top of page

მედეას შვილები დედის იავნანას ვერ მოისმენენ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_8389.jpeg

ანი ცერცვაძე

მედეას შვილები დედის იავნანას ვერ მოისმენენ

კოტე აფხაზის 4 ნომერში, თბილისის კამერულ თეატრში, იხილავთ ლუკა ბაზაძის მიერ ინსცენირებულ დრამას ერთ მოქმედებად. რეჟისორმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი აიეტის ასული, მედეა სამი დრამატურგის-ევრიპიდეს, პიერ კორნელისა და ჟან ანუის ტექსტებიდან ამოიყვანა, გააერთიანა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული ამბავი კოლხი ქალისა და ერთ ტრაგიკულ, ჰარმონიულ ისტორიად წარმოგვიდგინა. რთულია სამი მწერლის პიესით იხელმძღვანელო და ამასთან საკუთარი იდენტობა არ დაკარგო. ბაზაძემ კი ძალიან საინტერესოდ გაგვიცოცხლა უკვდავი მითი მედეაზე-ქალზე, რომელიც ელის მამაკაცს წარსულიდან, ოდესღაც მეუღლედ, რომ ეკუთვნოდა და შვილებს მამად ერგება, დღეს

კი უღალატა და მათი სარეცელი სხვა ქალს გაუზიარა. მედეა მოითხოვს სიკვდილს, ქმრის თანხმობით, რათა მან თავისი კვალი არამარტო იასონის სახელის გვერდით დატოვოს, არამედ მის სულშიც შავბნელ, ღრმა ლაქად დარჩეს. იგი შვილებს ბრძოლის ველზე იარაღად, რომ იყენებს, თავის პირმშოებს ქმრის ღალატს შესწირავს და საკუთარი ცოდვების მსხვერპლად აქცევს, სწორედ ის დედაა. ამასთან, ქალია ერთადერთი იმედისგან უარყოფილი,  შეურაცხყოფილი, კოლხეთის ქალბატონობიდან აწმყო დაკარგულ ქალამდე და გამოუსწორებელი ცოდვები სამარემდე მისი თანმდევი რომ იქნება.

პირველ რიგში, ვისაუბრებ სცენოგრაფიაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ მხატვარი ლუკა ჭულუხაძეა. სცენაზე ჩამოშვებული ფარდა, მედეას საცხოვრისს განასახიერებს. ამასთან, მის ძირში მატყლით მოფენილი იატაკი ქმნის სივრცეს, რომელიც ფიზიკურად ისევ არსებობს, თუმცა შინაგანად უკვე ჩამოშლილია. ესაა ადგილი, სადაც ემოციური წესრიგი დანგრეულია. ეს, ერთგვარად, მედეას სულის მატერიალური პროექციაა: სახლი, ოჯახი, როგორც ტრადიციული სიმყუდროვე და სიმშვიდე, აქ ფერფლადაა ქცეული, სახეცვლილია სიცარიელის, სასოწარკვეთისა და განადგურების სიმბოლოდ. ვფიქრობ, რომ არც მატყლი უნდა იყოს შემთხვევითი. ჩემი აზრით, ეს ოქროს საწმისის მეტაფორაა.

სპექტაკლის ერთგვარი ხერხემალია ანუკი ბუბუტეიშვილი. მან საოცარი ძალისხმევით, დიდი შრომითა და მონდომებით შექმნა ძლიერი, სასოწარკვეთილი, მიტოვებული, მებრძოლი ქალის სახე, რომელსაც საკუთარი დარდი თავიდან ფეხებამდე მწუხარებაში ძირავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იასონს თავს არასდროს დაუხრის. მსახიობი კარგად რეალიზდება რეჟისორის ჩანაფიქრიდან და თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კრეონის, კრეუსასა თუ სხვა პერსონაჟების კულმინაციაზე, ის ერთადერთია მათ შორის, რომელსაც მთელი სპექტაკლი მუდმივად ტონუსში აჰყავს. წარმოდგენა ორჯერ ვიხილე, ზუსტი დაკვირვებისთვის,თანაც პირველი რიგებიდან, საიდანაც ყოველი დეტალი თუ მინიმალური შეცდომა ძალიან კარგად ჩანს და დამერწმუნეთ, არ არის არც ერთი წამი, როდესაც შეიძლება მედეას პერსონაჟი პათეტიკური, ხელოვნური ან ბრუტალური მოგეჩვენოთ.

 

სამწუხაროდ, ნიკა ნიკურაძეს (იასონი) მსახიობთა შორის ყველაზე ნაკლებად გამოვარჩევდი, ვინაიდან მის შესრულებას აკლდა ის შინაგანი ემოციური სიმყარე და დამაჯერებლობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია იასონის ფსიქოტიპის გამოსახატავად. თითქოს, არტისტსა და პერსონაჟს შორის დისტანცია იყო, რაც ხელს უშლიდა მას მაყურებელთან შინაგანი ემოციური კონტაქტი დაემყარებინა და შედეგად, მსახიობის მიერ შექმნილი სცენური სახე სრულად ვერ გახდა ამ ამბის ორგანული ნაწილი.

 

აქვე, ვისაუბრებ ნინო ჩადუნელზე, რომელიც კრეუსას ანსახიერებს და მის შესრულებაზეც იმავეს გავიმეორებ, რაც ნიკა ნიკურაძეზე ვთქვი. თუმცა, ამ შემთხვევაში, შემიძლია სიკვდილის სცენა გამოვარჩიო. სწორედ ამ ეპიზოდში აღწევს მსახიობი თავის შემოქმედებით კულმინაციას: თუ მანამდე მის თამაშს აკლდა დამაჯერებლობა და სიღრმე, ამ ეპიზოდში ის სრულად იხსნება და გამოხატავს შიშს, ტკივილს, სასოწარკვეთასა და იმ შინაგან ქაოსს, რომელსაც სიკვდილის მოახლოება იწვევს.

 

რაც შეეხება ნიკო ფიფიას, ის კრეონს განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ხნიერი მამაკაცის ვიზუალი არ აქვს, ხმის ტემბრის ცვლილებით, ოდნავ მოხრილი ტორსით, ნელი და მძიმე ნაბიჯებით კარგად ამოდის კორინთოს მეფის პერსონაჟიდან და ქმნის მმართველის სახეს, ძალაუფლებით, ბოროტებითა და მრისხანებით სავსეს. როგორც ზევით აღვნიშნე, სპექტაკლი პირველი რიგიდან ვიხილე და დეტალურად ჩანდა მისი თითოეული გამომეტყველება, ასევე როგორ ეცვლებოდა მიმიკა სცენური გმირის ემოციიდან

გამომდინარე, როგორიცაა მისი გაფართოებული თვალები ან გაცხარებული ტუჩის ათამაშება, მედეასთან საუბრისას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ ეპიზოდში, ჩემი აზრით, მსახიობი ნაკლებად დამაჯერებელ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა.

 

ჩაფრები მარიამ ბოლქვაძემ, ნიკო გოგიჩაიშვილმა/ილია ზარდიაშვილმა და ირაკლი გაგლიაშვილმა გააცოცხლეს. ოთხივე მსახიობი კარგად მოერგო რეჟისორის ჩანაფიქრს და მათი შესრულება ბუნებრივად ერწყმოდა მთლიან სურათს. მიუხედავად ეპიზოდურობისა, ქმნიდნენ ცოცხალ, დამაჯერებელ სურათს, რომელიც კიდევ უფრო ამდიდრებდა სცენაზე არსებულ ატმოსფეროს. ხოლო, რაც შეეხება, ირაკლი გაგლიაშვილს, მას უტექსტო როლი

ჰქონდა, თუმცა ამის ფონზე მაინც მოახერხა მაყურებლის ყურადღების მიპყრობა და თავისი პერსონაჟის ჩვენთვის დამახსოვრება, მოქმედებისთვის შესაბამისი მიმიკითა და ემოციით.

ნანა ხურითი მედეას ძიძის სახეს ქმნის — მკაცრი, კოლხი ქალისთვის ჩვეული ვიზუალითა და ზუსტად შესაბამისი ხასიათით. მისი შესრულება ყველანაირად ჯდებოდა ძიძის სცენურ

სახეში, თუმცა იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც შიდა, ემოციური გარდატეხა უფრო ფაქიზ და ბუნებრივ გარდაქმნას ითხოვდა. სწორედ ამ დროს, მსახიობის თამაში ხანდახან კარგავდა

ორგანულობას, გადადიოდა უტრირებასა და პათეტიკაში, რაც ნაწილობრივ არღვევდა პერსონაჟის მთლიანობას, ბუნებრივობასა და სცენის ემოციურ დინამიკას.

 

შეუძლებელია ამ სპექტაკლში რეჟისურის ავკარგიანობაზე ვისაუბრო და არ აღვნიშნო მუსიკალური გაფორმება, რომელიც არამხოლოდ მოქმედებას კრავს, არამედ დამოუკიდებელ

,,პერსონაჟადაც” შეგვიძლია განვიხილოთ. ჩემი დიდი გულისტკივილია, რომ ხშირად ასეთ ძლიერ და მნიშვნელოვან “იარაღს”, როგორიცაა მუსიკა, თეატრში სათანადოდ ვერ იყენებენ — იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ ეპიზოდს ჰარმონიულობა და მგრძნობელობა შემატონ,

ხშირად მუსიკას იყენებენ იმ ემოციების გამოსაწვევად, რომლის მაყურებლამდე მიტანაც რეჟისორმა ვერ შეძლო და მელოდიით ცდილობს სიუჟეტის დრამატიზირებას, რაც ჩემთვის დადგმის არასრულყოფილებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქ

იხილავთ ჰარმონიულ თანწყობას მოქმედებასთან, ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელ დაძაბულობას ერთგვარ პროლოგად რომ ერთვის, ხანაც ზედმეტად ხმაურიანი, გამაყრუებელი ფონია, შიშით რომ შემოგახტუნებთ ან სევდით შეგიპყრობთ, რაც ზუსტად ერგება იმ ტრაგიკულ ამბავს, რომელსაც მედეა ეწოდება.

აქვე, გამორჩეულად საგრძნობია მუსიკალური ფონი პროტაგონისტის სცენებში, რაც Lullaby- ს ასოციაციად აღვიქვი, რომელიც ისტორიის სხვანაირი დასასრულის შემთხვევაში გაიჟღერებდა. თუმცა, კარგად ვიცით, რომ ის შურისძიებით მოცული ქალია, შესაბამისად

მედეას შვილები დედის იავნანას ვერ მოისმენენ.

 

ჩემთვის სპექტაკლის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია კრეუსას სიკვდილის სცენა მედეას ფონზე, სადაც განათება, მუსიკა, სამსახიობო შესრულება, რეჟისორული ხედვა თანაბრად ჰარმონიულადაა შეკრული. ცივი, ცენტრიდან დაშვებული ნათება კრეუსასა და კრეონისკენაა მიმართული. ძლიერ, ძალაუფლებით აღსავსე კორინთოს მეფეს უძლურების ყველაზე ღრმა ჭაობში ვხედავთ — საკუთარი ასული ხელიდან ეცლება. წინა პლანზე კი მკრთალი, წითელი სინათლის ქვეშ მედეა მოჩანს, მუხლმოდრეკილი, ხელებში მატყლის გროვით, სიმარტოვით, შურისძიებით, სასოწარკვეთით შეპყრობილი და მოსალოდნელი ტრაგედიის მოლოდინშია. ამ დროს, ანუკი ბუბუტეიშვილის, ნიკო ფიფიასა და ნინო ჩადუნელის ტრიო დიდი ძალისხმევითა და ღრმა ემოციური ძალით, კიდევ უფრო ამძაფრებენ მოქმედების დრამატულობას-მათი შესრულება ზუსტად ასახავს სიუჟეტის ტრაგიზმს და მაყურებელიც სრულად ხდება ამ ემოციის მოზიარე.

ამასთან, შთამბეჭდავია შვილების მკვლელობის სცენა, რა დროსაც რეჟისორმა მედეას

საცხოვრისიც აამეტყველა და ტრაგედიის თანამონაწილე გახადა. როგორც მოგეხსენებათ, სახლი ოჯახის, წესრიგის, მორალური საყრდენების სიმბოლოა, ხოლო ამ ეპიზოდში, როდესაც საცხოვრებელი ირყევა, ეს მხოლოდ ფიზიკურ რყევას არ გამოხატავს, არამედ, ნათელია, რომ

მედეას ცხოვრებასაც დაენგრა საძირკველი-ინგრევა ყველაფერი, რაზეც მისი არსება, წარსული, ცხოვრება და დედობრივი ბუნება იყო დაშენებული.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ თბილისის კამერულ თეატრში დაგხვდებათ ერთაქტიანი დრამა — მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მედეაზე, რომელიც არაერთი ავტორის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ინტერპრეტაციით. გავთამამდები და ვიტყვი: მიუხედავად ზემოაღნიშნული დადებითი თუ უარყოფითი მხარეებისა, ტრაგედია მედეაზე, რომელიც

ლუკა ბაზაძემ და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გააცოცხლა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მაყურებელმა ის იხილოს. მე გავიხსენებ იოსებ ნონეშვილის ლექსს, სადაც ის ასე

ეხმიანება აიეტის ქალიშვილს:,,კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო, ჩემო დატანჯულო დაო”. ჰოდა, თქვენ იხილავთ ისტორიას არა მოღალატე იასონსა და მიტოვებულ მედეაზე, არამედ ამბავს თუ როგორ იქცა კოლხეთის ყველაზე ლამაზი ასული შურისძიების ქალღმერთად. ეს არის ტრაგედია, რომლითაც ევრიპიდე იმედოვნებდა, რომ მის შემდეგ აღარ იარსებებდა არც ერთი ქალი სახელად მედეა და ამ დღიდან კოლხეთში ყველაზე უფრო ხმამაღლა გაისმებოდა დედების იავნანა.

bottom of page