top of page

„მიჯაჭვულია პრომეთე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

345062488_1288979188710446_6706774074182944277_n.jpg

ანი ცხვედაძე

„მიჯაჭვულია პრომეთე“

 

მიჯაჭვულია „პრომეთე“, უიმედოდ მიჯაჭვული, მეტაფიზიკური და მიწიერი ვნებებით...
უნივერსალური „პრომეთეს“ მიჯაჭვა თავისუფალი მეტაფორაა იმისა, თუ როგორ ვართ დღეს, როგორ ვიყავით გუშინ და როგორ შეიძლება ვიყოთ ხვალ - მიჯაჭვულები ყველაფერზე; როგორ მოქმედებს ჩვენზე სხვების აზრები, ქცევები, როგორ გვსჯის სხვისი სიმკაცრე და როგორ გვხდის სტატიკურსა და სამუდამოდ ადიქციურს!


აი, ამ ყველაფრის კონსტატაციაა, რობერტ სტურუას მიერ 2023 წლის მაისში განხორციელებული ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ თვალში საცემად შთამბეჭდავი სცენური ხატება!


პრომეთეს ბერძნული მითი, ხოლო დიდი ანტიკოსის ტრაგიზმი, ამ საუკუნისთვის დამახასიათებელ, გამძაფრებულად ნევროტული ადამიანის ღრმა, უხილავი შფოთვებისა და დისკომფორტების მთელ არსენალს, არ იქნება გადაჭარბებული თუკი ვიტყვით - ტრაგედიული კვინტესენციის პერსპექტივიდან გვიხსნის!

სტურუა, სწორედ დღეს, ამ ტრაგედიას დგამს, როგორც მიჯაჭვას - ადამიანის თანდაყოლილ ატიპიურ მდგომარეობას, სამყაროს კანონზომიერებასთან დაპირისპირებულ ანტი-დეტერმინიზმს, ღვთაებრივი ზეკაცის - პრომეთეს ილუსტრირების მაგალითზე.

ლევან ხურციას მიერ გათამაშებული „პრომეთე“ უდავოდ ეფექტურია, სცენის ცენტრში მონუმენტურად აღმართული „ვერტიკალური ხაზი“ ტიტანის გმინვა-გოდებას მძაფრი სიზუსტით ირეკლავს. ხურციას „პრომეთეს“ სევდანარევი ხმის ბასრი ტონი, შეუდრეკლობა და სიმტკიცე კარგად ჩანს ფრაზეოლოგიასა და მისი სხეულის პედანტური დისციპლინით მიღწეულ სტატიკურ დგომაში! (სცენოგრაფია: ანა ნინუა; მერაბ მერაბიშვილი; რობერტ სტურუა)

პროვიდენციალიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური გააზრება, ყველანაირი მოვლენის ფუნდამენტად „განგების“, ერთგვარი „უზენაესი ლოგოსის“ ძალას მიიჩნევს, ამდენად, „პრომეთეს“ მიჯაჭვა „უზენაესთან“, ყველაფრის „აბსოლუტთან“, ანუ ღმერთების ღმერთთან (ზევსთან) შეწინააღმდეგება-ბრძოლის აქტია.

ნატალია ყულოშვილის, ქეთი სვანიძის, მანანა აბრამიშვილის, ნინო არსენიშვილის, ეკა მინდიაშვილის, ქეთი ხიტირისა და ანა ამილახვარის - ქორო ოკეანიდებისა აღიქმება, არა უშუალოდ ქალთა უფლებების ასპექტში დადისკურსების დემონსტრირება, არამედ, მთლიანი კაცობრიობის კონვულსიური შფოთვა, დაუსრულებლად წრიული ჭიდილი მარადიული პრობლემებისადმი და ეს მარადიულობა მოიცავს ინტეგრალური წვრილმანების მორფოლოგიას!


ოკეანიდების ასულთა ჭირვეულობა, ეგოიზმი, ქალწულობა, სიბილწე, სილამაზე და სიმახინჯე, ფეხმძიმობა და ბავშვური ინფანტილურობა - ფართოკონტექსტუალურ მასშტაბს იძენს. ყველაზე პატარა ასულის - ნატალია ყულოშვილის თითქოს მიამიტურობა და სინამდვილეში ყველაზე მეტად გონიერება ნიშანდობლივად მშვენიერია მთელს ასულთა ქოროში.

სტურუას „მიჯაჭვული პრომეთე“ არ არის ერთმნიშვნელოვნად რეჟისორის შემოქმედების პიედესტალი, თუმცა უდავოდ ღირსებების მქონეა აქსიოლოგიური თვალსაზრისით, ამავდროულად, სპექტაკლში იგრძნობა სტურუასეული ენერგეტიკა, რომელსაც ქედმაღლურად ვერსად გავექცევით, ის ზემოქმედებს და ემოციურ შემხებლობაში შემოდის მაყურებელთან, თანაც რეჟისორული ოსტატობის მძლავრი ელფერი კვლავინდებურად დაჰკრავს სპექტაკლს, ყრუდ, ხან კი ხმამაღლა თავს გახსენებს, აპათიას მთლიანად გაცლის და ემოციურ-ინტელექტუალური ზეგავლენით გიპყრობს... მასშტაბურობა, მონუმენტურობა, მონოლითურობა, სტურუასეული „პრომეთეს“ ლაპიდარულობაც ამასთან ერთად - არ გღლის, თავს არ გაბეზრებს, სათქმელის ტექნიკურად რედუცირებული ფორმა - სივრცეს გიტოვებს და გალანტურად სცენიდან ქრება.

მიჯაჭვულობების ტრაგიზმთან ერთად, რეჟისორი სინქრონში გვიხატავს მჭედლობის ღმერთის ჰეფესტოს გმირით ნათქვამ (გოგა ბარბაქაძე), დროდადრო ირონიულად ჩართული პასაჟებით დახვეწილ ინტერაქციას, მიმზიდველ აპარტეს, რომელიც მაყურებელს არ რჩება “თამაშგარედ“ და მომენტალურად ასე სანუკვარ „ტაშს შეაგებებს“.
 

ქალწული ოკეანიდების ქორეო-მოძრაობები (ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძის) სცენის სიღრმეში და ავანსცენაზე, ტირილის, სიცილის, ხან კიდევ მელოსებით წარმოთქმული სიტყვებისა და ზმანებების ფონზე - ესქილესეული „მიჯაჭვული პრომეთეს“ ტრაგიზმს - მაგნეტიზმის საბურველში ხვევს და ერთდროულად ტრაგიკულის განცდასთან ერთად ესთეტურ ქორეო-დრამად აქცევს.

მუსიკალური ხმოვანი რიგის (სვიმონ ჯანგულაშვილი; რობერტ სტურუა) სინქრონული და ასინქრონული მონაცვლეობა, ოსტატური მანიპულაციით პირველივე წამებიდან ჰედონისტურ პროვოცირებას იწვევს მაყურებელში. განათებებით შექმნილი სცენური მოლბერტის „შუქ-ჩრდილები“ კი ესთეტიკურად ზემოქმედებს მაყურებელზე.

საკუთარი სურვილების ტყვეობაში მყოფი - ამბივალენტურად მუდმივად სხვისი აზრის შემყურე, როგორც სეკულარულ, იმდენად ორთოდოქსულ კონტექსტში როგორი მიჯაჭვულია ადამიანი - აი, ამაზეა სტურუას “პრომეთე“.
 

bottom of page