მედეას დაუცხრომელი ვნებები

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

301863656_3103930616585405_8697264934599235937_n.jpeg
301703962_3103935726584894_5357638357592784459_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

მედეას დაუცხრომელი ვნებები

 

მედეას მითი და თავად პერსონა მრავალი საუკუნეა იზიდავს, აოცებს, აღელვებს კაცობრიობას და რა გასაკვირია, რომ დღესაც, ამ გრძნეული ქალის ცხოვრება, შეხედულებები, ემოციები თუ ვნებები არ კარგავს აქტუალობასა და ინტერესს ცივილიზებულ სამყაროში. მედეას ისტორიით და მისი მხატვრული სახის კვლევითა თუ ინტერპრეტირებით 21-ე საუკუნის მსოფლიო ხელოვანებიც ინტერესდებიან, მათ შორის, ქართველი არტისტები. მიუხედავად იმისა, რომ მედეა, როგორც მოვლენა დიდი ხანია გასცდა კოლხეთის საზღვრებს, ქართველებისთვის ის  მაინც განსაკუთრებული მოვლენაა, ერთგვარი მენტალური ტრავმა, რომლის ჩადენილ ქმედებათა გამართლებასაც ცდილობენ ქართველი მეცნიერები თუ ხელოვანები.

ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური მონოდრამა „The Passion of Medea“, რომელიც რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ერთ მსახიობთან თათია თათარაშვილთან ერთად ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით დადგა, სცდება „პაპსამდე“ დასულ სქემატურ და უინტერესო დისკურსს მედეას მითის შესახებ. წარმოდგენის ავტორებს მედეას დადებითი და უარყოფითი მხარეები კი არ აინტერესებთ, არც მის მიერ ჩადენილი ცოდვები, არც მისი ცხოვრების წესი, არამედ სრულიად მარტო დარჩენილი ქალის განცდები, მისი წუხილი და შინაგანი სამყარო, სულიერი მდგომარეობა. მისი სულიერი რეაბილიტაციის და ღირსების აღდგენის პროცესი.

ზვიად ბოლქვაძის „The Passion of Medea“ (მედეას ვნებები) კონცეპტუალური, პოლიფონიური და მონუმენტური ნაწარმოებია. მონუმენტურ მუსიკალურ ნაწარმოებად კი მას მუსიკალური თემების და მათი ინტერპრეტირების სტრუქტურა, სტილისტიკა და მასშტაბური ამბის მუსიკალური თხრობა აქცევს, რომელსაც თავისი დრამატურგია გააჩნია, მწყობრი და თანმიმდევრული დრამატული თხრობით და კულმინაციური მწვერვალებით. მუსიკა, რომელიც ჟღერს ორგანის თანხლებით, მეტ მისტიკურობას ანიჭებს ამბავს და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის უნიკალური ხმები მეტად ამრავალფეროვნებს მას. ზვიად ბოლქვაძის მუსიკა, რომელიც თითქმის ერთი საათის განმავლობაში ჟღერდა, არ იყო მუსიკალური ნომრების მონაცვლეობა, არამედ ეს იყო თემების მონაცვლეობის პრინციპზე დამყარებული დრამატული ამბის გააზრებული თხრობა. სწორედ ამ მუსიკალურ ქმნილებას საფუძვლად დაედო ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ფრაგმენტები, რომელიც სიფრთხილით და გააზრებულად, ერთი მიზნისთვის ამოკრიფა რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ. ტექსტის ე.წ. მონტაჟი, ერთგვარი ინსცენირება დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს. გრძელი მონოლოგი ისეა აწყობილი, რომ ერთ დამოუკიდებელ და დრამატულ ამბავს ქმნის ქალზე, რომელმაც ემიგრაციაში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა, რომელსაც აწვალებს და მოსვენებას არ აძლევს ჩადენილი ცოდვები, რომელსაც არ შეუძლია უსიყვარულოდ და საყვარელი ადამიანის გარეშე, რომელიც საკუთარ თავში იკრებს ძალებს ცხოვრების გასაგრძელებლად განვლილი ცხოვრების გააზრება-შეფასების ხარჯზე.

სპექტაკლში, რომელსაც დასაწყისიდან ფინალამდე ზვიად ბოლქვაძის მუსიკა გასდევს, მედეას ვნებები არ ცხრება, მისი ხასიათი მუდმივად ცვალებადია, სიმშვიდიდან უკიდურეს მღელვარებამდე, მაყურებელი სწორედ გმირის სულიერ გრადაციას ადევნებს თვალსა და ყურს. წარმოდგენა მუსიკალური შესავლით იწყება, რომელიც მაყურებელს ერთგვარად ამცნობს დრამატული ამბის დასაწყისს. ძნელი სათქმელია წარმოდგენაში რომელი კომპონენტი დომინირებს - მუსიკალური თუ თეატრალური პარტიტურა. ეს ორი კომპონენტი უფრო მეტად, ავსებს ერთმანეთს, ერთმანეთს ამბის თხრობასა და მოვლენების მკვეთრად წარმოჩენაში ეხმარება. „მედეას ვნებებში“ ყველაფერი - მუსიკა, სცენოგრაფია, მსახიობის ოსტატობა, მხატვრული განათება და რეჟისურა ერთმანეთს ერწყმის, რომლებიც წარმოდგენის მთავარი გმირის მედეას ხასიათის მრავალწახნაგოვნებას გვიჩვენებს, მისი ფიქრების, კონტრასტული სულიერი მდგომარეობის თითოეულ ცვლილებას, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება და თანაც რადიკალურად. ამ ცვლილებას მაყურებელი ზვიად ბოლქვაძის მუსიკის და მსახიობ თათია თათარაშვილის საშუალებით ადევნებს თვალსა და ყურს, რომლებიც ერთმანეთს კი არ ანაცვლებენ, არამედ თანაბარი ძალისხმევით, კოორდინირებულად მოაქვთ სათქმელი მაყურებლამდე. აქ დომინანტი მედეა, მისი ამბავი და სულიერი მდგომარეობაა და არა გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიც დაბალანსებულია და სწორედ ეს ზომიერებაა ამ წარმოდგენის ერთ-ერთი ღირსება.

 

ზაზა სიხარულიძე ერთ-ერთი გამორჩეული და ესთეტი რეჟისორია, რომელიც აზროვნებს ფერებითა და მუსიკით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური ემოციურობის გამოწვევა მაყურებელში. ამიტომაც, ბევრს მუშაობს წარმოდგენის ვიზუალურ შეფუთვაზე, რომელსაც აზავებს მუსიკითა და მსახიობის ხელოვნებით. მისთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია არა მოვლენები, არამედ ადამიანები მოცემულ სიტუაციებში, მათი სულიერი მდგომარეობა, მათი დამოკიდებულება გარშემომყოფებისა და სამყაროს მიმართ, ადამიანის ჩადენილ ქმედებათა გააზრებაზე, შეფასებაზე. რეჟისორი თვითირონიულიცაა და თვითკრიტიკულიც, ეს კარგად ჩანს მედეას პერსონაჟშიც. ადამიანს ყოველთვის უჭირს დაშვებული შეცდომის აღიარება, სამაგიეროდ არ უჭირს საკუთარი შეცდომის სხვებში ძიება, გადაბრალება. ზაზა სიხარულიძის სპექტაკლი კი საკუთარი ცოდვების და დაშვებული შეცდომების გააზრება-შეფასებაში გვეხმარება. მოვლენასთან გარკვეული დროის დისტანცირების შემდეგ, აუცილებელია მისი გააზრება, რათა ვიაროთ მომავლისკენ წინ, ამისთვის იხწვის ცივილური საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ ადამიანი კვლავაც ისეთივე რჩება, როგორიც იყო. წარსულის გააზრების და გადაფასების გარეშე კი ნაბიჯის გადადგმა მომავალში ფაქტობრივად არაეფექტურია და უშედეგო. ამიტომაც ზაზა სიხარულიძის დადგმა ზვიად ბოლქვაძის მუსიკის თანხლებით და თათია თათარაშვილის შესრულებით სწორედ დაშვებული შეცდომის გააზრების მცდელობა, რათა გავაგრძელოთ ცხოვრება და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის.

 

ზაზა სიხარულიძე ტრადიციულად თანამშრომლობს მხატვარ ბესო ბესელიასთან, რომელმაც წარმოდგენისთვის „The Passion of Medea“ მხოლოდ ერთი მონუმენტური კედელი - კლდე შექმნა, რომელსაც განრისხებული მედეა აპობს. ბესო ბესელიას სცენოგრაფია დიდ სარკოფაგს მოგაგონებთ (აი, დაახლოებით ისეთ აიდა და რადამესი რომ გამოკეტეს), რომელშიც დამარხული და გამომწყვდეულია კოლხი ქალი. თათია თათარაშვილის მედეა კი სწორედ აღდგომას და სარკოფაგის განგრევას ლამობს, რასაც აღწევს კიდეც. თათია თათარაშვილის მედეამ იცის, რა ჩაიდინა და რატომ. მან არ აპატია ღალატი იასონს და ამიტომ ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც მას იასონთან აკავშირებს. ეს მისთვისაც რთული და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ის არის ხსნა საკუთარი თავის გადასარჩენად, საკუთარი ღირსების აღსადგენად, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.  

ის, რაც მაყურებელმა ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ნახა იყო ორიგინალური წარმოდგენა, მორიგი ექსპერიმენტი, რომელიც არც კლასიკური პერფორმანსის, არც საოპერო და სათეატრო (დრამატული) წარმოდგენის ჩარჩოში არ თავსდება, არც მუსიკალური წარმოდგენაა და მით უფრო არც მიუზიკლია. მაყურებელმა ნახა დრამა მუსიკის თანხლებით (Dramma per musica), ან მუსიკალური ამბავი სათეატრო ხელოვნების თანხლებით.

მსახიობი თათია თათარაშვილი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ერთი მხრივ, დიდი რისკია გაბედო მონოდრამაში თამაში, მით უმეტეს, ისეთ სივრცეში, როგორიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაა, მეორე მხრივ, კი ოთარ ჭილაძის მხატვრული ტექსტი აქციო სათეატრო ტექსტად. მსახიობი ზედმიწევნით იცავს სიზუსტეს და ზომიერებას, როგორც ემოციის მართვაში, ისე სივრცის ათვისებაში, რომელიც ფაქტობრივად ცარიელია, თუ არ ჩავთვლით მონუმენტურ კლდეს, რომელიც მთელი სცენის სიღრმეს ფარავს და ორ საფლავს, რომელსაც ცარიელი  სცენის მცირე მონაკვეთი უჭირავს. ამ სიცარიელეს სწორედ თათია თათარაშვილი ზვიად ბოლქვაძის მუსიკასთან ერთად ავსებს. მიუხედავად ამისა, მაყურებელს მაინც რჩება განცდა მსახიობთან ახლო კონტაქტის დანაკლისისა. მაყურებელი თითქმის ვერ ხედავს მსახიობის მიმიკას, მათ შორის დიდი მანძილია, მაგრამ მუსიკა და თავად ამბავი, რომელსაც მსახიობი მოგვითხრობს იმდენად მასშტაბურია, რომ, ალბათ, ის კამერულ სივრცეში ვერ მოთავსდებოდა და სწორედ ასეთ გაშლილ და უზარმაზარ სტეპში მსახიობისთვის ემოციის კონტროლი ოსტატობასა და პროფესიონალიზმთან ერთად, განსაკუთრებულ მობილიზებას და ყურადღებას მოითხოვს. მსახიობს დიდი ძალისხმევის გაწევა უწევს ტექსტის სწორი აქცენტებით და ზომიერი, ზუსტად გათვლილი ემოციით წარმოსათქმელად. მიღწეული ბალანსი კი თათია თათარაშვილის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ამ დადგმაში. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მიკროფონის საშუალებით საუბრობს, ის ხელს არც მას და არც მაყურებელს არ უშლის. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკურმა ჯგუფმაც (გახმოვანება - ვერა ქებულაძე, ტექნიკური რეჟისორი ზვიად მურვანიძე) ამ პროექტზე პროფესიონალურად იმუშავა, რაც წარმოდგენის ტექნიკურად უნაკლოდ გამართვის გარანტია. (ტექნიკური გაუმართაობა კი თანამედროვე ქართული თეატრის თანმდევი ნიშანია).

მხატვრული ტექსტი, დრამატული მუსიკა და მონუმენტური დეკორაცია (სცენოგრაფი ბესო ბესელია) მსახიობს ავტომატურად უბიძგებს პათეტიკისკენ, თუმცა თათია თათარაშვილი ამ პროცესს ამუხრუჭებს და აღწევს ბალანსს. მედეას ვნებებს ერთდროულად გადმოსცემს მუსიკა, ტექსტი და მსახიობის დახვეწილი პლასტიკა. გმირის შინაგანი და გარეგნული ემოციურობა მუდმივ მონაცვლეობაშია ერთმანეთთან, რომელსაც მუსიკა ერთი მხრივ კარნახობს, ხოლო მეორე მხრივ ფონს უქმნის ტანჯული ქალის სულიერ სამყაროს.

სპექტაკლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მხატვრული განათება (კახა გიგინეიშვილი, ირაკლი კრასნაპოლსკი), რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმოდგენაში. განათება ქმნის ატმოსფეროს, მისტიკურ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს გრძნეული კოლხი ქალი. განათება მუსიკასთან და თემებთან ერთად იცვლება, ის წარმოდგენის მთავარი გმირის სულიერი სამყაროს და განწყობის გამომხატველია.

ღალატი - ეს ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე მეტჯერ ჟღერს სპექტაკლში. ქვეყნისა და ოჯახის მოღალატე მედეა, თავად იქცევა ღალატის მსხვერპლად. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟია წარმოდგენაში. ფინალში შთაბეჭდილება რჩება, რომ რაც მაყურებელმა იხილა ეს მედეას ხილვა-ზმანებაა, მისი ქვეცნობიერი ფიქრების კარდიოგრამა.

ორიგინალური მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და მათი შესრულება დიდი იშვიათობაა ჩვენს თანამედროვეობაში. სასიხარულოა, რომ ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა შეძლო მოვლენად ექცია ზვიად ბოლქვაძის „მედეას პასიონი“ და გაეზიარებინა ის ფართო აუდიტორიისთვის. იმედია მისი ნახვის საშუალება დედაქალაქშიც მიეცემა მაყურებელს.

ფოტო: ჯაბა სალუქვაძე