top of page

მესაზღვრე შაშვები ფრონტის წინა ხაზზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

337562961_735741618208435_4874169770585523238_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

მესაზღვრე შაშვები ფრონტის წინა ხაზზე

 

ომის თემა ისევე თანმდევია ქართული თეატრისთვის, როგორც თავად ქართველ კაცს სდევს თან არტისტულობა. სამწუხაროდ, ომი, როგორც მოვლენა, აქტუალობას არ კარგავს საქართველოში ბოლო ათწლეულების მანძილზე და პერიოდულად გვახსენებს თავს. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ქართული თეატრი ინტენსიურად ლაპარაკობს ომზე. გამონაკლისი არც დმანისის თეატრია, რომელმაც გასულ სეზონზე მაყურებელს ნინია სადღობელაშვილის „ხალდე“ შესთავაზა, ხოლო მიმდინარე სეზონზე ნილ საიმონის პიესის „ბილოქსი ბლუზი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი „მესაზღვრე შაშვები“, რომლის სცენური ვერსიაც დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა შექმნა დმანისის თეატრისთვის.

 

რეჟისორმა ამერიკელი დრამატურგის მელოდრამატული და პერსონაჟთა ტიპაჟ-ხასიათებით მდიდარი პიესის განსახორციელებლად, ოზურგეთის თეატრი შეარჩია, სადაც ახალგაზრდა მსახიობებმა ერთმანეთს ღირსეული სცენური პარტნიორობა გაუწიეს და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც გაუზიარეს. რეჟისორმა შეძლო სცენური ანსამბლის შექმნა, სადაც ორი თეატრის მსახიობები ერთ ენაზე ამეტყველდნენ. მხატვარმა თეო კუხიანიძემ შესაფერისი გარემო და ატმოსფერო შექმნა, სადაც მწირი დეკორაციით, ცხადი ხდება, რომ მოქმედება სამხედრო ნაწილში ვითარდება, თუმცა სცენის პერსპექტივაში ზღვის ნაპირიც მოსჩანს, რაც პროექციის ეფექტით არის მიღწეული, სადაც სპექტაკლის გარკვეული ეპიზოდები (განსაკუთრებით, ლირიკული) თამაშდება. ამ ატმოსფეროს მანანა კიკაბიძის მიერ შერჩეული მუსიკალური თემები ამძაფრებს.

 

რეჟისორმა შეძლო ემოციური ამბის ლაღად, სისადავით, სევდითა და იუმორით გადმოცემა. ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა: ციცი ბუცხრიკიძემ, ნიკა ძნელაძემ, ჯაბა მორჩილაძემ, ირაკლი ურუშაძემ, გიორგი ჩავლეშვილმა და დმანისის თეატრის მსახიობებმა: ანა ბანძელაძემ, გიორგი გიორგიძემ, გია საგინაშვილმა და დათო ჩოგოვაძემ მოგვითხრეს გმირობის და თავდადების ისტორია. ახალგაზრდა რეზერვისტები სხვადასხვა შეხედულებების, მსოფლმხედველობისა და მისწრაფებებისა ადამიანები არიან, რომელთაც განსხვავებული ინტერესები, პროფესიები აქვთ ცხოვრებაში, თუმცა ისინი აღმოჩნდნენ სამხედრო ნაწილში, სადაც უწევთ ახალი ცხოვრების დაწყება, მათთვის უჩვეულო პირობებში, სადაც განსხვავებული წესები მოქმედებს. შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი ავლენენ სამშობლოს გულწრფელ სიყვარულს და მის დაცვას, რომელსაც გმირულად ეწირებიან კიდეც. სპექტაკლიდან გამოსულ მაყურებელს ერთდროულად ორი განცდა ეუფლება - სიამაყის, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს და სინანულის, როგორ შეუძლია დაანგრიოს, გააცამტვეროს ომმა ადამიანების სიცოცხლე და მომავალი. გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში ახალგაზრდა რეზერვისტები ტანჯვითა და წინააღმდეგობით სწავლობენ, განიცდიან, იცავენ სამშობლოსა და ღირსებას ოკუპანტებთან ბრძოლაში, სწირავენ თავს და იქცევიან გმირობის სიმბოლოდ.  

 

ახალგაზრდა მსახიობები ქმნიან სახე-ტიპაჟებს. ისინი მწირი გამომსახველობითი საშუალებებით ახერხებენ გარდასახვას და დადებითი, პოზიტიური, ჯერ კიდევ გაურყვნელი ახალგაზრდების მხატვრული სახეების შექმნას. ნინია სადღობელაშვილისა და გიორგი სიხარულიძის ვერსიაში პერსონაჟები თითქმის დაცლილი არიან მანკიერი თვისებებისგან, ამიტომაც მათ შორის, კონფლიქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, ფაქტობრივად აღარც არსებობს. პირობითი კონფლიქტი პიესაში ოცეულსა და რაზმის მეთაურს შორისაა, რომელიც მალევე სიყვარულში და ერთმანეთისადმი პატივისცემაში გადაიზრდება. მათ შორის, ურთიერთობის დრამატურგიული ხაზები და მსახიობთა შესრულება სრულ ჰარმონიაშია მოყვანილი.

 

სახე-ტიპაჟთა მრავალფეროვნების ფონზე ვითარდება სიყვარულისა და მეგობრობის თემები. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები, მალე მეგობრებად და ერთ ოჯახად იქცევიან, რომლებსაც აქვთ ერთურთის მხარდაჭერის იმედი. მათი რაზმი შეკრულია და მიზანმიმართული, რაც მათ თავდადებაშიც გამოჩნდება, როცა მესაზღვრე შაშვები ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდებიან და გმირულად დაიღუპებიან სამშობლოს დაცვისთვის.

 

დმანისის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა აჩვენეს გარემოსთან ადაპტირების განსაკუთრებული თვისებები. მათ უკვე საკმარისი გამოცდილება შეიძინეს სხვადასხვა სცენაზე და სივრცეში სპექტაკლების წარმოდგენის. ოზურგეთის თეატრის სცენაზეც ისინი თავს გრძობდნენ, როგორც საკუთარ სახლში.

 

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით, იგეგმება დმანისის თეატრის კვირეულის მოწყობა ოზურგეთში, რომლის ფარგლებშიც თეატრი მოქმედ რეპერტუარს სრულად წარადგენს ოზურგეთელების წინაშე.

 

დმანისის თეატრი წლების წინ  (200-იანი წლების დასაწყისიდან 2022 წლამდე) ნომინალური თეატრი იყო, რომელსაც არც სტაბილური რეპერტუარი ჰქონია და არც მუდმივმოქმედი დასი. დმანისში ქართული თეატრის შექმნა და ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ზინაიდა კვერენჩხილაძე და ჯუმბერ კოპალიანი ედგნენ, სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. თუმცა სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრომ) 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე დმანისის თეატრი სახელმწიფო თეატრის სტატუსით მხოლოდ ფურცელზე და პროფესიული თეატრების რეესტრში დატოვა. არც აუქმებდა და არც მხარს უჭერდა მის განვითარებას.  

 

2022 წლიდან დმანისის თეატრის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით თეატრს გამოეყო ბიუჯეტი, რომელიც თეატრის ფუნქციონირების და სტაბილური შემოქმედებითი ცხოვრების გარანტს იძლევა. თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი სიხარულიძე, რომელმაც თავის სტუდენტებთან ერთად, ფაქტობრივად ხელახლა ჩამოაყალიბა მუდმივმოქმედი დასი და თეატრს შეუქმნა სტაბილური რეპერტუარი. დმანისის თეატრი ბოლო პერიოდში, თანაბარი ძალისა და რესურსის მოთამაშედ იქცა ქართული თეატრის ბაზარზე, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის დამსახურებაცაა, რომელიც თავისი დადგმებით (ძირითადად კოპროდუქციებით) ტოლს არ უდებს სხვა ქართულ თეატრებს. დმანისის თეატრის ახალი სახეები კი ამ თეატრის ისტორიაში ახალ ფურცელს შლიან.

ფოტო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook გვერდიდან. 

bottom of page