მითის დეკონსტრუქციის თუ ახალი მითის შექმნის მცდელობა?
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე
და მის სტილისტურ გამართულობაზე
პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
მაკა ვასაძე
მითის დეკონსტრუქციის თუ ახალი მითის შექმნის მცდელობა?
არსებობს პროფესიები, არსებობენ პროფესიონალები და არსებობენ არაპროფესიონალები, ისინი ვისაც არც განათლება, არც ცოდნა არ ჰყოფნით, ასვე არ უნდათ, რომ არჩეულ პროფესიაში დაოსტატდნენ, განვითარდნენ და მაინც სურთ, რომ საკუთარი თავები პროფესიონალებად წარმოაჩინონ და საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთ უპირატესობაში. არსებობენ ასევე ადამიანები, ვისაც საკუთარი თავი ყველაფრის მცოდნეებად მიაჩნიათ. შესაძლოა განათლებულებიც იყვნენ, ფლობდნენ ინფორმაციას, მაგრამ იყვნენ ზედაპირულები. ასევე არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ პროფესია, მაგალითად ჟურნალისტი და უეცრად მოუნდათ გახდნენ თეატროლოგები, თეატრის კრიტიკოსები, თეატრის მცოდნენი. საქმე იმაშია, რომ მართალია მოუნდათ, მაგრამ პროფესიული დაოსტატება არ სურთ და ჰგონიათ, რომ საკმარისია, ე. წ. „სკანდალური“ თემა შემოაგდონ და გაითქვამენ სახელს. მაგალითად, „ეჭვი“ გააჩინონ დიდი მსახიობის ოსტატობაში, ან, მსოფლიო მასშტაბის რეჟისორის ერთი სპექტაკლის შესახებ დაწერონ, მიზნად მითის დეკონსტრუქცია და ახალი მითის შექმნა დაისახონ. ამისთვის დარგის მეტი ცოდნა და ამ დარგში საფუძვლიანი განათლების მიღებაა საჭირო. მათ ავიწყდებათ, რომ ყვითელი პრესის ჟურნალისტიკა განსხვავდება პროფესიული ჟურნალისტიკისაგან. მნიშვნელოვანია, რომელი გამოცემისთვის წერ და ვინ ჰყავს ამ გამოცემას მკითხველი (სხვათა შორის, არც ყვითელი პრესისთვის წერაა დამაკნინებელი). და, როცა, პრეტენზია აქვს „თეატრალური საზოგადოების“ თავმჯდომარეს და ასევე ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორს, რომ მათ გააუმჯობესეს ამ ჟურნალის დიზაინი, ხარისხი, გაათანამედროვეს (რაშიც ვეთანხმები) და პრეტენზია აქვთ შინაარსის გაუმჯობესებაზეც, მაშინ ისეთი სტატია, როგორიც გახლავთ ეკა თხილავას, ყვითელი პრესისთვის შესაფერისი, „უფრთხილდით იერუსალიმს ანუ დღენი ყვარყვარეს ნადირობისა“ - არ გამოაქვეყნონ „თეატრში“.
უბრალოდ სირცხვილია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
ქალბატონი ეკა, პროფესიით ჟურნალისტი და თან მთავარი რედაქტორის მეუღლე, ამ ბოლო დროს, ყველა ნომერში ბეჭდავს ე. წ. „სტატიებს“ - მხატვრობით დაიწყო და ახლა თეატრზეც გადავიდა.
ქალბატონმა ეკამ 2023 წელს - წლის საუკეთესო თეატრალურ რეცენზიაში - პრემია რომ ვერ მიიღო (ან რატომ უნდა მიეღო თეატროლოგთა პრემია ჟურნალისტს?), ბატონმა გოგი გეგეჭკორმა, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, 2024 წელს ქალბატონ ეკას ნათელა ურუშაძის სახელობის ჯილდო გადასცა! ალბათ, ყველამ იცით, რომ ქალბატონი ნათელა, ქართული თეატროლოგიის ერთ-ერთი მოჰიკანი, გოგი გეგეჭკორის დედა გახლდათ.
ქალბატონი ნათელა, რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მიერ დამკვიდრებული ფსიქოლოგიური თეატრის მომხრე იყო და დიდი პედაგოგისა და რეჟისორის მიერვე შემოტანილი მეორე, პირობით-ბუფონადური სტილისტიკის მოწინააღმდეგე. აქედან გამომდინარე, მიხეილ თუმანიშვილის გამოზრდილთაგან, ამ შემთხვევაში თემურ ჩხეიძე და რობერტ სტურუა, ბატონ თემურ ჩხეიძის შემოქმედების დამფასებელ, გამაანალიზებელ, მომწონებელი გახლდათ, ხოლო რობერტ სტურუას ხაზის მოწინააღმდეგე. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდისმე ეკადრა და რობერტ სტურუას შემოქმედებაზე „პასკვილი“ დაეწერა. რაც თავის დროზე, არა ერთმა თეატროლოგმა გააკეთა. მაგალითად, მიხეილ თუმანიშვილის მიმართ, სპექტაკლების „ჭინჭრაქა“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ - დადგმის შემდეგ, იმ პერიოდის პრესას უნდა გადახედოთ, რა ხდებოდა.
ნათელა ურუშაძის მეუღლე, ბატონი გოგი გეგეჭკორი დოდო ალექსიძის, მიხეილ თუმანიშვილის შემდეგ, რობერტ სტურუას ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი გახლდათ, რუსთაველის თეატრში დადგმულ თითქმის ყველა მის სპექტაკლში თამაშობდა და არა ერთი დაუვიწყარი სახე შექმნა. მათმა ვაჟმა კი შეკრა ე. წ. სამეული (Тройка) და „მიაჭენებენ“, რობერტ სტურუა, სამეულს თვალში არ მოსდის და როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ (ერთი, ჩემი ბავშვობის დროინდელი, ზეპირსიტყვიერებაში „მოსიარულე“ შაირი-ხუმრობა გამახსენდა: „აგიაშვილსა ნიკასო არ ნაყვარება პიკასო, „გადარეულა“ პიკასო, რა დავუშავე ნიკასო?“).
ჟურნალში „თეატრი“ (#3 (343) 2024 წ.), რუბრიკაში ლეგენდა, დაიბეჭდა ეკა თხილავას „უფრთხილდით იერუსალიმს ანუ დღენი ყვარყვარეს ნადირობისა“ (იხილე აქ) (სათაურმა, რობერტ სტურუას შესახებ, დალი მუმლაძის წიგნის სახელწოდება „ნადირობა გოდოზე“ გამახსენა). წავიკითხე სტატია, თავიდან მეცინებოდა ავტორის მცდელობაზე, საკუთარი თავი მითების დეკონსტრუქტორად რომ სურს წარმოაჩინოს, მერე გავბრაზდი და თან ძალიან გავბრაზდი. ამ ჟურნალში ასეთი, ზედაპირული, ზერელე სტატიის გამოქვეყნება დიდ უმსგავსობად მიმაჩნია. ამან თქვა, ამას ამბობენო, ასე და ასე ყოფილაო... ეს რა, მეგობართა წრეში მასლაათია, თუ, ყვითელი პრესისთვის შექმნილი სტატიაა?! თეატროლოგია მეცნიერებაა და რა თქმა უნდა, ფაქტებზე დაყრდნობილ კვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სტატიაში მოყვანილი, ეკა თხილავას „მოსაზრებების“, არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არის.
ქალბატონი ეკა პასკვილს პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ ზედაპირული ე. წ. გარჩევით იწყებს. ყვარყვარეს პერსონაჟს, უფრო სპექტაკლიდან რამაზ ჩხიკვაძის გრიმიდან გამომდინარე, „მხეც-ქალა“ გეიშებს ადარებს, რომელთაც სახე თეთრი ფქვილით, ხოლო კბილები შავი ნახშირით ჰქონდათ შეღებილი. გეიშებს უწოდებს „მხეც-ქალებს“, ე. წ. ეშმაკებს, მოკლედ, „ვამპირების“ მსგავს ქალებს, რომლებთანაც დაწოლა, სექსუალური კავშირი კაცებისთვის საბედისწერო იყო (არ ხსნის რატომ, უბრალოდ აქსიომასავით წერს).
შემდეგ ქალბატონ ეკას პიესიდან მოჰყავს ციტატა, მაგრამ გვერდს არ უთითებს (არადა უნდა მიუთითოს), ყვარყვარეს სახის გეიშებთან მისეული ასოციაციების დამადასტურებლად. ციტატა კი ასეთია: „ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა მოთხარე; მაგრამ თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...“.[1]
აქ ერთს ვიტყვი, რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკას და ბატონ დავითს სრული უფლება აქვთ ასოციაცია-ალუზიებისა, მაგრამ ამ ციტატის მოყვანა ყვარყვარეს პერსონაჟის გეიშებთან დასაკავშირებლად, მეტი რომ არ ვთქვათ - სასაცილოა. ვინაიდან „კბილის გასინჯვა“ პოლიკარპე კაკაბაძეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უხმარია, ეს სიმბოლურ-მეტაფორული შედარებაა. კბილს ცხენს უსინჯავენ ხოლმე და არა კაცს (ნათქვამია: ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო), პოლიკარპემ აქ სიმბოლურად იხმარა კბილი კაცთან მიმართებით.
თხილავას აზრით რამაზ ჩხიკვაძე „ჩასჭიდებია“ ყვარყვარეს ჯიშსა და ჯილაგს, მის ბუნებას, ნიღაბს და ვეღარ მოუშორებია. უფრო სწორად, რთულად მოსაშორებელს უწოდებს ავტორი. და, რისი თქმა სურს? ცოტა გაუგებარია. იმის, რომ შემდგომ, როცა გენიალური აზდაკის სახე შექმნა, რიჩარდ მესამის, მეფე ლირის და სხვ., ამ ერთხელ მიგნებულ ყვარყვარეს ნიღაბს იყო „ჩაჭიდებული“ და ვეღარ ვითარდებოდა, ყვარყვარეს სახე-პერსონაჟის ვარიაციებს ქმნიდა? მსგავსი აბსურდისთვის პასუხი არც ღირს.
თურმე სპექტაკლი „ყვარყვარე“ და თავად პასკვილის ავტორი, ნახევარი საუკუნისა ყოფილან. რაში აინტერესებს მკითხველს ავტორის ასაკი, ნახევარი საუკუნის შეიქმნა თუ ცოტა ნაკლებისაა? „თაობელები“ ვყოფილვართ მე და „სპექტაკლი „ყვარყვარეო“. ჰოდა, ქალბატონო ეკა, გასაგებია, რომ სპექტაკლი ცოცხლად არ გინახავთ, სამწუხაროდ, არც ჩანაწერი არსებობს, მაგრამ უამრავი რეცენზია და სტატია დაიწერა, მაშინ და მერეც, ამ გენიალურ სპექტაკლზე და ისინი უნდა წაგეკითხათ, სანამ ე. წ. მითის დეკონსტრუქციას შეუდგებოდით. თუნდაც დალი მუმლაძის. თქვენ, ქალბატონო ეკა, სტურუაზე პასკვილის წერისას იქამდეც კი მიხედვით, რომ ეჭვი გამოთქვით სტურუას ბრალეულობაზე, ტელევიზიის არქივში შენახული „ყვარყვარე“-ს ფირზე რომელიღაც ყრილობის გადაწერის გამო (რაც, იმ დროს, ხშირად ხდებოდა, განადგურდა უნიკალური მასალა).
შემდეგ, ქალბატონი ეკა, გვაწვდის ინფორმაციას 1974 წელს სპექტაკლის - „ყვარყვარე“ - დადგმის შესახებ. ასე ამბობენო, ასე თქვესო, დღიურებში ასე წერიაო. ქალბატონო ეკა, როდესაც თქვენ მოსაზრებას წერთ სპექტაკლის ავტორობის შესახებ, ფაქტები უნდა მოიყვანოთ და არა „ჭორები“. აქვე ვიტყვი, რუსთაველის თეატრის დასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე აკაკი ბაქრაძე, რომ სადღაც კუთხეში „მიყუჟულა“ (და, თქვენ გული გეტკინათ ამ ფაქტის გამო), ამას აღნიშნავთ, როგორც სტურუას დანაშაულს და ისევ ბრალს სდებთ იმაში, თუ როგორ „დაუჩაგრავს“ მართლა ძალიან კარგი ლიტერატორი, ეკა თხილავას „დაჟინებით“ კი კარგი „რეჟისორი“.
ქალბატონო ეკა, ბატონო დავით და ბატონო გოგი გეგეჭკორო, შეგახსენებთ, რომ „ყვარყვარემდე“, რობერტ სტურუას უკვე დადგმული ჰქონდა: „სეილემის პროცესი“ (1965), „ექიმი სტოკმანი“ (1972), თქვენთვის რატომღაც აბუჩად აგდებული „ხანუმა“ (1968), რაც მთავარია - „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1969) თემურ ჩხეიძესთან ერთად. სხვათა შორის გაუცხოების ხერხი, მუზეუმში დამთვალიერებლების მისვლა, ამ სპექტაკლში სწორედ რობერტ სტურუას შეთავაზებული იყო. მანამდე ბატონი თემური მუშაობდა კლდიაშვილის პიესაზე, რაღაც არ გამოსდიოდა და ბატონმა მიშა თუმანიშვილმა რობერტ სტურუა დაახმარა. ასევე შეგახსენებთ, რომ მანამდე სტურუას უკვე დადგმული აქვს ბერტოლდ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი კაცი“ (1969 წ.; 1993 წელს მეორედ მიუბრუნდა ბრეხტის ამ პიესას), და, რომ „არტურო უის კარიერიდან“ სცენის ჩამატება, არ გახლდათ ბრეხტთან სტურუას პირველი „შეხება“. და, რაც მთავარია, სტურუას პედაგოგს, აღმზრდელს მიხეილ თუმანიშვილს რუსთაველის თეატრში განხორციელებული აქვს ჟან ანუის „ანტიგონე (1968 წ.), მცირე სცენაზე „ჭინჭრაქა“ (1968, მანამდე სხვა ძალიან კარგი სპექტაკლები, მაგალითად „ესპანელი მღვდელი“, „როცა ასეთი სიყვარულია“ და სხვ). იმავე წლებში, თემურ ჩხეიძეს უკვე დადგმული აქვს „გუშინდელნი“ (1972). და, თქვენ, წერთ, რომ იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი „ატაშფანდურებული“ იყო? არა, ეს სიტყვა საიდან მოიტანეთ? ატაშფანდურებულიო... ნუ გასაგებია, თქვენ ამ პასკვილის შექმნისას გეგონათ, რომ ყვითელი პრესისთვის წერდით და არა სერიოზული გამოცემისთვის - „თეატრი“. უბრალოდ, მთავარი რედაქტორის მეუღლე ბრძანდებით და ამიტომაც გიბეჭდავენ მსგავს „აბსურდს“.
ქალბატონმა ეკამ იქვე „მიალანძღა“ - რეზო გაბრიაძე, გია ყანჩელი და იმით დაასრულა, რომ ბაქრაძემ არ დაუშვა „სამი მეგობრის“ ტანდემიო. რეზო გაბრიაძეს თურმე სწუნობდა აკაკი ბაქრაძე და ძალიან კარგიო, დასძენს ქალბატონი ეკა. ვინაიდან, თურმე კარგი სცენარისტობა კარგ დრამატურგობას არ ნიშნავს და რომ, თურმე, ხინჯს რომელსაც კინოსცენარი იტანს, პიესა ვერ აიტანსო. დარგი, რომ არ იცით, ქალბატონო დეკონსტრუქტორო აქაც კარგად ჩანს.
სცენარისტობა, რომ იგივე დრამატურგობაა არ იცით? არ იცით, რომ კინოსცენარიც დრამატურგიული კანონებით აგებული ტექსტია? არც ის იცით, რომ მიხეილ თუმანიშვილის მიერ კინომსახიობთა თეატრში (დღეს თუმანიშვილის სახელობის რომ არის) დადგმული „ჩემი პატარა ქალაქი“, თორთონ უაილდერის დრამატურგიული ნაწარმოებიდან, სწორედ გაბრიაძემ გადმოაქართულა? რომ, პიესის გადმოქართულება უბრალოდ თარგმანი არ არის, რომ ამისთვის დრამატურგიული ნაწარმოების აგების ყველა კანონი უნდა იცოდე? არც ის იცით, რომ რეზო გაბრიაძემ მარიონეტების თეატრი დააარსა და თავად ქმნიდა დრამატურგიასაც და სპექტაკლებსაც, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსწონდა?
თხილავა, შემდეგ, წერს - აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნოდა, არა მარტო, იდეა, სტურუასთვის პოლიკარპე კაკაბაძის პიესის შეთავაზების, არამედ სპექტაკლის სტრუქტურა, ფორმა, კონცეფციაც, ანუ, კარგი ლიტერატორი ბაქრაძე, დიდებული რეჟისორიც ყოფილა. ერთადერთი, სცენოგრაფია არ ყოფილა ბაქრაძის, როგორც თხილავა წერს, მირიან შველიძის ეკუთვნოდაო. ქალბატონი მითის დეკონსტრუქტორი, ცოტა ქვევით, აგრძელებს მითის ნგრევას ახალი მითის შესაქმნელად და ისევ დიდ შეცდომას უშვებს. თხილავა წერს, სტურუას სახელის მოსახვეჭად სკანდალი სჭირდებოდაო, ეს სკანდალი შედგაო და ამ შედგომაში, რუსთაველის თეატრის დირექტორის - აკაკი ბაქრაძის მერე, მხატვარ მირიან შველიძეს ეკუთვნისო, რომ არა მისი სცენოგრაფია, ამ სპექტაკლს ფასი არ ექნებოდაო.
უშანგი იმერლიშვილი სად გააქრეთ? იგი ხომ აფიშაზეც და პროგრამაშიც მხატვრად ეწერა მირიან შველიძესთან ერთად?
შემდეგ თხილავა მიანიშნებს, რომ სტურუა უბრალო მოკვდავი არ იყო. ანუ, რას გულისხმობთ? იმას ხომ არა, რომ მისი წინაპრები რევოლუციონერი ბოლშევიკები და შემდეგ, კომპარტიისა და ცკ-ს აქტიური და წამყვანი მუშაკები იყვნენ? და, ამას შეფარვით თქმა რად უნდოდა? სტურუას ეს ფაქტი როდისმე დაუმალავს? მაგრამ თხილავა ხომ „მითის დეკონსტრუქტორის“ პოზაშია და თანაც, შეფარვით საუბარი, ჭორაობა მოსწონს.
თხილავა, შემდეგ, მოაყოლებს, 1973 წელს, რომ არ გამოსულიყო ცნობილი როკ-ოპერა „Jesus Christ Superstar“, სტურუას გაუჭირდებოდა სპექტაკლის კონცეფციის - ქრისტესა და ანტიქრისტეს შეპირისპირების მიგნებაო. აქ ქალბატონი მითის დეკონსტრუქტორი თავის თავს ეწინააღმდეგება. ჯერ წერს, ბაქრაძის იდეა იყოო და იქვე აგრძელებს, როკ-ოპერა, რომ არ გამოსულიყო დაიღუპებოდა 36 წლის სტურუა. უკვე „ასაკოვანი“ ყოფილა და ჯერ კიდევ, საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლი არ ჰქონია დადგმული. იქვე, ქალბატონი თხილავა შეურაცხყოფას მაყურებელს აყენებს. აბა, საბჭოთა მაყურებელს საიდან ექნებოდა გაგებული იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავობაო. და, სპექტაკლში ყვარყვარეს ჯვარცმაზე ასვლის მიზანსცენაში როკ-ოპერის ცნობილი ნაწყვეტის - ხალხის (ბრბოს) მიამართვა ქრისტესადმი:
„Hosanna, hey sanna, sanna sanna ho
Sanna hey, sanna hosanna
Hey JC, JC, won't you smile at me?
Sanna ho, sanna hey, Superstar“
გამოყენებამ პირდაღებული მაყურებელი გააოგნაო. უმრავლესობას არც „ოსანა“ ესმოდა დიდადო... (გვ. 7, 8) აქვე აღვნიშნავ, რომ სცენის აღწერა ქალბატონ დეკონსტრუქტორს არა აქვს თავის პასკვილში, მე ჩავთვალე საჭიროდ მიმეთითებინა როდის იყენებდა სტურუა ამ ჩანართს. და, რა, თუკი ეს როკ-ოპერა ამ სცენის მოფიქრება-გამოგონებაში დაეხმარა რეჟისორს, ეს დანაშაულია?
ქალბატონო დეკონსტრუქტორო, პირადად მე, რომელიც იმ დროს 10 წლის გახლდით, საბჭოთა კავშირში პირატულად შემოტანილი ჩანაწერი მქონდა მოსმენილი ამ როკ-ოპერისა. და, ისე ცნობისთვის: მიუხედავად „რკინის ფარდისა“, ყველა სიახლე ჩვენამდე აღწევდა. სწორედ ამ როკ-ოპერის „ინსპირაციით“, ცოტა მოგვიანებით, სულ რაღაც 3 წელიწადში (1976) რობერტ ბარძიმაშვილი, რობერტ სტურუა „ვია 75“ -თან ერთად საბჭოთა კავშირში წარმოუდგენელ რამეს აკეთებენ, თბილისში როკ-ოპერას დგამენ.
ქალბატონ დეკონსტრუქტორს შევახსენებ, რა ხდება 1960-იანი წლების ბოლოს ევროპასა და ამერიკაში. სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობას დიდი ცვლილებები მოჰყვა და სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო. საბჭოთა კავშირი კი ტანკებით შევიდა აღმოსავლეთ ევროპაში და სასტიკად ჩაახშო ყოველგვარი გამოვლინება, მიზანსწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, საბჭოთა მარწუხებიდან თავის დასახსნელად. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში სულ რამდენიმე ხელოვანი იყო, ვინც თავისი შემოქმედებით, აპროტესტებდა დიქტატორულ, იმპერიალისტურ მმართველობას. მათ შორის რობერტ სტურუაც გახლდათ. სწორედ სტურუა ქმნის იმ პერიოდში პოლიტიკურ თეატრს.
ეს, ისე ცნობისთვის, ქალბატონო მითების დეკონსტრუქტორ-შემქმნელო. კიდევ ერთი ფაქტი უნდა დაგეზუსტებინათ, რაღაცისთვის ყური გაქვთ მოკრული და დაზუსტება დაგზარებიათ. „ყვარყვარე“ მოსკოვში გასტროლის შემდეგ მოიხსნა რეპერტუარიდან. იქაური ცენზურა „ყალყზე“ დამდგარა. და, არა „არტურო უის კარიერიდან“ სცენის გამოყენების გამო. ბრეხტის ოჯახი კი სტურუას „კავკასიურ ცარცის წრეში“ ზონგების გადაკეთება-გადასხვაფერებას აპროტესტებდა, მაგრამ როცა ყანჩელის ვერსია მოისმინეს, ძალიანაც მოეწონათ. ასე გახლდათ ეს ამბავიც.
ქალბატონი დეკონსტრუქტორი გაკვრით ახსენებს, რომ კოტე მარჯანიშვილსაც ჰქონდა პოლიკარპე კაკაბაძის ეს პიესა დადგმული, ცდილობს პარალელის გავლებას და არ გამოსდის. ან კი როგორ გამოუვა, როცა საგანი სიღრმისეულად არ იცის? სტურუას „ყვარყვარეს“ კი „შაგრენის ტყავს“ უწოდებს, რომელსაც თურმე ბრეხტი მოუყვანია სტურუასთან. ამაზე უკვე ზემოთ დავწერე და აქ აღარ ვიტყვი. ამ „შაგრენის ტყავს“ ბევრი ადამიანი შესწირვია, თეატრის იმჟამინდელი დირექტორი - აკაკი ბაქრაძე და სხვანი და სხვანი. ვინ გადარჩა ყვარყვარეს მსგავსად? რა თქმა უნდა, უნიჭო, სხვების იდეების „მპარავი“, ბოლშევიკურ-კომუნისტური წარმომავლობის სტურუა.
მითქმა-მოთქმის დონეზე, ქალბატონი ეკა თხილავა, აგრძელებს პასკვილს იმათი მცირე ჩამონათვალით: თუ ვინ მოიშორა სტურუა-დიქტატორმა, მათ შორის ნოდარ გურაბანიძეს ასახელებს.
ქალბატონო დეკონსტრუქტორო, რაღაც გეშლებათ, შეიძლება ერთ ხანს უთანხმოება იყო რეჟისორსა და თეატროლოგს შორის, მაგრამ ბატონი ნოდარი სტურუას არც ერთ პრემიერას არ აცდენდა არასდროს და ყოველთვის აანალიზებდა, აფასებდა ამავე ჟურნალის ფურცლებზე, მაშინ „თეატრი და ცხოვრება“ ეწოდებოდა. ბოლო წლებში ძალიან ინტენსიური, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა ბატონ ნოდარს და მე, სტურუაზე გადაბრუნებული სიტყვა არ მახსოვს მისგან. ბატონი ნოდარი სამწუხაროდ ცოცხალი აღარაა, თორემ თავად გაგცემდათ პასუხს, არა მხოლოდ ამ ბრალდებაზე, ალბათ, თუ ღირსად ჩაგთვლიდათ, „პასკვილს“ გაგიცამტვერებდათ, ვინაიდან ჩემგან განსხვავებით, მას კარგად ახსოვდა ეს სპექტაკლი და შეგახსენებთ, რომ სწორედ ნოდარ გურაბანიძის დაწერილია წიგნი „რობერტ სტურუა“.
ქალბატონი და ბატონი პასკვილანტები „შაგრენის ტყავს“ ტყუილუბრალოდ არ ახსენებდნენ. ესეც მათი ე. წ. ინტელექტუალური გადაძახილია სტურუასთან. ბატონი რობერტი ხომ, „ვეფხისტყაოსნის“ დადგმაზე მუშაობს. ჟურნალის ამავე ნომერში, ბატონმა რედაქტორმა, ასევე არათეატროლოგის, საბა მეტრეველის სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით: „ვეფხისტყაოსანი“ დაუძლეველი სიმაღლე ქართული თეატრისა (ნაწილი I), ანუ გაგრძელებებით იქნება.
ერთი მარტივი კითხვა მაქვს ბატონ რედაქტორთან, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარესთან - თქვენ მოვლენებს წინ უსწრებთ და უკვე წინასწარმეტყველებთ ჯერ არდადგმული, ანუ არშობილი, არდაბადებული „ბავშვის’ დაღუპვას? თუ „მაკბეთში“ არსებული კუდიანების მსგავსად (რა დამთხვევაა კუდიანებიც სამეულია შექსპირთან. ერთ-ერთ კუდიანს, ბატონ თავმჯდომარეს შევახსენებ, ბატონი გოგი გეგეჭკორი თამაშობდა, სტურუას სპექტაკლში) ჯადოქრულ ნახარშს ათუხთუხებთ და სტურუას საწინააღმდეგო შელოცვებს ბუტბუტებთ?
რა გნებავთ, ბატონებო და ქალბატონო, რა, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ?
კიდევ ბევრის დაწერა შემეძლო, მაგრამ ამჯერად აქ დავსვამ წერტილს.
P. S. და, კიდევ ერთი, ბატონო დავით, რაც თქვენ გახდით ჟურნალის რედაქტორი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა წერილებმა საგრძნობლად იკლო!. იმუშავეთ ახალგაზრდებთან, თქვენი, როგორც რედაქტორის მოვალეობაა, ახალი თაობის მოზიდვა და მათ დაოსტატებაში წვლილის შეტანა.
მარჯანიშვილის პრემია ხომ გადმოგცათ ბატონმა თავმჯდომარემ ჟურნალის „გაცოცხლების“ გამო? ჰოდა იმუშავეთ, უკეთ იმუშავეთ, მარჯანიშვილის სახელს ეცით პატივი!
P.P.S. ამ პრემიების და ჯილდოების „უთავბოლო“ ჩამორიგებაზეცაა დასაწერი, სამწუხაროდ, ეს მავნე მოვლენა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ფოტო: რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმის საცავებიდან
[1] კაკაბაძე პ. ყვარყვარე თუთაბერი. გვ. 24 https://www.theatrelife.ge/_files/ugd/0fb0d1_2ebfa64bca06448384ec76554b646e03.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 17.07.2024)