მისი გაზაფხულის მუდმივი შემოდგომა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

218264215_4611079738903111_2152332508667769398_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

მისი გაზაფხულის მუდმივი შემოდგომა

რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი 40 წლისაა

 „ჩემი ოცნება ახდა - მე დავუბრუნდი თეატრს, ხატვას და ქანდაკებას, ახლა უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინებისა და ჩემი პატარა თეატრის გუნდისაც, რადგან ამ ძველი შენობის ყველაზე მიყრუებულ კუთხეებში, ახალი სიცოცხლე დაიბადა“ - აღნიშნავდა რეზო გაბრიაძე ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მის მიერ თბილისში ახლად დაარსებულ მარიონეტების თეატრს ეძღვნებოდა. დიდი რეჟისორის, მწერლის და მხატვრის (მოკლედ, არტისტის, როგორც ახლა იტყვიან) გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო ცხადი გახდა მის მიერ დატოვებული, უნიკალური თეატრის მნიშვნელობაც და შემოქმედების მასშტაბიც.

გარკვეულად სიმბოლურიცაა, რომ რეზო გაბრიაძის გარდაცვალება თეატრის დაარსების 40 წელს დაემთხვა, რომელმაც 1981 წლის შემოდგომაზე, აივნებიან ძველ თბილისში, შავთელის ქუჩაზე დაიდო ბინა. ეს საბჭოეთსა და უცხოეთში უკვე აღიარებული მწერლის, რეჟისორის, სცენარისტის, მხატვრისა და ანიმატორის, რეზო გაბრიაძის დიდი ხნის მოგზაურობიდან შინ დაბრუნებას ნიშნავდა; ახალი დროის მონიშვნას, როდესაც ხელოვანმა საკუთარი ხელით შექმნილ მარიონეტებს სული შთაბერა!

მარიონეტების თეატრი უძველესი ანჩისხატის ეკლესიის მეზობლად დასახლდა და მალე თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გახდა. ისტორია და თეატრის არტისტული ცხოვრება თუ გამონაგონი, თითქოს ერთმანეთს გადაეჯაჭვა. ქალაქის სტუმრებისათვის რეზო გაბრიაძის თეატრი და მისივე პროექტით აგებული კოშკი, ლამის ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შავთელის ქუჩაზე ყოველთვის უამრავი ხალხია. ბევრი იქ სპეციალურად მიდის მგრძნობიარე თოჯინების სანახავად, რომლებმაც თითქოს გაბრიაძის თეატრის სპექტაკლებიდან დროებით კოშკის ქონგურებზე გადმოინაცვლეს.

 

გასული 40 წლის განმავლობაში რეზო გაბრიძის უცნაურმა და „გასულიერებულმა“ თოჯინებმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მონახულება მოასწრეს და მონაწილეობა მიიღეს ყველაზე დიდ, პრესტიჟულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში: ავინიონში, ედინბურგში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ლოზანაში, ჩარლსტონში, დრეზდენში, პეტერბურგში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში.

2021 წლის დეკემბერში, რეზო გაბრიაძის შვილმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა, ლევან გაბრიაძემ აღადგინა სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“, რომლითაც 1981 წელს გაიხსნა მარიონეტების თეატრში. სპექტაკლი მაშინ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებმა გაახმოვანეს: ვერიკო ანჯაფარიძემ, რამაზ ჩხიკვაძემ, ეროსი მანჯგალაძემ, გოგი გეგეჭკორმა, მედეა ჩახავამ, ნანა ფაჩუაშვილმა...

ამჯერად, განახლებულ სპექტაკლს განახლებული ხმები დაემატა: ნატუკა კახიძე (ვიოლეტა), ვანო დუგლაძე (ალფრედი), ტუტუა (დავით გოცირიძე), სტოპრო (აპოლონ კუბლაშვილი), ჩაქუჩა (ნიკოლოზ ქაცარიძე), ალეკო ბეგალიშვილი (გამყიდველი მშრალი ხიდიდან), ნინო არსენიშვილი (ჩიტი), დავით დვალიშვილი (საზამთროს გამყიდველი ), ნანუკა ხუსკივაძე (მაიმუნი). თუმცა ახალ სპექტაკლშიც ლამის მითოლოგიურად ჩაგვესმის ეროსი მანჯგალაძის (მამა ჟერმონი) და რამაზ ჩხიკვაძის (ნევერმორა) ხმები.

ბოლო წლების განმავლობაში თეატრში ხუთი სპექტაკლის ნახვა შეიძლებოდა: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ „მარშალ დე ფანტიერის ბრილიანტი“ და „ალფრედი და ვიოლეტა“.

მარიონეტების თეატრში მისული მაყურებელი საოცარ და თითქმის მოუხელთებელ  სიუჟეტებს პირველად ან სულაც ხელახლა აღმოაჩენს. მაგალითად, როგორ შეუყვარდება ორ საბჭოთა ელმავალს, ერმონსა და რამონას ერთმანეთი („რამონა“), ან როგორ ებრალება ყალბი ფულის დამამზადებელ ყვავს, სახელად ბორიას მარტოხელა პენსიონერი ბებია დომნა და როგორ უგზავნის წითელ „თუმნიანებს“ ციხიდან („ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“)... და მაინც, ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენა „სტალინგრადის ბრძოლაა“ - თეატრალური რეკვიემი, რომელიც სამყაროსადმი ჰუმანისტურ გზავნილად აღიქმება და ყველას ეძღვნება: ომში დაღუპულ ადამიანებს, განადგურებულ გარემოს, დახოცილ ცხენებსა და ჭიანჭველებს...

2010 წელს ჟურნალმა New Yorker- მა „სტალინგრადის ბრძოლა“ წლის საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა. თუმცა მანამდეც სპექტაკლმა უთვალავი თეატრალური პრემია დაიმსახურა. მათ შორის, ყველაზე პრესტიჟული რუსული თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“.

რეჟისორი პაწაწინა სცენურ ფიცარნაგზე აღწერს კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და გამანადგურებელ ბრძოლას, როდესაც ჭურვებმა ბრძოლის ველზე ასიათასობით ჯარისკაცი და ცხენი შეიწირა...  სწორედ გერმანელი ჟურნალისტის მიერ აღწერილი სტალინგრადის ბრძოლა - ცხენებისა და ადამიანების სასაკლაო, იქცა ინსპირაციის წყაროდ გაბრიაძისათვის. ამას სპექტაკლის ფინალში დედა-ჭიანჭველას მონოლოგით კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ (ამ როლს სხვათა შორის, შესანიშნავი მსახიობი ლია ახეჯაკოვა ახმოვანებს). „სიცოცხლე ალბათ, უდიდესი კურთხევაა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა და რომლის  დასაცავად ყველაფერი უნდა გავიღოთ“ - ეს რეჟისორის  მთავარი მესიჯია.

გაბრიაძის თეატრალური თხრობა ერთდროულად გვახსენებს დიკენსს, ჩეხოვს, მარკ ტვენს… რეალობა, წარმოსახვა, პოეზია და აბსურდი ერთმანეთშია გადახლართული. სამყაროს ის ბავშვივით მარტივად, გაცნობიერებული სიღრმის გარეშე აღწერს და აღიქვამს. შესაბამისად, მარიონეტების სამყარო წარმოუდგენლად სასიამოვნო და პოეტურ სანახაობად იქცევა, რადგან იოლად იჯერებთ ამბებს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ხვდებით - ეს ყველაფერი ავტორის ფანტაზია და გამონაგონია.

მაყურებელი გაბრიაძის შექმნილი უჩვეულო თეატრალური სამყაროს შექმნის თანამონაწილეა, რომელსაც გაოცებასთან ერთად უამრავი კითხვა უგროვდება. მაგალითად, როგორაა რეალური სამყარო რეჟისორის ფანტაზიასთან გაზავებული? რას გრძნობენ ცხოველები, რომლებიც ადამიანებივით იქცევიან? რა მეტაფორულ განზომილებას იძენენ მარიონეტები ? დაბოლოს, რა საიდუმლოა გაზავებული გაბრიაძის მიერ შეთხზულ ყოველ წარმოდგენაში, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა, პიტერ ბრუკმა „ტრანსცედენტური რეალიზმის “ სახელით მონათლა:

„ის უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება.“

რეზო გაბრიაძის „ტრანსცედენტურ თეატრი“ უკვე 40 წლისაა! ის სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული მოვლენაა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში, ხოლო მის მიერ გაცოცხლებული ტექსტი და ხატები უბრალოდ და პათეტიკის გარეშე აღწერენ ყველაზე ადამიანურ სიღრმეებს: სიყვარულს, ერთგულებას, პატიებას, სევდას, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებს… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს.

 

რეზო გაბრიაძის სპექტაკლები გაგვიმხელენ რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა გაბნეული ცხოვრებისეულ წვრილმანებში, რომლის პოეზიასაც ხშირად ვერ ვამჩნევთ და რომელიც სინამდვილეში ჩვენი გაზაფხულის მუდმივ შემოდგომას აღნიშნავს.