top of page

„მედეაs01e06’’ ანუ სერიული მკვლელობა ფოთიდან თბილისში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

283285507_10160235847826103_5518758465556862404_n.jpg

ნინო გაბედავა

„მედეაs01e06’’ ანუ სერიული მკვლელობა ფოთიდან თბილისში

,,ზოგჯერ, შემთხვევის გამო აუცილებელია იდუმალ ამბავთა გამჟღავნება ახლებური გადმოცემით...’’[1] განსხვავებული გადააზრებითა და სრულიად გათანამედროვებული მედეას მითი დრამატურგმა და რეჟისორმა პაატა ციკოლიამ, თავის შემოქმედებაში, ახლა უკვე სამეფო უბნის თეატრში წარმოადგინა, რომლის პრემიერა 2022 წლის 10 აპრილს შედგა (მკითხველს შევახსენებ, რომ პირველად ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, მიტოვებულ ნანგრევებში, ორი წლის წინ, მან გააცოცხლა პიესა „მედეაs01e06” რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში). ისეთმა მითოლოგიურმა პერსონაჟმა როგორიცაა მედეა იმდენად მოახდინა გავლენა სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნების მოაზროვნეებზე (ევრიპიდე, სენეკა, ანუი და სხვა), რომ შეიძლება ითქვას, დროთა განმავლობაში ერთგვარ მხატვრულ ნიღბადაც კი ჩამოყალიბდა, რომელიც რა თქმა უნდა, სხვადასხვა გააზრებით იქნა ინტერპრეტირებული, როგორც ლიტერატურაში, ასევე სათეატრო ხელოვნებაში. როდესაც ხელოვანი ეხება ისეთ კლასიკას, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და სურს რომ ახლებურად, თანამედროვე რეალობას ნაზიარები გახადოს თავისი ქმნილება დიდი გამოწვევის წინაშე დგება, რადგან საყურადღებოა რამდენად მართებულად ეხმიანება მის მიერ შექმნილი ნაწარმოები დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებსა თუ საკითხებს. ამიტომ, საკითხავია, რატომ და რისთვის იქმნება, ამ შემთხვევაში XXI საუკუნეში კვლავ მედეას მითზე დრამატული წარმოდგენა. ამ კუთხით მსურს განვიხილო პაატა ციკოლიას პიესის ,,მედეაs01e06’’ (2021 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ წლის საუკეთესო დრამატურგის ნომინაციაში) მიხედვით, მის მიერვე განხორციელებული სპექტაკლი, რომელიც სამეფო უბნის თეატრში წარმოგვიდგინა.

სანამ უშუალოდ სპექტაკლის განხილვა-გაანალიზებაზე გადავიდოდე, მსურს, გარკვეულწილად აღვნიშნო თავად ამ წარმოდგენის ლიტერატურული საფუძვლის სტრუქტურული აგებულება: ვფიქრობ, პიესა დიდად არ გამოირჩევა დიალოგური პასაჟით, ახასიათებს განსხვავებული თხრობის სტილი, რითაც თითქოს თავად ავტორი გვიამბობს ნარატივს. თერთმეტი თავისგან შემდგარი ნაწარმოები თანამედროვეობას ეხმაურება (თუნდაც ტექნიკის გამოყენებით, ქართულ ენაში დღეს არსებული აქტუალური ბარბარიზმებით და ა.შ.), მაგრამ მიუხედავად ამისა, დრამატურგი არ კარგავს თუნდაც, ანტიკურ ეპოქაში არსებული სახელმწიფოების სახელწოდებებს (როგორც თავად ავტორი აღნიშნავს სწორედ ეს გარემოება სურდა რომ შეენარჩუნებინა), მათ მსოფლმხედველობრივ ასპექტს, იმ პერიოდში არსებულ პრობლემებს და მედეას მითოსის ექსპოზიციის საფუძველზე, ვფიქრობ, რომ ხელოვანი ზუსტად ეხმიანება დღესაც არსებულ აქტუალურ საკითხებს.

მიუხედავად იმისა, რომ პაატა ციკოლიას პიესაში ,,მედეაs01e06’’, მითოლოგიური სიუჟეტიდან გამომდინარე, რამდენიმე პერსონაჟი ნახსენებია, სპექტაკლში, ძირითადად მოქმედი გმირები  გახლავთ: მედეა (მსახიობი - ეკა დემეტრაძე), ეპოპე (მსახიობი - გია ბურჯანაძე - მეფე აიეტის დაცვის ყოფილი უფროსი) და მედეას ძმა აფსირტო (მსახიობი -სანდრო სამხარაძე), რომელთა არსებობითაც გაასცენურა თავისივე ნაწარმოები ლაკონიურად, სცენოგრაფიული თვალსაზრისით (მხატვარი: ირა შენგელია) - სიმბოლური დატვირთვით და რაც მთავარია, ახლებური გადააზრებით. სცენაზე უმეტესწილად თეთრი ფერი ჭარბობს, სადაც ასევე თეთრი ფერის გეომეტრიული ფიგურებია აღმართული, რომელიც, გარკვეულ სცენებში არტისტების სამოქმედო ადგილს წარმოადგენს, ანუ შინაარსობრივ დატვირთვასაც კი ანიჭებენ; სცენის მარჯვენა მხარეს კი, წარმოჩენილია სათეატრო ხელოვნების სიმბოლო ოქროსფერი ნიღაბი, გაოცებული გამომეტყველებით, რომელიც გარდა იმისა რომ, მაყურებელს მიანიშნებს და, არ ავიწყებს, რომ იგი თეატრში იმყოფება, აგრეთვე, ვფიქრობ რომ, ეს არის იმ სამყაროში არსებულ ინდივიდთა სახე-ხატი, რომლებსაც სურთ რომ გაექცნენ იმ ქვეყანას (კოლხეთი), სადაც ტრადიცია თუ კულტურა უპირველესია, რომლებსაც სურთ მედეას მსგავსად დაამხონ კოლხური კულტურა (სწორედ ამ ოქროსფერი ნიღბის გამომეტყველებიდან აღვიქვი ამ ინდივიდთა ,,ყვირილის ხმა’’, რომლებიც თითქოს შველას ითხოვენ), მაგრამ ამის უნარი არ გააჩნიათ, ვერავინ ბედავს, ან იქნებ შეეჩვივნენ კიდევაც ასე ცხოვრებას - ,,აიეტის სამფლობელოში ხომ ყველა ყველაფერს ეჩვევა’’.

რაც შეეხება სამსახიობო ოსტატობას - მაშინ, როდესაც არტისტს აქვს შესაძლებლობა თავისუფლად იგრძნოს თავი სცენაზე და არ განიცდიდეს რაიმე შეზღუდვას ეს თავად რეჟისორის დამსახურებაა, სწორედ ასეთი სითავისუფლით და არანაირი დაბრკოლების გარეშე, არტისტები ქმნიან კლასიკური მითის გასცენიურებას XXI საუკუნის მსოფლმხედველობრივ ასპექტში. ამ კუთხით, მსურს აღვნიშნო მსახიობ სანდრო სამხარაძის სამსახიობო ოსტატობა, რომელმაც, მედეას ძმა, აფსირტო გააცოცხლა და, რომელმაც, აბსოლუტურად თანამედროვე პერსონა გამოძერწა. უპირველესად ვიტყვი, რომ პიესიდან გამომდინარე სპექტაკლშიც შენარჩუნებულია აფსირტოს არაორდინალური, აღვირახსნილი სახე-ხატი. ის წითელი ფერის სამოსში გვევლინება, რომელიც მის ტირანულ ხასიათს უსვამს ხაზს. პირველივე გამოჩენისას დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ეს არ არის განპირობებული მისი გარეგნული იერსახით (მკვეთრი წითელი ფერის სამოსით, არაადეკვატური ქცევის მანერით), არამედ მას აქვს უნარი, როგორც არტისტს, მაყურებელი თავის ატმოსფეროში მოაქციოს და გახადოს თანამონაწილე ამბისა. სანდრო სამხარაძის აფსირტოს უშუალო კავშირი აქვს მაყურებელთან და ესაუბრება კიდეც მათ, მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება თუ რამდენად შეძლო და არ დაკარგა აუდიტორიის განწყობა თუ ადგილ-სამყოფელი იმ მომენტში, იმ მოქმედებაში, ამიტომ არტისტი იმპროვიზაციას მიმართავს და ამით ცდილობს მაყურებლისგან არაადეკვატური დამოკიდებულება ისევ და ისევ სპექტაკლის სასიკეთოდ გამოიყენოს, თან ამის შესაძლებლობას აძლევს თავად პერსონაჟის არაორდინალური ფსიქო-ტიპაჟიც კი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა წარმატებით მოახერხა ინტერაქტივის აქტის განხორციელება. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟებთან, ისეთივე დამცინავი და ზიზღნარევია როგორც მედეას მიმართ. ჩემთვის, ძლიერი ქალის, მედეას როლის ნიღაბი ეკა დემეტრაძემ „მოირგო“. და მაინც, რაში მდგომარეობს მედეას სიძლიერე?! მითოლოგიური სიუჟეტიდან და ახლა უკვე პაატა ციკოლიას პიესიდან გამომდინარე ეს სიძლიერე, ცნობილია, რომ თავად მედეას გრძნეულებაში მდგომარეობს. დრამატურგისეული მედეა არის პერსონა, რომელიც შეპყრობილია ისეთი სენით რასაც ,,კოლხური კულტურის’’ დანგრევას გულისხმობს და ამისთვის ის ყველაფერს აკეთებს, საკუთარ პატარა ძმას ეგალესაც კი კლავს, რადგან იცის რომ სწორედ ის იქნება ტახტის მემკვიდრე და გააგრძელებს აიეტის კანონიკურ პრინციპებზე აგებულ სასტიკი სამყაროს არსებობასა და მმართველობას. სპექტაკლის დასაწყისში ეკა დემეტრაძის მედეა დარბაზშია, მაყურებელთან ერთად, საიდანაც წარმოთქვამს მონოლოგს, შემდგომ კი, ნელი პლასტიკით უერთდება პარტნიორ პერსონაჟებს. ეს სცენა, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენც ,,აიეტის სამყაროს’’ ნაწილი ვართ, რომ ჩვენს ირგვლივ დღესაც არსებობენ ისეთი დაუცველი ინდივიდები (და ეს დაუცველობა სცენაზე სიმბოლურად პერსონაჟთა ფეხშიშველობაში გამოიხატა), რომლებიც ეჩვევიან სისასტიკეს, როგორც თავად დრამატურგი წერს ,,ბოროტი მხატვრის’’ სამფლობელოს, ან სურვილი მაინც ამოძრავებთ რომ გაექცნენ მას, მაგრამ შესწევთ რომ ამის ძალა?! ამ გარკვეულ ინდივიდთა სახედ, ჩემთვის, წარმოჩნდა მოცეკვავეები, მათი სამოსი მინიმუმამდეა დაყვანილი. ისინი ასევე, მეტაფორულად, ანტიკური ეპოქის დრამის განუყოფელ ნაწილს, ქოროს გუნდსაც კი განასახიერებენ, რომელთა არსებობასაც სცენაზე, ამ კუთხით, ვფიქრობ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.

სწორედ ამიტომ, მსურს, აღვნიშნო სპექტაკლის ქორეოგრაფიული მხარე (ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე), რადგან ისეთ სინთეზურ ხელოვნებაში, როგორიცაა თეატრი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომელიც არა კონკრეტულად ქორეოგრაფიულ დადგმას ეხება, არამედ პლასტიკით გადმოცემულ ნარატივს, რომელიც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მეტად მეტყველი ყოფილიყო, ვიდრე ეს წარმოჩნდა სპექტაკლში ,,მედეაs01e06’’. როდესაც შემოქმედი განსხვავებული გადააზრებით ცდილობს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არსებული აქტუალური საკითხი ვერბალურთან ერთად სხეულის ენითაც გადმოსცეს დღევანდელ რეალობასთან თანაარსებობით, საყურადღებოა, რამდენად მიზანმიმართულია ქმედება, ფიზიკური ენა, რასაც მოცეკვავეები წარმოგვიდგენენ. მაგალითისთვის, წარმოვაჩენ წარმოდგენის დასაწყისში იმ მიზანსცენას, როდესაც მსახიობი გია ბურჯანაძის პერსონაჟი ეპოპე სცენის წინ აუდიტორიას მიმართავს (ხანდახან პროტოგონისტადაც კი გვევლინება) და, მისეული ნარატივით მაყურებელი თანამონაწილე ხდება იმ ამბისა, რომელიც კოლხეთში განვითარდა, პარალელურად, სცენის სიღრმეში ერთ-ერთი მოცეკვავე ცდილობს პლასტიკით გამოხატოს არსებული ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თხრობას საერთოდ არ ეხმაურება მისი ჟესტიკულაცია. ჩემი აზრით, ეს იყო (და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სცენაში) ერთგვარი ,,დამხმარე’’ ეფექტი მაყურებლის ყურადღების მისაქცევად.

პაატა ციკოლიას სპექტაკლის ,,მედეაs01e06’’-ის მაგალითზე საბოლოოდ, შესაძლებელია ითქვას, რომ აბსოლუტურად ახლებური ხედვითა და თანამედროვეობასთან ზიარებით ისე გასცენურდეს მითი, ლეგენდა, ისტორია, კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგია რომ, არ დაიკარგოს მთავარი სათქმელი, იდეა, ფაბულა, დღესაც აქტუალური საკითხები, თან მითუმეტეს თუ ეს არის გადაწყვეტილი განსხვავებული ეპოქის მსოფლმხედველობრივ ასპექტში. ეს კი, დიდ გამოწვევასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს; მაყურებელმა კი, სამეფო უბნის თეატრში იხილა მითოლოგიური სიუჟეტის XXI საუკუნის ჭრილში ოსტატურად შერწყმული ნაწარმოები ისეთი პრობლემებით, რაც დღესაც აქტუალურია: დიქტატურა, ძალაუფლების წყურვილი, სისასტიკეს შეგუება, უმოქმედობა, ქალის როლი საზოგადოებასა და ოჯახში და სხვა.

 

[1] ჰორაციუსის ,,პოეტური ხელოვნება’’

bottom of page