top of page

მიზანთროპული დონ ჟუანი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

281553045_317855103863852_3363950595023026898_n.webp

ანასტასია ჩერნეცოვა

მიზანთროპული დონ ჟუანი

 

დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ ერთგვარ ნიშას წარმოადგენს ალტერნატიული სივრცეების ათვისება.

ორი წლის განმავლობაში საბა ასლამაზიშვილმა  თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, წარმოდგენები გამართა კლუბში, მიწისქვეშა გადასასვლელში, სასაფლაოზე  და  ა.შ. 

2022 წლის 21 მაისს  „ხვლიკი“ თბილისის ცირკში „შეძვრა“  და  მხოლოდ ერთხელ წარმოგვიდგინა ჟან-ბატისტ პოკლენისა და ალეკსანდრ პუშკინის პიესების ნაზავი- „დონ ჟუანი“. 

სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში დაანონსებულმა პრემიერამ დიდი აჟიოტაჟი  და  ინტერესი  გამოიწვია მაყურებლის მხრიდან, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ თბილისის ცირკში  თავი მოიყარა ათასზე მეტმა  ადამიანმა.

 

არც არის გასაკვირი მაყურებელთა დიდი დაინტერესება,  რადგან „ხვლიკმა“ თითოეული  ჩვენგვანი დააინტრიგა  როგორც დადგმისათვის არჩეული სივრცით, ასევე იმით, რომ წარმოდგენა გაიმართებოდა მხოლოდ ერთხელ. 

„დონ ჟუანის“  არც ისეთი დიდი ქრონომეტრაჟის (80 წუთი)  მიუხედავად, მაყურებლისთვის დადგმა ძალზე დამღლელი აღმოჩნდა. დავიწყოთ იქიდან , რომ სპექტაკლი  ნახევარი საათით გვიან დაიწყო, ამასთანავე   , წარმოდგენაში  ბევრი გაწელილი სცენა იყო , სგანარელის (მარიამ ბალახაძე) მისალმებით დაწყებული , დონ ჟუანისა (ლადო ვაშაკიძე) და კომანდორის (გივიკო ბარათაშვილი)  შეხვედრით დამთავრებული.

თითოეული ჩვენგანისთვის დონ ჟუანი ასოცირდება, როგორც მექალთანე, ჰედონისტი, თავისუფლების მოყვარული მამაკაცი, ხოლო ლადო ვაშაკიძის გმირი  სრულიად განსხვავებულია, ვიზუალურად იგი  საცირკო წარმოდგენის სარკასტულ  არტისტს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე დონ ჟუანს თავისი გრიმით, კოსტიუმითა და ვარდისფერბაფთებიანი  პარიკით (მხატვარი ბარბარა ასლამაზი) . რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი  არა ცხოვრებისმოყვარე ადამიანი, არამედ მიზანთროპია, რომელიც იღრინება და თითქმის ყველაზე ძალადობს თავისი მათრახით.  ალბათ, რეჟისორს იმის თქმა სურს, რომ დღევანდელ რეალობაში დონ ჟუანი მხოლოდ კაცთმოძულე იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში პერსონაჟის  მხოლოდ სახელი რჩება და მეტი არაფერი. ლადო ვაშაკიძის გმირი თავისი ხასიათით  უფრო   მოლიერის „მიზანთროპის“ ალცესტს ჰგავს  და არა დონ ჟუანს.

 

საბა ასლამაზიშვილმა სგანარელს სქესი შეუცვალა და ეს უკანასკნელი  წარმოგვიდგინა  მარიამ ბალახაძემ, რომელსაც ძალზე  კარგად გამოუვიდა თავისი გმირის  ბუნების ჩვენება. მისი სგანარელი  ერთი მხრივ,   მოხერხებულია, ხოლო მეორე მხრივ, საცოდავი, რადგან მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მას თავისი პატრონისგან ჯამაგირიც კი არ რჩება. ამასთანავე, მსახიობი შესანიშნავად ეუფულება საჰაერო რგოლს, რაც დადგმას სანახაობრიობას სძენს. კარგი იქნებოდა,  თუ შემოქმედებითი ჯგუფი  უფრო მეტ  საცირკო ელემენტს  შეიტანდა წარმოდგენაში, რათა მსახიობების აღქმა ცირკის უზარმაზარ არენაზე ბევრად მარტივი და საინტერესო  ყოფილიყო .

 

გივიკო ბარათაშვილი  ქართული სათეატრო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. „დონ ჟუანში“ იგი კომანდორის  როლში გვევლინება. მსახიობი მაყურებლის წინაშე თეთრ ტოგაში ეფექტურად წარსდგა , მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მსახიობის  მიხვრა-მოხვრები მახსენებდა საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებში“  მის მიერვე  შესრულებულ  პერსონაჟს- ოსვალდს .  

 

დადგმაში პუშკინის „ქვის სტუმრის“ ხაზი სწორედ  დონა ანას შემოყვანით ვლინდება. კომანდორის ცოლის რანგში კი  ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის დრამატული თეატრის  მსახიობი, ენდი ძიძავა ასრულებს. მისი დონა ანა  შიშით აღსავსე, დაბნეული, ამავდროულად  ნაზი და ვნებიანი ქალბატონია.  მის ქვრივობას და სიცოცხლის მიმართ გლოვას ხაზს უსვამს გრძელი, შავი კაბა და მოხდენილი  შავი „შლაპა“.

 

დონ ჟუანის ცოლის, ელვირას როლი, მსახიობმა ანიკო შურღაიამ შეასრულა. მისი ელვირა სევდიანი, დათრგუნული და მოსიყვარულე ქალბატონია, რომელიც ქმრის გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ის, რომ ელვირა წარსულში მონაზონი იყო, მიგვანიშნებს შავი ჩიხტი-კოპი.  აღსანიშნავია ის, რომ ბარბარა ასლამაზის შექმნილი თითოეული კოსტიუმი როგორც  პერსონაჟების ხასიათს, ისე  არსებულ გარემოს  მოერგო.

 

რეჟისორი არაერთ ინტერვიუში საუბრობდა იმაზე, რომ დადგმა აგებული იქნებოდა  დონ ჟუანისა და კომანდორის იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე,მაგრამ წარმოდგენაში ყოველივე არ ჩანდა. როგორც დონ ჟუანს არ ეტყობოდა თავისუფლებისაკენ სწრაფვა, ისე კომანდორს წესრიგის სიყვარული.

სამაგიეროდ, ფიგურირებს რელიგიური ხაზი, ანუ დონ ჟუანისა (ლადო ვაშაკიძე)  და მამამისის (ანდრია ვაჭრიძე) რწმენის მიმართ   დამოკიდებულება. პირველს იმის სწამს რომ  „ორჯერ ორი ოთხია, ხოლო ორჯერ ოთხი რვა, დონ ლუისი კია  ქრისტიანი, მაგრამ რწმენას თავისი ცოდვების დასაფარად იყენებს.  ანდრია ვაჭრიძის გმირი ზემოდან  უმზერს თავის ვაჟს, თითქოს თავად რწმენით ამაღლებულია, ხოლო  დონ ჟუანი თავისი ურწმუნოებით დამდაბლებულია. ყოველივეს ხაზს უსვამს შუბერტის „ავე მარია“, რომელსაც დონ ლუისთან მდგომი ვოკალისტი ნათია ივანიაშვილი ასრულებს.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ თეატრალურ  კომპანია „ხვლიკს“  მაყურებლის მიზიდვის შესაშური უნარი  გააჩნია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა პროდუქტი რეკლამის შესაბამისი რომ ყოფილიყო .

 

P.S.  წარმატებებს ვუსურვრბ  „ხვლიკს“. იმედი მაქვს, თეატრალური კომპანია ახლო მომავალში შემოგვთავაზებს  ძალზე საინტერესო და მრავლისმომცემ  პროექტებს.

bottom of page