top of page

მედეას ბედისწერა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

499476558_1249165210553006_8866687463273506367_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

მედეას ბედისწერა

 

ლაგოდეხის თოჯინებისა და დრამატულმა თეატრმა ორი წლის წინ რაჯდენ კერვალიშვილის მონო სპექტაკლი „მედეა“ შესთავაზა ქართველ მაყურებელს. სპექტაკლში ერთი მსახიობი მადონა შუბითიძე მონაწილეობს. წარმოდგენა ლაგოდეხის გარდა თბილისელმა მაყურებელმაც ნახა. მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენის შევსებას ერთი მსახიობი შეეცადა. გარდა ამისა, მონო სპექტაკლი სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

 

ამჯერად, ლაგოდეხის თეატრის „მედეა“ მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი და მეტოქეობას უწევდა აშშ, ესპანეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მაკედონიის, ყირგიზეთის წარმომადგენლებს.  

 

გასაკვირი არ იყო, რომ საქართველომ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლი „მედეა“ წარმოადგინა. ცნობილი მითის მთავარი გმირის მედეას თემა დღემდე აქტუალურია და მასზე უამრავი ნაწარმოებია შექმნილი. რაჟდენ კერვალიშვილის სპექტაკლი მედეას ცხოვრების იმ ეპიზოდს მოგვითხრობს, როცა მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს როგორ იძიოს შური იასონზე.

 

რეჟისორის ჩანაფიქრი, კოლხი ქალის ტრადიციული ხელსაქმე - მატყლის დამუშავება ძალიან კარგია, მაგრამ ის არ განვითარდა. სცენაზე ვხედავთ სხვადასხვა ტრადიციულ დანადგარებს, რომელთანაც მედეა-მადონა შუბითიძე პერიოდულად და მორიგეობით მიდის, მაგრამ ეს მოქმედება უფრო ტექნიკურია, ვიდრე შინაარსობრივად დატვირთული. ეს ეხება თავად მსახიობსაც. დიახ, ის გრძნეული კოლხი ქალის სადარ ბუმბერაზ ენერგიას უშვებს, ყვირის, აჩვენებს ძალას, მაგრამ მას ხელოვნურის იერი დაჰყვება და ეს ემოცია მსახიობის შინაგანი გაცდით არ არის ნაკარნახევი. სამაგიეროდ, მსახიობი ძალიან გულწრფელია ქართული ხალხური სიმღერის შესრულებისას, მისი სიმღერა უფრო ტირილს ჰგავს, რომელიც სინანულსაც გამოხატავს და გამომშვიდობებას მის ბედნიერებასთან.

 

მედეა შუბითიძის მიერ შესრულებული მითიური მედეა მგზნებარეა და ბობოქარი, ერთ ადგილას ვერ ისვენებს, ის აანალიზებს წარსულს და გეგმავს მომავალს, მას ეშინია მხოლოდ საკუთარი თავის, რადგან მორიგი დიდი ბოროტება ჩაიფიქრა. შვილების დახოცვის ეპიზოდი სპექტაკლში უმნიშვნელოდ ჩაივლის. მას ხელში ორი თეთრი ძაფის გორგალი უჭირავს, რომელიც მედეას შვილებად აღიქმება და ისე კლავს, რომ ჩვენ სცენაზე ვერაფერს ვხედავთ. შემდეგ ისევ გრძელდება მონოლოგი, რომელიც უკვე მომხდარი მოვლენის გაანალიზებას ეხება.

 

რაჟდენ კერვალიშვილის სპექტაკლი უფრო მედეას ქმედებების საკუთარ თავთან გაანალიზებას ეფუძნება, ვიდრე მოვლენების ჩვენებას. ამიტომაც, მიუხედავად ბევრი მოძრაობისა, სპექტაკლში ტექსტია უფრო მთავარი, რომლის წაკითხვა სჯობს, ვიდრე მსახიობის მიერ წაკითხულის მოსმენა. სცენაზე ყველაფერი ნამდვილია, წყლის გარდა. ეს პირობითობა სპექტაკლის საერთო ზოგად სტილისტიკას და პრინციპს არღვევს და უცნაურად აღიქმება მაყურებლის წარმოსახვაში.

 

მედეა შუბითიძე წარმოგვიდგენს გაბრაზებულ, საშის, შურისძიებით შეპყრობილ ქალს, რომელიც ვერ ეგუება მარტოობას, ღალატს. ის მთელი სპექტაკლი ძაფებით, როგორც ობობა თავის ქსელს, ისე აგებს ხაფანგს, რომელშიც თავად ეხვევა.

 

რაჟდენ კირვალიშვილის და მადონა შუბითიძის მიერ მოთხრობილი მითური გმირის მედეას ისტორიას დიდი ინტერესით უცქერდა მაკოდენელი (და არა მხოლოდ) მაყურებელი. ფესტივალის ექსპერტები ცალსახადა აღნიშნავდნენ ქართული თეატრის მაღალ სამსახიობო ოსტატობას, თვითმყოფადობას და ძალას, რომელიც ყოველთვის იგრძნობა ქართულ სპექტაკლებში.

bottom of page