
მექანიზმი არის ხმა და მოძრაობა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანი ცხვედაძე
მექანიზმი არის ხმა და მოძრაობა
ყოველი ადამიანის გულისცემა რიტმული ხმოვანებაა, რომელიც განუწყვეტელ ცირკულირებაშია და სიცოცხლის უმთავრეს ნიშანს წარმოადგენს.,
ისევე, როგორც სამყაროში აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთზე გავლენას ახდენს, ვიბრაციულ სიხშირეებთან ზემოქმედებს და ბგერებად გენეზისდება არაერთგვაროვანი საგნების ერთმანეთზე შეხებით გამოწვეული <ხმაური>.
ქალაქის თეატრის სცენაზე წარწერა დაგხვდებათ - „Mechanism is sound and movement / მექანიზმი არის ხმა და მოძრაობა“, რომელსაც იდეის ავტორი და რეჟისორი ნიკა კოხრეიძე ქმნის; ქორეოგრაფი: მიშა ზაქაიძე. მონაწილეები: გიგი კობერიძე, მიშა ზაქაიძე, თეონა წიწაკიშვილი, ნიკა კოხრეიძე, ჯონათანი რასელი და ზუკა პაპუაშვილი.
„მექანიზმი“, სწორედ ხმისა და მოძრაობის ურთიერთკავშირს იკვლევს, სადაც სხეულისა და ყოველდღიური საგნების შეხებით - წარმოიქმნება რითმული კომბინაციები...
შთამბეჭდავად აწყობილი „მექანიზმის“ ქორეოგრაფიული ხმოვანი რიტმულობა ხარისხიან საშემსრულებლო პროდუქტად აღიქმება, უმთავრესად იმიტომ, რომ მონაწილეები შესანიშნავ სინქრონს ქმნიან პერფორმანსის თითოეულ ფრაგმენტში;
რითმულ-მელოდიური კომბინაციების აბსოლუტური უნისონია, მხოლოდ სხეულზე საგნების ზემოქმედებით მიღწეული, პერფორმერების სხეულების თანაბარზომიერი მოძრაობებით, სადაც უმნიშვნელო ლაფსუსსაც ვერ აღმოაჩენთ და საიდანაც არამონოტონური ხმოვანი რიგის მთელი არსენალი მოედინება.
„მექანიზმი“ კიდევ ერთხელ გათამაშდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, ეთნიკურად მრავალფეროვანი აუდიტორია იყო ზედმიწევნით ‘ჩართული’ და ინტერაქციული წარმოდგენის მსვლელობისას.
ე.წ. “ტაშის დაკვრის“ რიტმულ მონახაზში პუბლიკის ჩართვა თავად სცენაზე მდგარი პერფორმერების არაძალადობრივი ერთგვარი ინიციატივაა, რომელზეც ისევე სხარტად რეაგირებს მაყურებელთა უმრავლესობა, როგორი სხარტი მექანიკურობითაც ამოქმედდებიან ხოლმე >მექანიზმის< მამოძრავებელი ინსტრუმენტები;
მექანიზმის წარმომშობი პერფორმერები გზადაგზა იუმორნარევი ჟესტიკულაციებით გვახვედრებენ, რომ <მექანიზმის სტრუქტურა> ვერ იფუნქციონირებს მაშინ, თუკი მხოლოდ მისი ერთი ნაწილი იქნება აქტიური, საჭიროა მამოძრავებელ ინსტრუმენტებს შორის მუდმივმოქმედი კორელაციური კავშირი.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის სტრუქტურის შექმნაში მონაწილეობას იღებს თავად კონცეფციის ავტორი/რეჟისორი ნიკა კოხრეიძე, რომელიც პერმანენტულად და ირონიული სხეულებრივი ქმედებით - „მექანიზმიდან“ ამოვარდნილ ინსტრუმენტულ პწკარს განასახიერებს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლის ერთ საათიან ქრონომეტრაჟში.
უახლესი ქართული თეატრის ბოლო პერიოდის ნამუშევრებში ცალსახად იკვეთება შემდეგნაირი ტენდენცია, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ანტურაჟის და ამავდროულად სტრუქტურის ფაბულის შექმნაში თამამად მონაწილეობს, ასევე ფუნქციურად ნიშანდობლივ სეგმენტს ქმნის რეპრეზენტაციის მომენტში - სხვა მომიჯნავე სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები.
მაგალითად; თეატრის მსახიობის გვერდით პარტნიორობა არ უჭირს ჰიპ-ჰოპის პროფესიონალ მოცეკვავეს, მაშასადამე, ძალიან დემოკრატიულად ხდება სინთეზირებული პანორამის ავტორი - თეატრის <ტრადიციული მეპატრონეების-პროფესიონალი მსახიობების> გვერდით.
„მექანიზმში“ ყოფით საგნებად გამოყენებულია, მაგიდა, პლასტმასი, ბურთი, იატაკის საწმენდი ჯოხი და სხვა, რომელთა შეხებაც თვალშისაცემად რთულ რიტმულ-მელოდიურ არქიტექტონიკას ბადებს; ხმოვანი ბგერების <ატმოსფერული ლოგიკის> უმთავრესი მაპროვოცირებლები, ცხადია არიან სცენაზე მდგარი პერფორმერები, რომელთა სხეულზე ჩამოთვლილი საგნების შეხება ბადებს სწორედ უნიკალურ რითმულ კომბინაციებს, ხმისა და მოძრაობის ლოგიკურად უწყვეტ-ჰარმონიულ ჯაჭვს.
წარმოდგენის ექვსივე მონაწილე ასინქრონიზებს არაერთგვაროვან ატმოსფერულ სიტუაციებს; სხეულის დინამიკით, ქორეოგრაფიული ჩანართებით, ყოფითი ნივთებით გამოწვეული <ხმაური> ჟღერად და ატიპიურ პოლიფონიას ქმნის.
კედელზე ე.წ. პლასტმასის ჯოხებით დაკრული რამდენიმე წუთიანი კომპოზიცია, კლუბური მუსიკის აბსოლუტური და მშვენივრად მჟღერი ალუზიაა.
დამსწრე აუდიტორია ყოველგვარი მინორული ჟღერადობის გარეშე, ერთსაათიან მსუბუქ, ჰარმონიულ და ნატიფ ხმოვან-მელოდიურობას უსმენს და აღიქვამს; შესაბამისად, იმაზე მეტად თავდაჯერებული, მხიარული და ანტისკეპტიკური გამოდის მთლიანი ატმოსფეროდან, ვიდრე გარშემო არსებული რეალობაა!
წარმოდგენის პერკუსიული მანიპულაციები თავის მხრივ აპროვოცირებს მრავალფეროვან რიტმულ ფრაგმენტაციას; ეს კი არის - ერთგვარი არტ-თერაპიის საპირწონე ბალანსირებული აქტი.
როგორც ონტოლოგიურ, ისე მეტაფიზიკურ ველში <ხმა> წარმოადგენს სამყაროს რუდიმენტულ საწყისს; გრძნობისმიერსა და ირაციონალურს ერთდროულად.
მაგალითად: ნაცნობი-ალერსიანი <ხმა> ამშვიდებს ახალშობილსაც და ძაღლშიც იდენტურ მგრძნობელობას იწვევს, როცა ყეფას წყვეტს და მშვიდდება პატრონის ხმის გაგონებისას;
დეტერმინირებულად - ბგერითი-ხმოვანი ტალღების რიტმული ვიბრაციები მოძრაობასთან სინქრონიზებით - ქმნის გარესამყაროს მოდიფიკაციას!..
<მექანიზმი> არის სხეულის მოძრაობით გამოწვეული ხმოვან-რიტმული ენა, რომელიც ყველასთვის უნივერსალურად ნაცნობია და არ საჭიროებს სუბტიტრებს.