top of page

მე დავიკარგე, გთხოვთ, მიპოვნოთ

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

271604219_608556086915798_5818584533170600152_n.jpg

სოფო ხუნდაძე

მე დავიკარგე, გთხოვთ, მიპოვნოთ

რეჟისორებმა ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ, მარჯანიშვილის დიდ სცენაზე, 1967 წელს გადაღებული მხ. ფილმი „The Incident” გაასცენურეს. ფილმისგან განსხვავებით რეჟისორთა გადაწყვეტით მოქმედება პირდაპირ მეტროში იწყება, სადაც ტიპური, ყოველდღიური რუტინა თამაშდება თავისი ტრაგიკომიკური ელემენტებით. მგზავრების მყუდროებას ორი უსაქციელო ახალგაზრდა მამაკაცი არღვევს.

დარბაზში შესული მაყურებლის ყურადღებას სასცენო დეკორაცია იპყრობს (სცენოგრაფი: ლევან წულაძე). სცენის მიზანმიმართული შემცირება თავიდანვე ნათელს ხდის, რომ სპექტაკლი ავანსცენაზე გათამაშდება. მწკრივად ჩალაგებული რამდენიმე სკამი და რკინის კონსტრუქცია მატარებლის ვაგონის იმიტაციას ქმნის. სასცენო განათება კი თითქოს გიდის როლს ითავსებს, რომელიც მაყურებელს ხაზგასმით მიუთითებს, რომელ მოქმედებაზე გაამახვილოს ყურადღება. ჩემი დაკვირვებით, რეჟისორებმა ამ გადაწყვეტით სოციუმში არსებულ ფსიქოლოგიურ ინფანტილიზმზე მიუთითეს, რაც გულის ტკივილის მიუხედავად (რომელიც არა ერთ ინტერვიუში აღნიშნეს), ხაზს უსვამს მათ სარკასტულ დამოკიდებულებას არსებული პრობლემის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ტემპო-რიტმის შკალა დაბალანსებულია,  ფიცარნაგზე გათამაშებულ მიზანსცენებს, მეტ დინამიზმს მუსიკა (მუსიკალური გამფორმებელი: ზურა გაგლოშვილი) სძენს, რომელიც ინტერმედიულ ხასიათს ატარებს. დახვეწილი უეცარი მუსიკალური ჭრები, რომელიც მოიცავს ბოუვის, ჯიმი ჰენდრიქსის, ილინ ვუდსისა და ბახის კომპოზიციებს, მაყურებელს აიძულებს ემოცია აღუძრას, რაც ერთგვარი კათარსისის განცდას ბადებს. ეს კი თავის თავში მოიცავს ყოველდღიური რუტინის მიღმა საკუთარ თავში აღმოჩენილ ახალ პიროვნებას. ილინ ვუდსის სიმღერა „So this is love” სპექტაკლის მიმდინარეობისას ორჯერ მეორდება. მოცემული სიმღერის ტექსტი (არც ერთხელ) არ არის კავშირში სცენაზე არსებულ ძალადობასთან. ვფიქრობ, არსებული გადაწყვეტით რეჟისორებს სურთ რეალობას შევხედოთ არა ისე როგორც გვსურს, არამედ შევძლოთ რეალობის რეალური აღქმა.

სპექტაკლი მოგვითხრობს პერსონაჟების მხრიდან ძალმომრეობის მიმართ ბრმა მორჩილებასა და უმოქმედობისგან გამოწვეული ბოროტების პასიურად მიღებას. რეჟისორებმა, რეალისტურად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, დაგვიხატეს სოციუმის გაუცხოება სინდისის, მორალის, თანაგრძნობისა და მითუმეტეს გმირული საქციელის მიმართ. დიალოგები მოკლებულია ქვეტექსტებსა და ღრმა ნააზრევს. პერსონაჟები განზოგადოებულნი არიან. მათ არ აქვთს გვარები და სახელები. მათი არსებობითა, თუ არარსებობით გარშემო არაფერი იცვლება, ისევე როგორც მხ. ფილმის პრემიერიდან სპექტაკლის პრემიერამდე, თუ არ ჩავთვლით ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სიკეთეების არსებობას. ხუთ ათეულ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ადამიანთა ქვეცნობიერი დღემდე იმ იმედით საზრდოობს, რომ ვიღაც მათ მაგივრად წავა პრობლემის წინააღმდეგ და გამოიჩენს კეთილ ნებას, რომ გმირულად შეეწიროს გაბატონებულ უსამართლობას. ფიცარნაგიდან მსახიობები ყოველგვარი შელამაზების გარეშე საუბრობენ, რაც თემას მეტად სენსიტიურს ხდის. მხედველობაში მყავს მთავარი გმირები, მსახიობები: გიორგი ხურცილავა და პაატა პაპუაშვილი.

მსახიობებმა გიორგი ხურცილავამ და პაატა პაპუაშვილმა „სისასტიკის მშვენიერი“ ტანდემი შექმნეს. ჩემი დაკვირვებით, რეჟისორებმა მათ პირველ შემოსვლას დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს. ისინი ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერაზე ყვირილითა და რკინის კონსტრუქციებზე ხტუნვით ურღვევენ მყუდროებას მგზავრებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სარკასტული დამოკიდებულებით ეპყრობიან გარშემომყოფთ და იკვებებიან მგზავრების უსუსურობითა და უმოქმედობით. მათი თამაშის მანერამ მალკომ მაკდაუელისა (მხ. ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“) და ჰოაკინ ფენიქსის (მხ. ფილმიდან „ჯოკერი“) მიერ განსახიერებული როლები გამახსენა. მათი თითოეული ფრაზა დატვირთულია ირონიითა და ცინიზმით. პირდაპირ, უხეშად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გვეუბნებიან, კონფორმიზმით ადამიანები თვითონ ძალადობენ საკუთარ თავზე. ჩვენვე ვაძლევთ მოძალადეებს იმის უფლებას, რომ იძალადონ, იმიტომ რომ ასეთ მოცემულობაში სამყარო სხვანაირი ვერ წარმოგვიდგენია. ყველა შინაგანი კატაკლიზმი, რაც ადამიანს ემართება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისგან გამომდინარე ხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, თინათინ წულაძის ქორეოგრაფია, რომელიც ზუსტად გამოხატავს რეჟისორთა კონცეფციას. თითოეულ მოძრაობაში ემოციათა სრული კარნავალი იგრძნობა. სცენაზე ერთდროულად ვხედავთ სრულყოფილად შინაგანი ჰარმონიისა და ნაზი ბუნების გამომხატველ, მოძალადე, ბოღმითა და ზიზღით სავსე პიროვნებებს. ისინი უხმოდ, პლასტიკური ხაზით იმდენად მეტყველნი არიან, რომ მათი შინაგანი ექსპრესია მაყურებელში ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ განცდას იწვევს.

რეჟისორებმა პრობლემის კონცეფციის უკეთ წარმოსაჩენად სპექტაკლში ტრანსგენდერი ქალის პერსონაჟი დაამატეს. ჩემი დაკვირვებით, მსახიობ გიორგი (ჯაბა) კილაძის განსახიერებულ როლში არ იგრძნობა ემოციური მხარე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არა ორგანულია მისი მანერულობა. თითქოს სცენაზე გასვლამდე როლი უბრალოდ გადაიკითხა და ამაღელვებელ მომენტში, როცა განწყობა უნდა შეუქმნას მაყურებელს, მის მიმართ არსებულ ძალადობასთან დაკავშირებით, მსახიობი გადამეტებულად პათეტიკურია. თუმცა ყურადღებას გავამახვილებ ერთ მიზანსცენაზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს კულმინაციური მომენტის წინა პირობად. დამცირებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ვაგონში მყოფი პირები გამოსავალს ეძებენ, რის ფონზეც ჯგუფს გამოეყოფა ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მაყურებლის მიმართულებით იყურება და ხმამაღლა ამბობს, „გმირობა სისულელეა!“ ბოუვის მუსიკის ფონზე კი სამოსის გახდას იწყებს, იმ იმედით, რომ ცეკვით დაუსხლტება მოძალადეებს და მატარებელს გააჩერებს. მოცემულ მონაკვეთზე შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღწერილის ანტიდოტია. მსახიობის საშემსრულებლო მანერაში მათემატიკური სიზუსტით იგრძნობა  კაცური, მოუქნელი აღნაგობის მიღმა მყოფი ტრანსგენდერი ქალის შინაგანი სიმსუბუქე და დახვეწილობის სურვილი, რომლის გამოტანასაც გამომსახველობით ფორმაში ცდილობს. ჩემი დაკვირვებით, ჯაბა კილაძემ მოცემულ მიზანსცენაში ზუსტად მიაგნო არსებულ მუსიკალობას, ტემპერამენტს და ტემპო-რიტმს, რომელსაც ვიზუალური მხარის დახმარებით გადმოსცემს. შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ მიზანსცენაში მსახიობმა ბოლომდე გაიაზრა და შეისისხლხორცა რეჟისორების დასახული ამოცანა.

ნინო გაჩეჩილაძისა და ნიკა კუჭავას ტანდემი წარმოგვიჩენს მაღალი კლასის ადამიანებს. რეჟისორებმა პატარა ცვლილებები შეიტანეს მათ როლებში. ოჯახური კონფლიქტის ფონზე მაყურებელი ფემიციდის მცდელობის მომსწრე ხდება. მსახიობ ნიკა კუჭავას პერსონაჟი თავისი უსუსურობიდან გამომდინარე საკუთარი ცოლის (ნინო გაჩეჩილაძის) დახრჩობას შეეცდება, რასაც მოჰყვება ნინო გაჩეჩილაძის პერსონაჟზე სექსუალური ძალადობა მოძალადეების მხრიდან. აღნიშნული მიზანსცენა მსახიობების მხრიდან გააზრებულად, დაკვირვებით, ემოციათა სრული კასკადით იყო შესრულებული.

მოგეხსენებათ სტატისტიკის მიხედვით ქალთა მიმართ ძალადობა პანდემიის პირობებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. არსებული გადაწყვეტითა და პრობლემის წინა პლანზე წამოწევით რეჟისორთა ჩანაფიქრი ნამდვილად მისასალმებელია.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მოდერნისტულ, პოსტმოდერნისტულ და პოსტპოსტმოდერნისტულ თეატრს, ახასიათებს ციტირებები. რეჟისორთა გადაწყვეტით ნინო გაჩეჩილაძისა და თემურ კილაძის მიერ სპექტაკლში გათამაშებული რამდენიმე მიზანსცენა ზუსტი ასლია ფილმში გათამაშებული მოქმედებების. ეს ხაზს უსვამს, რომ რეჟისორები პოსტმოდერნისტული თამაშის პრინციპით მიმართავენ აქტიურ ციტირებას. ხოლო ჩემი რწმენით, სპექტაკლი ლიტერატურული ნაწარმოები არ არის, რომ კითხვის პროცესისას სხვადასხვა მოვლენებზე ყალიბდებოდეს პლურალისტური შეხედულებები. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რეჟისორები საკუთარი სპექტაკლებიდან იყენებენ ციტირების პრინციპს და უწინდელი მიგნებების ფონზე მიგვითითებენ კონკრეტულ ნიუანსებზე. ჩემი დაკვირვებით, რეჟისორების მხრიდან მსგავსი ქმედება მიუთითებს, რომ მათ ვერ გამონახეს ხერხი მიეგნოთ ახალი გამომსახველობითი ფორმებისთვის, რომელიც მსახიობებს ინდივიდუალიზმს არ დაუკარგავდა.

უშუალოდ სანამ ფინალზე ვისაუბრებ, ყურადღება მინდა გავამახვილო ნოდარ დოღონაძის პერსონაჟზე. აღნიშნული სპექტაკლის მიმდინარეობისას მას სულ რამდენიმე ფრაზა აქვს. ის ლოთია, რომელსაც ერთხელ ეღვიძება და ამბობს, მე დავიკარგე, გთხოვთ მიპოვნოთ! რაზე სურთ ამით მიგვანიშნონ რეჟისორებმა? არის კი არსებული ფრაზა იმის საპირწონე, რომ ვიგრძნოთ ადამიანებმა ჩვენი ბრალი გაბატონებული სისასტიკის გამო? უნდა ვეძებდეთ დამნაშავეს სხვაგან, თუ მოვიდა დრო, ჩავიხედოთ საკუთარ გულებში? ჩემი ფიქრით, ამ ფრაზაში დევს სპექტაკლის არსი, რომელიც ლაითმოტივად დაჰყვება მთელს სპექტაკლს.

ფინალური გადაწყვეტა მეტად საინტერესოდ შემოგვთავაზეს დამდგმელმა რეჟისორებმა. ნანატრი გმირის, მსახიობი ნოდარ ძოწენიძე, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ, მგზავრები იხსნა. ცხოვრება გმირულად, როგორც გენერალს შეეფერება, თავგანწირვით დაასრულა. სცენაზე კი ერთდროულად რამდენიმე სახარებისეული სურათი იშლება. მსახიობი ლიკა ქობულაძე მხატვრული აღმაფრენითა და შეიძლება ითქვას, პათეტიკური დატვირთვით გარდამოხსნის მხსნელს, რომლის ძირშიც მოძალადე, მსახიობი გიორგი ხურცილავას პერსონაჟი, უსულოდ გდია. მსახიობი ჯაბა კილაძე და პაატა პაპუაშვილი კი თითქოს პიეტას ქანდაკებას მოგვაგონებენ. ასევე აკვანში მწოლიარე ახალშობილი, რომელსაც შია და სცენის ცენტში, ჩანასახის ფორმაში, მწოლიარე ლოთი. ჩემი დაკვირვებით, არსებულმა გადაწყვეტამ დასასრულის გაგრძელება მაყურებელს მიანდო. რეჟისორებმა შექმნეს მსხვერპლთა და მოძალადეთა სახეები, რომელთაც მხოლოდ ერთი სტატუსი ძალადობა აერთიანებთ. არსებული სპექტაკლი ზუსტი მითითებაა საკუთარი ქმედებებით გამოწვეულ დანაშაულებრივი ტრაგიკული ფინალის. მომავალი ადამიანების ხელშია, გამოსავალი მხოლოდ სწორი არჩევანის გაკეთებაა. ღია დასასრული კი მაძლევს იმის უფლებას, რომ რეცენზია დავასრულო კითხვით, შეგვწევს კი ძალა დავდგეთ საკუთარ ეგოიზმზე მაღლა და ვიპოვოთ ჭეშმარიტება საკუთარ თავებში?!

bottom of page