„მარია კალასი“ თეატრ-ფაბრიკაში

მაკა ვასაძე

„მარია კალასი“ თეატრ-ფაბრიკაში

 

თბილისში, კიდევ ერთი, ახალი სათეატრო სივრცე შეიქმნა _ თეატრი `ფაბრიკა~. თეატრი და მასთან არსებული საგამოფენო დარბაზი ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე განთავსდა. გარდა სპექტაკლებისა, აქ ალბათ გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მოეწყობა, ვინაიდან `თეატრი ფაბრიკა~ ხელოვნების ცენტრის `რუბიკონის~ შემადგენელი ნაწილია.  რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაგდების შემდეგ (სანამ მას უკან დააბრუნებდნენ) ბიძინა ივანიშვილმა ახალი თეატრის შექმნა შესთავაზა. 2013 წლის 24 ივნისს ამ ახალ თეატრში პრემიერა შედგა. სპექტაკლი მაესტრომ ტერენს მაკნელის პიესის `მასტერ კლასი~ (თარგმანი მ. ანთაძის) მიხედვით დადგა.
პიესის სცენური ვერსია რობერტ სტურუას და ნინო კანტიძეს ეკუთვნით. სპექტაკლი ლეგენდად ქცეული საოპერო მომღერლის მარია კალასის ცხოვრების ბოლო წლებს ეძღვნება. პიესა და სპექტაკლი გენიალური მომღერლის ერთ დღეზე მოგვითხრობს, უფრო სწორად კი მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე კონსერვატორიის სტუდენტებისათვის. მომღერალი, მასტერ კლასის პარალელურად, განვლილი შემოქმედებითი თუ პირადი ცხოვრების დეტალებს იხსენებს. ამ დეტალებისაგან იქმნება მარია კალასის მთლიანი სახე, მისი ხასიათი. 
სპექტაკლში სცენა შუაშია განთავსებული, სცენის მარჯვნივ და მარცხნივ კი მაყურებელთა ადგილებია. ამგვარი სათეატრო სივრცე თავიდანვე უქმნის მაყურებელს ინტიმურ განწყობას. რეჟისორის ჩანაფიქრით მაყურებელი სპექტაკლის დასაწყისიდანვე ერთვება ქმედებაში. მარია კალასის როლის შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი მაყურებელს ესაუბრება, შემდეგ ერთ-ერთს სანთებელას ართმევს, სიგარეტს რომ მოუკიდოს. დეკორაცია კონსერვატორიის დარბაზს წარმოადგენს. სცენის ერთ კუთხეში როიალი დგას. როიალის სახურავზე აწყვია _ ქრონომეტრი, სასანთლე, ჭიქა წითელი ღვინით, ხილი და  პატარა ზარი. მეორე მხარეს კი ჭერიდან შავი მაგიდაა ჩამოშვებული, რომლის ერთ კუთხეში ქალის ჩანთაა ჩამოკიდებული. კედლებსა და პიუპიტრებზე მარია კალასის ფოტოები და საოპერო აფიშებია განთავსებული.  ჭერში სკამი, ვიოლინო, ჩელო, ჩასაბერი თუ სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები კიდია. მთელ სცენას ოდნავ ამაღლებული, აფიშებით დაფარული მოგრძო ფიცარნაგი გასდევს. 
მაყურებელთა დარბაზში შუქი ქრება, სცენაზე მკრთალი იასამნისფერი, ცისფერი განათებაა. მხოლოდ პიუპიტრზე მოთავსებული კალასის ფოტოა მკვეთრად განათებული. დავით დარჩიას პერსონაჟი _ აკომპანიატორი მენი _ ფოტოსთან ყვავილების პატარა თაიგულს დებს და დგება სადირიჟორო პულტთან. ორკესტრის შესრულებით ბოლო აკორდებსა და აპლოდისმენტების ხმაზე სცენაზე შემოდის ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასი _ ამაყი, ძლიერი, რაღაც მომენტებში სუსტი, გატაცებული, თავის საქმეში შეყვარებული... მკაცრ, მოაშავო-მოლურჯო ფერებში გადაწყვეტილი შარვალ-კოსტიუმით, რომლის ზევიდან შავი გრძელი ლაბადა აცვია. კალასის რთულ ხასიათს ლელა ალიბეგაშვილი პირველივე წუთებიდან ავლენს. _ დიდი მადლობა ასეთ მიღებას არ ველოდი! ტაში აღარ დამიკრათ! თეატრში არ ვართ! ჩვენ აქ სამუშაოდ მოვედით! ლელა ალიბეგაშვილი ამ სიტყვებს მკაცრი ტონით წარმოსთქვამს, თუმცა იგრძნობა, რომ ტაში მას სიამოვნებს...
მთელი სპექტაკლი თითქოს ერთი ამოსუნთქვით მიდის, მაყურებელთა ინტერესი ერთი წუთით არ დუნდება. დაძაბული რიტმი, რომელიც რეჟისორმა და მსახიობებმა შესთავაზეს მაყურებელს არც ერთი წუთით არ ნელდება. მარია კალასის რთული, პერიპეტიებით აღსავსე ცხოვრება საათსა და ოც წუთში მაყურებლის თვალწინ ჩაივლის. ღიმილი, სიცილი, სევდა და ბოლოს კი ყელში მოწოლილი ცრემლები _ ეს ის გრძნობებია, რომელსაც მაყურებელი განიცდის ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასთან ერთად. 
მარია პატარა ზარს იღებს და რეკს. _ ჩვენ აქ სამუშაოდ მოვედით... ლელა ალიბეგაშვილის პერსონაჟი უშუალო კავშირს ამყარებს არა მარტო აკომპანიატორ მანისთან, არამედ, როგორც უკვე აღვნიშნე, მაყურებელთანაც. მარია _ ალიბეგაშვილი კონსერვატორიის სტუდენტებსა და მაყურებელს უხსნის თუ რა არის მუსიკა, სიმღერა, რომ სიმღერა ეს ურთულესი ხელოვნებაა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში, შიგადაშიგ კალასის ჩანაწერები ჟღერს. რეჟისორმა დადგმაში გამოიყენა ვერდის, ბელინის, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა. არიების ჩართვა ქმედებაში მინიმუმამდეა დაყვანილი. დრამატულ სპექტაკლში კალასის სიმღერა, მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარე ჟღერს ხოლმე. რაღაც მომენტებში, როდესაც მარია _ ალიბეგაშვილი ამა თუ იმ არიას იხსენებს და ისმის ჩანაწერი, მომღერლის სულიერი ტანჯვა ამ მომენტებში რეჟისორმა და მსახიობმა შემდეგნაირად გადაწყვიტეს_მარია პროჟექტორით თეთრად განათებულ წითელი აგურის კედელს ეკვრის, მის სახეზე კი სხვადასხვა ემოცია გამოიხატება _ ერთდროულად არიის შესრულების დროს განცდილი და ახლანდელი განცდები, როდესაც მას ხმა უკვე დაკარგული აქვს და საოპერო სცენაზე ვეღარასოდეს იმღერებს.
ტექსტის მონტაჟი რობერტ სტურუას სათეატრო ენის ერთ-ერთი უმთავრესი, დამახასიათებელი თავისებურებაა. ამ შემთხვევაში რეჟისორმა ტექსტი შეამოკლა, გააკეთა პატარ-პატარა კუპიურები, ჩართო ფრაზები, რომლებიც პიესაში არ არის. სპექტაკლი სულ რაღაც საათი და 20 წუთი გრძელდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეჟისორმა თითქმის არცერთი ეპიზოდი არ ამოიღო სპექტაკლიდან. რეჟისორმა მხოლოდ შეამოკლა პიესა და არაჩვეულებრივი კამერული სპექტაკლი შექმნა. ვგონებ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის სპექტაკლი კიდევ ერთი ახალი შტრიხია მის შემოქმედებაში. არანაირი რეჟისორული გამოგონებები, ეფექტები და ა. შ.. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სამსახიობო თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. რეჟისორმა სპექტაკლში არაჩვეულებრივი მსახიობთა ანსამბლი შექმნა. ეს ეხება, როგორც მთავარი როლის შემსრულებელ ლელა ალიბეგაშვილს, ასევე დავით დარჩიას, დავით უფლისაშვილს და რაც მთავარია ახალგაზრდა მსახიობებს: ქეთი სვანიძეს, ლელა ახალაიას, არჩილ გოგიტიძეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს შორის მხოლოდ არჩილ გოგიტიძეა პროფესიონალი მომღერალი. ქეთი სვანიძესა და ლელა ახალაიას კი სამსახიობო მონაცემების გარდა, არაჩვეულებრივი ვოკალი აღმოაჩნდათ.
დრამატულ სპექტაკლს შიგადაშიგ ახალისებს კომედიური სიტუაციები. მარიას, პრიმადონას რთული ხასიათი სცენის მუშასთან ურთიერთობაში ვლინდება. გაკვეთილის მსვლელობის დროს სცენის მუშა შემოდის ხოლმე სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად. მარიას ჭირვეულობა მასთან ურთიერთობაშიც ვლინდება. სცენის მუშა თავიდან ვერ იცნობს დიდ მომღერალს და მის პრეტენზიულ, აკვიატებულ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს. მარია ჯერ მისთვის განკუთვნილ სკამს გადაადგმევინებს რამდენჯერმე, მერე სკამის ბალიშს ითხოვს, შემდგომ პატარა, ფეხების დასაწყობ სკამს, რამდენჯერმე ასწორებინებს შუქს _ ხან ძალიან ბევრია განათება, ხან კი ცოტა, გათბობაც არ აკმაყოფილებს. თავიდან დავით უფლისაშვილის სცენის მუშა უგულისყუროდ ასრულებს მის გაუთავებელ მოთხოვნებს, ხანდახან იგნორირებასაც კი უკეთებს და დავით დარჩიას მენის უწევს მარიას დაუსრულებელი, მომაბეზრებელი მოთხოვნების შესრულება. რაღაც მომენტში მუშა მარიას პორტრეტს შეხედავს და მიხვდება, რომ მის წინაშე გენიალური მარია კალასია. იგი გავარდება სცენიდან და უკან დავარცხნილი, კოსტიუმგამოცვლილი, თაიგულით ხელში ბრუნდება. ამის შემდეგ იგი სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს მარიას ყოველ კაპრიზს. მარიას მოთხოვნები კი ულევია: `ვიდრე გათბობას არეგულირებთ და ბალიშს ეძებთ, რომელიც ალბათ სამჯერ მაინც ვთქვი, მჭირდება-მეთქი, ბოლოს ერთი საათის წინ, ამასობაში იქნებ პატარა სკამიც მონახოთ. ეს ამსიმაღლე სავარძელი რომ დამიდგით, ფეხები ჰაერში ვაქანაო? დიდი მადლობა. ასეთ ხალხთან ჯერ არ მქონია საქმე~.
ლელა ალიბეგაშვილის მარიას ურთიერთობა სტუდენტებთან მრავალმხრივია. იგი ცდილობს გააგებინოს მათ, თუ რას ნიშნავს იყო მომღერალი. _ ჩვენ მუსიკის მონები ვართ და მთელი ჩვენი ცხოვრება სიმღერას უნდა მივუძღვნათ. მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიძლება გახდე მომღერალი _ ამბობს კალასი. აი, მარიას წინაშე თაგვივით შეშინებული პირველი სტუდენტი წარსდგება (ლელა ახალაია). იგი ცახცახებს, ხმის ამოღებისაც კი ეშინია, ხუმრობა ხომ არ არის მარია კალასის წინაშე იმღერო. პირველ რიგში მომღერალს საკუთარი სტილი, სახე უნდა ჰქონდეს, იცოდეს თუ ვინ არის მისი პერსონაჟი და ემოციის გამოხატვის უნარი უნდა გააჩნდეს. იყვირე, გამოხატე შენი ემოცია, ისე იყვირე თითქოს მკვლელი მოგდევდეს _ ეუბნება მარია სოფი დეპალმას. იგი იმდენჯერ აწყებინებს სოფის თავიდან სიმღერას, სანამ რაღაც შედეგს არ მიაღწევს. თუმცა მისი განაჩენი პირველი სტუდენტის მიმართ, შეიძლება ითქვას ულმობელია. როდესაც სოფი გადის სცენიდან, მენის ეუბნება: ხშირად გამიხსენებს პროვინციულ სცენაზე სიმღერის დროსო. ლელა ალიბეგაშვილის მარია სტუდენტებთან ურთიერთობისას თამაშობს ძლიერ, მკაცრ, ქედმაღალ, რაღაც მომენტებში ცინიკოსს, მაგრამ იმავდროულად გულისხმიერ და გულჩვილ ადამიანსაც კი, რომელიც სტუდენტს, კარგად შესრულებული არიის შემდგომ, შუბლზე კოცნის და თვალზე ცრემლიც კი ადგება. ლელა ალიბეგაშვილის თამაში მაყურებელში თანაგანცდას და მოზღვავებულ ემოციებს იწვევს. მაყურებელი ხან იცინის მის მკაცრ და იმავდროულად იუმორით აღსავსე `ნასროლ~ შენიშვნებზე, ხან კი ყელში ცრემლების ბურთი აწვება, როდესაც მარია თავისი შეუმდგარი პირადი ცხოვრების დეტალებს იხსენებს. არი ონასისი _ მისი უდიდესი სიყვარული. ორი სახელგანთქმული ბერძენი, ერთი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი და მეორე სახელგანთქმული მომღერალი _ სიამაყის გრძნობით ამბობს კალასი. _ მე შენ ძალიან მიყვარდი არი, შენი სურვილისამებრ მე ბავშვიც კი მოვიშორე, მე შენი მონა ვიყავი, მორჩილი მონა. ახლა კი წადი და დამივიწყე, თუ შეძლებ...  ალიბეგაშვილი – მარია ყველაფერში ბოლომდე იხარჯება _ შემოქმედებაშიც და სიყვარულშიც.
სცენაზე, წითელ, წვეულებისთვის განკუთვნილ კაბაში, შემოქროლდება მეორე სტუდენტი გოგო. პირველისგან განსხვავებით, ქეთი სვანიძის პერსონაჟი უფრო ლამაზი და თავდაჯერებულია, მაგრამ მარია მას თითქოს თავზე ცივ წყალს გადაასხამს _ სად ხართ თქვენ, გაკვეთილზე თუ წვეულებაზე? და აქვე იხსენებს მეტროპოლიტენ ოპერაში როგორ გამოცხადდა მოსმენაზე პირველად: _ ძალიან მსუქანი ამერიკული დროშა მღეროდა მადამ ბატერფლაის. შეურაცხყოფილი სტუდენტი გარბის გაკვეთილიდან. არჩილ გოგიტიძის ტენორს კალასი დაწვრილებით უხსნის, თუ ვინ არის მისი გმირი. იგი ინსტრუმენტს მიუჯდება, უკრავს და თან უყვება გმირის ისტორიას. სტუდენტს გმირის განცდების გადმოსაცემად მინიშნებას აძლევს: წარმოიდგინე გაზაფხული... სტუდენტი ხვდება რა უნდა მისგან მარიას და ბრწყინვალედ ასრულებს თავის პარტიას. უკან მობრუნებულ ქეთი სვანიძის სტუდენტს მარია ვერ აგებინებს როგორ უნდა იმღეროს ლედი მაკბეტის არია `წერილის წაკითხვა~. კალასი თავად უმღერებს... ამ წუთებში ლელა ალიბეგაშვილის ლედი მაკბეტი ვნებებით აღსავსე ფურიას მოგაგონებთ. თავისი უსუსურობით გამწარებული სტუდენტი მარიას შეურაცხყოფას აყენებს: _ თქვენთან შეხვედრაზე ვოცნებობდი... მაგრამ რასაც თქვენზე ამბობენ მართალია... ვეღარ მღერით და ადამიანები აღარ გიყვართ, გული გაგიცივდათ! თვალებში ცრემლებმობჯენილი მარია ისევ თავის ცხოვრების უდიდეს სიყვარულს მიმართავს _ მართალს ამბობს ეს გოგო არი! მარტო ვარ, მარტო. სპექტაკლის ყველა პერსონაჟი მდუმარედ, გაშეშებული უსმენს არისადმი მიმართულ მარიას მონოლოგს. მათ სახეებზე თანაგრძნობა და მწუხარება ერთდროულად გამოიხატება მარტოსული დიდი მომღერლის დრამატული ცხოვრების გამო. _ გაზაფხული არ დაივიწყოთ... ამ სიტყვებით ასრულებს მარია გაკვეთილს. ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე მარია კალასის ფოტოა მკვეთრად განათებული.
ამ კამერული ტიპის სპექტაკლით რობერტ სტურუამ თავის პილისტილისტურ თეატრს კიდევ ერთი ახალი შტრიხი შემატა. თუმცა თანაგანცდა და პერსონაჟთა ხასიათის ფსიქოლოგიური წვდომით გადმოცემა, გროტესკითა და ფარსით შეზავებული მის თითქმის ყველა სპექტაკლში არსებობს. `მარია კალასში~ რობერტ სტურუა არ მიმართავს `კარნავალურობასა~ და `გაუცხოების ეფექტს~. აქ რეჟისორი და მსახიობები ადამიანთა სულიერ განცდებს გადმოსცემენ და მაყურებელში თანაგანცდას იწვევენ. სპექტაკლის ბოლოს ყოველ მაყურებელს თვალზე ცრემლი ედგა. ეს იყო წარმოდგენა, სადაც სცენასა და დარბაზს შორის დისტანცია წაიშალა, ანუ მაყურებელიც ისევე ჩაერთო ქმედებაში, როგორც შემოქმედებითი ჯგუფი. ეს კი ნამდვიად შეიძლება ჩაითვალოს სპექტაკლის გამარჯვებად.