მეზუნია ჩიტები
გიორგი ყაჯრიშვილი
მეზუნია ჩიტები
ბოლო დროს ქართულ თეატრში ერთი ტენდენცია იკვეთება. უმეტეს დრამატურგიულ ტექსტებსა და სპექტაკლებში სჭარბობს ეწ. „ექსპოზიციური“ ნაწილი. ამ საფრთხეს თავი ვერ აარიდეს დიდმა რეჟისორებმაც: რ. სტურუას და ნ. შველიძის ბ. ბრეჰტის „დაკანონებული უკანონობა“, თ. ჩხეიძის ბრაიან ფრინის „თარგმანებში“ წარმოდგენის ეს ნაწილები იმდენად გრძელია, რომ აგდებს სპექტაკლის საერთო რიტმს, ახანგრძლივებს მის მიმდინარეობას, მოსაწყენს ხდის შესავალ ნაწილს, ვნებს აღქმის მთლიანობას. რასაკვირველია ეს უმეტეს შემთხვევაში დრამატურგიული მასალი ხარვეზია, ვინაიდან ავტორი ვერ გრძნობს და ვერც გაითვლის იმ რიტმს, რასაც სპექტაკლი მოითხოვს. მკითხველი თავისთავად ადვილად გაუძლებს ამ უთანაბრობას და გამეორებებს, მაყურებელი კი იძულებული ხდება ბოლომდე ისმინოს ხშირად არაფრისმთქმელი ამ მრავლისმთქმელი და გრძელი დიალოგები. დამდგმელი რეჟისორის ვალია უფრო მოქნილი და ადვილად გასაგები გახადოს ეს ფრაგმენტები. კვლავ მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად აბსოლუტური სრულყოფილებისა და ოსტატურად შესრულებული თხზულებისა ბ. ფრინის პიესა „თარგმანების“ პირველი ნაწილიც ასეთი ნაკლოვანებით გამოირჩევა, რამაც წარმოდგენა ძალიან დააზარალა.
არც ქართულ დრამატურგიაში გვაკლია მსგავსი მაგალითები: ყოველივე ზემო თქმული ეხება დ. ქოქრაშვილის პიესა „მეზონია ჩიტებს“ (რომელიც დიდი ხანია მოგზაურობს ქართული თეატრის სცენაზე) და მის მიხედვით წარმოდგენილ „ჩიტებს“ „რკინის თეატრში“ რეჟისორ დავით ანდღულაძის დადგმით.
თავდაპირველად პიესის შესახებ - ამბავი, რომელიც ამ ნაწარმოებში ხდება ძალზე ნაცნობია ყველასთვის. ჩემი აზრით მხოლოდ რამოდენიმე რეპლიკა ან წინადადება სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ ავტორსა და რეჟისორს ასე ვთქვათ „საქმის კურსში“ ჩავეყენებინეთ იმაში თუ რა გველის წინ. ამის ნაცვლად თითქმის 30 წუთი ვაკვირდებით შემდეგს: (გამოვიყენებ კრიტიკოსის ჩანაწერებს სპექტაკლის მომდინარეობის დროს) - ნინელი დადის ბაღში, ისმის ჩიტების ჭიკჭიკი, ნინელი სკამებს ალაგებს, ერთ მათგანი წინ გამოაქვს, უყურებს ეზოს, ადის ვერანაზე, იხურავს პლედს, იმალება თუ იძინებს, ხმაური სცენის მიღმა, გამოდის ნაბახუსევი დ. როინიშვილი, დიდხანს ეძებს მეორე ფეხსაცმელს (ისე დალაგებისას ნინელის ეს ბაღში ეულად დარჩენილი ფეხსაცმელი ადგილზე რომ დაედო არ შეიძლებოდა?), ნინელი სასტვენში უსტვენს, აშინებს კაცს. დიდი გრძელი დიალოგი, საიდან მოიყვანა, სად იპოვა მამაკაცი. კაცი - დ. როინიშვილი აგრძელებს სმას, საუბარი მურმანზე, რაგბიზე, ვირთხაზე და ვირთხის ნაკბენზე და აშ. და აშ. იქამდე ვიდრე არ გამოჩნდება ახალი პერსონაჟი და მისი შემოსვლით იწყება ქმედება და ექსპოზიციური ნაწილი თავდება. აქვე, რაკი პიესით დავიწყეთ საუბარი, არ შეიძლება არ მივუთითოთ, რომ ეს პიესა ძალზე წააგავს სხვა, თითქმის ამ თემაზე, კერძოდ კარ-მიდამოს გაყიდვაზე შექმნილ ნაწარმოებს. თითქოსდა ყურში ჩამესმის ლაპახინის ტექსტი ალუბლის ბაღის აგარაკებად გაყიდვაზე - „შევისყიდი ყველაფერს და რომ დავაცარიელებ ამ სოფელს, მერე რაუნდა ვქნა, იცი? დიდი ბომბი უნდა ჩავდო ცენტრ ადგილში! უნდა ჩავდო და ვბუთქო! ისე უნდა ვბუთქო, რომ–აუჰ! ცაში უნდა ავწიო დედა-ბუდიანად! თავის სახლებიან სკოლიან-ეკლესიიან-სასაფლაოიან-მკვდარ-ცოცხალიანად! როგორ ველოდები მაგ დღეს! როგორ ველოდები! ამ მყრალი სოფლის მაგივრად აქ იქნება ერთი დიდი, სუფთა ორმო, კარიერი ჰქვია დიდ ორმოს!“ - ამბობს მეზობელი „ბესიკო-კაო ბიჭი“, ქალის კარ-მიდამოს ახალი მფლობელი.
პიესამ, რომელიც რამოდენიმეჯერ გადავიკითხე მაინც დამიტოვა რამოდენიმე შეკითხვა - მეჩვენება რომ მასში დარღვეულია შინაგანი ლოგიკა. იგი სასიყვარული სამკუთხედის მურმანი - ქალი (ნაზიკო) - მამაკაცი (უტა) ცხოვრებას ასახავს. თუმცა ძალიან გაუგებარია, რატომ „გადაუგდო“ მურმანმა უტას ნაზიკო „რაგბის ბურთივით“ და რატომ სიამოვნებდა ნაზიკოს „რაგბის ბურთობა“; ნაზიკო შეძლებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს - ბინა თბილისში, აგარაკი სოფელში, მანქანა, რომელიც სავარაუდოდ საკუთარი შრომის შედეგია, ძვირფასეულობა, ნახატები, რომელიც საგვარეულოდან მოჰყვება, რატომ გადაწყვიტა უეცრად ყველაფერი აჩუქოს ბესიკო-კაი ბიჭს და არა მაგალითად უტას, რომელმაც ყველაფერი უფრო დაკარგა, ვიდრე ნაზიკოს მეზობელმა, ორივემ მურმანის წყალობით. და თუ ნაზიკო შვიდი წლის განმავლობაში უტასთან თანაცხოვრობდა ახლა რატომ გაიგო მისი უბედურების მიზეზი? განსაკუთრებით მაკვირვებს პიესის ფინალი: - ნაზიკო, მთელი პიესის ხანგრძლიობის განმავლობაში რომ ცდილობდა უტას თავიდან მოშორებას, ბარე სამჯერ ჩააცვა ლაბადა, ღილები შეუკრა და სთხოვდა წასვლას, აღმოჩნდება რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია -„ არ დამტოვო!! არ მიმატოვო!!! არ გადამაგდო!!! მე უშენოდ ვეღარ ვიცოცხლებ!!!“ და კიდევ ერთი - მურმანი რა ყალთაბანდი, გამომძალველი და გადამგდები იყო ვის და ნაზიკოსთვის ეს აღმოჩენა არ უნდა ყოფილიყო. პიესის ამ ალოგიკურობამ და ალუზორულობამ დაღი დაასვა სპექტაკლსაც. ჩემთვის ძალზე გასაოცარია რომ ისეთმა ინტელექტუალმა რეჟისორმა დავით ანდღულაძემ რატომ აირჩია ეს პიესა დასადგმელად და მითუმეტეს თუ ეს წარმოდგენა „მეზუნია ჩიტების“ მიხედვითაა დადგმული, რატომ არ მოხდა ამა თუ იმ ხარვეზის ჩასწორება. ჯერ კიდევ გვახსოვს დავით ანდღულაძის წარმატებული სეზონები მარჯანიშვილის და ახმეტელის თეატრებში, ნაყოფიერი მუშაობა დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილთან, შესანიშნავი სპექტაკლები ფ. დიურენმატის „მეორე მოსვლა ანუ ვიზიტი“, ჰ. პინტერის „ღალატი“, ჯ. ორუელის „ცხოველების ფერმა“ ახალი „რკინის თეატრის“ გახსნის სპექტაკლი და სხვები, რომელთა ჩამონათვალში არაფრით არ ჯდება ეს წარმოდგენა.
აქვე მინდა შევნიშნო, რომ ცვლილება განიცადა სათაურმა, რაც სხვადასხვა ასოციაციებს იწვევს - ხომ არსებობს არისტოფანეს კომედია „ჩიტები“, ა. ხიჩკოკის ფილმი ამავე სათაურით და ბოლოს პ. პაოლო პაზოლინის „დიდი და პატარა ჩიტები“ და სადაც ჩიტები ძალზე არსებით დატვირთვას იძენენ, რაც ამ ნაწარმოებში არსად შეიმჩნევა.
რეჟისორმა სხვადასხვა თეატრებიდან სპექტაკლში ცნობილი მსახიობები მოიწვია - ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ ყიფშიძე, დავით როინიშვილი, რაც თავისთავად მომავალი წარამტების საწინდარი უნდ გამხდარიყო.
მან სპექტაკლს დიდი შესავალი წაუმძღვარა - გასაგებია, ფარდის არარსებობის პირობებში დროზე შემოსული მაყურებელი რაღაცით ხომ უნდა დაკავდეს, ვიდრე დარბაზი შეივსება და დაგვიანებული მაყურებელი ადგილებს დაიკავებს. ამიტომაც დიდხანს ალაგებს სოფლის სახლის ეზოს ქალი - ნინელი ჭანკვეტაძე, უდაოდ რაღაცის შეცვლას ცდილობს, არა მხოლოდ თავის კარ-მიდამოში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. რესტორნიდან მთვრალი კაცის წამოყვანაც ამას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ დრამატურგიული უმოტივაციობა, რაც სამწუხაროდ „ჩამჭრელი“ აღმოჩნდა რეჟისორისა და მსახიობისთვის აქაც იჩენს თავს. ქალს სახლს ყიდის, მერე აღარ ყიდის, მერე ჩუქნის, კაცს ხან გააგდებს, ხან კი ემუდარება დარჩეს, ეს ერთგვარი ამაოების ამაოებაა, ყოველგვარ მოტივაციას მოკლებული და სადაც არაა მოტივაცია, იქ არაა სცენური სიმართლე. ამიტომაც ყალბია პერსონაჟთა ურთიერთობები. ერთი შეხედვით მსახიობები თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და თითქმის „არაფერს აფუჭებენ“, მაგრამ ეს არაა გარდასახვა, ისინი ვერ აღწევენ პერსონაჟთა განზოგადებული ხასიათების შექმნას.
ქალი - „ნაზიკო“ - ნინელი ჭანკვეტაძე სააგარაკო საკმაოდ უგემოვნო ტანსაცმელშია გამოწყობილი, ინდური, ფართო სახელოებიანი, სტაფილოსფერყვავილებიანი ხალათი ცისფერ ჯინსებზე ჩაუცვავს და ქამარიც მოუჭერია, ფეხზე კი მოყავსფერო ზამშის ნახევრჩექმები მოსავს. გრძელი გაშლილ თმა შუბლზე თასმით შეუკრავს. მთელი სპექტაკლის განმავლობას ცდილობს გვიჩვენოს სრულყოფილი პიროვნების სახე, ოდნავ ცინიკური, იუმორით დაჯილდოებული, უზრუნველყოფილი და უდარდელიც კი. თუმცა სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება ასეთი ნაზიკო გამხდარიყო მურმან-ოტოს გარიგების მსხვერპლი და ასე ხელიდან ხელში გადასვლა არ ამცირებდა მის პატივმოყვარეობას და ღირსებას? დავუშვად ამ ყველაფერგადატანილი ნაზიკო შეიცვალა და ახლებურად უყურებს ცხოვრებას და ყოფილ მეუღლეებსა თუ საყვარლების მიერ ჩადენილ საქციელს, მაშინ რატომ ხდება იგი ახალ „ბესიკო-კაო ბიჭის“ მხსვერპლი? მსგავსი ალოგიკურობა დაღს ასვავს როლის განხორციელებას ისეთი უნიჭერესი მსახიობისთვისაც როგორიც ნინელი ჭანკვეტაძეა - ამიტომაც შედეგად შესრულებული როლი სქემატურია, სიღრმეს მოკლებული, დამყარებული მხოლოდ გარეგან ეფექტებზე - ჟესტებზე, პლასტიკაზე და ამიტომაც სრულიადაც არ იწვევს თანაგრძნობის შეგრძნებას.
კაცს - დავით როინიშვილს სიმთვრალის ჟამს პერანგი და ერთი ფეხსაცმელი დაუკარგავს იმ „ნამყენი ქლიავის“ ძირში, სადაც მოგვიანებით „ბესიკო-კაი ბიჭი“ იპოვის და ბაღში „შემოიტანს“. შემოდგომის ლაბადა, რომელსაც ასე გულმოდგინე აცმევს ქალი ორი ზომით დიდი აქვს, სავარაუდოდ მურმანის უნდა იყოს, რომელიც ხშირად სარგებლობლობდა ამ მიტოვებული სახლით. მძიმე ცხოვრებაგამოვლილი კაცი ალკოჰოლს მისძალებია და მურმანის დაბრუნებით გამდიდრების იმედით არსებობს. დ. როინიშვილის მიერ შექმნილი „წარუმატებელი ბიზნესმენის“ სახე სიბრალულს და თანაგრძნობას უნდა იწვევდეს ჩვენში, თუმცა მისი უნიათობა მოსაწონი ნამდვილად ვერაა. სამწუხაროდ მსახიობი ერთნაირია მაშინაც, როცა მურმანის ღალატს კიდევ ერთხელ შეიტყობს და მაშინაც როცა ქალის დაცვა მოუწევს მომხდური და გაცოფებული „ბესიკო - კაი ბიჭისგან“. მხოლოდ სპექტაკლის პირველ ნაწილში „ნაბახუსევია“ იგი დამაჯერებელი და შედარებით სრულყოფილი. სხვა შემთხვევებში კი იგი ერთგვარად თანაშემსწრეს უფრო ჩამოაგვს, ვიდრე მთავარ თანამონაწილეს, რომელსაც თავს გადახდა ეს ყოველივე. ასევე სრულიად გაუგებარია და ლოგიკას მოკლებული სპექტაკლის ფინალი, რაზედ ზემოთ უკვე ვწერდით - რას მოსწავებს ასეთი ფინალი? ამჯერად კაცისადმი სიბრალულით აღჭურვილი ქალი უნდა შეეწიროს მსხვერპლად თუ მურმანს უხდის სამაგიეროს მისი არადამიანური ქცევების გამო?
„ბესიკო - კაი ბიჭი“ - ირაკლი სამუშია გამორჩევა ემოციურობით, გულწრფელობით და შესრულების თვისებური მანერით, ეს საპასუხისმგელო როლი ახალგაზრდა მსახიობისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.
რაც შეეხება მეოთხე პერსონაჟს, ვის გამოც ყველაფერი აირია და ვის გარშემოც ეს ყოველივე ტრიალებს მურმანია - სავარაუდოდ ზურაბ ყიფშიძე. ის სცენაზე არ ჩნდება - ერთგვარი „გოდო“ - ჩამოდის, მაგრამ არ შემოდის და შესაბამისად ვერც ამ მსახიობს ვხედავთ სცენაზე და მაშინ რატომაა იგი სპექტაკლის პროგრამაში მითითებული გაუგებარია.
სპექტაკლმაც ისევე უამრავი კითხვები დაბადა როგორც პიესამ, თუმცა სამწუხაროდ ვერც ერთს მათგანს ვერ გაეცა პასუხი.