მელაპარაკე, რა მოაქვს ომს!

277348984_4427431277357859_4672219918312107484_n.jpeg

ლალუკა იობაშვილი

მელაპარაკე, რა მოაქვს ომს!

 „დედაომი“ დათა თავაძის პიესაა, რომელიც ქართული თეატრის სცენაზე პირველად საბა ასლამაზიშვილმა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგა და სულ ახლახანს, დედაქალაქის მაყურებელმა იგი საგასტროლო ჩვენებების ფარგლებში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, მცირე სცენაზე, ექსპერიმენტულ სივრცეში იხილა.


დრამატურგი ომის საშინელებასა და იმ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მოგვითხრობს, რომელიც ადამიანურ ბუნებას აშიშვლებს, შთანთქავს და ამახინჯებს.
რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი, რომელიც გამოირჩევა ექსპერიმენტების სიყვარულით, ფაქტია, საკუთარი სტილისა და ხელწერის ძიებაშია. მრავალი ხარვეზით, თუმცა, ნაწილობრივ მაინც ახერხებს გააგებინოს მაყურებელს დასახული ამოცანები, მაგრამ რამდენად ამართლებს, ეს სხვა საკითხია.


ფოიესა და გასათამაშებელი სივრცის ზღურბლზე გროვადაა დაყრილი სხვადასხვა ფერის სამოსი, მაყურებელი კი იძულებულია დააბიჯოს, რათა პარტერში მოხვდეს. ეს გარკვეულ უხერხულობას ბადებს და პირველად სწორედ მაშინ ჩნდება საზარელი განცდა, რომ ომი გვჩუქნის მიცვალებულებს, რაც ჩვენი მოკლე მეხსიერების გამო, ომიდან ომამდე გვავიწყდება.


ამ გამაღიზიანებელ ფაქტორს, რომელსაც მოვიწონებ, აგრძელებს სამი გარინდებული ქალის სიჩუმე, ამ სიჩუმეს არღვევს მაყურებელი ადგილის ძებნისას და წარმოდგენაც იწყება.
სპექტაკლის მხატვრობა ეკუთვნის თამარ ოხიკიანს. ატმოსფერო, რომელსაც მხატვარი ქმნის მინიმალისტური და ამავდროულად მისტიკურია. იგი საინტერესოდ ითვისებს სივრცეს და არ ტვირთავს სცენას დეკორაციით, რომელიც გამოუყენებელი რჩება. ხის თეთრი ფიცრულები, ხან საწოლია, ხან კი ჯარისკაცის საფლავი. კიბე, რომელსაც თინას პერსონაჟი (ციცი ბუცხრიკიძე) გონების დაკარგვამდე აწყდება, ერთადერთი გასასვლელია ჯოჯოხეთიდან, მაგრამ სად? გარეთ მეორე და უარესი ჯოჯოხეთი - ომია.


  თინასა (ციცი ბუცხრიკიძე) და ზინას (თამარ მდინარაძე), რძალ-დედამთილის თანაცხოვრება აბსურდულობამდეა აყვანილი, რასაც ამართლებს მოცემულობა. ზრუნვისა და ერთმანეთთან ბრძოლის მონაცვლეობა, ცხოვრების არასტაბილური რიტმი დაზიანებული მექანიზმის პრინციპით მუშაობს. სცენაში, როდესაც ზინა ეკითხება რძალს თუ რამდენჯერ, სად და როგორი სექსი ჰქონდა მის შვილთან, ქალისთვის სიამოვნების მომგვრელ მონათხრობად იქცევა.


  თამარ მდინარაძე, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივად საინტერესო გარეგნობა და ვფიქრობ, მრავალი რეჟისორი სიამოვნებით ითანამშრომლებდა მასთან, გამორჩეულია თავისი მზაობით სიახლეებიის მიმართ. თუმცა, ამ კონკრეტული სპექტაკლის შემთხვევაში, რეჟისორისა და მსახიობის, უფრო სწორად რეჟისორისა და მსახიობების ერთობლივი მუშაობა, შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ დაუსრულებელია. თითქოს მსახიობი, რომლის მეტყველებას ისედაც ახასიათებს მანერულობა, ჩვეული ხერხით ცდილობს დაუსრულებლობით გამოწვეული სიცარიელის შევსებას და გადაფარვას. ეს ძალისხმევა, კიდევ უფრო დიდ პატივისცემას იწვევს მისი, როგორც მსახიობის მიმართ.


თამარ მდინარაძის პერსონაჟი პროტაგონისტია, ცენტრალური ფიგურა, სხვები კი მარტოობის თავიდან ასაცილებლად სჭირდება, რადგან ამ სასტიკ სამყაროში, რომელსაც სისხლის სუნი ასდის, როგორც ქალი „ხაფანგში ხარ, შენი სქესი შენი ციხეა. ვალდებული ხარ, ჯარისკაცები აჩინო, იმიტომ, რომ ქალი ხარ და ომს ასე სჭირდება. საკუთარ მკვლელებს აჩენ!“ რაც ერთგვარად მისი და თინას (ციცი ბუცხრიკიძე) დამაკავშირებელი ხიდია. ერთი მკვლელის დედაა, მეორე კი მომავალი დედა. ხოლო როდესაც ახალგაზრდა ქალს მუცელი მოეშლება - ეს შვებაა. რადგან ქვეყანას ერთით ნაკლები იარაღის მსროლელი გამოაკლდება.
  ციცი ბუცხრიკიძე, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ახერხებს გამოცნობას და შემდგომში განხორციელებას თუ რა სურს მისგან რეჟისორს. ამ ახალგაზრდა მსახიობ ქალს თანმიმდევრულად და დამაჯერებლად მიჰყავს თავისი პერსონაჟი ზეამოცანამდე. თინა, რომელიც თავდაპირველად შეშინებული, დაბნეული და დაუცველია, ფინალში საკუთარი ინსტიქტების ტყვე ხდება, რაც ომის დაუწერელი კანონია. ომი ადამიანს აბრუნებს იქ, საიდანაც ყოველთვის გარბის, რასაც საკუთარ თავში ყოველდღიურად კლავს - ესაა მასში მიძინებული ცხოველი. ცხოველი, რომელსაც თვითგადარჩენისთვის შეუძლია თავისი ხროვის წევრი თვალის დახამხამებაში შეჭამოს.


   საინტერესო მხატვრულ სახეს ქმნის შორენა გვეტაძე. აქვე უნდა აღინიშნოს მისი და თამარ მდინარაძის წარმატებული სცენური პარტნიორობა. მათი ერთობლივი ნამუშევრები, იქნება ეს რეჟისორ ვანო ხუციშვილის მიერ ასევე ოზურგეთის თეატრში დადგმული „3+3“ თუ სხვა, სწორედ ამაზე მიანიშნებს. მანანა (შორენა გვეტაძე) ერთგვარად შუამავალია ზინასა და თინას შორის, თუმცა მისი მცდელობები თავიდანვე დაგვაეჭვებს პერსონაჟის მოტივებში. მართლაც, ზინა მისთვის ტვირთია, რომლისგანაც თავის დახსნას ცდილობს, თუმცა მასაც მარტოობის ეშინია და ალბათ, სწორედ ამიტომ, მანანა ყოველთვის ბრუნდება, რადგან არ შეიძლება არსებობდეს ომი და მან არ მოგიცვას. ხროვასთან ერთად კი გადარჩენის შანსი უფრო დიდია.


   ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, სპექტაკლის საერთო ემოციური დიაპაზონი რამდენჯერმე შესუსტდა, შესაძლოა ეს განაპირობა სივრცის შეცვლამაც. თუმცა ვახტანგ გვახარიას შესანიშნავმა მუსიკამ კონკრეტული მიზანსცენები გამოაცოცხლა. სპექტაკლში ხშირად მუსიკა გადაფარავს ტექსტს, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანური ძალა ისეთ საზარელ მოვლენასთან, როგორიც ომია, უსუსური და უმწეოა.


   ამ მუსიკაზე იმპროვიზაციულად ცეკვავს შორენა გვეტაძის პერსონაჟი. როგორია ეს ცეკვა? იმედისმომცემი თუ სასოწარკვეთილების გამომხატველი? ვფიქრობ, ორივე. ჩემთვის, ის ერთი მხრივ, მდგომარეობის აუტანლობას, მეორე მხრივ, კი მოქმედებას, გაბრძოლებას ნიშნავდა. სურვილს, რომ დასრულდეს და იმედს, რომ დასრულდება.


  რეჟისორი ზუსტად მიჰყვება დრამატურგის მიერ შექმნილ ტექსტს, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში იზიარებს პიესის ავტორის, რეჟისორ დათა თავაძის რეჟისორულ ფორმებსა და სტილისტიკასაც, სიფრთხილის გარეშე ვიტყვი, რომ ვისურვებდი მეტად დამენახა საბა ასლამაზიშვილის ხედვა. ერთია, რომ ჩვენ გვაინტერესებს რას აკეთებს რეჟისორი, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია - როგორ... „დედაომის“ განხილვისას კი საუბარი გვიწევს უფრო დრამატურგიაზე დაყრდნობით, ვიდრე თავად წარმოდგენაზე.


  პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აირჩია რეჟისორმა ომზე საუბარი, ვფიქრობ, ნათელია. ზოგადად თემის აქტუალობის გარდა, ომზე საუბარი, შეხსენება, რომ მოხდენის საშიშროება ყოველთვის არსებობს და მისი კვლევა, საინტერესო პროცესია, მით უფრო როდესაც მისი ინტერპრეტირება თეატრში ხდება.


  საბა ასლამაზიშვილს აქვს უნარი გამოიწვიოს მაყურებელი და გააღვივოს მათში მძაფრი ინტერესი, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ქართულ სცენაზე არაერთ საინტერესო ნამუშევარს ვიხილავთ მისი რეჟისორობით.