გაიგე და დაინახე მეტი... მიხაილ ტალჰაიმერის „მედეა“

გაიგე და დაინახე მეტი...

მიხაელ ტალჰაიმერის ,,მედეა“

 

ელენე შალუტაშვილი

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 2019 წლის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიხაელ ტალჰაიმერის ,,მედეათი” გაიხსნა. ტალჰაიმერმა სპექტაკლი 2012 წელს, ფრანკფურტში დადგა, მოგვიანებით იმავე სამსახიობო შემადგენლობით, სპექტაკლი ,,ბერლინერ ანსამბლის” რეპერტუარში ჩაისვა. 21-ე საუკუნეში ბერძნული ტრაგედია კვლავ აქტუალურია. ჟანრული სპეციფიკა ძალზედ რთულს ხდის ტრაგედიის სცენაზე გადმოტანას. ეს ყველაფერი მოითხოვს რეჟისორისგან მაღალ პროფესიონალიზმს და ამასთანავე ცოდნას იმ ეპოქისა, რომელშიც პიესა დაიწერა. ტალჰაიმერის სწორედ ამ სპექტაკლზე გერმანული გაზეთი ,,Spiegel” წერს:,, დღესდღეობით მითოსის გასაცოცხლებლად სცენაა აუცილებელი, როგორც მიხაელ ტალჰაიმერი, რათა მას ფერები შეჰმატოს.”

სამწუხაროდ ტალჰაიმერის მხოლოდ ,,მედეა” მაქვს ნანახი. თუმცა პირადად ჩემთვის სპექტაკლი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მხოლოდ ამ სპექტაკლის მიხედვით შემიძლია რეჟისორს ,,დიდოსტატიც” კი ვუწოდო.

აფიშაზე ,,ბერლინერ ანსამბლის” წაკითხვისას, პირველი ბერტოლტ ბრეხტი და მისი ეპიკური თეატრი გვახსენდება. მაყურებელი განწყობილია პოლიტიკური იდეის დემონსტრირებისა და მსახიობის გაუცხოების (Verfremdung) სანახავად. არავინ ელის ემოციათა მოზღვავებას და ეგრედწოდებულ კათარზისს. პირადად მე მომეჩვენა, რომ სპექტაკლში, სწორედ სულიერ განწმენდას ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ეს განცდა ბრეხტისეული წარმოდგენა-გათამაშებით იბადება და არა გარდასახვით.

სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემი გერმანულის კერძო პედაგოგი, ნუნუ ცხოვრებაძე, მუდამ გატაცებით მიყვებოდა ,,ბერლინერ ანსამბლზე”. მის ახალგაზრდობაში თეატრალურ დასს თბილისში ,,სამგროშიანი ოპერა” ჩამოეტანა. ჩემ პედაგოგსაც გაუმართლა და როგორც თარჯიმანმა ,,ბერლინერ ანსამბლის” შიდა სამზარეულოში მოახერხა ჩახედვა. რეპეტიციის დროს მთელი სცენა ცარცით იხაზებოდა, ეს პლასტიკური ნახაზი იყო. როგორც მიყვებოდა მსახიობები გამაოგნებელი სიზუსტით მუშაობდნენ, ხოლო ეკეჰარდ შალი სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიდიოდა თეატრში, სცენაზე დგებოდა და მთელ სპექტაკლს გონებაში იმეორებდა. სწორედ ამ სიზუსტის პრინციპით, რომლითაც გაჯერებულია მთელი გერმანული კულტურა: იქნება ეს კრანახის ფერწერა, თუ ვაგნერის მუსიკა, სადაც ზედმეტი და შემთხვევითი არაფერია, შექმნა მიხაელ ტალჰაიმერმა თავისი ,,მედეა”. თითოეული ჟესტი სპექტაკლის მსვლელობისას უკვე გაწერილია. ჩემი აზრით ეს თავიდან ბოლომდე გამოხატავს გერმანულ ხასიათს - სიზუსტისა და სიცხადისკენ მიდრეკილებას. სპექტაკლის სტრუქტურამ მომაგონა გერმანული ენის სპეციფიკა, სადაც თითოეული მახვილის, არამცთუ სიტყვის შეცვლა, წინადადების არსს ცვლის. სწორედ ასე ხდებოდა სპექტაკლშიც, მსახიობის ერთ არასწორ ჟესტს, მთლიანი სცენის ჩაგდება შეეძლო.

რეჟისორის გადაწყვეტილებით მსახიობთა მოძრაობა და სპექტაკლის პლასტიკური ნახაზი ძუნწი, თუმცა მაქსიმალურად გამომსახველობითი იყო. ეს სიძუნწე ანტიკური ქანდაკების ასოციაციას იწვევდა. რეჟისორისა და სცენოგრაფის, ოლაფ ატმანის გადაწყვეტილებით, მსახიობებს ასათვისებლად მთელი სცენური სივრცე დაეთმოთ. დეკორაცია აქ მხოლოდ უზარმაზარი რუხი კედელია. გამნათებლებმა იოჰანა დელაერმა და ულრიჰ ეჰმა ოსტატურად იმუშავეს. მათი დამსახურებით მსახიობის თითოეული ჟესტიც მაყურებლისთვის ძალზედ მკაფიო იყო. ამასთანავე ბერტ ვრედის მუსიკალური კომპოზიცია სპექტაკლში მხოლოდ ორჯერ გაისმის. იმისათვის, რომ მსახიობი ,,შიშვლად” დარჩენილიყო მაყურებელთან თავისი ოსტატობისა და პროფესიონალიზმის ამარა, მინიმალიზირებული იყო თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების ყველა სხვა დანარჩენი კომპონენტი: მხატვრობა, მუსიკა, რეკვიზიტი, განათება და ქორეოგრაფია.

აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. აქ არ არსებობს მეორეხარისხოვანი როლი. ძიძას (სტეფანია რეინსპერგერი) შავი სამოსი აცვია და მძიმედ, ხმაურით დააბიჯებს სცენაზე. იგი გატანჯული, გამწარებული ქალია, რომლის ყოველი ნაბიჯი, სიტყვიერად თუ უსიტყვოდ არგოსის ფლოტს წყევლის. რეჟისორმა კორინთელი ქალების ქორო ერთ პერსონაჟამდე დაიყვანა (ბეტინა ჰოპე) და ამასთანავე გამზრდელის სიტყვებიც მას ათქმევინა. მან წარმოაჩინა კორინთელი, გულწრფელი ქალის სახე, რომელიც სრულიად შემთხვევით გაიხლართა მომხდარ ტრაგედიაში. მისთვის გაუგებარი და სულისშემძვრელია მიმდინარე მოვლენები. ბავშვებმა? აი ბავშვებმა რაღა დააშავეს? მისი მთავარი კითხვა ესაა. სპექტაკლის მიხედვით კრეონი (მარტინ რენჩი) უპირველესად მამაა, რომელსაც თავისი ქალიშვილის ბედზე შესტკივა გული. მას ეშინია მედეას შურისძიების. იგი სრულიად არაა ტირანი, მხოლოდ თავისი შვილი უყვარს. მისი ეს სურვილი ძალზე ადამიანური და გასაგებია. იასონის (მარკ ოლივერ შულცე) აქტიური ფიზიკური მოქმედება ავლენს შეგრძნებას, რომ იგი მედეას წინაშე გულის სიღრმეში, თავს დამნაშავედ გრძნობს. მისი პლასტიკური ნახაზი ცხადს ხდის, რომ იგი მტყუანია. ეგეოსისთვის (ოლივერ კრაუშერი) სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა ადამიანური ურთიერთობები დგას. სწორედ ამიტომ არის მისთვის უშვილობა ყველაზე დიდი ტრაგედია. კრეონის ქალიშვილის სიკვდილით აღელვებული მაცნე (გერიტ ჯენსენი) მცირე დროით ჩნდება სცენაზე, თუმცა მისი სხეულის ენა მომხდარი ამბის ტრაგიზმს, ამ მცირე დროშიც კი მკაფიოს ხდის. გამაოგნებელია მედეას (კონსტანს ბეკერი) შესრულება, რომელიც საათნახევრის განმავლობაში ადგილს არ იცვლის. რეჟისორმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა არა მედეაზე, როგორც შვილების მკვლელზე, არამედ ქალზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა: სამშობლო, ძმა, წოდება, მშობლები და სიყვარული.

როდესაც სცენაზე ქოროს ჩრდილი ჩნდება და ერთ ადგილზე შეშდება, ძიძა თითქოს უმნიშვნელოდ მოძრაობს. რუხი კედლის ფონზე მისი შავი სილუეტი ჩანს, იგი წელშია მოხრილი და კალთაზე სულ ოდნავ ისვამს ხელს. ერთი შეხედვით რა მარტივი ამოცანაა, გარინდული ქორო, განადგურებული მედეა და მგლოვიარე ძიძა, თითქოს უმნიშვნელო მოძრაობით. სწორედ ესეთი მარტივი და მეტყველი მიზანსცენებითაა აგებული მთელი სპექტაკლი.

,,მედეაში” ყველაზე დამაინტრიგებელი მონაკვეთი ყოველთვის ბავშვების მკვლელობის სცენაა. ვიდეო დიზაინერის, ალექსანდრ დიუ პრელის შავ-თეთრი ვიდეოინსტალაცია თითქოს ბავშვის თვალით დანახულ, ილუსტრირებულ სამყაროს გვიჩვენებს. ანიმაციაში მოკლედაა მოთხრობილი იასონისა და მედეას სიყვარულის ისტორია, რომელიც ინფანტილური მელოდიით იწყება, ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, თუმცა ტყუილი, ღალატი და ძალაუფლებისკენ ლტოლვა ყველაფერს ანგრევს, იჭრება როკმუსიკა, მედეა კი ამ ანიმაციის ფონზე პიროვნულად იხრწნება. ბავშვები იღუპებიან, დედას კი თვალებიდან მდუღარე ცრემლი გადმოსდის.

დღესდღეობით ხშირია, როდესაც სპექტაკლი თავის სათაურს არ ამართლებს. სამწუხაროდ ფორმის ძიება ხშირად რეჟისორებს თავად ტექსტს აკარგვინებს და სპექტაკლი დრამატურგიულ კონტექსტში აღარ ჯდება. ,,მედეა” დანამდვილებით ევრიპიდეს ტრაგედია იყო, დანამდვილებით ტალჰაიმერის ინტერპრეტაციით.

სპექტაკლის წარმოდგენის შემდეგ მსახიობებთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. მათ აღნიშნეს, რომ რეჟისორისთვის პრიორიტეტი იყო ტექსტზე მუშაობა. სიბილ ბაშუნგი, დრამატული მრჩეველი ეცადა, რომ ტექსტი ძველი ბერძნულიდან მაქსიმალური სიზუსტით ეთარგმნა. ტალჰაიმერისთვის კი მთავარი იყო, რომ მსახიობებს ტექსტი ბოლომდე გაეთავისებინათ. ამასთანავე რეჟისორისთვის ტექსტზე დეტალური მუშაობა, ბევრის მომცემი იყო. ტალჰაიმერმა ტექსტზე მუშაობასა და ფორმის ძიებას შორის ოქროს შუალედი იპოვა, ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა სპექტაკლის მაღალი კლასი.

დავუბრუნდები ისევ ფესტივალს, რომლის დევიზიც: ,,გაიგე და დაინახე მეტი”, მხოლოდ ამ სპექტაკლზე მსჯელობით, უკვე გამართლებულია.