top of page

მარჯანიშვილისა და ახმეტელის უკანასკნელი დღეები

axmeteli005.jpeg

გუბაზ მეგრელიძე: 

მარჯანიშვილისა და ახმეტელის უკანსკნელი დღეები


„ქართული თეატრის ორმა ლეგენდამ - კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა საქართველოს ისეთი თეატრები დაუტოვეს, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს თეატრებს არაფრით ჩამოუვარდებიან“, - ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტელეკომპანია „საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე და ამ ორი ლეგენდარული რეჟისორის ბოლო დღეების შესახებ გვესაუბრება:  


-    კოტე მარჯანიშვილი, როდესაც მსახიობები აუმხედრნენ, მოხუცი ხარ და ვეღარ მუშაობო, მხოლოდ 60 წლის იყო, შემოქმედებით მწვერვალზე იდგა და რომ არა უეცარი სიკვდილი, კიდევ არაერთ შედევრს შექმნიდა. გარდაიცვალა 1933 წლის 17 აპრილს ინსულტით, მაშინ, როდესაც მოსკოვის მცირე თეატრში შილერის „დონ კარლოსს“ დგამდა, ხოლო ოპერეტის თეატრში შტრაუსის ოპერეტას - „ღამურა“. კოტე მარჯანიშვილის ცხედარი რამდენიმე დღე მცირე თეატრის სცენაზე ესვენა.  ვინაიდან მოსკოვიდან არაერთი შემოთვლისა დროულ გადმოსვენებაზე პასუხი ვერ მიიღეს შემდეგ კრემაცია გაუკეთეს. ამ თეატრში საოცარი რამ მოხდა, როდესაც მსახიოებები დიდი რეჟისორის პანაშვიდებზე მიდიოდნენ, მათ შორის არ ჩანდა მსახიობი ერთი მსახიობი - მიხეილ იგნატიუკი, რომელსაც ფსევდონიმად ჰქონდა „ლენინი“. მარჯანიშვილის ერთ სპექტაკლში ის მონოლოგს კითხულობდა. ეს ლენინი ბოლო დღეს გამოჩნდა, სცენაზე ავიდა და დიდი რეჟისორის ცხედარს მიმართა: კონსტანტინე ალექსანდრეს ძევ, ბოლო დროს ჩემი რეპეტიციებით უკმაყოფილო იყავით, არ მოგწონდათ ჩემი შესრულებული როლი. თქვენი გარდაცვალების შემდეგ სახლში ჩავიკეტე, ჩემი როლი თქვენი შენიშვნების მიხედვით მოვამზადე და, თუ ნებას დამრთავთ, მონოლოგს წაგიკითხავთო და მართლა დაიწყო თავისი მონოლოგის კითხვა. ეს იყო ერთგვარი თეატრალური წარმოდგენა. ასე გააცილა მცირე თეატრმა უკანასკნელ გზაზე მარჯანიშვილი, რომელიც საქართველოდან შეურაცხყოფილი წავიდა, თან ისე, რომ თბილისიდან მოსკოვში გასამგზავრებელი მატარებლის ბილეთის ფულიც არ ჰქონდა. 


- როგორ გაემგზავრა? 
- ფული ისესხა. ორშაბათს, როდესაც სპექტაკლის დღე არ იყო და მსახიობები თეატრში არ იყვნენ, მარჯანიშვილი ადგილკომის თავმჯდომარე ივანე გვინჩიძესთან მივიდა, უთხრა, მოსკოვში მივდივარ, მაგრამ გზის ფული არა მაქვს, თუ შეგიძლია, დამხმარე, სალაროდან ფული სესხად მომეცი, როგორც კი ჩავალ, ფულს მაშინვე გამოგიგზავნიო. ივანე გვინჩიძემ თეატრის სალაროდან ფული აიღო და მარჯანიშვილს მისცა. ამ უკანასკნელმა თავისი კაბინეტიდან რამდენიმე წიგნი და ჩანაწერები აიღო, დერეფანში მდგარ პიერ კობახიძესა და შალვა ჯაფარიძეს დაემშვიდობა და ერთადერთი ფრაზა უთხრა: „ცუდად ნუ გამიხსენებთო“ და თეატრიდან გავიდა. მას შემდეგ ის საქართველოში აღარ ჩამოსულა. გარდაიცვალა აკაკი ხორავას დაბადების დღეს - 17 აპრილს, როდესაც ხორავა თავის 38 წლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ამბობენ, რომ მაშინ მთაწმინდაზე დაკრძალვა და რუსთაველის თეატრის წინ ჩატარებას სანდრო ახმეტელმა შეუშალა ხელიო... დავით ჩხეიძე პირად საუბრებში ამბობდა ხოლმე - სანდრომ არ ინება ბატონოო..


- მარჯანიშვილი ცნობილი იყო, როგორც მდიდარი და ხელგაშლილი ადამიანი...
- შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მოვიყვან ერთ მაგალითს. როდესაც მეეტლები საყვედურობდნენ, მხოლოდ ერთსა და იმავე ეტლს რატომ იკავებო, უკმაყოფილება რომ არ გამოეწვია და ნაწყენი არავინ დაეტოვებინა, ერთ ეტლში თვითონ ჩაჯდებოდა, მეორეში ჯოხს დადებდა, მესამეში - ქუდს, მეოთხეში კიდევ რაღაცას, მერე მისამართს ეტყოდა, სადაც მისი ნივთები უნდა მიეტანათ და ყველას თავის ხარჯს გადაუხდიდა. 
1930 წელს, როდესაც მარჯანიშვილმა თავისი თეატრი მოსკოვში გასტროლზე წაიყვანა, იქიდან დასაბრუნებლად სამგზავრო ფული შემოაკლდათ. საკავშირო მთავრობამ საქართველოს წარმომადგენლობას მოსკოვში თეატრისთვის 10 000 მანეთის მიცემა დაავალა. ვინც ფინანსურ საკითხს აგვარებდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ის უნდა გასაუბრებოდა, მაგრამ, როცა წარმომადგენლობიდან დარეკეს, ტელეფონზე მარჯანიშვილმა უპასუხა. ის დიდხანს ისმენდა ვიღაც ჩინოვნიკის ლაპარაკს, ბოლოს ხმამაღლა შესძახა: „Не хочу ваших денег, хамье!“ და ტელეფონის ყურმილი დაახეთქა. თურმე, ვიღაც პირს საქართველოს წარმომადგენლობიდან თეატრების მუშაკებისათვის მათხოვრები უწოდებია. მარჯანიშვილმა მას ეს არ აპატია, შემდეგ შენობიდან გავარდა და ორ საათში 10 000 მანეთით დაბრუნდა - სხვა თეატრებში დადგმულ თავისი სპექტაკლების ჰონორარებს კინოდან მიღებული ჰონორარებიც დაუმატა და თეატრი მოსკოვიდან თბილისში დააბრუნა. მარჯანიშვილს სიამაყით უთქვამს: კოტე მარჯანიშვილი სახელმწიფო ფულს არ გაფლანგავს, ის მხოლოდ საკუთარ ფულს ანიავებს, თავის მსახიობებს კი არავის დააჩაგვრინებსო. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ქუთაისი 1928 წელს ჩავიდა დასი, სადგურზე არავინ დახვდათ. ყველას გულგატეხილობა დაეტყოთ. მდგომარეობის გამოსასწორებლად კოტემ დასი რესტორანში წაიყვანა. 


-    უკანასკნელ გზაზე როგორ დაემშვიდობა კოტე მარჯანიშვილს თავისი მოწაფე და კოლეგა სანდრო ახმეტელი?
-    ამ პერიოდში ის შილერის „ყაჩაღებზე“ მუშაობდა. იმ დროის პრესაში გამოქვეყნდა არაერთი მსახიობისა თუ რეჟისორის მოგონება მარჯანიშვილზე, სამგლოვიარო წერილები, მაგრამ ახმეტელის წერილი არ დაბეჭდილა. საქართველოში მარჯანიშვილის ფერფლი ჩამოიტანეს. ზღვა ხალხი დაესწრო გასვენებას, ვერიკო ანჯაფარიძე ლექსებს კითხულობდა. მარჯანიშვილის მუზა კინოში - ნატო ვანაძე კი, თავის რეჟისორს ვერ დაემშვიდობა - მღელვარებისა და მწუხარებისაგან სიტყვა ვერ წარმოსთქვა. მარჯანიშვილის „ამოკსა“ და „კრაზანაში“ ნატო ვაჩნაძე ბრწყინავდა, ამ კადრების ნახვისას, დაჯერება გიჭირს, რომ ეს ფილმები 20-იან წლებშია გადაღებული. მარჯანიშვილი გადაღებებზე ყველა დეტალს პირადად ამოწმებდა, კედლის მხატვრობასაც, ჩაჭედებულ ლურსმანსაც, ყვავილებსაც და ტანსაცმელსაც კი. ასე იყო თეატრშიც. ეს იყო დაულეველი ენერგიისა და ემოციის კაცი. ამბობენ, კოტე მარჯანიშვილის ფერფლი რუსთაველის გამზირზე გაიფანტაო. თურმე, სანამ ოპერის ბაღში დაასვენებნენ, ვიდრე რუსთაველზე მიჰქონდათ, ურნა ხელიდან გაუვარდათ და ფერფლის ნაწილი ქუჩაში გაიფანტა. არის ამაში რაღაც ამოუცნობი და მისტიკური. 


-    რაც შეეხება სანდრო ახმეტელის უკანასკნელ დღეებს?
-    მარჯანიშვილის შემდეგ, ახმეტელი ჯერ კიდევ შემოქმედების მწვერვალზე მყოფი,  რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, შემდეგ მოსკოვში დაიჭირეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და 222 დღიანი წამების მერე, 1937 წელს დახვრიტეს (ეს მასალები პირველად მე ვიხილე სუკ-ის არქივში და გამოქვეყნება დავიწყე). 1926 წლიდან, რაც მარჯანიშვილისა და ახმეტელის გზები გაიყო, მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ და არც ერთიმეორის სპექტაკლებს დასწრებიან, თავიანთ მსახიობებსაც უშლიდნენ სპექტაკლების ნახვას. ახმეტელი ამბობდა, რომ უბრალოდ, მათი შემოქმედებითი გზები გაიყო, თორემ მარჯანიშვილთან პირადი მტრობა არ ჰქონდა. ეს ასეც იყო. ახმეტელმა გაცილებით ნაკლები იცოცხდა, ვიდრე კოტე მარჯანიშვილმა, დახვრეტის დროს ის 51 წლის იყო, ხოლო მარჯანიშვილი 61 წლის გარდაიცვალა. მაშინდელი თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის დოდო ანთაძის ინიციატივით, 1964 წლიდან მისი ფერფლი მთაწმინდაზე გადაასვენეს, ხოლო ახმეტელის საფლავი არ არსებობს, სხვებთან ერთად, ისიც ზახარ შაშურკინის მსხვერპლია და უსაფლავო მიცვალებული. მთაწმინდაზე მხოლოდ ახმეტელის სიმბოლური საფლავია. 
გარდაცვალების დღიდან კოტე მარჯანიშვილს თუ ხოტბას ასხამდნენ მისი მოწაფეები, ახმეტელის შესახებ ლაპარაკი კარგა ხანს აკრძალული იყო და პირველი, ვინც მისი რეაბილიტაციის ინიციატივა გამოიჩინა, დედაჩემი, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძე იყო - თვითონაც რეპრესირებული, რომელიც 1937 წლის 12 დეკემბერს, მშობლების დაპატიმრების შემდეგ, სამშობლოს მოღალატეთა ოჯახის წევრობის ბრალდებით - ჯ ერ კიდ ევ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, თ უ მცა, 1945 წლამდე საქართველოში ვერ დაბრუნდა. შემდეგ დაამთავრა უნივერსიტეტი დ ა მუშაობა დაიწყო თეატრალურ ინსტიტუტში. სამწუხაროდ, მისმა ყოფილმა სტუდენტმა, პარტორგანიზაციის წევრმა ევგენია პოპოვამ (ქართლელი), რომელიც ნაწყენი იყო იმის გამო, რომ შვანგირაძემ მას სასურველი ნიშანი არ დაუწერა, დევნა დაუწყო _ სტუდენტებს გადასახლებული ლექტორი ასწავლისო. რექტორმა მიხეილ კვესელავამ ახალგაზრდა პედაგოგ ნინო შვანგირ აძეს საკუთარი განცხადებით წასვლა ურჩია. ეს საკითხი ინსტიტუტის ღია პარტიულ კრებაზე გაიტანეს. დედა დაიცვა სტუდენტმა გურამ პატარაიამ. ეს მისი მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო, ვინაიდან სულ ცოტა ინსტიტუტიდან გარიცხვა ემუქრებოდა. კალინინის რაიკომის მდივანმა კარანაძემ უთხრა - სტუდენტი რომ არ იყო პასუხს გაგებინებდითო.


პოპოვას ინტრიგნულ კრიტიკას ვერც რეპრესირებული მშობლების შვილი, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე გადაურჩა, თუმცა, მას ინსტიტუტი არ დაატოვებინეს. 

bottom of page