top of page

მარგინალიები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

249817580_846204266071835_6991474617138309554_n.jpg

დავით ანდრიაძე

 

მარგინალიები

 

მსახიობობა პროფესია კი არა, დიაგნოზიაო, – არის ასეთი მოსაზრება. და არის ამაში გარკვეული რეზონიც.

დიაგნოზი თავის თავში უკვე შეიცავს დაავადების შედეგს. ანუ, მსახიობობა ერთგვარი დაავადებაა.

რთული დაავადებაც.

ნიცშეს მიაჩნდა, რომ მსახიობი შეუფასებლობისგან კვდება.

ანუ, დიაგნოზი მძიმეა!

საბოლოო!!!

ფატალური.

მათ კარგი ექიმი (შემფასებელი, დამფასებელი, თუნდაც მწარედ გამკრიტიკებელი) სჭირდებათ აუცილებლად, რომ შედეგი არ დადგეს!

 არადა, ახლა, ამ პანდემიის ეპოქაში, კარს მიღმა ჩაკეტილი მსახიობებისთვის დადგა დღე, რომლისაც სიზმარშიც კი ეშინოდათ.

 უსცენოდ.

 უმაყურებლოდ.

უაპლოდისმენტოდ.

უმტვეროდ.

სულაც არ შველის მსახიობის ფილტვებს სუფთა ჰაერი.

და რად უნდა მსახიობს სუფთა ფილტვები?

რაც უფრო „მძიმეა“ მტვრით მათი ორგანიზმი, მით უფრო ცოცხლობენ.

ამფიბიები არიან.

ამფიბიები მტვრისა (და არა წყლისა).

ჩვენი მსახიობები „კვდებიან“!

მათ ახლა ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ვჭირდებით გადარჩენისთვის!

სამოთხეში დაბრუნებისთვის!

რობერტ ფროსტისა არ იყოს, „ნახევრად ცარიელი დარბაზი უკვე ჯოჯოხეთია!“

ჩვენი მსახიობები საერთოდ უდარბაზოდ, უსცენოდ, სუფთა, უმტვრო ფილტვებით ზეჯოჯოხეთში არიან დარჩენილები.

ჩარჩენილები.

განწირულები.

ჰოდა, სანამ დროა, სანამ ჯერ კიდევ საბოლოო დიაგნოზი არ დასმულა და სანამ მათი ფილტვები მტვრისაგან სულაც არ „აღგვილან“, უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ისევ დავუბრუნოთ სმენა, ხმა, ჟესტიკულაცია, ცრემლი, ღიმილი და შეფასება. ჩვენი შეფასება. თორემ მსახიობის სიკვდილი ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. დიაგნოზიც უფრო მძიმე დადგება. მათთან ერთად მაყურებლებიც დავკარგავთ სამოთხეს და ჩვენს ადგილს პარტერში ან ლოჟაში – სამოთხის იერარქიის მიხედვით.

იყო ასეთი დღე ჩემს შორეულ ბავშვობაში. ალბათ, 9-10 წლისა ვიქნებოდი. ბაბუაჩემს, რომელსაც სიკვდილამდე დარჩა ბერიას შიში, რადიო, როგორც ყოველთვის, ჩართული ჰქონდა. მე ჩემთვის ვერთობოდი და ვფიქრობდი, კიდევ რომელი ყდაგაყვითლებული ჟურნალიდან ამომეჭრა ბერიას ფოტო და გამეხეთქა გული ასაკისგან ისედაც ფერდაკარგული მოხუცისთვის. თაროზე გამომეჭიმა ბაბუაჩემის „პენსნესიანი“ შიშის კიდევ ერთი ვერსია. და სწორედ იმ დროს, „საბჭოთა ხელოვნებიდან“ ბერიას პორტრეტს რომ „ვიპარავდი“ დაბლაგვებული მაკრატლით, რადიოდან ნიკო ლორთქიფანიძის რადიოპიესა – „შელოცვა რადიოთი“ დაიწყო. მერე ვიღას ახსოვდა ბერია და მამაძაღლობა.

ორი საათი ვიჯექი მონუსხული.

შეშფოთებული.

გონებაარეული.

ცრემლიანიც.

მეპატიებოდა 9 წლის ბიჭს ასეთი ემოცია... რადიოდან „ვყლაპავდი“ ბედკრული ელლასა და მტვერის სცენს ერთად. იმ დღიდან ამეკვიატა რადიოს სიყვარულიც, ნიკოს სიყვარულიც, ელლას სიყვარულიც, რადიოსპექტაკლების სიყვარულიც.

იმ დღიდან თეატრიც გველებთან მროკავ სიცოცხლისა და სიკვდილის ბრძოლად იქცა ჩემთვის.

პანდემიამ ისევ გამახსენა ბაბუაჩემიც, ბერიაც, ელლაც, ნიკოცა და საბოლოო დიაგნოზის მომლოდინე ყველა ჩვენი მსახიობიც.

იქნებ, სწორედ რადიოშია ახლა ხსნა?

 განა, სერგო ზაქარიაძემ, უცერემონიოდ რომ დაატოვებინეს მარჯანიშვილის თეატრის სცენის მტვერი, რადიოთი არ გადაირჩინა თავი?

რადიოთი და ისევ ნიკო ლორთქიფანიძით.

ახლაც ჩამესმის მისი „ტრაგედია უგმიროთ“... და „ერთი ლუკმაც არ დაგრჩა, მამა? არ გაგამხელ“.

განა ვერ „ვხედავდით“ რადიოდან იმ მშიერ ბავშვებს, ვენახის ბოლოს თოკზე დაკიდებულ მამას, ატირებულ ნათლიას.

ვხედავდით და მერე როგორ.

განა, ლეგენდარული უშანგი ჩხეიძეც სამუდამოდ არ დატოვეს თავის დროზე სახლში უპანდემიო საქართველოში?

 და განა ისიც რადიომ არ გადაარჩინა?

კითხულობდა...

და როგორ კითხულობდა ხალხური პოეზიის შედევრებს... „ვეფხვსა და მოყმეს“. არაფრით აძლევდა „მაყურებელს“ დავიწყების უფლებას.

 გადარჩა.

რადიომაც გადაარჩინა.

სტანისლავ ჯერიზმა იკითხა ერთხელ – ვინ იყოო კულტურის მინისტრი შექსპირის ხანაში?

უნდა ვაღიაროთ, არ სჭირდებოდა შექსპირს მინისტრი. მაგრამ ჩვენს მსახიობებს – პანდემიისგან გზა და თავარეულებს – უთუოდ სჭირდებათ მიშველება. ჰოდა, რადიოს შეუძლია ახლა, გადაიქცეს სცენად. რადიოპიესებითა და რადიოსპექტაკლებით გადაარჩინოს მსახიობი. მოიტანოს ჩვენამდე მისი ხმაც, ემოციაცა და მოქმედებაც. ტკივილიც. დავსხდეთ მერე და შევაფასოთ.

დავაფასოთ.

გადავაფასოთ გადარჩენილი მსახიობები.

და ასე ვიქცეთ თავად ჩვენც – მსმენელ-მაყურებლები (განა გურულები ტყუილად ამბობენ? – გეყურება?“) – ვირტუალურ რეჟისორებად, წარმოსახვაში მოსმენილის მიხედვით რომ ვდგამთ ჩვენეულ სპექტაკლებს.

მგონი, სპექტაკულარიზაციის ახალი პარადიგმაა! თორემ რად გვინდა გადარჩენილი ფილტვები, თუ ცოტა მაინც არ დამძიმდა თეატრის მტვრისგან. დროებით გადასარჩენად ეს, ალბათ, საუკეთესო გზაა.

დროებით. მხოლოდ დროებით, თორემ ტოვსტონოგოვს უთქვამს, „თეატრი სანახაობის გარეშე კათედრააო“.

ამ „კათედრისგანაც“ უნდა დავიცვათ ჩვენი სცენა.

ჩვენი მსახიობები.

მაგრამ ახლა – პანდემიისგან კარმიხურულებს, მხოლოდ ხმა დაგვრჩენია იმედად. „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, რომ მალე, სულ მალე მსახიობები ისევ დაბრუნდნენ რადიოდან სცენაზე – დაიბრუნონ დაკარგული სამოთხე. მთავარი მერე მხოლოდ ის იქნება, იმ სამოთხიდან ჯოჯოხეთში თავად არ გაისტუმრონ ერთმანეთი სამუდამოდ უშანგი ჩხეიძესავით, ან დროებით – სერგო ზაქარიაძესავით.

ახსოვს ქართული თეატრის ისტორიას „დღენი ახლო წარსულისა“... დაკარგული და დაბრუნებული სამოთხეები...

 

***

შურა თოიძე იგონებს – რუსთაველის თეატრში მაიაკოვსკის საღამოს შემდეგ ნატო ვაჩნაძემ და კოლია შენგელაიამ შინ მიგვიპატიჟეს; სანამ სუფრას მივუსხდებოდით, მაიაკოვსკიმ ჯიბიდან  ციცქნა სასაპნე ამოიღო და ხელის დასაბანად წავიდაო. თავისი საპნით დადიოდა, თურმე, მაიაკოვსკი.

ამ დაავადებას ანანკაზმი ჰქვია.

დიდ რუს ფილოსოფოსს – ვლადიმერ სოლოვიოვსაც სჭირდა, თურმე, ეს „სიკეთე“ –ყველგან და უცერემონიოდ ისპირტავდა ხელებს.

არადა, დღეს ყველანი ანანკასტები გავხდით!

კორონავირუსის გადამკიდენი, ლამის ყველანი პონტიუს პილატუსის „მემკვიდრეებად“ ვიქეცით!

შეიცვალა სამყარო!

კაცობრიობა საგანგებო მდგომარეობამ მოიცვა. საგანგებო მდგომარეობამ, როგორც მართვის პარადიგმამ...

პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები ბევრს კაცობრიობის დამონების ინსტრუმენტად და ტოტალური დიგიტალური კონტროლის განსხეულებადაც ესახება.

თუმცა, დრო იყო (თითქოს, გუშინ), უპირბადოდ ცხოვრობდა ხალხი...

ეჰ, სად არის, ნეტა, ახლა რეზო გაბრიაძისეული ხეჩო?!

აი, ის ხეჩო – დაუბანელი და გაბურძგნული (თუ, ლამბერსექსუალი), ცოტა მოგოიმო, მაგრამ მაინც გამოსული „ტიპი“...

კოჯრის ტყის სიზმრებში ჩარჩა თუ ხაზიან ტელეფონში გაეჭედა სადღაც... ვთქვათ... კალინინთან...

ან – ამსტერდამთან...

თუმცა, ხეჩოს სუსტი გულის ამბავი რომ ვიცი, ჰოლანდიას ვერ გაუძლებდა...

უფრო კალინინთან შეაჩერებდა თავის სიზმარს – ყუთში გამოკეტილი რაიას მოსაძებნად...

 იპოვა ნეტა?! ან ჩვენ ვიპოვით?!

ან ჩვენ „გვიპოვიან“ ყუთში – ანუ კომპიუტერში – ანუ მობილურში – ანუ ტელევიზორში გამოკეტილებს?

ან სადღაა ყუთის ფორმის ტელევიზორი?

ან ვინ უნდა გვიპოვოს იმ ყუთში და რატომ?!

ახლა ჩვენ, ყველანი, ფაქტობრივად, ხეჩოები და რაიები ვართ...

ზოგი ვეძებთ... ზოგს – ეძებენ... ტელევიზორის ყუთებში გამოკეტილები კოჯრის ტყის უხიაგ სიზმარში ვცხოვრობთ ისევ...

ეგაა, ვის ნიუ-იორკისკენ მიგვაქანებს ჩვენი ყუთი – „მეტროპოლიტენოპერისკენ“...

ვის – დიდი თეატრის ნოსტალგია შემოსწოლია და დიდი (ვიღაცისთვის „დედა“) რუსეთისკენ გადაისროლა ყუთმა...

განა რითია ინტერნეტსივრცე სიზმარზე ნაკლები? უფრო ცხადიცაა... უფრო - რეალურიც...

და უფრო – ცინიკურიც.... ხედავ და ვერ ეხები...

ანუ – საბოლოოდ სიზმარივითაა მაინც... ყველაფერი ტაქტილური და „ახლობელი“ ეჭვის ქვეშ დადგა...

არადა, რეალობით დაღლილებს, დამფრთხალებს, გაარხეინებულებსა და გაადამიანურებულებს, ან პირიქით, ადამიანობადაკარგულებს, ისევ ყუთში გვირჩევნია ჩავსხდეთ და მოვიაროთ ჩვენი „კიდობნით“ მსოფლიო სცენები...

ხელი ჩამოვართვათ ბარემბოინს...

ცრემლები ვღვაროთ პენდერეცკიზე.

მოგვკლას ფიქრმა, ეს 80-ს გადაცილებული კაცი რამ მოკლა – იქნებ, იმან, სახელსაც რომ არ ვახსენებთ... ანდა, რაღა მნიშვნელობა აქვს უკვე რამ მოკლა?!

ვდგავართ ონლაინ პანაშვიდზე გულწრფელად სევდიანები.

ვიღაცას ჩვენზეც ეცინება, რაღა თქმა უნდა...

ვიღაცაზე ჩვენ გვეცინება.

ჩვენი არტისტები ექიმებს უთმობენ ტელევიზორის „ყუთის“ სცენას.

ან კი სადაა სხვა გზა?!

რად უნდათ სცენა სახლში გამომწყვდეულებს?!

ახლა მათი თეატრალური ნიჭი ჩვენს სახლში დაბმაზე იხარჯება უმეტესწილად...

ხან გვიმღერიან იმ ყუთიდან სევდიანები...

ხან ომლეტებს გვიმზადებენ ზედმეტი გულმოდგინებით....

ხან ყურს გვიწევენ – დარჩით სახლშიო... მაგრამ სად გინახავს მაყურებელი, ჰამლეტივით რომ ასრულებდეს სიცოცხლეს?!

რთულია ეს საუკუნე. იმდენად რთული, რომ ისევ იმ ყუთში ვცდილობთ, ვიპოვოთ ჩვენი წილი რემბრანტიც... მატისიც.

არადა, ერთდროულად ღიაცაა და დახურულიც ჩვენთვის ყველაფერი –

ყველა სცენა...

ყველა მუზეუმი.

ყველა სპექტაკლი...

ონლაინ ბრუნავს დღეს დედამიწა.

სხვა წესრიგი აქვს სამყაროს.

ყველა გზა უკვე რომიდან მოდის.

ის დრო დასრულდა, იქეთ რომ მიდიოდა.

ჯერ-ჯერობით მაინც შეჩერდა სადღაც გზა.

სად, როდის გავიგებთ?

ნეტაი ხეჩოს... არც კორონა რომ არ იცოდა. არც „შნურიანი“ ტელეფონი... არც ეს ოხერი „ყუთი“ -

თან რომ ლაპარაკობს...

თან რომ გიმღერის...

თან რომ გაშინებს...

თან რომ გასწავლის.

თან რომ გაყვარებს...

თან რომ გაძულებს.

ნეტაი ხეჩოს, კოჯრის ტყეში კუსთან ერთად რომ შეეძლო ემღერა „მრავალჟამიერი“. აბა, მე და თქვენ ახლა ცხონებულ პავაროტისთანაც კი შეგვიძლია „ვიმღეროთ“ იმ ყუთის გადამკიდეებმა, თუ სინდისი არ შეგვაწუხებს, რასაკვირველია...

არაა მარტივი ცხოვრება კოჯრის ტყის იქეთ...

არაა მარტივი ერთ წუთში „პომპიდუს ცენტრში“ თან ყოფნა და თან – არყოფნაც.

სულ გვაქვს შეგრძნება, რომ გვატყუებენ.

ჩვენი სიზმარი უფრო რთულია...

უგენერლოდ...

უგრამაფონოდ...

უგემოდ....

ცხადზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ეჰ, ესეც „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“...

თუმცა, მე მაინც ის კითხვა არ მაძლევს მოსვენებას –

ხეჩომ რაია თუ იპოვა?!

 

***

წლიური ანგარიშების სიყვარული დღემდე მოგვდევს...

ვაფასებთ.

ვაჯამებთ.

ვცდილობთ, მივამატოთ - მოვაკლოთ...

მოკლედ, დიდი ჯაბახანაა ეს ანგარიშები და ფორმალობები...

მით უფრო, თეატრში...

კარგა ხანია თეატრი ისედაც გავიდა „ანგარიშების“ ზონიდან -

აღარაფერს გვაბარებს.

აღარაფერს გვიხსნის...

მხოლოდ ითვლის - რამდენი დადგა და რამდენი გაიმეორა გასულ სეზონში.

ამაზე კია ერთი დავიდარაბა...

მოკლედ, „ჰამბურგის ანგარიშის“ დრო არც ისე უმტკივნეულოა ქართული თეატრისთვის..

თუმცა, ეს „ჰამბურგის ანგარიში“ ზედმეტი მომივიდა, მგონი...

რა დათვალეს ქართველმა რეჟისორებმა წელს?

რამდენი სპექტაკლი?

და ბოლოს, როგორი სპექტაკლი?

ამას, ალბათ, დიდი სტატისტიკა არ სჭირდება...

არც - დიდი ანალიტიკა...

პანდემია და პანდემიის დემონი ისედაც ამართლებს ყველაფერს...

ისე, მაყურებელი არ აკლია თეატრს...

კორონატყვეობისგან გამოქცეული ხალხი შესეულია დარბაზებს...

რა მოსწონთ და რატომ, ესეც უცნაური ამბავია...

მთავარია თეატრალური ხდომილობა..

თანაც ხდომილობა არა მხოლოდ აკადემიური (თუმცა ეს საბჭოური ტიტული უკვე გაქრა აფიშებიდან) თეატრების ეტაბლირებულ სივრცეებში, არამედ - მარგინალურ ჯურღმულებში;

რა დასამალია და ეს ჯურღმულები უფრო ამართლებს ამ თეატრალური სანახაობების დაქვილთულ ზედაპირებს...

საერთოდ, ზედაპირიც საინტერესო თემაა.

აბა, გავიხსენოთ, როგორ დააკავშირა ერთმანეთს დელიოზმა ბაროკო და ნაოჭები და თავადაც ისე ჩაანაოჭა და ჩაკეც-მიაკეცა ტექსტუალური „პლისეები“,  ლამის დაიბნა.

ჩვენც გვაბნევს ჩვენი „თეატრი“ - ხან ასე - ხან - ისე;

გვაბნევს თავისი „პლისეებით“... ნაკეცებით... ფარდებით - ასე იშვიათად რომ იხსნება ბოლო დროს...

ან კი სადღაა ფარდა თეატრში? მოდური აღარაა...

არადა, როგორ მიზიდავდა ფარდა - განსაკუთრებით გილიოტინის ტიპის ფარდა...

რამდენს „წაძვრა“ თავი იმ „გილიოტინაზე...

ამიტომაც გააქრეს, ალბათ - არაა „ფარდა-გილიოტინა“ და არც „მოჭრილი თავები“ აღარაა დასათვლელი...

ასეა, დღეს თეატრში თავი აღარავის ეჭრება არც კარგი და არც ცუდი სპექტაკლების გამო..

მოკლედ, „მოჭრილი თავები“ იქეთ იყოს და დაველოდოთ ახალ წელს. ახალ დათვლებს. ახალ გათვლებს.

არადა, უკვე რამდენი 2-იანი დაგროვილა რიცხვში - 2022!..

ლამაზი 2-იანი!

bottom of page