
მარად იული თეატრის ამარკორდი:
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

12.06.2026
გუბაზ მეგრელიძე
მარადიული თეატრის ამარკორდი:
რეზო კლდიაშვილის „იადონას თეატრი“ მსახიობის სახლის სცენაზე
რეზო კლდიაშვილი ქართული დრამატურგიის აღიარებული ოსტატი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. მან ერთმანეთს შეუთავსა ზუსტი მეცნიერება და თეატრალური ხელოვნება. მისი კალმით შეიქმნა ქართული რეალობისთვის, იმერული კოლორიტითა და ფსიქოლოგიური განცდით გაჯერებული ისეთი პიესები, როგორებიცაა: „საპოვნელა“, „შორაპნელი ქალბატონები“, „იმერული რეკვიემი’’, მონოპიესა „მარტოობის ბინადარი’’ და, რა თქმა უნდა, „იადონას თეატრი“. დრამატურგის შემოქმედებას ახასიათებს ნატიფი იმერული იუმორი და ყოფითი დეტალების თეატრალიზაცია. ეს ნაწარმოებები ათწლეულებია უცვლელად ამშვენებს საქართველოს წამყვან სცენებს, რადგან მწერლის ქმნილებები ყოველთვის პოულობს ზღვარს სიცილსა და სულისშემძვრელ, სათუთ სევდას შორის.
რეზო კლდიაშვილის „იადონას თეატრი“ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ ნოსტალგიურ და კათარზისულ მნიშვნელობას იძენს. დრამატურგმა პიესა გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში — ქვეყნისთვის უმძიმეს, „ბნელ და ცივ“ პერიოდში დაწერა, როგორც ერთგვარი თავშესაფარი ხელოვნებისთვის. მისი შემოქმედება ყოველთვის გამოირჩევა სევდიანი იუმორითა და იმ უბრალო, „პატარა ადამიანების“ განდიდებით, რომელთაც ხელოვნება საკუთარ თავზე მეტად უყვართ.
პიესის სცენური ისტორია 1997 წლის 11 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. რეჟისორმა გოგი თოდაძემ და კომპოზიტორმა ბიძინა კვერნაძემ შექმნეს სახალისო დადგმა, სადაც იადონასა და ვანიჩკას როლებს ქართული სცენის ვარსკვლავები — სოფიკო ჭიაურელი და გივი ბერიკაშვილი ასრულებდნენ. მას შემდეგ პიესამ წარმატებით მოიარა საქართველოს სახელმწიფო თეატრები (ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, ფოთი, თბილისის გრიბოედოვის თეატრი) და ყოველი ახალი ვერსია ამ უნივერსალური ამბის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობდა.
დღეს, როცა თანამედროვე თეატრი ხშირად გადატვირთულია რთული რეჟისორული მეტაფორებითა და ფილოსოფიური თავსატეხებით (რაც მაყურებლისგან მუდმივ გონებრივ დაძაბულობას მოითხოვს), თეატრალურ საზოგადოებასთან მოქმედი თეატრის, „ივერიონის“ სცენაზე წარმოდგენილი „იადონას თეატრი“, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, სადა გამომსახველობითი საშუალებებით ნამდვილი გრძნობების გაცოცხლებისა და სევდანარევი იუმორის დაბრუნებად იქცა.
სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია, მუსიკა თუ ქორეოგრაფია თეატრის დამფუძნებლის, მაია ივერიელის ხედვის შედეგია. სცენოგრაფია ლაკონიური და ფუნქციურია: ორივე კუთხეში ყვავილებით მოხატული თეჯირები დგას (მსახიობებს სწრაფი გარდასახვისთვის რომ სჭირდებათ), ხოლო მარცხნივ, სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან მჯდომი დედის ფიტული — წარსულის მუნჯი მოწმეა. დადგმა მსახიობთა რეალისტური მანერით მაყურებლის გულღია რეაქციას — გულწრფელ სიცილსა და სათუთ სევდას იწვევს.
დადგმის მუსიკალური გაფორმება და ქორეოგრაფია დრამატურგიული კულმინაციების მამოძრავებელი იარაღია. მაგალითად, ჯერ ორ გმირს შორის გრძნობის გაჩენის სცენა, რომელიც ტანგოს ელემენტებით აღინიშნა, მერე საოჯახო ეჭვიანობის ხაზის შემოტანა და „პარიკმახერ“ ლუდასა და ვანიჩკას ცეკვა კორიდას ელემენტებით... ამ პლასტიკურ ორთაბრძოლაში ყოფითი ეჭვიანობა ექსპრესიაში გადადის.
სპექტაკლის პირველი ნახევარი კლასიკური, დინამიკური ფარსის ტემპორიტმით ვითარდება. სპექტაკლი ხანდაზმული იადონას მონოლოგით იწყება სმენადაქვეითებულ, ძალიან ასაკოვან დედასთან. ირონიული ქვეტექსტით „ცოცხლდება“ დედის უსულო რეკვიზიტი — ფიტული, რაც წარსულის ნოსტალგიაზე მეტყველებს. ტრადიციული იმერული ოჯახური ,,ისტერიკის“ სცენაში, როცა იადონა უარს აცხადებს სხვაზე გათხოვდეს, მსახიობი ხელებში შეუდგება ამ ფიტულს, მთელ სცენაზე დარბის და უკანასკნელ ხმაზე გაჰყვირის: „არ მოხდება! არ იქნება!“. ეს დინამიკური რბოლა ფიტულის თეჯირს მიღმა გაყვანით სრულდება, რითაც სიმბოლურად იხურება იადონას ცხოვრების ერთი ეტაპი.
შეყვარებული ახალგაზრდებისთვის ხსნა ქუთაისის რკინიგზის მუშაკთა კლუბის მოყვარულთა თეატრშია, სადაც უბრალო ფორმატის ფურცლებზე ფლომასტერით დაწერილი, ხელნაკეთი აფიშები აუწყებენ პრემიერებს. აქ იწყება ნამდვილი „თეატრი თეატრში“ — ილუზიის გამარჯვება მწარე რეალობაზე. კოსტიუმირებულ სცენებში პერსონაჟები კლასიკურ ტექსტებს საკუთარ ბიოგრაფიად აქცევენ. „რომეო და ჯულიეტაში“ მონტეგებისა და კაპულეტების მტრობა მათივე რეალური ოჯახების წინააღმდეგობის ანარეკლია. „ოტელოს“ სცენა კი საერთოდ გროტესკულ შარჟად იქცევა: ვანიჩკა ხან ეჭვიან მავრად გარდაიქმნება (სახეზე ჩამოცმული შავი ბადით) და ხან რეალურ ვანიჩკად, ხოლო იადონა-დეზდემონა, მოქცეული პარიკით, თავგამოდებით ებრძვის მას. რეპერტუარში ჩნდება ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ და ალექსანდრ დიუმას (შვილის) „მარგარიტა გოტიეც“. ყოველი ახალი კოსტიუმი მათი სიყვარულის ახალი განზომილებაა. ამ სცენებს მსახიობები გმირთა ახალგაზრდული გატაცებითა და იუმორნარევი ირონიით წარმოსახავენ.
სპექტაკლის საერთო განწყობისა და ტონის მიმცემი მსახიობი მედეა ახალაძის იადონაა. ის საოცრად იხარჯება სცენაზე და გარდასახვის საინტერესო უნარებს ავლენს. მსახიობი დამაჯერებლად აჩვენებს პერსონაჟის სხვადასხვა ასაკს — გარეგნობასთან ერთად ოსტატურად ცვლის ხმის ტემბრსა და პლასტიკას. საოცარია, რომ იადონას მეტოქის — საპარიკმახეროში მომუშავე დიდმკერდიანი, ცქრიალა რუსი ლუდას როლსაც თავადვე, დამაჯერებლობითა და ირონიით ასრულებს! ცალკე აღნიშვნის ღირსია მეგობრის ქმრის დატირების სცენა — პროვინციული იმერული ყოფის სახალისო შარჟი. სამძიმარზე შესვლის წინ ფეხზე მაღალქუსლიანი წითელი პლატფორმების ჩაცმვა, კარაკულის ქურქზე მელიის კუდის მორგება და ვანიჩკაზე დაყრდნობით ნაძალადევი „პახოდკა“ ნამდვილ სათეატრო ნომრად იქცევა.
მედეა ახალაძის სამსახიობო ენერგია კარგად წარმართავს პარტნიორის, მინდია ქიტიაშვილის ვანიჩკას მოქმედებებს და სცენაზე მშვენიერი დუეტი იკვრება. მინდია ქიტიაშვილის პერსონაჟი საოცარ სითბოსა და რაინდულ ერთგულებას ატარებს, განსაკუთრებით უშვილობის მძიმე განაჩენის ფონზე. მისი პანტომიმური სოლო-ნომერი ლუდასთან პაემნის წინ — კოსტიუმების არტისტული მორგება, წუნდება, დარბაზის წინ კეკლუცობა, წითელი ვარდი და ბოთლი ღვინო — ნამდვილ სათეატრო ატრაქციონად იქცევა. მათი „ჩავლებისა და გამოჭერის“ სცენა (წინ ვანიჩკა, უკან იადონა) ზუსტად აცოცხლებს ტრადიციულ ქართულ ყოფით მენტალობას: „კაცია, გეივლის, აბა რას იზამსო...“ თუმცა თეატრი მათ კვლავ აკავშირებს: „დიდხანს არ მიდარდიაო, ისევ თეატრმა შეგვარიგაო“, — ამბობს იადონა. მინდია ქიტიაშვილი იუმორით სახიერად ახერხებს ერთგული მეუღლიდან „მოღალატე“ ქმრად გარდასახვას, სადაც ცდუნება ირონიით წარმოისახება და გრძნობათა მორევს ერწყმის. ვანიჩკას ეს „გაგულავება“ მოუდრეკელი ხდება დიდმკერდიანი ლუდას დანახვაზე და ოჯახურ ტრადიციებს დროებით ანგარიშს აღარ უწევს.
სპექტაკლის დრამატურგიული გარდატეხა თბილისის გასტროლებს უკავშირდება. შემოქმედებითი ენთუზიაზმითა და წარმატების მოლოდინით აღსავსე წყვილი დედაქალაქში მიემგზავრება. დიდ სცენაზე გასულებს იმედი უჩნდებათ — იქნებ ვინმემ შეამჩნიოს მათი ტალანტი და დედაქალაქში დამკვიდრდნენ? თუმცა... მსგავსი არაფერი ხდება. მათი ილუზიები იმსხვრევა და უკან დაბრუნებულები მალევე ცხოვრებისეულ რუტინაში, ჩვეული ენთუზიაზმით ებმებიან.
დრო გადის, იადონა უკვე წამლებს ასმევს დაბერებულ ქმარს და იხსენებს იმ ავბედით დღეს, როცა ვანიჩკა სცენაზე ისე ცუდად გახდა, რომ კინაღამ ხელში ჩააკვდა. ამ დროს ორივენი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაც მათ განწყობაზეც აისახება. მათთვის თეატრი იხურება, მაგრამ სცენა ცხოვრებაში გრძელდება. ვანიჩკა ფეხსაცმლის სარემონტო სახელოსნოს ხსნის, თუმცა მოედნის რეკონსტრუქციის გამო მის ჯიხურს საფრთხე ემუქრება. მედეა ახალაძის იადონა სასოწარკვეთის პიკშიც ინარჩუნებს ბრძოლისუნარიანობას — თავიდან თეთრ ხილაბანდს იგლეჯს და ფუნქციონერების წინაშე აფრიალებს. ეს თავსაფრის ფრიალი ქმრის სიკვდილისწინა დანაბარებია: „თუ გაგიჭირდეს, ააფრიალეო“... ეს არის უმწეო, მაგრამ ამაყი ადამიანების უკანასკნელი ბრძოლის დროშა.
ცხოვრებისეული დრამა თავის დაუნდობელ განაჩენს წერს — ვანიჩკა კვდება. სპექტაკლის ფინალი დარბაზს საბოლოოდ სწყვეტს ყოფით რეალობას. მათი თეატრი არ დასრულებულა, ის უბრალოდ სხვა, მარადიულ სივრცეში გადაინაცვლებს, სადაც ცხოვრებისეული პრობლემები და სიკვდილი ვეღარასდროს დააშორებს ორ მოსიყვარულე ადამიანს.
დადგმის უმთავრესი ემოციური აკორდი კი თავად ფინალური მიზანსცენაა: სცენაზე სრულიად მარტო დარჩენილი იადონა პირისპირ დგება მაყურებელთან და უშუალოდ, მთელი გულით სთხოვს დარბაზს — იარონ თეატრში და უყვარდეთ თეატრი. ამ მომენტში იშლება ყოველგვარი საზღვარი თამაშსა და რეალობას შორის. ეს თხოვნა აღარ არის მხოლოდ პერსონაჟის მონოლოგი, ეს არის თავად ხელოვანის ვედრება, რომელიც მაყურებელს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგაც დიდხანს მიჰყვება, ათბობს სულს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული და თეატრი სიკვდილზე ძლიერია, სადაც საბოლოოდ მაინც ადამიანური გრძნობები იმარჯვებენ...