
მეგობრო ბის ფასი და თეთრი ტილო
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

18.08.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
მეგობრობის ფასი და თეთრი ტილო
დღეს, როცა განსხვავებული აზრი ხშირად ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს, ხოლო განსხვავებული შეხედულების მქონე მეგობრებიც კი ზოგჯერ მოწინააღმდეგეებად იქცევიან, იასმინა რეზას ცნობილი პიესა „ART“ განსაკუთრებით აქტუალურად ჟღერს. ერთი შეხედვით, ყველაფერი ერთი თეთრი ნახატის გარშემო დატრიალებული კამათია, სინამდვილეში კი ხელოვნებაზე დავა მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ სამი მეგობრის ურთიერთობაში დაგროვილი წყენა, ამბიცია, დამოკიდებულება და უთქმელი სიმართლე ზედაპირზე ამოვიდეს. სწორედ ამ მასალას მიმართა რეჟისორმა თემურ გველესიანმა სადიპლომო სპექტაკლში „დიაგნოზი: ხელოვნება“, რომელიც თამაზ გოდერძიშვილის ქართულ გარემოსთან ადაპტირებული ინსცენირების მიხედვით დადგა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში.
სპექტაკლში მონაწილეობენ: გუგა ქაცარავა (სერგო), გივი ბალანჩივაძე (მამია) და დაჩი ცაავა (ვანო). მოქმედება ტექსტის გარეშე, მცირე ეტიუდით იწყება და თავიდანვე იქმნება სამი ადამიანის ურთიერთობისთვის საჭირო მსუბუქი, თამაშით სავსე გარემო. განსაკუთრებით საინტერესოა გუგა ქაცარავას უსიტყვო, ირიბი ურთიერთობა მაყურებელთან. მსახიობი მზერით, სახის გამომეტყველებითა და პაუზებით თითქოს დარბაზს თანამონაწილედ აქცევს და ჯერ კიდევ ტექსტის დაწყებამდე ამყარებს მასთან კონტაქტს.
სცენური სივრცე უკიდურესად მინიმალისტურია: შავი, თითქმის ცარიელი სცენა და სამი თეთრი კუბი. ეს სამი კუბი არა მხოლოდ პრაქტიკული რეკვიზიტია, არამედ სპექტაკლის ვიზუალური პრინციპის ნაწილიც ხდება. შავ ფონზე მათი სითეთრე ბუნებრივად ეხმიანება იმ თეთრ ტილოსაც, რომელიც მეგობრების დაპირისპირების მიზეზად იქცევა. მსახიობთა ყოველდღიური, თავისუფალი სამოსიც ამავე პრინციპს ემორჩილება: არაფერი უნდა გახდეს ზედმეტი სანახაობრივი აქცენტი და ყურადღება სამი ადამიანის ურთიერთობიდან სხვაგან გადაიტანოს.
თემურ გველესიანი შეგნებულად არ ცდილობს საკუთარი რეჟისორული ხელწერის წინ წამოწევას. პირიქით, რეჟისურა თითქოს უკან იხევს, რათა წინა პლანზე მსახიობი, სიტყვა და პარტნიორული ურთიერთობა აღმოჩნდეს. თუმცა სწორედ ამ თავშეკავებაში იკითხება რეჟისორის პოზიციაც: იგი განსაზღვრავს ტემპს, ურთიერთობათა დინამიკას, კომიკურ და დრამატულ აქცენტებს, მაგრამ მსახიობებს საკმარის თავისუფლებას უტოვებს. შედეგად, სცენაზე სწორედ მსახიობთა სამეული ხდება მოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა.
მეგობრების პოლემიკაში თანდათან იკვეთება სამი განსხვავებული ხასიათი. კამათი ხელოვნების შესახებ მალე სცდება კითხვას, შეიძლება თუ არა თითქმის მთლიანად თეთრი ტილოსთვის დიდი თანხის გადახდა. ზედაპირზე ამოდის ამბიციები, თვალთმაქცობა, გულწრფელობა, გაღიზიანება, ერთმანეთზე გავლენის სურვილი და ისიც, რასაც მეგობრები წლების განმავლობაში ერთმანეთისთვის არ ამბობდნენ. სწორედ აქ არის რეზას პიესის ერთ-ერთი მთავარი ღირსება: ადამიანი ხშირად გაცილებით იოლად კამათობს ხელოვნებაზე, ვიდრე საკუთარ თავზე.
დაჩი ცაავას ვანო სამეულში ყველაზე დამყოლი და გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევადი პერსონაჟია. განსაკუთრებით კომიკურია მისი ინტენსიური ექსპრესიით წარმოთქმული ვრცელი მონოლოგი, როდესაც ქორწილში დედინაცვლების დაპატიჟებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს ჰყვება. მსახიობი მონოლოგს მზარდ რიტმზე აგებს და ერთი შეხედვით ყოფით ისტორიას თითქმის აბსურდულ მდგომარეობამდე მიჰყავს. ამავე დროს, სწორედ ვანო ცდილობს დაპირისპირებულ მეგობრებს შორის წონასწორობის შენარჩუნებას და საბოლოოდ თვითონვე ექცევა მათი კამათის შუაგულში.
საინტერესოა ეპიზოდიც, როდესაც ვანო თეთრ ნახატში სხვადასხვა ფერსა და ნიუანსს „აღმოაჩენს“ და იმდენ რამეს ხედავს, რომ თვით სერგოსაც კი, რომელმაც ნამუშევარი შეიძინა, მსგავსი ინტერპრეტაცია არ ჰქონია. გუგა ქაცარავას რეაქცია ამ „აღმოჩენებზე“ ერთ-ერთი ზუსტი კომიკური შეფასებაა: მსახიობი სიტყვაზე მეტად მზერითა და პაუზით გვაჩვენებს, როგორ ცდილობს სერგო თავადაც დაიჯეროს ის მხატვრული ღირებულებები, რომლებსაც მეგობარი მის ძვირადღირებულ შენაძენს მიაწერს.
მაგრამ მეგობრობა სწორედ მაშინ გადის ნამდვილ გამოცდას, როდესაც საუბარი ხელოვნებიდან პირად ურთიერთობებზე გადადის. პირში ნათქვამი სიმართლე იშვიათად არის სასიამოვნო და გამონაკლისები არც ეს სამი მეგობარია. განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს გივი ბალანჩივაძის მამია მაშინ, როდესაც სერგო მის საცოლეს აკრიტიკებს. ამ მომენტიდან კამათი უკვე აღარ არის ესთეტიკური გემოვნების შესახებ: თითოეული მათგანი იმ ადგილას ურტყამს მეორეს, სადაც ყველაზე მეტად სტკივა.
სამივე მსახიობის შესრულებაში მნიშვნელოვანი ღირსებაა პარტნიორობის ხარისხი. ისინი სცენაზე თავისუფლად არსებობენ, ერთმანეთს უსმენენ, იღებენ პარტნიორისგან შემოთავაზებულ იმპულსს და პასუხობენ მას. ზოგჯერ ეს სამი ზრდასრული მამაკაცი ბავშვებსაც კი ემსგავსება: კინკლაობენ, ჯიუტობენ, ბრაზობენ, ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ერთმანეთისთვის ყველაზე მტკივნეული სიტყვის თქმას, მაგრამ სწორედ ამ ბავშვურობაში ჩანს, რომ მათი ურთიერთობის საფუძველი მრავალწლიანი სიახლოვეა. მათ შეუძლიათ ერთმანეთისთვის ყველაზე სასტიკი სიტყვების თქმა სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთი ჯერ კიდევ სჭირდებათ.
გუგა ქაცარავას სერგოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მდგომარეობა მაშინ აქვს, როდესაც მეგობრები თანდათან არწმუნებენ, რომ მის მიერ შეძენილ ნახატს არც ის ღირებულება აქვს და არც ის მხატვრული მნიშვნელობა, რომელსაც თვითონ ანიჭებდა. თავდაჯერებული სერგო თითქოს ნელ-ნელა კარგავს საყრდენს. ერთ მომენტში იგი თითქმის განადგურებული და ხმაწართმეული ამოიკვნესებს, რომ ნახატი „თეთრია“. ეს პატარა ინტონაციური დეტალი ზუსტად აჩვენებს, რამდენად ძლიერია ჩვენზე ახლობელი ადამიანების შეფასება: შეიძლება საკუთარ არჩევანში დარწმუნებული იყო, მაგრამ მეგობრის ირონიამ ან უარყოფამ ეს რწმენა ერთ წამში შეგირყიოს.
სპექტაკლის მთავარი კონფლიქტიც საბოლოოდ სწორედ აქ იკვეთება: რამდენად ღირს საკუთარი იდეის, გემოვნებისა და სიმართლის დაცვა მაშინ, თუ ამის ფასად მეგობარი უნდა დაკარგო? „დიაგნოზი: ხელოვნება“ ამ კითხვას დიდ ტრაგედიად არ აქცევს. პირიქით, იუმორით, ირონიითა და ზოგჯერ თითქმის ბავშვური კინკლაობით გვაჩვენებს ძალიან ნაცნობ მდგომარეობას. სამი მეგობარი ერთმანეთისთვის ბევრად უფრო ძვირფასი აღმოჩნდება, ვიდრე ნახატი, მისი ფასი ან იმის დამტკიცება, ვინ იყო მართალი.
ამიტომაც თეთრი ტილო საბოლოოდ ხელოვნებაზე კამათის საგნად აღარ რჩება. იგი ერთგვარ ტესტად იქცევა, რომელიც მეგობრობის სიმტკიცეს ამოწმებს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური თუ ესთეტიკური შეხედულებები ადამიანებს ხშირად მტრებად აქცევს, სპექტაკლის ეს მარტივი სათქმელი მნიშვნელობას იძენს: განსხვავებული აზრის მიღება საკუთარი აზრის უარყოფას არ ნიშნავს. ზოგჯერ უფრო რთული და მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, შეძლო მეგობრის შენარჩუნება მაშინაც, როცა მის „თეთრ ტილოზე“ შენ საერთოდ ვერაფერს ხედავ.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი საათსა და ათ წუთს გრძელდება და ცალკეულ მონაკვეთებში მისი რიტმი რამდენადმე ნელდება, რეჟისორის მიერ დასახული ამოცანის სირთულე თავისთავად იმსახურებს ყურადღებას. თემურ გველესიანი შეგნებულად ამბობს უარს თითქმის ყველა იმ დამხმარე საშუალებაზე, რომლითაც თანამედროვე თეატრი ხშირად ინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას: აქ არ არის მუსიკა, დატვირთული სცენოგრაფია, სანახაობრივი ეფექტები თუ სხვა გარეგნული საშუალებები. ცარიელ სცენაზე, სამი თეთრი კუბითა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა, პროფესიული გამოცდილების დაგროვების პროცესში მყოფი მსახიობებით, რეჟისორი ცდილობს საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაყურებლის ყურადღება მხოლოდ მსახიობზე, სიტყვაზე, ურთიერთობასა და აზრთა დაპირისპირებაზე შეაჩეროს. და როდესაც ამ მინიმალური საშუალებებით ახერხებ მაყურებელი არა მხოლოდ დარბაზში „გააჩერო“, არამედ ჩართო კამათში და სპექტაკლის მიერ წამოჭრილ პრობლემებზე დააფიქრო, ეს უკვე რეჟისორისა და მსახიობების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.