მარიონეტული ფეერია ოცნებების ასრულებაზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ცირკი (26).JPG

მაკა ვასაძე

მარიონეტული ფეერია ოცნებების ასრულებაზე

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა კიდევ ერთი ახალი ფეერიული სანახაობა შესთავაზა მაყურებელს. ამჯერად, ნიკა საბაშვილმა და ბახვა წერედიანმა თავიანთი სათქმელი ჩვენს რეალობაში არსებულ ყოფა-ცხოვრებისეულ პრობლემებზე ცირკის, ბალაგანის ფორმით გამოხატეს და ცირკი - ცხოვრების მეტაფორად აქციეს. ჩემი აზრით, რეჟისორთა ჩანაფიქრს ორმაგი დატვირთვა აქვს. ბავშვობის დროინდელი ნოსტალგია საცირკო სანახაობის მიმართ და მისი გაცოცხლება. ასევე,  იმის ჩვენება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო სწორად, მთელ მსოფლიოში ხდება, თანამედროვე ადამიანის ცირკის მოთვინიერებული ცხოველი-მსახიობის მდგომარეობაში აღმოჩენა, რომელსაც მათრახის მეშვეობით მომთვინიერებელმა ნებელობა წაართვა. მთელი სამყარო ბალაგანად იქცა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც ყველა ზღაპარს, „ცირკსაც“ კეთილი დასასრული აქვს: სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.

სპექტაკლში ამბავი ერთი ჯამბაზის ცხოვრებისეულ ისტორიას მოგვითხრობს. ჯამბაზი, რომელიც მთელი ქალაქის უსაყვარლესი პერსონაჟია, თავისი ხელობით ადამიანებისთვის იმხელა დადებითი მუხტი მოაქვს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები სიმაღლეშიც კი იზრდებიან, შეიძლება ითქვას, ჯამბაზი თანამოქალაქეთა ფავორიტია, მას მობეზრებულიც კი აქვს თაყვანისმცემელთა ყურადღება თუ საჩუქრები. ჯამბაზი მეოცნებეცაა, იგი ფრენაზე ოცნებობს. და, აი ერთხელ, ჯამბაზს ულამაზესი და უნიჭიერესი გოგონა შეუყვარდება, აქედან იწყება მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. მისი შურთ, მასზე იბოღმებიან, აგდებენ ცირკიდან, ჯამბაზს ყველა ზურგს აქცევს. მას ბევრი გაჭირვების გადატანა მოუწევს, დეპრესიაც დაეუფლება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა, შეყვარებულს დაიბრუნებს, ისინი ერთად გაფრინდებიან, სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.

ნიკა საბაშვილის ყველა სპექტაკლი, იქნება ეს დრამატული თუ თოჯინური, გაოცებს  რეჟისორული ფანტაზიით. ამჯერადაც, ბახვა წერედიანთან ერთად შექმნილი მარიონეტული წარმოდგენა აღსავსეა რეჟისორული გამომგონებლობითა და ულამაზესი მიზანსცენებით. ჰაერში მოლივლივე თვითმფრინავები, მათ მიერ ცაში დატოვებული თეთრი „კუდები“, ორიგინალურად და ოსტატურად შექმნილი საცირკო არენა თუ ცირკის ამფითეატრი, ტელევიზორის ყუთში, დღეს საქართველოში პოპულარული ტელეწამყვანის, ნიკა წულუკიძის „გაცოცხლება“, შესაბამისი ტექსტითა თუ მეტყველების მანერით, ქალაქის ქუჩები მიჯრით მიწყობილი სახლებით, მონსტრების ქალაქზე შემოსვა, რომელთაც კორონავირუსის უჯრედის ფორმა აქვთ და კიდევ ბევრი სხვა რამ.

ბახვა წერედიანის თოჯინა-მარიონეტები ტიპურად დამახასიათებელი თვისებების გამომხატველნი არიან, იქნება ეს ჯამბაზი, რომელსაც ორი სახე-ნიღაბი აქვს, ხან მხიარული და ხან სევდიანი, ხან მეოცნებე და ხან დეპრესიისგან დაღვრემილი. ლომების წყვილი - ერთდროულად საყვარელი და გროტესკულად საშიში, ღორმუცელა ძუ ლომი და კეკლუცი ხვადი, ოჯახის წინამძღოლი ქალის თვისებების მატარებელი. ლომების მომთვინიერებელი -დიდმკერდიანი, სექსუალურად გამომწვევი ქალი. ცირკის მეპატრონე, კონფერანსიე - ამ მარიონეტის კოსტიუმი მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, ალბათ, იმიტომ რომ, სწორედ ის არის გამორჩენის, მომხვეჭელობის მიზნით დაწყობილ-დალაგებული ცირკის (ქვეყნის) ამრევი.  ჯამბაზს სწორედ ის აგდებს ცირკიდან ლამაზი გოგონას ხელში ჩასაგდებად და უფრო მეტი მოგების მისაღებად. მეპატრონე-კონფერანსიე ბოღმის, ბოროტების, სიცრუის სიმბოლოა. ახალგაზრდა გოგონას მარიონეტი, რომელიც ჯამბაზს შეუყვარდება, ჰაეროვანი და მსუბუქია. და, რაც მთავარია, უსაყვარლესი თეთრი ფინია, მკვირცხლი, მხიარული, ფუმფულა, სიკეთისა და ერთგულების სიმბოლოდ აღიქმება.

რეჟისორებმა მარიონეტულ სპექტაკლში მაყურებლის თვალწინ შექმნეს ცირკი. წითელ ფერებში გადაწყვეტილი არენა და ამფითეატრი, ამფითეატრში მსხდომი მაყურებელი, რომელიც თვალს ადევნებს საცირკო სანახაობას, ცირკის ორკესტრი, რომელიც წარმოდგენას ტემპო-რიტმს უქმნის, ცირკის ცხოველი-არტისტები თუ ადამიანი-არტისტები. ამ საოცრად შესრულებულმა ფერადოვანმა და მხიარულმა სანახაობამ, პირადად ჩემში, ბავშვობისდროინდელი სურათები გააცოცხლა: თბილისის ცირკთან მისასვლელი კიბეები, ფერადი ბურთულებით და მამალოებით მოვაჭრე ბოშა ქალები, ცირკის ფოიეები რამდენიმე სართულზე, თავად დარბაზი, ჟონგლიორები, ჰაერში მალაყების გამჭიმავი მსახიობები და მრავალი სხვა.

მსახიობები: თამთა ბაქრაძე, თათია ბაქრაძე, დავით ბეკოშვილი, დავით ბერიძე, ლევან კაციაშვილი, რამონა  მიქელაძე, რატი ნავაძე, ნინო ნატროშვილი, ნინო პაპიაშვილი, გიორგი ღონღაძე, ნათია შეშაბერიძე, მარიკა ძაგნიძე, ხატია ხაზიური, ნათია ხმიადაშვილი - თოჯინა-მარიონეტებს ათამაშებენ და ახმოვანებენ. მათი ძალისხმევით მარიონეტების პლასტიკა, მოძრაობა, მეტყველების მანერა და ხმის ტემბრი თითოეული მათგანის ხასიათის ნიშან-თვისებების, შინაგანი ბუნების  გამომხატველია. არჩილ იმნაძის მუსიკალური გაფორმება თითოეულ მიზანსცენას შეესაბამება და რეჟისორებს ეხმარება განწყობის შექმნაში.

სპექტაკლში ჯამბაზი ცხოვრებისეული პერიპეტიების მთელ სპექტრს გაივლის. რეჟისორებმა მოვლენათა რიგი ისე ააგეს, რომ მაყურებლის თვალწინ თამაშდება ადამიანის ცხოვრების ყველა ფაზა: დიდება, დაფასება, დამცირება, დაცემა, გაჭირვება, უარყოფა, საბოლოოდ ოცნებების ასრულება და სიყვარულის, სიკეთის გამარჯვება.

ადამიანი-ჯამბაზი ქალაქს სიხარულსა და სიკეთეს ჩუქნიდა, ხოლო გაჭირვების ჟამს მოქალაქეებმა რომლებიც მას აღმერთებდნენ, ზურგი აქციეს, დახმარების ხელი არ გაუწოდეს, ყველამ კარი ჩაურაზა. ისინი გულგრილნი აღმოჩნდნენ მოყვასის მიმართ. სწორედ ამიტომ, მათ თავს დაატყდებათ უბედურება. ქალაქს მონსტრები შეესევიან. რეჟისორებმა ჩაბნელებული ქალაქის სივრცეში კორონავირუსის უჯრედები შემოაფრინეს. და ისინი, ვინც მანამდე თანალმობა არ გამოიჩინა და ჯამბაზს ჩაუკეტეს სახლის კარი, იძულებით გამოკეტილები აღმოჩნდნენ თავთავიანთ სახლებში. დასახმარებლად, მონსტრებისგან თავდასახსნელად ისევ ჯამბაზს მიმართავენ.

კარგად აქვთ მოფიქრებული რეჟისორებს მიზანსცენა, როდესაც ჯამბაზი ფიქრობს დაეხმაროს თუ არა თანამოქალაქეებს. ჯამბაზის თავის თავთან დიალოგის, შინაგანი ხმის, ვიზუალურად გამოსახატად, ნიკა საბაშვილმა და ბახვა წერედიანმა, ჯამბაზის რამდენიმე მარიონეტი ერთად შემოიყვანეს სცენაზე. რეჟისორებს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული აქვთ მათი სპექტაკლის ძირითადი მაყურებელი - ბავშვები და მოზარდები, ალბათ, ამიტომაც ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს. ჯამბაზი, ყველაფრის მიუხედავად არ გაბოროტდა, არ გახდა შურისმაძიებელი. ჯამბაზი და მისი შეყვარებული გოგონა, ბოლოს და ბოლოს ერთდებიან, ერთად ეხმარებიან ქალაქს და რაც მთავარია, ფინალში ჯამბაზის ოცნება ახდება, ჯამბაზი და მისი შეყვარებული ფრენას შეძლებენ.   

ჩვენს რეალობაში, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ასე გაუცხოვდნენ, როდესაც იშვიათია ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა, თანალმობა, მიმტევებლობა, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობებში სჭარბობს, ბოღმა, შური, გაუტანლობა, ერთმანეთის მიმართ ქილიკი და უფრო მეტიც, ლანძღვა-გინება, ნიკა საბაშვილის და ბახვა წერედიანის სპექტაკლი იმედის მომცემი ნათელი სხივივით შემოიჭრება ჩვენს ცნობიერებაში.

 

რეჟისორები და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს „ცირკის“ სახით, აჩუქებენ სანახაობას, რომელიც პრობლემებზეც გვესაუბრება და ამავდროულად, გავსებს სიყვარულით, სიკეთითა და სითბოთი.

ნიკოლოზ საბაშვილის და ბახვა წერედიანის სპექტაკლი მოხიბლავს, აღაფრთოვანებს, გაამხიარულებს, ამავდროულად დააფიქრებს, დაასევდიანებს, საბოლოოდ კი სიყვარულის და სიკეთის რწმენას განუმტკიცებს ყველა თაობის მაყურებელს: პატარებს, ყმაწვილებს, ზრდასრულებს.