
„მეტი თეთრი ვერ იშოვეს?!“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

გიორგი ყაჯრიშვილი
„მეტი თეთრი ვერ იშოვეს?!“
როდესაც მრავალჯერ სცენაზე წარმოდგენილი სპექტაკლის დადგმის შესახებ კვლავ გაიგებ, პირველი რაც გაინტერესებს ისაა, რა ახალს გთავაზობს დამდგმელი ჯგუფი. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძისა სახელობის მუნიციპალური თეატრის ანონსით ეს ინტერესი უფრო მეტი იყო, ვინაიდან დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა, რეჟისორი, რომელმაც საკუთარი თეატრალური კარიერის ჯერ კიდევ დასაწყისში პირველმა რუსთაველის სცენაზე აიყვანა მაყურებელი და რობერტ სტურუასთან ერთად დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ შემოგვთავაზა.
ჩვენ დიდი ხანია მიგვაჩვიეს, რომ ფარდის გახსნა-დახურვის ტრადიცია მოიშალა და დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელი იმ გარემოში ხვდება, სადაც მალე პიესის პერსონაჟები (და არამხოლოდ) ჩვენს წინაშე „ვიღაცის“ ცხოვრებას გაითამაშებენ. პარტერში სავარძლებს შორის დიდი თეთრი პოდიუმია, რომელიც მეცხრე რიგიდან იწყება და ავანსცენაზე მთავრდება. სცენის მოწყობაც სრულიად თეთრია: იატაკი, კედლები, ჭერი, მასზე სარკე და თეთრი აბაჟური და იმდენად გადათეთრებულია ყველაფერი, რომ დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ ერთ-ერთ პერსონაჟს, ოსიკოს (ლაშა მებუკე) შემოსვლისთანავე წამოსცდება: „მეტი თეთრი არ ჰქონდათ?!“. სცენაზე (მხატვარი ლომგულ მურუსიძე) ძალიან ბევრი რამაა განთავსებული: თეთრი ხე და მასზე თეთრი ხალათი, აკვარიუმი, სკამები, აკვანი, ტრენაჟორი, მაგიდა და ყავისფერი (გამონაკლისი) კარადა. ამ სითეთრეში სისუფთავისა და სიწმინდის სიმბოლოში რაიმე თუ დარჩა წმინდა და სუფთა ...
წარმოდგენა პოდიუმზე დარისპანის მეუღლის (მაია ჯავახიშვილი), რომელსაც ხელში ჩვილი უჭირავს (ალბათ მეოთხე ქალიშვილი) და მისი სამი ქალიშვილის შემოსვლით იწყება. ბავშვს აკვანში მოათავსებენ და ისინი ჩვენს წინ სკამებზე განლაგდებიან და იწყება შოუ სიმღერით, პლასტიკით და ჰიტით „ტყემ მოისხა ფოთოლი“ ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი სიმღერით.
დარისპანის ქალიშვილები (სოფიო ჩხიტუნიძე, მაია გელაშვილი, თეონა ხვედელიძე) და მღვდელი (ნუკრი არჩვაძე) ერთად რამდენჯერმე ჩნდებიან სცენაზე, ხან პოდიუმიდან ამოდიან, ხან კარებიდან შემოდიან და ხან კიდევ კარადიდან გადმოდიან. ისინი რეჟისორის მიერ დამატებით შემოყვანილი პერსონაჟები არიან, „ზონგებსაც“ მღერიან, ლოცულობენ მღვდელთან ერთად და ღვინოსაც მიირთმევენ. მათი აქ გამოჩენა ჩემი აზრით, იმას ემსახურება, რომ უფრო გაამძაფროს დარისპანის „გასაჭირი“ და ხშირად შეგვახსენოს, რომ მას სახლში კიდევ სამი ქალიშვილი („მეოთხე - ჩემი ჩათვლით, როგორც ხშირად ამბობს კაროჟნა“) ელოდება. ამავდროულად მათი გამოჩენა ბრეხტისეულ თეატრალურ ფორმას უახლოვდება, რაც სპექტაკლის პირველ ნაწილში აშკარად იკვეთება: მთავარი პერსონაჟების მართას (ნათია მელაძე), პელაგიას (ნათია არბოლიშვილი), კაროჟნას თამაში ამ ხერხითაა გადაწყვეტილი, თუმცა დარისპანის შემოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი სადღაც ქრება და ამიტომ მგონია ეს ყველაფერი ოდნავ ეკლექტურობისკენ უბიძგებს წარმოდგენას.
დავით კლდიაშვილის პერსონაჟების ქალ მსახიობთა შესრულება და მოგვიანებით ოსიკოს „თამაშის თამაში“ მგონია, ბრეხტისეული „განდგომის“ ხერხის მსგავსად წარმოგვიდგება - არა მხოლოდ მათ ხასიათებისა და გრძნობათა ბუნებას გადმოცემით, არამედ საკუთარ დამოკიდებულებით ამ პერსონაჟთა მიმართ. ამდენად, მომეჩვენა, რომ ასეთი ინტერპრეტაცია საინტერესო და ახალი უნდა ყოფილიყო, რაც სხვაგან არ გამოკვეთილა. ზუსტად ასეთია ოსიკოც (ლაშა მებუკე) - შემოსვლისთანავე (იმ ფრაზის სითეთრის შესახებ) იგი იმდენად „განუდგა“ საკუთარ პერსონაჟს, იმდენად ყალბი ჰგონია იგი, რომ თავისი სახელიც კი არ მოსწონს და „ოსკარი დამიძახეთო“ აფრთხილებს ყველას და მხოლოდ მაშინ, როცა ყველას (დიახ, ყველას მათ შორის, დარისპანის ოჯახის სრულს შემადგენლობას, იარაღებით რომ შემოვარდებიან სცენაზე) ამცნობს, რომ დანიშნული ჰყავს და ამაყად ტოვებს სცენას, მხოლოდ დარისპანს მიაძახებს „თქვენ ოსიკო დამიძახეთ!“
ბარბარე ასლამაზის კოსტიუმები ხაზგასმით ეკლექტური და მრავალფერადოვანია. ნათია შარვალ-კოსტიუმში - ბიზნეს-ვუმენი, პელაგიაც შარვალში და ჭრელ ბლუზაში, რომელშიც მკერდთან ოსტატურად მალავს ფულს და დროდადრო „გამოამზეურებს“, კაროჟნა შავ კომბინიზონზე თეთრ კაბას ატარებს, რომელიც თითქოს სადღაც ითხოვა ან სპეციალურად ასე გამოაწყვეს, ზემოდან კი ყავისფერი ლაბადა აცვია, ისიც პატარა ზომის. ნატალიაც თეთრებშია, მხოლოდ ქვედაბოლოზე შავი გიპიური აქვს შემოხვეული, „პრიჩოჩკაც“ მითითების მიხედვით გაუკეთებია. დარისპანი ჯენტლმენურ შავ კოსტიუმშია გამოწყობილი, ყაბალახმოხვეული - დროდადრო ფეხსაცმელს რომ იხდის და სახლის ფაჩუჩებს იცვამს, კაროჟნა რომ ჩანთით დაატარებს. ქალიშვილთა სტილიზებული ჩაცმულობაც ხაზს უსვამს, რომ კლდიაშვილის ეპოქიდან შორს წავედით „გავლამაზდით“, თანამედროვენი გავხდით - თუმცა გემოვნება და საკუთარი სტილი ჯერ ვერ გამოვიმუშავეთ.
დარისპანის (ზვიად დოლიძე) შემოსვლით თითქმის სულ სხვა თამაში იწყება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მართასა და პელაგიას გეგმებს ჩაუშლის, არამედ იმით, ჩემი აზრით წარმოდგენა ყოფით ტრაგიკომედიაში გადადის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მსახიობები სხვადასხვა სტილისტიკაში და სხვადასხვა ხერხებით მიუდგნენ ამოცანას. დარისპანის გადამეტებული ემოციას, ტემპერამენტს და მის „სერიოზულ“ განცდებს (განსაკუთრებით კაროჟნა მარცხის დროს - ჭიქის რომ გაუტყდება და ცხელ ჩაის გადავლებს ონისიმეს (ზაზა თაგოშვილი) უპირისპირდება იმ სპექტაკლის ატმოსფერო, რომელიც მის შემოსვლამდე სუფევდა.
რასაკვირველია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა და სავარაუდოდ სრულ ჭეშმარიტებად არ უნდა ჩაითვალოს. თუმცა მაინც ვისურვებდი და ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა იმ მიგნებების გავრცობა და ბოლომდე მიყვანა, რაც სპექტაკლის პირველ ნაწილში დავინახე. თანაც მითუმეტეს, მომეჩვენა რომ ხერხი ნაპოვნი იყო - მხედველობაში მაქვს ჭერზე არსებული სარკე, სადაც მაყურებელი სცენაზე მიმდინარე მოვლენებს ამოტრიალებული ფორმითაც ხედავდა - კლდიაშვილისეული სამყარო „თავდაყირა“ - ახლა როცა არც ვინმეს გათხოვებაა პრობლემა და აღარც აუცილებელია - ყველა საკუთარი თავის პატრონია.