top of page

მწვანე კატის ამბავი 

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ვინ არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე_

მაია კიკნაძე                                                                

მწვანე კატის ამბავი 

ელის უილკის პიესა „მწვანე კატა,“ რომელმაც ევროპული  თეატრები მოიარა, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. პიესის სათქმელი, სიუჟეტური ქარგა და მასში  წამოჭრილი პრობლემები, რომელიც ამავე დროს ქართული რეალობაც არის, რუმინელი დრამატურგის პიესაში მკაფიოდ არის გადმოცემული.

შემთხვევითი არ არის, რომ პიესის ავტორი არ აკონკრეტებს ქვეყანას, მხოლოდ წარმოაჩენს სამოქმედო გარემოს, ადგილს, სადაც მოქმედება ვითარდება. სპექტაკლი თინეიჯერთა ცხოვრებას ეხება. აქ ყველაფერი ნამდვილია, პერსონაჟებიც და მათი  ისტორიებიც, მხოლოდ მწვანე კატის ამბავია გამოგონილი, რომელიც დამსხვრეული ილუზიის, განუხორციელებელი ოცნებების, რეალობიდან გაქცევის სიმბოლოდ წარმოგვიდგება. 

მოქმედება აქ და ამ დროს ხდება. ერთ პატარა ქალაქის გარეუბანში, ან მიყრუებულ უბანში, ბევრია  ნაცრისფერი უღიმღამო კორპუსები, მაღაზიები, პარკები და ძველი ქიმიური ქარხანა, რომელიც შესაძლოა  წამლავს კიდეც აქ მცხოვრებელთა ჯანმრთელობას. ამ უსახურ გარემოში გაზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც ამ გარემოს მსხვერპლნი არიან, უპერსპექტივობისა და წარუმატებლობისთვის არიან განწირულნი. სპექტაკლში რეჟისორი ბევრ საჭირბოროტო თემას ეხება, რაც დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს. ახალგაზრდების ცხოვრების წესი,   სოციალური ფონი, კლუბური ცხოვრება, ნარკოტიკი, რომლითაც  თავს „ირთობენ’’და  უპერსპექტივობის  განცდას  „იხშობენ,“ სპექტაკლში  მწვავედ არის გადმოცემული.    

რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა, დამდგმელ ჯგუფთან ერთად, რეალური გარემო შესთავაზა მაყურებელს. რეჟისორის პოზიცია მკაფიოა და გასაგები. თაობის სატკივარი, რომელიც თითოეული პერსონაჟის (ბიანკა-ნუკა ქევხიშვილი, რობერტი-სანდრო კახეთელიძე, დანი-გიორგი ქორიძე, როქსანა-თინათინ ნიკოლაიშვილი, ბუგი-ლადო ვაშაკიძე, ფლორი-ანანო შურღაია) ცხოვრებაში აისახა, სპექტაკლში განზოგადებულ სახეს იღებს, რაც სპექტაკლის მნიშვნელობას ზრდის და აქტუალობას მატებს.   

 „მწვანე კატა“ ნოდარ დუმბაძის სახელობის  მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დაიდგა. თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი  ხვთისიაშვილი, რომელიც არაერთი თეატრალური პროექტების ინიციატორიც გახლავთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს  დამწყებ რეჟისორთა  (და არა მარტო) მიმართ, ხელს უწყობს მათ და საშუალებას აძლევს  შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში, საკუთარი თავი გააცნონ ფართო მაყურებელს (მაგ. ამ ხელშეწყობის საშუალებით, გაიცნო მაყურებელმა რეჟისორი ნიკოლოზ  საბაშვილი). 

სპექტაკლის რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა,  მოქმედების ადგილი  მთელ სივრცეზე ფართოდ  გაშლილი ხის კიბეებით შეავსო, თუმცა მსახიობები  მაყურებელთა დარბაზის (შესაძლოა სასამართლოს დარბაზადაც მივიჩნიოთ) პირველ რიგსაც იყენებენ,  სადაც  მონაცვლეობით  განლაგდებიან ხოლმე და ერთმანეთს დაკითხვას უწყობენ.  აქ მოთხრობილი ამბავი თინეიჯერი გოგონას -ბიანკას მკვლელობის  ისტორიას ეხება. მთელი სპექტაკლი წარსულისა (ბიანკას სცენები) და აწმყო  (გამოძიება) დროშია გადმოცემული. ეს დროთა მონაცვლეობა, რომელიც თითოეულ ეპიზოდში კარგად იკითხება, საბოლოდ სპექტაკლის ფორმას ქმნის. ყველა დანარჩენი მუსიკა (კონსტანტინე ეჯიბაშვილი  ) განათება, ეკრანი, თუ რეკვიზიტი  ( სპექტაკლში  რეკვიზიტს მხოლოდ რამდენიმე ნივთი ქმნის: ბიანკას წითელი ქუდი, რომელსაც ერთმანეთში გაათამაშებენ, სცენაზე დადგმული 2 მიკროფონი, რომელსაც დაკითხვის დროსაც იყენებენ და წამლები, რომელსაც ბუგი ეტანება), მთლიანობაში არ ცვლის  სპექტაკლის სტილისტიკას.

სპექტაკლი სასამართლო პროცესს მოგვაგონებს, სადაც დიდი  ყურადღება დაკითხვის სცენებს ეთმობა. ტექსტში თუ პიესაში, (ტრადიციული გაგებით პიესასაც ვერ ვუწოდებთ)  წარმოდგენილი მონოლოგები (თარგმნა ანანო მირიანაშვილმა), რეჟისორმა შეცვალა, დაანაწევრა და დიალოგები  დაკითხვის ფორმას მოარგო. ახალგაზრდები, აქ გამომძიებლებიც არიან, რომლებიც საბოლოოდ „საქმეს ხსნიან“ და მკვლელობის შემზარავ  ამბავს  ამცნობენ მაყურებელს. სპექტაკლში მთავარი  პროცესის თანმიმდევრული  გადმოცემაა, სადაც თითოეული მოქმედი გმირი  სხვადასხვა ფორმითაა ( ბიანკას მეგობარი,  გამომძიებელი და შესაძლოა ეჭვმიტანილიც) ჩართული. გამოძიების პროცესში  იკვეთება პერსონაჟთა თვისებები, მათი სულისკვეთება და ინტერესი, დამოკიდებულება მეგობრის, მოვლენებისა თუ გარე სამყაროს მიმართ. 

სპექტაკლში სულ ექვსი პერსონაჟია და ყველას  მნიშვნელოვანი როლი აქვს. ცხოვრების წესიც ერთნაირი აქვთ და ზოგიერთ მათგანს ოჯახური მდგომარეობაც. მშობლების გულგრილობამ და მათმა  უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ  შვილების ბედის მიმართ, რასაც მოზარდები მტკივნეულად განიცდიან, ახალგაზრდების ქცევებზე იქონია გავლენა და მათში კომპლექსების გამოვლენასა  და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობისაკენ მიდრეკილებას შეუწყო ხელი.

ამ მხრივ განსხვავებულია  რობერტის მშობლები, რომლებიც მზრუნველი ადამიანები არიან. მათი  სურვილია, შვილის სანიმუშოდ გაზარდა, კარგი განათლების მიცემა და სხვა უბანში გადასვლა. შვილს ცხოვრებას ისე  უგეგმავენ, რომ ვერც კი აცნობიერებენ, დათვურ სამსახურს რომ უწევენ.  

სანდრო კახეთელიძის რობერტი, ერთი შეხედვით არ ჰგავს ამ უბნის მაცხოვრებელს, მას ამ გამორჩეულობას მისი ჩაცმულობაც  ანიჭებს  და მისი მოხდენილი გარეგნობაც, რომელიც გოგოებს მოსწონთ. მსახიობი სანდრო კახეთელიძე თავიდან წარმოგვიდგენს  გმირის სწორხაზოვან ხასიათს, მაგრამ ბიანკას მკვლელობა მასზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მსახიობი კარგად წარმოაჩენს საფინალო მონოლოგს, სადაც გმირის „სხვა ხასიათი“ იკვეთება და ღირებულებების გადაფასების მცდელობა.  

სპექტაკლში, საინტერესოდ არის წარმოდგენილი, დანისა და ბიანკას ფინალური სცენა,  რომელშიც   მთელი დრამატიზმია გადმოცემული. მკვლელი და მსხვერპლი სასეირნოდ გორაკზე მანქანით მიდიან, როგორც შეყვარებულები. ორივე ბედნიერი ჩანს, ვინაიდან არ იციან რით დამთავრდება მათი ისტორია.   სცენის კედელზე რეჟისორი ეკრანზე პროექტორის საშუალებით აჩვენებს გზას, რომელიც სადღაც მიქრის, თუმცა სად არ აკონკრეტებს და მაყურებელს უტოვებს წარმოსახვის საშუალებას. შესაძლოა ეს გზა საბოლოოდ უფსკრულში მიექანება.. 

 გიორგი ქორიძის დანი ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ახალგაზრდაა, თუმცა თავისი ცხოვრების სიმძიმით, მაინც სხვებისგან გამორჩეულია. მას არ მოსწონს საკუთარი ცხოვრება, შესაძლოა ეზიზღება კიდეც, ამიტომაც ქმნის  ახალ რეალობას, სწორედ მის სახელს უკავშირდება მწვანე კატის გამოგონილი ამბავიც, რომელსაც თავის დასამშვიდებლად  წარმოიდგენს ხოლმე, თუმცა გმირი საბოლოოდ ვერ ახერხებს რეალობიდან გაქცევას. გალოთებულმა მამამ, შვილის ახალგაზრდულ ფსიქიკას  ისე დაასვა დაღი, რომ დანიმ ვერც კი შეამჩნია, როგორ გახდა მოძალადე. შესაძლებლობა რომ ჰქონოდა მამას უსათუოდ დაახრჩობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში  არყისაგან გაბრუებულ ბიანკას წვდა ყელში და დანაშაულის დასაფარად კანალიზაციის მილებში ჩააგდო. დანი სპექტაკლში ყველაზე რთული როლია, სწორედ მასზე აგებული სპექტაკლის იდეაც და მთავარი სათქმელიც.  მსახიობი აშკარად ცდილობს წარმოგვიდგინოს გმირის ფსიქოლოგიური ხასიათი, რომელსაც მეტნაკლებად ახერხებს კიდეც, თუმცა ამ მხრივ მეტი მუშაობაა საჭირო. ხასიათის ფსიქოლოგიური გახსნა, დაფარული ვნებების გადმოცემა, უფრო გამოცდილ მსახიობებსაც უჭირს.

ბიანკას როლის შემსრულებელი  ნუკა ქევხიშვილი,  გართობის მოყვარული ახალგაზრდაა, სწორედ მას აცვია კატის გამოსახულებიანი მაისური, რასაც დანიმ ყურადღება მიაქცია.    სიყვარულში იმედგაცრუებულ გოგონას უნდა, რომ ის უყვარდეთ, ამიტომ ადვილად შეუძლია  უცხო ბიჭს გასასეირნებლად გაჰყვეს. მსახიობი  ქევხიშვილი მთელი სპექტაკლის მანძილზე ახერხებს ქარაფშუტა გოგონას ხასიათი წარმოჩინოს, დანისთან სცენაში კი მისი სამსახიობიო შესრულება უფრო დამაჯერებელია და უკეთ არის წარმოდგენილი.  იქნება ეს  დიალოგის აგება, თუ სხვადასხვა განცდების (მაგ.შიშის)  გადმოცემა, რომელიც მსახიობის მიერ ბუნებრივად არის შესრულებული.

ბიანკასგან განსხვავებული ტიპაჟია მისი და, ანიკო შურღაიას  ფლორი, რომელიც დაზე გაცილებით  სევდიანია. მსახიობ  ანიკო შურღაიას შესრულება, სპექტაკლში ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ანიკო შურღაიას მეტი საშემსრულებლო პოტენციალი გააჩნია. მსახიობის დრამატული ბუნება, განსაკუთრებით კარგად იკვეთება მისი გმირის ცრურწმენაში. მამისაგან მიტოვებული ფლორი, მამის დაბრუნების იმედით, შოკოლადით „რიტუალს“ ატარებს, მაგრამ ამავე დროს  ცრურწმენის წყალობით, მოსვენებასაც კარგავს, ვინაიდან  თავისი დის სიკვდილში, დანაშაულის განცდა აქვს.

 ბიანკას მეგობარი როქსანა თინათინ ნიკოლაიშვილის შესრულებით, მეგობრის მოყვარული და მისი ერთგულია, მსახიობი ბუნებრივად გადმოსცემს  იმ განცდას, რასაც ბიანკას დაკარგვა, შემდეგ კი მისი მკვლელობის  ამბავი მასში იწვევს. ის დასამახსოვრებელია თავისი გარეგნობითაც, ვინაიდან ანგელოზის ფრთებს ატარებს.  ეს ანგელოზი, მისი და ბიანკას მფარველია, რომელიც შემდეგ სპექტაკლიდან ლოგიკურად ქრება.

ბუგი ლადო ვაშაკიძის შესრულებით, მნიშვნელოვანი როლია. ისიც გარემო პირობების მსხვერპლია. მას უყვარს ბიანკა, მაგრამ მისი სიყვარული უიმედოა. თუ დანისთვის მწვანე კატა, რეალობიდან მოწყვეტის საშუალებაა, ბუგი გაქცევას ნარკოტიკებით ცდილობს. მიუხედავად მისი „გადახრებისა“ რეჟისორი მას არ გვიხატავს, როგორც უარყოფით პერსონაჟს.   

მსახიობები ძირითადად ახერხებენ   სპექტაკლის სათქმელის ბოლომდე გააზრებას, მაყურებელში ემპათიის გამოწვევას, თუმცა ზოგჯერ მათი მოქმედება  არაერთგვაროვანია, ზედაპირული, არათანმიმდევრული და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მეტი მუშაობაა საჭირო.

 სპექტაკლის ფინალში ახალგაზრდების განწირული ყვირილი ისმის... ეს თაობის კივილია..რომელსაც ყურის მიგდება სჭირდება. 

სპექტაკლი ბევრ კითხვას უსვამს საზოგადოებას,   კითხვები უჩნდება მაყურებელსაც.  სპექტაკლი არ არის დიდაქტიკური და არავის ასწავლის ჭკუას. რეჟისორი მხოლოდ  მაყურებელს,  გვერდიდან ჭვრეტის საშუალებას აძლევს, რათა  დაფიქრდეს, გაიაზროს თუ რატომ ყვირიან ახალგაზრდები...

bottom of page