოვს კომედიურ-სახალისო სანახაობებს. ახალგაზრდა რეჟისორები კი, თითქოსდა ჯიუტად სთავაზობენ წარმოდგენებს მიზეზთა მისაკვლევად ჩვენში გახშირებულ ძალადობებზე, სიღატაკისაგან გამხეცებულ ადამიანთა ყოფით ტრაგედიებზე და  უკვე მრავალგზის დადგმული, ზოგჯერ არცთუ სასურველი დრამატურგიის ულტრათანამედროვე სანახაობებითაც ახერხებენ მიიზიდონ მრავალრიცხოვანი აუდიტორია სხვადასხვა თეატრებში.

      

ამჯერად, გიორგი კაშიას ახალ დადგმას შევეხმიანები, რომელიც სტუდენტობის პირველი წარმოდგენიდანვე ძალზე სარისკო განაცხადით წარსდგა თეატრალური საზოგადოების წინაშე და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა. მისი სპექტაკლები თითქმის ალესილი დანის პირზე დაატარებს მსახიობებსაც და მასაც. ახალგაზრდა რეჟისორი მთელ რიგ ეპიზოდებში დროდადრო მაქსიმალურად ძაბავს მაყურებლის ყურადღებას, ქმნის განწყობას, რომ ცოტაც და, მარცხი გარდაუვალია, მაგრამ მოულოდნელად ოსტატურად ახერხებს თავი დააღწიოს განსაცდელს. რეჟისორს თავის სამივე სპექტაკლში სცენაზე შემოაქვს კუბო, - „ირინეს ბედნიერებაში“ არცთუ მინიშნებით, ხოლო „ბერნარდა ალბას სახლსა“ და „სამანიშვილის დედინაცვალში“, - ღიად, დემონსტრაციულად. მას მკაცრი განაჩენი გამოაქვს მშობელი-ტირანის, მამა თუ დედა-ბატონისთვის, რომელიც უკვე მოზრდილი შვილების პირისპირ მარტოსულად დარჩენილი, უხეშად აპროტესტებს თავისი ერთპიროვნული ძალაუფლების ნგრევას, ფუნქციადაკარგულ მდგომარეობას. განზრახვა და გაბრძოლება ახალ რეალობაში ნაძალადევად მოიპოვონ მიმქრალი „შარავანდედი“, გარდაუვალი ტრაგედიით მთავრდება.

            

გასული თეატრალური სეზონები გადავსებულ იქნა დავით კლდიაშვილის დრამატურგიის მრავალფეროვანი ინტერპრეტაციებით, მიმდინარე სეზონში კი ზუგდიდის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული  თეატრის კიდევ ერთი ახალი დადგმა, გიორგი კაშიას  „სამანიშვილის დედინაცვალი“ იხილა მაყურებელმა. ახალგაზრდა რეჟისორის ბიოგრაფიაში უკვე კლასიკის სამი სხვადასხვა ხარისხის, მაგრამ უდავოდ შთამბეჭდავი ინტერპრეტაციაა, მათ შორის ორი დავით კლდიაშვილის. გარკვეული ინფორმაციით ამზადებს დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი მოთხრობის მორიგ დადგმასაც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის მიმართ ყურადღებას. რეჟისორი გამოირჩევა დრამატურგიისა თუ ინსცენირების ტექსტისადმი თავისუფალი მიდგომით. ითვალისწინებს არსებულ პრიორიტეტებს, ტენდენციებს, მსახიობთა უნარებს, ამძაფრებს საკუთარ  კონცეფციას და არცთუ წარუმატებელ შედეგებსაც აღწევს. ცხადი ხდება, რომ მიელტვის შექმნას ქართული კლასიკის ორიგინალური ინტერპრეტირების ახალი, არატრადიციული ხედვა და ლექსიკა, ნებსით თუ უნებლიედ კი გარკვეულ მარათონშიც ჩაებას კლასიკის ადრეულ სახელოვან დადგმებთან.

      

ზუგდიდის თეატრში  დავით კლდიაშვილის სახელგანთქმული მოთხრობა გიორგი კაშიამ ალექსანდრე ქოქრაშვილის ინსცენირების მიხედვით განახორციელა, თუმცა, კვლავ  რეპეტიციებზე მიგნებული ტექსტისა და მოვლენების იმპროვიზირებით. სპექტაკლი ჩვენი საუკუნის ატრიბუტიკით, - მანქანით, მობილური ტელეფონებითა და ნარკოტიკების მომხმარებელ-მოხმარებით შეივსო, ხოლო  ორი დროის ტანდემი „ნეიტრალური“ პოზიციით განზავდა, რაც აისახა კოსტუმებით, თანამედროვე ტექსტებში დროდადრო გაჟღერებული იმერული კილოკავით.

          

შთამბეჭდავია გიორგი კაშიას სპექტაკლ „სამანიშვილის დედინაცვალის“ ორაზროვანი შინაარსით აღსავსე პირველივე  მიზანსცენა. დარბაზში შესული მაყურებელი უფარდო სცენაზე უმალ სცნობს ავანსცენაზე, მაყურებლის პირისპირ მდგარ მაგიდასთან ჩამომჯდარ პლატონ სამანიშვილს. მსახიობ გიორგი გუგუჩიას სცენური გმირი დიდხანს და გაუნძრევლად ზის მწარე ფიქრებში ჩაძირული, დარდიანი, დაღლილი, თითქმის ღონემიხდილი. მის ზურგს უკან, ჩაბნელებული სცენის სიღრმეში კი, მოჩანს ზურაბ ანთელავას - თეთრსამოსიანი, ჭაღარა თმაწვერის მქონე  მოხუცის წელგამართული, ჯიუტი და პირქუში ბეკინას პერსონა. სპექტაკლის დასაწყისი წააგავს ფინალის ფინალს. პლატონის წარმოსახვაში ხომ ლამის სიკვდილამდე არ გაქრება სინანულით, დარდითა და საყვედურით განგმირული მამის აჩრდილი, რომელმაც მისი ჯიშ-ჯილაგი გაწირა სიღატაკის, მარადიული კონფლიქტის, სირცხვილის, ტანჯვის, უპატიებელი ცოდვის, - მამისა და ძმის მკვლელობის თუნდ მცდელობისათვის.

         

გიორგი კაშიას სპექტაკლი იწყება მსახიობ გიორგი გუგუჩიას მიერ სულიერი ტკივილით წარმოთქმული მონოლოგით „სამოთხის გარდაცვალებაზე“. მას ენაცვლება პასაჟი საყოველთაო სიღატაკეზე, მშიერ კუჭზე. პარალელურად სცენას ევლინება შავსამოსიან პერსონაჟთა ჯგუფი, რომლებიც სამგლოვიარო რიტუალის მსგავსად გადაჭრიან სცენას და მარცხნივ უჩინარდებიან. კლდიაშვილის პოეტიკიდან ამოზრდილი სათეატრო ესთეტიკის ეფექტური პასაჟი და ჩართული მონოლოგი, მომდევნო სცენებში ფრაგმენტულად ვითარდება. მას გადაფარავს მოქეიფეთა მრავალსახოვანი იდილია. მიუხედავად ამისა, სპექტაკლი უდავოდ კლდიაშვილისეული „ცრემლიანი სიცილის“ მსოფლგანცდითაა გაჟღენთილი, ეფექტურია, ლამაზი, გემოვნებიანი. შერეული ჟანრის სანახაობა შეუმჩნევლად გადადის დრამიდან კომედიაში, სატირიდან ექსცენტრიკაში და ეროვნულ ტრაგედიას უახლოვდება. მოქმედება და მოვლენები დინამიკურად ვითარდება.  აქ მსახიობთა კოსტუმები  შავია, პერსონაჟთა განწყობის გამომსახველი. მთელი სპექტაკლის მანძილზე მხოლოდ ბეკინა გვევლინება თეთრ სამოსში გამოწყობილი და ფეხშიშველი. ეს ნეფე შიშველია. ეს ბეკინა, როგორსაც თამაშობს მსახიობი ზურაბ ანთელავა, თანაგრძნობის უნარს მოკლებული, ახირებული, ჭირვეული, ტრაბახა ბერიკაცია. არქაული ცნობიერებით გაჟღენთილი მოხუცი, ყავლგასული პატრონყმური ურთიერთობის ტყვეობაში ამყოფებს მისი ერთადერთი ვაჟის ოჯახს, არაფრად აგდებს მათ  გასაჭირსა და ვედრებას. არ იმსახურებს თანადგომას მისი უდროო და უადგილო ვნების უკანასკნელი „გაფართხალება“ (გიორგი მარგველაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის ა. კუბლაშვილის ახალგაზრდა, იმპოზანტური ბეკინასაგან განსხვავებით). შესაბამისად, თითქმის ლოგიკურად იკითხება სპექტაკლის მიწურულს პლატონთან მისი უნარშეზღუდული გმირის  დისკომფორტული ვედრებისას თავზარდამცემი  პასუხი - „ჩვენ შეგვიბრალა ვინმემ?“.          

      

უმეტესად სუსტად განათებული სცენაზე, დეკორაცია  შავ-თეთრია. მოქმედება სცენის სხვადასხვა ნაწილში მდგარ, თეთრ სუფრაგადაფარებულ  მაგიდების გარშემო ვითარდება, სადაც მხოლოდ ღვინით სავსე დოქები, მწვანე ხახვი და პური აწყვია. ხახვს, როგორც ერთადერთ ძირითად საკვებს, ხარბად ეტანებიან „მოქეიფენი“, ნერვიულად წიწკნიან სტუმრები. ამ მაგიდებზე ხან ქელეხის სუფრა იშლება, ხან  საქორწილო, ხან ოჯახური  (დეკორაციისა და კოსტუმების მხატვარი ანანო დოლიძე). მაგიდები ხან რესტორნის სივრცეს წარმოგვიდგენს, ხან მარად ნაბახუსევი, გაზულუქებული, ცოლის დაუმსახურებელ ტრფიალს ჩვეული, უპასუხისმგებლო კირილე მიმინოშვილის „საძინებელს“, ხან სხვადასხვა პერსონაჟის საცხოვრებელ სივრცეს და ხანაც ძველ, წყობიდან გამოსულ ნათხოვარ ავტომობილს. ეს მაგიდა-ავტომობილი, რომლითაც მამა-ბატონის მაჭანკლად გადაქცეული, ამ მამა-პატრიარქის ნების მონა-მორჩილი პლატონ სამანიშვილი, კარდაკარ დაწანწალებს, დროდადრო ჩერდება, შეკეთება სჭირდება, ძნელად იქოქება, თუმცა, სწორედ ამ „როსინანტით“ მაინც ხერხდება სანატრელი საპატარძლოს მოტაცება. სპექტაკლის მიწურულს სამანიშვილთა გრძელი მაგიდა კუბოდ გარდაისახება. მასში როგორც თვითგანაჩენის  აღმსრულებელი, თავადვე წვება სიბერეგამწარებული, მეტყველებისა და მოძრაობის უნარშეზღუდული ბეკინა და თოვლ-წვიმიან ავდარში, არცთუ დიდი დანანებით მიასვენებენ მის ბოლო გზაზე.     

        

სალომე ბუღაძის მელანო, ოჯახზე მზრუნველი,  ქმარსა და შვილებზე თავდადებული, საზრიანი, მიზანდასახული, მომხიბვლელი ქალის გამოკვეთილი სახეა. მსახიობი თავისუფლად ფლობს სცენურ სივრცეს, პლასტიკას, უჩვეულო ზემოქმედების მქონე კეთილხმოვან ხმას.  სალომე ბუღაძე (მელანო) და გოგი გუგუჩია (პლატონი), სპექტაკლის ეს უჩვეულოდ ჰარმონიული წყვილი, გააზრებულად, მშვიდად, მოზომილი გამომსახველი ხერხებით წარმოგვიდგენენ კლდიაშვილისეულ პროტაგონისტთა სახეებს. სპექტაკლის მსვლელობის კვალდაკვალ, სახიერად ხატავენ ზურაბ ანთელავას ბეკინას უმადურობითა და არსებული მდგომარეობის შეუფასებლობით შექმნილი მათი პერსონაჟების წყობიდან გამოსულ სახე-ნიღბებს, თითქმის გაავებულ ხასიათებს. წარმოდგენის ფინალში პლატონი  კვლავ იმეორებს  დიდი გულისტკივილით ადრე გაცხადებულ ფრაზას  - „სამოთხე აღარ არსებობს!“... ცხადია, რომ ის რეალობა, სადაც გაუსაძლისი ყოფის, ტოტალური უსამართლობისათვის გაიწირა ადამიანი, დედამიწაზე ადგილს არ ტოვებს უდანაშაულო არსებობისთვის. ამ მსოფლწესრიგის შეცვლა შეუძლებელია, ხოლო გადარჩენა, მასთან ადაპტირება, - ტყუილთან, თაღლითობასთან, ძალადობასთან და ა.შ. არის წილნაყარი.   სწორედ ამაზე წუხს სასოწარკვეთილი, მის სამარცხვინო ბედს შეგუებული, მხოლოდღა ბიოლოგიური არსებობისთვის გარჯილი, მსახიობ დავით ჩოგოვაძის მიერ უზადოდ შესრულებული, ახალი ეპოქის ყაიდაზე ევროპეიზირებული იმერელი არისტოც. მას ისღა დარჩენია ნარკოტიკითღა შეძლოს უსახურ სინამდვილეში წამიერი, ნამცეცი სიამოვნების მოპოვება; 

​     

ექსპრესიით, ექსცენტრიკითა და  სამსახიობო აზარტით გამოირჩევა ახალგაზრდა, სიღატაკისაგან დათრგუნული, ნახევრადშეშლილი ბრეგაძეების კარ-მიდამოში გათამაშებული ვრცელი ეპიზოდი. მსახიობი გიგა აბულაძე ამჯერადაც  კომედიანტის ოსტატობით ქმნის თავის მომხიბლავ ოპუსს. სპექტაკლის საწყის ეპიზოდში ის გაგვეცნო მოქეიფეთა მიერ აბუჩად აგდებული, შიმშილისაგან კუჭგამხმარი ახალგაზრდა კაცის სახით, რომელიც არაფრად აგდებდა თანამესუფრეთა ღონიერ წათაქებებს და ისედაც გვარიანად გამოტენილ პირში, ხარბად, თავგანწირვით იტენიდა სუფრის ერთადერთ „ნუგბარს“, - გრძელფოჩებიან ხახვს. დაუსრულებელი ორთაბრძოლით სახელგანთქმული ბრეგაძეების ეს ფეხმომტვრეული, ნაცემ-ნაგვემი   დათიკო, ამჯერადაც გმირთაგმირივით ებრძვის ძმას კარგად ნასუქი დედლის ხელში ჩასაგდებად.

           

სპექტაკლში შთამბეჭდავია მზევინარ ჩარგაზიას მიერ განსახიერებული, ქმრის კომფორტზე უსასრულოდ მზრუნველი, ექსცენტრიკული დარიკოს სახე. ძმისა და მამის პრობლემისადმი სრულიად გულგრილს, ხონში წასვლა, მკაცრი ყოფიდან თავდახსნის ერთადერთ ასპარეზად დაუსახავს. თუმცა, ისიც ხელიდან ეცლება მისი უსაქმური, უაზროდ მოქეიფე, აყალ-მაყალის დიდოსტატი თანამეწყვილის გამო. ანდრია შამუგიას მიერ განსახიერებული ჭირვეული კირილე მიმინოშვილის ცხოვრების წესს, მის უცნაურ ვოიაჟებს, თავგადასავლებსა თუ მასპინძელთა განწყობებს რელიეფურად ასახავს  თითქმის დაუპატიჟებლად წვეულ ქორწილში მის წინააღმდეგ გაჩაღებული მუშტი-კრივი. გიორგი ქობალიას - რესტორნის  მიმტანის დამსხვრეული პლასტიკური ნახაზით შესრულებულ საცეკვაო ჩანართები კი (მისივე ქორეოგრაფიით), მოვლენათა განვითრების ავისმომასწავებელ ნიშნად ასოცირდება.  

           

სპექტაკლში არტისტიზმის ფეიერვერკია მარინა დარსალიას მიერ დიდი ოსტატობით, უჩვეულო მაგნეტიზმით შექმნილი სცენური სახე. მისი ელენე სრულებით არ წააგავს დაჩაგრულ ქალს. ეს მოხერხებული, საზრიანი, ეშმაკურად მომღიმარ-მოალერსე, ენატკბილი და მოხდენილი ქალბატონი,  არაფრით ჩამოუვარდება მის „გაქნილ“ ძმისშვილს. უკეთესი პარტიის მოლოდინში მყოფსა და მისთვის თავგანწირული არისტოს მოიმედეს, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში აქვს საგულდაგულოდ გადანახული მოკრძალებული ბარგი-ბარხანა და მოუთმენლად ელის სანატრელ წამს. მსახიობის მიერ კეკლუცად, თვითირონიით გათამაშებული, ორნაქმარევი, უშვილო ელენეს ასაკისა და მდგომარეობის შესაფერისი,  თავაზიანი მცირე შეცხადების პარალელურად, მსახიობი უსწრაფესად იცვამს ამ ბედნიერი დღისთვის გამზადებულ სადარბაზო ლაბადას, ელეგანტურად გამოაგორებს თანამედროვე ბორბლებიან ჩანთას და ელვის სისწრაფით აედევნება ძმისშვილსა და მომავალ გერს.

         

„სამანიშვილის დედინაცვალის“ მსვლელობის დასაწყისიდან, მოქმედებაში ერთვება ოქროსფერკულულებიანი მოზარდი (ნოდიკო ბერულავა). ეს პატარა, მომხიბლავი  ბიჭი, ბედისწერასავით თავს დასტრიალებს სამანიშვილთა ოჯახს, სულ უფრო ხშირად იჭრება პლატონის  ხილვებში, ურღვევს სიმშვიდეს, აიძულებს ებრძოლოს ამ არასასურველ, დაუპატიჟებელ არსებას. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმოდგენის მიწურულისკენ ის უკვე ღიად გამოდის ასპარეზზე და თამამად შეუძახებს უფროს ძმას – „შენი შენია და ჩემი ჩემია. კარგად დეიმახსოვრე!“. ეს მკვირცხლი, საზრიანი, უკვე უსაზღვროდ პრაგმატული, მიზანდასახული ბავშვი, სცენაზე ქმნის საკუთარი ინტერესების მყარად დამცველი, დაუჩაგვრელი პიროვნების სახეს. სწორედ ასეთი შესაძლოა ყოფილიყო ბეკინასა და ელენეს - ძე, რომელიც მისთვის კუთვნილ გროშსაც კი არავის დაუთმობს.

      

მთელი წარმოდგენის მანძილზე გჯერა და თანაუგრძნობ  მსახიობ გოგი გუგუჩიას არაჩვეულებრივად, უზადოდ განსახიერებული პლატონის გულწრფელობას, სიმართლეს, შრომისმოყვარეობასა და  სიკეთეს. მან ხომ თავადვე გაუყო ქონება მეტოქე ძმას და მისი სიყვარულიც სამართლიანად დაიმსახურა. შთამბეჭდავი და ემოციურია ელენესა და ბეკინას პირმშოს ზურგიდან პლატონთან ჩახუტების მიზანსცენა. სპექტაკლი მთავრდება და, ანა კალანდაძის ლექსზე „საქართველოო ლამაზო“ დაწერილი თ. ნაცვლიშვილის მუსიკით მიაცილებს მაყურებელს დედაქალაქის სტუმრადმყოფი თეატრი. აშკარაა რომ ეს სევდიანი სანახაობა მიმართავს თანამედროვე აუდიტორიას, რომელსაც საზღვრებმორღვეულ სამყაროში „გაჭყეტითაც“ ვერ გაეღო გონის კარი. ისევ სადომაზოხისტური ვნებითა და თვითგვემით, ისევ შეჭირვებული ადამიანის შინაგან სამყაროსა თუ მის „ჯურღმულებში“ ქექვით, თავაუღებლად დაეძებს დუხჭირი ყოფისა თუ ტოტალური დეგრადაციის მიზეზთა მიზეზს. ის ისევ უფრთხის  მკაცრად დაარქვას ყველაფერს მისი სახელი, რაც სანატრელმა „ევროპამ“ ჯერ კიდევ შორეულ „800-იან წლებში“ აღასრულა, დაშორდა შეძველებულ ტრადიციებს და ახალ ღირებულებებს თამამად, თუმც არა უკრიტიკოდ შეეგება. ჩვენ კი ...  საკმაოდ მაღალპროფესიულად აწყობილი სპექტაკლი არ აღძრავს ერთგვაროვან მოსაზრებებს. პოსტდრამატული თეატრიც ხომ სწორედ ასეთ თავისუფლებას, მრავალაზროვნებას  მიელტვის!..

bottom of page