top of page

მეტი მოეთხოვებათ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

417438997_499445219101968_1232814493098321491_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

მეტი მოეთხოვებათ

 

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე თამაზ ჭილაძის „მე პაწია მერცხალი ვარ“ დაიდგა. გამოჩენილი ქართველი დრამატურგის პიესები სიცოცხლეშიც არაერთხელ დადგმულა ქვეყნის პირველი თეატრის სცენაზე, მათ შორის, მაესტრო რობერტ სტურუას ინტერპრეტაციით. რაოდენ სასიხარულოა, რომ დრამატურგის გარდაცვალების შემდეგაც თამაზ ჭილაძის პიესა კვლავ ცოცხლდება სცენაზე და მას ახალგაზრდა ხელოვანი, არტისტი დგამს. ხელოვანი იმიტომ ვახსენე, რომ დადგმა გრიგოლ ჟორდანიას ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებამ ჯერ როგორც მსახიობი გაიცნო, შემდეგ მან დრამატურგობაც სცადა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. თუმანიშვილის სახელობის კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ დამსახურებული გამარჯვებული გახდა. გრიგოლ ჟორდანიამ ბედი რეჟისურაშიც სცადა და უკვე მის ანგარიშზე არაერთი სპექტაკლია, მათ შორის, პროფესიულ დრამატულ თეატრებში. ფაქტია, რომ ახალგაზრდა კაცმა სამი მიმართულებით მოსინჯა თავისი ძალები, თუმცა მანამდე ის მაყურებელი იყო, რომელიც ჩემსავით პარტერიდან ადევნებდა თვალს სპექტაკლებს. სპექტაკლებზე მიღებულმა ემოციამ გადააწყვეტინა მას  თავი თეატრისთვის დაეკავშირებინა. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა არტისტი ისეთ სპექტაკლებსაც ნახავდა, რაც გააბრაზებდა, გულს დაწყვეტდა, იმედს გაუცრუებდა. ახლა მეც შევეცდები მაყურებლის პოზიციიდან გაგიზიაროთ მოსაზრებები გრიგოლ ჟორდანიას სპექტაკლზე „მე პაწია მერცხალი ვარ“.

 

ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია ქვეყნის მთავარი სცენა. ასეთი პოზიციონირების შესახებ ძალიან კარგად იცის თავად რუსთველის თეატრის თითოეულმა წევრმა, ამიტომაც მიენიჭა თეატრს (სავსებით სამართლიანად) ეროვნული თეატრის სტატუსი, თუმცა მხოლოდ ამის ცოდნა საკმარისი არ არის, გააზრებაც და გათავისებაც მნიშვნელოვანია, რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ისტორიულ თეატრთან დაკავშირებულ ყველა თაობის ყველა ხელოვანს.

 

გრიგოლ ჟორდანიას სპექტაკლში ყოფითი პრობლემები უპირსპირდება სულიერებას, წრფელ სიყვარულსა და გულწრფელ ურთიერთობებს. კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის სწორედ შექმნილი ყოფის ნიადაგზეა. ამ კუთხით, რეჟისორმა სწორად ჩაავლო პიესის აქტუალურ შტრიხებს, რომლის გაზიარებასაც მაყურებლისთვის რეჟისორი მონდომებით ეცადა.

 

თამაზ ჭილაძის ყოფითი დრამა კომიკური ელფერით გრიგოლ ჟორდანიამ მუსიკალურ კომედიად ჩაიფიქრა, მაგრამ ვერ აქცია. კომპოზიტორმა ანა ჟორდანიამ რამდენიმე სიმღერა შექმნა, რომელსაც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები ასრულებენ, ხან დუეტებს, ხანაც სოლოს. სიმღერათა მელოდიები დავიმახსოვრე - მეთქი, რომ ვთქვა მოგატყუებთ. ეჭვი მეპარება ამ სიმღერებმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სივრცე დატოვონ, როგორც აქამდე, არაერთმა სპექტაკლისთვის შექმნილმა სიმღერამ, რომლებიც ჰიტებად იქცა და ყველა ღიღინებდა. ვფიქრობ, რამდენიმე სიმღერის ჩართვით სპექტაკლი მუსიკალურ კომედიად, როგორც ჟანრად ვერ იქცევა, ამიტომ ჟანრის განსაზღვრა, რომელიც აფიშაზეა გამოტანილი ზედმეტად პრეტენზიულად ჟღერს, ისე როგორც რუსთაველის თეატრს ეკადრება, მაგრამ ნურავის გაუკვირდება, რომ ამ თეატრის მიმართ მაყურებლის მოთხოვნაც უფრო პრეტენზიული იქნება, ვიდრე სხვა თეატრებისადმი.  სამწუხაროდ, რუსკა მაყაშვილის, ირაკლი კერესელიძის, ბექა სონღულაშვილის და ლაშა ჯუხარაშვილის (სპექტაკლში მოწვეულია ანა ქარუმიძე, რომელიც საფინალო ეპიზოდში ჩნდება და მას პარტერიდან პირდაპირ სცენაზე იხმობენ) შესრულებულ სიმღერებში არ ისმის ტექსტი, ძნელია სიტყვების გარჩევა, თუ რას/რაზე გვიმღერიან ისინი სცენიდან. ვერ ვიტყვი რომ დუეტები მსახიობებს შესანიშნავად გამოსდით-თქო, თუმცა რუსკა მაყაშვილის მიერ პროფესიულად შესრულებული ერთი ნამღერი მისაღებად ისმინება.

 

რუსკა მაყაშვილი (ტასო) ზოგჯერ ექსცენტრულ, ხანაც ჩვეულებრივ ქალს განასახიერებს. ვერ ვიტყვი, რომ მსახიობს არ ჰქონდა დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ასეთი იყო მაშინ, როცა რუსკა იყო რუსკა, როგორსაც ვიცნობთ და გვიყვარს, თავისი ხალასი იუმორით, ქცევით, პოზიტივით. ასეთი ტასო-რუსკა მაყაშვილი ზოგჯერ იკარგება. იგივე შემიძლია ვთქვა ბექა სონღულაშვილზე, რომელიც ზუსტად ხატავს ისეთი მწერლის სახეს, რომელსაც დღეს თითქმის არ ვიცნობთ, მაგრამ ვიცნობდით. ზომიერი იუმორი და თვითირონია მის მიერ შექმნილ პერსონაჟს აქა-იქ ეტყობოდა. სწორხაზოვანი, ტიპური ახალგაზრდის მხატვრულ სახეს წარმოგვიდგენს ირაკლი კერესელიძე. სამაგიეროდ, საინტერესო, გროტესკული და სასიამოვნოდ მოულოდნელი ტიპაჟი დაგვიხატა ლაშა ჯუხარაშვილმა (ვალერიანი, ტასოს მოწაფე), რომელმაც შექმნა ხასიათი. მისი პირველივე გამოჩენა და სცენაზე შემოსვლა ეფექტურია, მოულოდნელიც და ამიტომაც დასამახსოვრებელი. ასე გრძელდება სპექტაკლის დასრულებამდე.  

 

მხატვარმა ანა ნინუამ გასული საუკუნის 90-იანებ გამოვლილი, შელახული ბინის ინტერიერი შექმნა, სადაც ყოფითობა და პოეტურობა ერთმანეთს ერწყმის, სადაც კედლები და ბინაში განთავსებული ნივთები ბევრ რამეს ყვება წარსულიდან. მსახიობები თანამედროვედ შემოსა. მათი კოსტიუმები ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს პერსონაჟთა ხასიათს, ტიპაჟს.

აღფრთოვანებული მაყურებელი ოცავიას და აპლოდისმენტებს არ იშურებდა მსახიობთა მიმართ, მართალია პრემიერაზე დარბაზში ახლობლები და გულშემატკივრები სჭარბობდნენ, მაგრამ დარბაზს ეტყობოდა, რომ ჩემგან განსხვავებით, ნანახი მოეწონა. ამიტომაც, სჯობს თავად გადაამოწმოთ და ეწვიოთ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენას და ნახოთ „მე პაწია მერცხალი ვარ“, რომელიც ნამდვილად განსხვავდება სტილისტიკით რუსთაველის თეატრის რეპერტუარში არსებული ყველა სპექტაკლისგან. 

 

და კიდევ...

ბოლო წლებია პროფესიულ წრეებში გვესმის, რომ რეგიონის და დედაქალაქის თეატრები ერთმანეთს სპექტაკლების ხარისხით გაუტოლდნენ და ეს ზღვარი აღარ არსებობს. ამ მოსაზრებაში არის გარკვეული სიმართლე, რადგან რეგიონის თეატრებში ვხვდებით მეტი ენთუზიაზმით შექმნილ სპექტაკლებს. ამ მოსაზრებას იმას დავამატებდი, რომ ახლა ერთმანეთს სახალხო თეატრებისა და ქვეყნის წამყვანი თეატრების სპექტაკლები  გაუთანაბრდნენ ერთმანეთს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დედაქალაქების წამყვანი თეატრების ბოლო პერიოდის პრემიერების ხარისხი იმდენად დაეცა, რომ ის სახალხო, მოყვარული თეატრების სპექტაკლების მხატვრულ დონეს გაუტოლდა. ერთი წამით, იქნებ ამაზეც ვიფიქროთ, იქნებ არის ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი.

bottom of page