
მამაო პაპიროსს აბოლებს და მე ხომ მაგრად ვწერ?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ზუკა ნემსაძე
მამაო პაპიროსს აბოლებს და მე ხომ მაგრად ვწერ?!
ქართული თეატრი და მისი მსახიობების გარკვეული ნაწილი დიდი ხანია ერთი, მათთვის ამოუხსნელი პრობლემის წინაშე დადგნენ - შტამპი, ერთმანეთის დამსაგავსება და წლების წინ შესრულებული როლების აჩრდილებთან მყარი კონტაქტი. თუ რაიმე აგოიმებს ან აფუჭებს სანახაობას, მსახიობების ზედმეტად თვითდაჯერებულობა და ხელოვნურობაა, რომელსაც ბოლო პერიოდის სპექტაკლებში, სამწუხაროდ მრავლად ვხვდებით.
მაგრამ, ახალგაზრდა მსახიობები, სწორედ რომ ქართული თეატრში ახალი სიცოცხლის შემოტანას ლამობენ და „ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრი აღარ არსებობს“ სტერეოტიპს საკუთარი ხალასი ნიჭითა და სუფთა სამსახიობო ოსტატობით უპირისპირდებიან. ალბათ ამ გამოცოცხლებაში, ახალგაზრდა რეჟისორებსაც მიუძღვით როლი. ვინაიდან, მსახიობების დაშტამპვისა და ვერ განვითარების ერთ-ერთ მთავარი მამოძრავებელი ძალა, სწორედაც ხომ რეჟისორია.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აფიშაზე, „მანდრაგორა“ ერთ მოქმედებად, გამოჩნდა, რომელიც დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის III კურსის სტუდენტის, ტარიელ კუბლაშვილის საკურსო ნაშრომია. რეჟისორის ასისტენტი თაკო ლეკიშვილი, მხატვარი ნუცა კერესელიძე, ქორეოგრაფი ნანა ბიბილაშვილი ხოლო ტექნიკური რეჟისორი ირინა მეტონიძე გახლავთ. როგორც პროგრამაში ვკითხულობთ, ჯგუფის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ანდრო ენუქიძეა.
სტუდენტმა რეჟისორმა, შეძლო, რომ ტექსტის ზედაპირულ შრეზე დაყოვნების გარეშე, მაკიაველის დრამატურგიაში ჩადებული პოლიტიკური და სოციო-კულტურული კოდები საგრძნობი და ხილული გაეხადა მაყურებლისთვის. მისი თავისუფალი, მაგრამ ინტელექტუალური ენით გაჟღენთილი რეჟისურა ქმნის სივრცეს, სადაც სცენა მედიუმად იქცევა დისკურსისთვის და არა მხოლოდ შთაბეჭდილებისთვის. რეჟისორული ხედვა, წარმოდგენის ფორმა, არ არის მოდას აყოლილი, მისი თაობის სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით.
აშკარაა, რომ რეჟისორი არ ცდილობს, მაყურებლის მხოლოდ მისთვის „მოსაწონი“ სანახაობა შესთავაზოს, იგი არღვევს სტრუქტურებს და შლის ჟანრობრივ საზღვრებს. სცენაზე სხვადასხვა მეთოდით აცოცხლებს მოქმედებებს. იგი აშკარად გრძნობს, რომ ადამიანის ყოფიერება არ არის ლიტერატურული სიმბოლოების კონსტრუქცია, არამედ ეს არის პულსირებადი, ცვალებადი და პოლიტიკურად დამუხტული მატერია. სწორედ ამიტომ, „მანდრაგორაში“ პოლიტიკა არა დეკორატიული თემაა, არამედ თანმდევი განზომილება. საინტერესოდ, პოლიტიკურადაც „იკბინება“ რეჟისორი შიგადაშიგ და კბენს ყველას ვისთვისაც „კბენა“ შეუძლია. რეჟისორმა, შექმნა სანახაობა, სადაც მაყურებელი უნდა დაფიქრდეს და არა მხოლოდ მოიხიბლოს.
აქვე, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სცენაზე შევხვდებით იმ სახელებსა და გვარებს, რომლებიც აგერ უკვე მეოთხე თვეა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური საპროტესტო პროცესების ავანგარდში არიან. ზოგიერთი მათგანი თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში „ლეიბებზე“ კი იწვა. მაყურებელთა რიგებში მათივე თანამოაზრეებიც შეინიშნებოდა, რომლებიც აშკარაა, რომ სცენაზე მდგომთ თანამედროვე კალკით რომ ვთქვათ „ასაფორთებენ“.
ამბავი ტყუილზე, ბედისწერაზე, ადამიანობაზე, სარწმუნოებაზე, ცბიერებაზე და სიყალბეზე. ამბავი რომლის მთავარი ფუნქციაა, რომ დაგაფიქროს, გიბიძგოს მაინც რომ გაიაზრო როგორ ჭაობია ირგვლივ, ჭაობში სადაც ძლიერს შეუძლია სუსტის დახრჩობა. გონიერს სულელის გაცურება, განათლებულს ბრიყვის დაგოიმება. აშკარაა, რომ სცენაზე მდგომნი გადასარევად იაზრებდნენ პიესის მთავარ შტრიხებს და რეჟისორის იმ მნიშვნელოვან დავალებებს, რამაც მაყურებელში არა ერთ გზის ბზინვარება გამოიწვია.
დაჩი ცაავა, ცბიერი, ჭკვიანი, გონიერი, სიმპათიური, სექსუალურად „გარყვნილი“ (ეს უკანასკნელი ჩემთვის არ არსებობს) კალიმაქოს მხატვრულ სახეს ქმნის. აშკარაა, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიჭიერია. შიგდაშიგ ხელოვნურობას იჩენს, თუმცა სპექტაკლის ძირითად ნაწილში მასში არცერთი წამით არაა სიყალბე, პირიქით თავისუფალი ბიჭია, რომელსაც საკუთარი მიზნების მისაღწევად არაფრის „უტყდება“.
ლაშა მორჩილაძის მესერე ნიჩა, საინტერესო, ვითომ ჭკვიანი, განათლებული ტიპია, რომელსაც დაჩი ცაავას კალიმაქო საბედისწეროდ გააცრუებს. ვინაიდან მას, ნანა ბიბილაშვილის ლუკრეციასთან „სარეცლის გაყოფის“ (ეს სიტყვა ძალიან. მიყვარს) ჟინი კლავს. ლაშა მორჩილაძის მესერე ნიჩა მიუხედავად იმისა, რომ ხვდება რომ ატყუებენ, ხვდება რომ აცურებენ მაინც თანახმაა ავანტურაში მონაწილეობის მიღებაზე, ამ ტყუილში ისე მიიღოს მონაწილეობა რომ არც კი შეიმჩნიოს რომ ყველაფერს ხვდება. მისი ოცნების ასასრულებლად ეს ყველაზე მარტივი გზაა, ვაჟი უნდა, ვაჟი რომელიც წლებია არ ჰყავს, რომ თავისი ქონება „მემკვიდრეს“ უსახსოვროს. ამ ნაწილში გადასარევად ჩანს ქართული ფსიქოლოგია, რეალურად ლაშა მორჩილაძის მესერა ნიჩა არც თუ ისე მდიდარია თუმცა მდიდარის იმიჯი აქვს და ქართული მენტალიტეტი იმაშიც ვლინდება, რომ მემკვიდრე სურს. უშვილოდ ცხოვრების გაგრძელება, „ძირის“ დატოვების გარეშე საქართველოში ცხოვრება ხომ ტრაგედიაა.
ანა თოგოშვილის სოტრატა, მართლაც რომ შთამბეჭდავი, აღვირახსნილი, სექსუალურად დაუოკებელი, ნიკა გუგუნავას ტიმოთეოს თუ დავესესხებით „ყველას გადავლილი“ ქალია. ანა თოგოშვილი, აშკარაა, რომ სამსახიობო ოსტატობას კარგად ფლობს, იაზრებს მისი პერსონაჟის რეალურ სახეს და სცენაზე ნამდვილ სოტრატას წარმოგვიდგენს, რომლისთვისაც შვილიშვილი მნიშვნელოვანია. თუმცაღა ეჭვი მაქვს, რომ მისთვის ერთი კარგი ვნებიანი ქარიშხლით დატვირთული ღამე ყველაფერზე და ყველაზე მნიშვნელოვანია.
რაჟდენ ლაღიძის ლიგურიო, მართლაც რომ საინტერესო, ფულის მოყვარული, გაიძვერა, ცოტა მატყუარაც თუმცა მართლა კაი ტიპია, რომელსაც ყველანაირი სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვა შეუძლია. რუხი კარდინალია, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მრავალი საინტერესო პროცესი მართოს, თან ფული გააკეთოს და თან „კლიენტებიც“ უკმაყოფილო არ დატოვოს. სპექტაკლის ბოლოსაც ხომ ყველა კმაყოფილია, ეს კი რაჟდენ ლაღიძის ლიგურიოს დამსახურებაა.
თამარ ქადაგიძე, ქალი მრევლიდან კაპასი მორწმუნეს მხატვრულ სახეს ქმნის, აი ისეთი მორწმუნეები, რომ არიან ტაძარში "მამაოებსაც" რომ აშინებენ და მათი შიშით "მამაოები" ზედმეტადაც რომ ვერც იღიმიან და ვერც საუბრობენ. თუმცა ამ სიკაპასის უკან გონიერი ასინეთაა, რომელიც ყველგანაა, ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხვდება. ქადაგიძეს საინტერესო ემოციური ქალის სახეს ქმნის, რომელიც წელში მოხრილია, ზოგჯერ ტაძრის მესანთლესაც შეიძლება მიამსგავსო, წელზე ჩამოკიდებული ჯვრითა და მოხრილობით, ზოგჯერ კი ბებერ ჯადოქარს, რომელიც სხვებს ჭკუას არიგებს, ცოდვილებს ეძახის და ამ დროს ყველაზე ცოდვილი წარსულის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს. ბოლოს და ბოლოს იგი ხომ ქმარს სცემდა, ქმარი კი მას.
სირო, სანდრო ფოლადაშვილი მოახლის, საინტერესო ირონიულ, ემოციურ, იუმორით დატვირთულ, შთამბეჭდავ სახეს ქმნის. ფოლადაშვილი თავადაც კაიფობს, სიროს პერსონაჟით და მაყურებელსაც „დასტოინად“ აკაიფებს. ფოლადაშვილის სირო, მართლაც რომ შიგადაშიგ დაცენტრილი თუმცა უნდა ითქვას, რომ სცენაზე მდგომი "ბაბლის" ყველაზე გემოვნებიანი, ჭკვიანი, გონიერი და რეალისტური წარმომადგენელია. რომელიც ყველას და ყველაფერს დასცინის.
გემრიელი ლუკმის ბოლოს შემონახვაც ხომ ქართული ტრადიციაა, მე კიდევ მომხრე ვარ, რომ განსაკუთრებული კერძი თავიდანვე ჭამო და მერე ჭამას შეეშვა, მაგრამ როცა მართლაც ბევრი გამორჩეული კერძია ასე ვერ იქცევი. ამიტომაც, მოვყვეთ მამაოზე, ნიკა გუგუნავას ფრა ტიმოთეოზე, ვრცლად.
ნიკა გუგუნავას, ფრა ტიმოთეო ნამდვილად არ განსხვავდება თანამედროვე, „მორწმუნე, მკაცრი, რელიგიური, ღვთისმოსავი“ სასულიერო პირებისგან. მეტიც იგი ხშირად იმაზე მეტს უყვება მაყურებელს, ეკლესიას ამოფარებული ფულის მოყვარული, სასულიერო პირების შესახებ თავისი თამაშით რომ მაყურებელი „უკულტურო“ სიცილისგან თავს ვერც იკავებს. არადა ამ სატირას უკან მხილებაა, მხილება რომელმაც უნდა დაგვაფიქროს და გაგვაბრაზოს, თუ რაიმე არ შეეფერება მოცემულ მომენტს სიცილია, მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ თავადაც ბევრი ვიცინე, ნიკა გუგუნავას მამაოს მიერ შემოთავაზებულ „საზიზღრობებზე“...
„ჩვენი საქმე არაა, იგი მამაო და ნუ განვსჯით, ჩვენზე უკეთ იცით“ - უჰ ახლა ამას რამდენი ქართველი იტყოდა, იმედია შემოქმედებით ჯგუფს, ანათემას არ გადასცემენ და აღარ ვჩივი. გუგუნავამ მართლაც რომ გამოავლინა სამსახიობო ოსტატობა, მან სცენაზე არა ერთ გზის შეიცვალა ხმა, ქცევა, ზოგჯერ ძველი ბიჭი, ზოგჯერ გეი, ზოგჯერ კიდე ღვთისმოშიში მამაოც წარმოგვიდგინა, რომელიც ზეცაში „პირდაპირ კავშირზე“ იყო. ხომ, მართლა მაყურებელმა სხვადასხვა დროსა და მომენტში, არ ერთ გზის შეამკო ნიკა გუგუნავა აპლოდისმენტებით.
არ უნდა გამომრჩეს ქორო, ნინუცა ცაგარეიშვილის, ელენე ჭავჭავაძის, ნინი მაჭავარიანის, გიო სირბილაძის, დაჩი მუჯირიშვილის მონაწილეობით. ჩამოთვლილმა ყველა სტუდენტმა, არა ერთ გზის გაამრავალფეროვნეს ქორეოგრაფიითა და მუსიკალური ნომრებით სანახაობა. თანაც ისე რომ არც ერთხელ არ ამოვარდნილან რითმიდან, რიტმიდან, სტილიდან და რაც მთავარია საერთო კონსტრუქციიდან. მათი ნებისმიერი სასცენო მოძრაობა, მიმიკა, ცეკვა თუ სიმღერა სპექტაკლთან ადეკვატურად იყო ბმაში.
უნდა ითქვას, რომ სტუდენტმა მსახიობებმა, სტუდენტი რეჟისორის მიერ შეთავაზებულ გამოწვევას ფეხი საინტერესოდ აუწყვეს, მეტიც საერთოდაც არ მქონდა წარმოდგენა, რომ სტუდენტებს ვუცქერდი. მეგონა, რომ სცენაზე წლების გამოცდილების მქონე მსახიობებს ვუყურებდი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო მუხტის ავანგარდში რჩებიან, არც ისე შეფარვით არა ერთხელ დასცინეს, არსებულ ხელისუფლებას და ისედაც განხილვის თემად გამხდარ პრეზიდენტის უდიპლომობას.
შესავალში წარმოდგენილი ორ აბზაცის შინაარსობრივი დასარულს კი ახლა შემოგთავაზებთ. აშკარაა, რომ თეატრალურ სამყაროში მომავალი ახალი მსახიობები საინტერესო სიტყვას იტყვიან, თუ რა თქმა უნდა ისინიც არ დაშტამპეს რეჟისორებმა, მაყურებელმა და „თავში ავარდნილობამ“. მათი უნარი, ნიჭი, თავისუფლებისკენ ლტოლვის სურვილი ისე მკაფიოდ ისმის სცენიდან, რომ ვერანაირი ჩექმა ვერ დაადუმებს.
და ბოლოს, ნიკა გუგუნავას მამაოს გაბოლებული თამბაქოს და დაჩი ცაავას კალიმაქოს კითხვას „ხომ მაგრად ვითამაშე“? ჩემი სტატიის, დასასრულად გადავაქცევ - სხვებისგან არა ერთ გზის დაწუნებული ბიჭი გეკითხებით: მამაო პაპიროსს აბოლებს და მე, ხომ მართლა, ძალიან კარგად ვწერ?