გამოთხოვება თეატრთან - მედეა ჩახავა

ნიკა წულუკიძე 


 გამოთხოვება თეატრთან  - მედეა ჩახავა

        

   ჯერ კიდევ ციცერონს უთქვამს _ ,,მეცოდება ის მოხუცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დასცინა სიკვდილსო.~ სიკვდილის დაცინვა კი დამეთანხმებით, რთულად მისაღწევია ცხოვრებაში, მსგავსი რამ მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს გამოსდით, სწორედ ასეთ ღირსეულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა ქალბატონი მედეა ჩახავა. 
  87 წლის გახლდათ როდესაც რუსთაველის თეატრში უკანასკნელად დააკავეს სპექტაკლში ,,მოხუცი ჯამბაზები“.  დაინიშნა პირველი რეპეტიცია და კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქართული თეატრის თანავარსკლავედი. დაიწყო რეპეტიციები. ქალბატონი მედეა გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ყველაზე სწრაფად დაიმახსოვრა ტექსტი, მას იმდენად გამახვილებული ჰქონდა მახსოვრობის უნარი, რომ ხანდახან მოკარნახის ფუნქციასაც კი ითავსებდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება გულუბრყვილობა იყო, მოგეხსენებათ სპექტაკლის დადგმა შემოქმედებითი კამათის გარეშე წარმოუდგენელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სცენაზე ერთდროულად ამდენი გენიოსი დგას. ერთხელაც მსგავსი კამათის შემდეგ ქალბატონმა მედეამ გაბრაზებულმა დატოვა თეატრი, უკეთესად რომ ვთქვათ ,,გაგვებუტა~, გავიდა ორი დღე და რეპეტიციაზე არ მოსულა. მესამე დღეს კი 15 მაისს  ქალბატონ მედეას დაბადების დღეს ჩვეულებისამებრ მოვიდა თეატრში რეპეტიციაზე, შემოაღო მცირე სცენის კარები და პარტერში არავინ დახვდა, უკუნეთ სიბნელეში შემოვიდა. უეცრად შუქი აინთო და გაისმა მუსიკა Happy Birthday you და სცენის სიღრმიდან ტორტითა და უამრავი ყვავილებით ხელში შევეგებეთ იუბილარს, არასოდეს არ დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები და ის ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა ,,ჩემთვის თითოეული Dდღე ღმერთის საჩუქარია და თქვენ ეს საჩუქარი დღესასწაულად მიქციეთო~, ერთ წუთში დაავიწყდა ყოველეგვარი წყენა და ჩვეული გაცისკროვნებული თვალებით მოგვესიყვარულა. . . არასოდეს უყვარდა საკუთარ წლოვანებაზე ყურადღების გამახვილება, როდესაც ჩემი წიგნი „მოხუცი ჯამბაზები“ გამოვიდა დამირეკა და დიდი მადლობა გადამიხადა, მომილოცა წიგნის გამოსვლა და ბოლოს სხვათაშორის მითხრა ერთ-ერთი ჩემი ფოტო არ მომეწონა ასი წლის ბებერს ვგავარო, ამ ასაკშიც კი ახალგაზრდა გოგონასავით კეკლუცი იყო.
   ბოლო სპექტაკლი მისი გარდაცვალებიდან თვენახევრით ადრე ითამაშა. თეატრში მოსვლისას ცოტა აღელვებული ჩანდა, მთხოვა დიდი სცენა თუ ღიაა ნახე, შეხედვა მინდაო. პარტერის კარი მართლაც ღია აღმოჩნდა, შევედით, სცენაზე რაღაც კონცერტის რეპეტიცია მიმდინარეობდა, ფეხაკრებით გაიარა რამოდენიმე რიგი და დარბაზში დაჯდა, ჯერ  სცენის სიღრმეში იხედებოდა, მერე ზევით აიხედა, მის თვალებში საოცარი სიხარული იკითხებიოდა, აშკარა იყო, რომ მისი გონება გარდასულ დღეთა მოგონებებით იყო დატვირთული. მე შორიახლო ვიდექი და მასთან ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, მართალი გითხრათ მაშინ ვერ მივხვდი რას აკეთებდა ქალბატონი მედეა,Mმხოლოდ მისი გარდაცველების შემდეგ გავაცნობიერე, რომ იგი მშობლიურ თეატრს ემშვიდობებოდა. უცბად წამოდგა ფეხზე და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა პარტერი, როდესაც მცირე სცენისკენ ამავალ კიბეებს დავადექით მითხრა დასანანია რეპეტიცია რომ მიდიოდა, თორემ სცენაზეც მინდოდა ავსულიყავიო. შევაცილე საგრიმიორო ოთახში და პარტერში დავჯექი. დაიწყო სპექტაკლი, გამოვიდა სცენაზე და მაყურებელი მქუხარე ოვაციებით შეეგება ლეგენდარულ მსახიობს, იმ დღეს ისე ითამაშა, როგორც არასდროს, საოცარი ენერგია და მონდომება იგრძნობოდა მის თითოეულ მოქმედებაში. პაკლონზე ცრემლები წამოსცვივდა, რაც აქამდე არასოდეს შემიმჩნევია მისთვის. ფარდა დაიხურა თუ არა მაშინვე შევედი კულისებში, კაცების საგრიმიორო ოთახში დამხვდა, ყველა ულოცავდა, მაგრამ რატომღაც სევდიანი თვალები ჰქონდა. კახი კავსაძემ უთხრა „მედიკო ყველას გადაგვიჯოკრეო“, ქალბატონმა მედეამ ეს ფრაზა ვითომ ვერ გაიგო და თითქოს უმნიშვნელოდ, თავისთვის ჩაილაპარაკა: `ეს ჩემი ბოლო სპექტაკლი იყო, დავიღალე, ძალიან დავიღალეო~ და მართლაც ეს უდიდესი შემოქმედის უკანასკნელი სპექტაკლი გახლდათ.