
„მა როს“ ვნება...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

05.03.2026
ვალერი ოთხოზორია
„მაროს“ ვნება...
„მარო“ - ასე ქვია მარო მაყაშვილის დღიურებით ინსპირირებულ წარმოდგენას, რომლის რეჟისურა, მხატვრობა და ქორეოგრაფია ტატო გელიაშვილმა და თათა თავდიშვილმა იტვირთეს თავიანთ თავზე, მიხეილ ზაქაიძის მუსიკალური გაფორმებით. წარმოდგენის ტექნიკური რეჟისორი სოფო ორჯონიკიძეა, ხოლო მსახიობები მირიან კოხრეიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ნინო ნოზაძე, გიორგი ყიფშიძე, შაკო ჩალაგაშვილი და ლუკა ჩიბუხაია არიან.
პროექტი „ბიენალე კოლეჯეს“ ახალგაზრდული კონკურსის 2024/25 წლის გამარჯვებულია. ამ წარმოდგენით ფესტივალი „საჩუქარი“ დასრულდა, და ამ წარმოდგენას გარკვეული ინტრიგით ელოდნენ, რადგან არ იცოდნენ, „რა გამოვიდოდა“. სპექტაკლზე შესვლის წინ, ნაცნობმა მითხრა - „გამოსულა, კმაყოფილები არიანო“...
წარმოდგენის ნახვის შემდეგ, ვერ ვიტყოდი, რომ ის „გამოვიდა“. ხოლო რა გამოვიდა, ერთად განვიხილოთ...
ამ წარმოდგენის მიმოხილვა ჩემთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ნაკლოვანებები იმ სიმპტომატიკის გამოხატულებაა, რომელიც ქართულ თეატრს სახადივით შეჰყრია და თითქმის სინდრომად ექცა...
კერძოდ, არსებობს ქართულ თეატრში გარკვეული - ხაზს ვუსვამ, გარკვეული, და მადლობა ღმერთს, არა დომინანტური! - ტენდენცია, რწმენა თუ სურვილი, მე უფრო ვიტყოდი - ბრმა ვნებით ნაკარნახევი „აქსიომა“: მაღლა აწეული ფეხი, ძლიერი ქშენა, კედელთან მიჯახება ან ყვირილი თავისთავად ფასეულ მოვლენად მიიჩნიონ... მაგრამ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ ის ბანალური ჭეშმარიტება, რომ ფიზიკური თეატრის ნებისმიერი ელემენტი, თავისთავად, იმაზე აზრიანი და ფასეული როდია, ვიდრე წყლის მოტანილი და ნაპირზე გამორიყული (თუკი გამორიყვა ეღირსა!) ნაფოტი... ტატო გელიაშვილისა და თათა თავდიშვილის ნაფოტებს კი გამორიყვა არ ღირსებიათ, ტივტივებდნენ და ტივტივებდნენ მღვრიე წყალში, და ეხლებოდნენ ხან რას და ხან რას, და რა თქმა უნდა - ერთმანეთსაც...
მეორე, კიდევ უფრო მომაკვდინებელი მალემრწმენობა დღევანდელ ქართულ თეატრში - აქაც, ვიმეორებ, ეს გარკვეული და არა დომინანტური ფაქტორია, მადლობა ღმერთს! - უკავშირდება შემდეგს: ჯერ ერთი, თავს იჩენს მგზნებარება მაინცდამაინც წაეტანონ, წაეპოტინონ და მოეჭიდონ რაღაცას საკრალულს, სამსხვერპლოსა და სისხლიანს, და რომ წაეტანებიან, შემდეგ ამ მომენტის სცენაზე გამოტანა თავისთავად სენსაცია ჰგონიათ! მეგობრებო, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ვისაც უძვირფასეს ცრურწმენას დაგიმსხვრევთ: ეს სენსაცია კი არა, შეიძლება პროფანაცია იყოს! ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილე, კრძალვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ჰმართებთ ხელოვანებს, რომლებიც ისტორიული ტრაგედიის, ამავე დროს წმინდა და საკრალური რომაა, რეკონსტრუქციას (რეპრეზენტაციას) ეცდებიან... ნებისმიერი რეპრეზენტაცია რომ აპრიორი პროფანაციაა, ეს უკვე ასი წლის წინათ, დიდებულმა ანტონენ არტომ გვითხრა და მთელი ხმით ყურში ჩაგვძახა...
მაგრამ გვესმის კი, ოდნავ მაინც, ანტონენ არტოსი?! - ეჭვი მეპარება.
თუკი არტოსი არ გვესმის, მაშ, ვისი გვესმის?
„იმ რეალობაში, რომელშიც დღესდღეობით გვიწევს ცხოვრება, აუცილებელია, რომ შემოქმედება თავისი შინაარსით გახდეს ბრძოლის იარაღი იმ ხიდჩატეხილობის ამოსავსებად, სადაც საზოგადოების აზრი ორად იხლიჩება.
ქართველობის იდენტობა ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებულია, რაც აცლის ფუნდამენტს საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი კულტურული ღირებულების რეალურ არსს. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებს და გახდეს ქმედითად დაუზოგავი, ნამდვილი, ხელშესახები.
ჩვენი წინაპარი მარო მაყაშვილი, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ახალგაზრდა ქართველი პატრიოტისა. ერთი შეხედვით მისი საქციელი ნაივურია თუმცა, მეორეს მხრივ ძლიერი სიყვარულის და ბრძოლის მკაფიო მანიფესტია“.
ასეთია ორი ახალგაზრდა შემოქმედის განაცხადი „მაროს“ დადგმისთვის. გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, თქვენ ის მითხარით, შინაარსობრივად თუ გამოიტანეთ მკაფიო აზრი ამ განაცხადიდან.
„ბრძოლის იარაღში“ ალბათ „საშუალება“ იგულისხმეს (იარაღებითა და ბრძოლებით, მე რამდენადაც ვიცი, ხიდებს ანგრევენ...), რაც შესანიშნავი განზრახვაა; მაშ, ბატონი ტატო და ქალბატონი თათა უდიდესი პრობლემის - საზოგადოებრივი აზრის ორად გახლეჩისა და ხიდჩატეხილობის „ამოვსებას“ (ამოვსებულს წყალი წაიღებს, აქ აშკარად სხვა სიტყვა, სხვა ზმნა გვჭირდება...), ანუ გადაჭრას ისახავენ მიზნად, თანაც თავიანთი „მაროთი“... ვნახოთ, როგორ „ამოავსეს“ მათ ეს პრობლემა...
მეორე, ანდა პირველის საფუძველპრობლემა, რომელთან გამკლავებასაც ასევე მიზნად ისახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანი, „ქართველობის იდენტობის“ „ხშირად ჭარბი რომანტიზირებით დამახინჯებაა“... ხშირად, ის ფრაზები, რომლებსაც პირველად დაწერ, უნდა გადაწერო, რომ მიხვდე, რამდენად მახინჯია თავად ფრაზა და დამახინჯებულია ამ ფრაზაში ნაგულისხმევი აზრი...
„თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა უნდა გაცდეს აღმატებულ ფრაზეოლოგიზმებსო“ - გვეუბნებიან, და ალბათ სწორედ ამ მისიამ განაპირობა, რომ მარო სპექტაკლში „მარო“ მხოლოდ ერთი მცირე აბზაცის ხელა მონოლოგს ამბობს დასაწყისში (რომელსაც ისე ამბობს, რომ მკაფიოდ არ ისმის, და თუკი აბსოლუტური სმენის მქონე მავანმა გაიგონა, ვერ დაიმახსოვრა...), და მერე ვუცქერთ 50 წუთის განმავლობაში „ბრძოლას“, დაცემას, ადგომას, დაცემას, ადგომას, განუწყვეტლივ ქშენას, ცოცხალ მაროს, თოჯინა მაროს, ზეწარს, და ბოლოს - მარცხენა კედელზე მსახიობების დატაკებას - იმედი მაქვს, ჩაწვდით მეტაფორას, გადავლახოთ კედელი, შევძლოთ შეუძლებელი, გავთავისუფლდეთ, და ა.შ. - და მარჯვენა კედელზე მსახიობების დატაკებას... - არა! ვერ გადავლახეთ! ვერ გავიმარჯვეთ! მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ! თავი გავწირეთ! არაფერი არ დაგვიზოგავს, რაც კი შეგვეძლო!... და ა.შ. ხიდჩატეხილობა არა მგონია ამით მოისპოს, მაგრამ იმედი მაქვს, არცერთ მსახიობს არაფერი მოტყდა...
მარო მაყაშვილის პერსონა არა მხოლოდ ისტორიული და ტრაგიკულია, არამედ სარკალურიცაა. როგორც ჟანა დ’არკი არ არის მხოლოდ ისტორია და მხოლოდ მსხვერპლშეწირვა. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ახალგაზრდა ქალიშვილს და ამ ქალიშვილის კეთილშობილურ, ამაღლებულ, იდეალურ რწმენას, და ამ რწმენისათვის თავდადებას... როგორც ანტიგონეს შემთხვევაში... თუ თეატრის ენაზე ვიტყვით, როგორც ჟანა დ’არკის, ასევე მაროს არქეტიპი ანტიგონე და თუ გნებავთ, ასევე, იფიგენიაა... მაგრამ როცა დგამ ნაციონალურ დრამას, აშკარად საკრალურს ეხები. და ეს წარმოდგენა, ჩემი აზრით, - ეს იყო სწორედ უდიდესი ნაკლი „მაროსი“ - დაცლილი იყო საკრალურისგან, და ჩვენ სცენაზე მივიღეთ ხელოვნურად დადგმული ვნება... რაც სამწუხაროა, თავისთავად.
მამარდაშვილი ამბობდა: მხოლოდ იმის სურვილით, რომ შემიყვარდეს, ვერ შემიყვარდება...
სტრუქტურულად, სპექტაკლი მცირე მონოლოგია დასაწყისში, და შემდეგ - ქორეოგრაფია მძაფრი სახის ემოციებითა და გახშირებული სუნთქვით, რასაც თან ახლავს ხმები, ამოძახილები, შეძახილები, რომლებიც ჩემი განცდით ხელოვნურია და ჩაფიქრებულ ეფექტს არ ახდენს. მთელი სპექტაკლი კომპილაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ორგანული და ავთენტური პერფორმანსისა.
წარმოდგენა დატვირთულია სიმბოლიზმით. ვიდრე სპექტაკლი დაიწყება - მე წინ ვიჯექი, პირველ რიგში, - რამპაზე დალაგებული ტყვიის პატრონებს ვხედავთ, რომლებშიც ლურჯი იები აწყვია. შესანიშნავი მეტაფორაა! მაგრამ ამავე დროს ბანალური... თუმცა, ეს პოეტური კონტრასტი შთამაგონებელი და დასაფასებელია. შემდეგ, სპექტაკლში ჩნდება გამჭვირვალე ჩემოდანი (ქეისი), რომლის ერთი მხარე სავსეა გადასახვევი ე.წ. „ბინტით“, მეორე მხარე კი - კვლავაც ლურჯი იებით.
მსახიობები ჯერ მოთეთრო კოსტუმებში არიან, შემდეგ მაღლიდან ეშვება ლურჯი მოსასხამები, რომლებსაც მსახიობები იცმევენ. მეტაფორა გასაგებია, მაგრამ ერთი და იმავეს ზედმეტად ბევრი გამეორებაა და განცდა გამიჩნდა, რომ ხუთი წლის ბავშვისთვის დადგმულ სპექტაკლს ვუყურებდი, და მეც ხუთი წლის ბავშვი უნდა ვყოფილიყავი...
ტექნიკური თვალსაზრისით, კოსტუმების დაკიდება მეტალის ჯოხიან ტროსებზე, მათი ჩამოსვლა და ასვლა, და ასე ჰაერში გამოკიდება ცარიელი, მეტალისჯოხებიანი ტროსებისა, მიჩენდა პრიმიტიული გადაწყვეტის შთაბეჭდილებას („ჭუჭყის“ დამამცირებელი შეგრძნება, როდესაც მაყურებელი ხარ...). წარმოდგენის ვიზუალური მხარე ამ და სხვა ასპექტების გათვალისწინებით საკმაოდ „ჭუჭყიანი“ იყო, რამაც ცხადია, ჩემში, როგორც მაყურებელში, უსიამოვნო გრძნობა აღძრა და მიმანიშნა რეჟისორების მოუმზადებლობაზე...
საბოლოო ჯამში, რა მოგვცა „მარომ“? გვაჩვენა როგორ დაიხოცნენ კადეტები მაროსთან ერთად? გვაჩვენა, როგორი მძაფრი და შეუპოვარი იყო ეს ბრძოლა? ეს ხომ ისედაც ვიცოდით? რა საჭირო იყო ამის ასე ხელოვნურად, ბრტყლად და ერთობ „ცარიელა“ დადგმა? მეზიზღება პატრიოტიზმის პროპაგანდა და დემაგოგია.
მსახიობები, რაც მართალია - მართალია, ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ განა, ეს საქმეს შველოდა?... ოფლი მსახიობების სახეებსა და ტანებზე, და მათი დაქანცვა, ბევრს ვერაფერს შესძენს ხელოვნებას... ძალიან არადამაჯერებლები იყვნენ გოგოები, ან როგორ არ იქნებოდნენ, როცა სპექტაკლს პრაქტიკულად კონცეფცია არ აქვს?! დამდგმელნი არ ჩაძირულან ამ თემაში... „წინააღმდეგობა“ არ არის თემა. წინააღმდეგობას აქვს თავისი პეიზაჟი და ლანდშაფტი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ...
ეს იყო უფრო რეპრეზენტაცია, დაახლოებით იმგვარი, უნივერსიტეტის სტუდენტები რომ რეფერატს „ფავერფოინთში“ წარადგენენ... ყველაზე დიდი „ქრინჯი“ კი ერთ-ერთი „მაროს“ გამოსვლა იყო მაღლა აწეული მკლავებით, როცა ორივე ხელით ტყვიების ასხმა - ჩურჩხელებივით! - უჭირავს და ნაბიჯ-ნაბიჯ ყრის ამ ასხმის დეტალებს... ალუზია ყურძენზე/ვაზზე?! და მერე?!... ერთი სიტყვით, მათი „მარო“ ბანალური მათარით მოითხუპნა...
და მარო-თოჯინაზე რაღას ვიტყვით? იდგა თუ არა თოჯინის აუცილებლობა ამ სპექტაკლში? არ იდგა. ყოველ შემთხვევაში, თოჯინა ამ წარმოდგენაში არაფერს განსაკუთრებულს არ ახდენს. მაშ, რატომ გამოიყენეს? რა თქმა უნდა, სპექტაკლის შესავსებად, პლუს ერთი ელემენტი... რა კარგია!...
როცა აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსანზე“ ლექციებს რუსებს უკითხავდა, ილიამ მასზე კრიტიკული წერილი დაწერა, რომელშიც აკაკის ამ შედევრის გაპრიმიტიულებას საყვედურობდა... იგივე საყვედური შემიძლია ვუთხრა ტატო გელიაშვილსა და თათა თავდიშვილს.
ჩვენ უკან საბჭოთა წარსულია, როცა ბანალურად და ბრტყლად შეიძლებოდა დაგედგა, დაგეწერა, გელაპარაკა და გემტკიცებინა მარქსიზმ-ლენინიზმი მთელი თავისი აბსურდით, როგორც მტკნარი ჭეშმარიტება. და ამაზე ყველა ტაშს უკრავდა, რადგან ყველას ტაში უნდა დაეკრა! ასეთი იყო წესი, კანონი, ვალდებულება.
დღეს, საქართველოში ნაციონალური ეპოქაა, და ნებისმიერი ნაციონალური მოტივი წინასწარ მიღებულია, როგორც მარქსიზმ-ლენინიზმი საბჭოთა კავშირში. მაგრამ კარგმა ხელოვანმა ამით როდი უნდა ისარგებლოს და დათვურად გამოიყენოს ის, რაც მის ფესვებშია... როცა პატრიოტულ მოტივს იღებს, ასმაგად დიდი ხელოვანება გმართებს, რომ „მარქსიზმ-ლენინიზმი“ არ გამოგივიდეს. დარბაზში ტაშით და თვალებზე ცრემლით მე ვერ მოვტყუვდები. მე ვხედავ იმას, რასაც ვხედავ, და ვამბობ იმას, რასაც ვხედავ.
„პაკლონზე“ გამოსული ტატო გელიაშვილი უზარმაზარი, გამჭვირვალე სათვალით წარმოგვიდგა, რომელსაც შეგვიძლია „კოსმიური სათვალეც“ ვუწოდოთ... ჩაცმულობა მართლაც ავანგარდული ჰქონდა, „ჰიპსტერული“: „ღრუბელი შარვალში“...
ერთხელ, მერაბ მამარდაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა ტატუები, განსხვავებული („ჰიპური“) თმის ვარცხნილობა, საყურეები ან პირსინგები, რაზეც მამარდაშვილმა მიუგო: ამდენი დრო რომ დამეთმო საკუთარი ტუალეტისთვის - თუმცა, ყველასათვის ცნობილია, რამდენადაც უყვარდა ჩაცმა-დახურვა ამ ფილოსოფოსს! - მაშინ ფილოსოფიისთვის დრო აღარ დამრჩებოდაო...
არ მინდა ესთეტიკურ ფაშიზმში ჩამეთვალოს, მაგრამ ბატონ ტატო გელიაშვილს ვეტყოდი, - მამარდაშვილს მიჰბაძოს, როცა შემდეგი სპექტაკლებზე იმუშავებს (ისევე იღვაწოს სპექტაკლისთვის, როგორც საკუთარი ჩაცმულობისთვის!).
არც მაროს თემა, და არც სხვა წამებულისა, ერთი ხელის მოსმით არც ასაღები და არც დასადგამი არ არის. გასაგებია, რომ ყველა სპექტაკლი და წარმოდგენა ერთნაირად წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ მეორეა დამოკიდებულება, რომელიც საკითხის/მოვლენის მიმართ გვაქვს... როცა იმგვარად ხსნი შენს კონცეფციას, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატა მოწმობს, მაშინ წინასწარ იდეოლოგიის ტყვეობაში ხარ. არ შეიძლება ენჯეო-ენა მარო მაყაშვილის ტრაგედიას მიწვდეს. უბრალოდ ვერ მიწვდება. მარო გაცილებით მაღლაა, თითქმის იქ, სადაც ენაც კი ვეღარ ადის... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაუთავებელი „ბრძოლა“, რომელიც უბრალოდ გამეორებაა ერთი ბანალური იდეისა, სადმე შორს წაგვიყვანს...
ჩვენმა ორმა ხელოვანმა აშკარად ვერ დაძლია იალბუზი. წარმატებას ვუსურვებ მათ შემდეგი მცდელობისას!
P.S. კიდევ ერთხელ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეცენზიის მიზანი ვინმეზე პიროვნული თავდასხმა როდია (ჩვენ საქმე არ გვაქვს პიროვნებებთან, მხოლოდ ავტორებს ვეხებით, რაც (ავტორი) საჯაროა და ხელმისაწვდომია). მეტიც, მისი მიზანი არც ჟანრის დაკნინებაა. როგორც სპექტაკლი თავისთავად, და როგორც ჟანრის რეპრეზენტაცია, „მარო“ არც თუ ისე ცუდი ნამუშევარია, რომელიც იმსახურებს იყოს რეპერტუარში და ჰყავდეს მაყურებელი. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ თეატრის კრიტიკოსი არ არის უბრალოდ სპექტაკლის მაყურებელი; თეატრის კრიტიკოსი სპექტაკლისა და მაყურებლის მაყურებელია; ესე იგი, თეატრის მაყურებელია. ამდენად, ეს რეცენზია წარმოშვა ამ პერსპექტივიდან მიმართულმა მზერამ; ჩვენ არა მხოლოდ სპექტაკლს ვუცქერთ, არამედ მაყურებელსაც, რომელიც სპექტაკლს უცქერს, და მისთვის სანახავს, და მისგან დანახულს ვაკრიტიკებთ. თუკი აქ რეჟისორების სახელები გაჟღერდა ყველაზე მეტად, ეს ბევრს არაფერს მეტყველებს, გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომ რეჟისორს მართებს ამ პერსპექტივიდანაც შეხედოს თავის ნამუშევარს (გეთანხმებით, ძნელია!).
დაბოლოს, როცა მაყურებელი ამდენად თვალთმაქცია, კრიტიკოსისგან ცინიზმი, თუნდაც ოდნავ აღვირახსნილი - თუმცა, ცინიზმი უკვე თავისთავში აღვირახსნილია, - არ უნდა გაგვიკვირდეს.