მითხარი! როგორ თავისუფლდება სული?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ზღვის კარიბჭე...
მითხარი! როგორ თავისუფლდება სული?!
ირა კოხრეიძის ინკლუზიურმა თეატრმა - კონტაქტი მორიგი ნამუშევარი „ზღვის კარიბჭე“ წარუდგინა ფართო მაყურებელს. ლიბრეტოს (ვიდრე პიესის) ავტორი და რეჟისორი ირა კოხრეიძეა, ხოლო სცენოგრაფი და დადგმის ხელმძღვანელი გიორგი მიქაბერიძე. სპექტაკლის შესახებ მომზადებულ ანოტაციაში ვკითხულობთ: „ადამიანის მუდმივი ჭიდილი და პასუხის ძიება მთავარ კითხვაზე - თუ რისთვის ვართ ამ წუთისოფელში? სად ვეძებოთ კარი, რომლის მიღმა შესაძლოა სწორედ ის მდგომარეობაა, რასაც ეძებს სული. გათავისუფლების იდეა. შესაძლოა ეს კარიბჭე მდებარეობს საზღვარზე, სიზმარსა და თავისუფალ სამყაროს შორის. იმისთვის რომ გასცდე სიზმარს უნდა განთავისუფლდე!“ თუმცა წარმოდგენა იმდენად დახუნძლულია სცენური მეტაფორებით, რომ მაყურებელს თავისუფალი აღქმის, ნანახის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, ასოციაციების პრინციპზე ყოველი მაყურებელი აგებს თავის ისტორიას, ისე როგორც არავერბალურ თეატრში.
დამდგმელმა ჯგუფმა სპექტაკლის ჟანრი განსაზღვრა როგორც ფილოსოფიური დრამა. და მართლაც, წარმოდგენა ეფუძნება სხვადასხვა ფილოსოფიურ მოძღვრებებს და ვერბალური თუ არავერბალური საშუალებით, სხვადასხვა სათეატრო ფორმით სვამს დილემურ კითხვებს - როგორ თავისუფლდება სული? რა არის თავისუფლება? რა არის ადამიანის დანიშნულება? სად იპოვის ადამიანის სული შვებას? სად არის თავისუფლებაში შესასვლელი კარიბჭე? ამ კითხვებზე პასუხს დამდგმელი ჯგუფი, სცენოგრაფიის, მუსიკისა და მსახიობთა შესრულებული როლების საშუალებით გვცემენ. სპექტაკლში მონაწილე სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მსახიობები: მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ტატო სიხარულიძე, გიორგი გვასალია, თათია გვასალია, ვასო კიპაროიძე, სესილი ღვინჯილია, ნანო გორდაძე,ნიკა ნიკურაძე, ლუკა უშვერიძე, ნინი ბიკოვი, სანდრო დარსაველიძე, გიორგი პოლოლიკაშვილი, მაიკო მინჯია, თაკო უჯმაჯურიძე, ანანო ჩიტაძე და დაჩი ზერაკიძე გულწრფელად, ემოციურად, უშუალოდ გადმოგვცემენ განცდებს, შეხედულებებს სამყაროზე, დამოკიდებულებას მოვლენებისა და ადამიანების მიმართ,
სპექტაკლის ავტორი და მსახიობები წარმოგვიდგენენ სიზმარს, ზმანებას და წარმოდგენის ფინალში მოგვიწოდებენ, რომ გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ, რათა აღვიქვათ რეალობა და არ ვიცხოვროთ ზღაპარში; სამყაროში, სადაც თევზები ადამიანებს ჭამენ (ეს სცენა ერთ-ერთი გამორჩეულია სპექტაკლში, ისე როგორც გიგანტური დეკორატიული თევზია ლამაზი და ბრჭყვიალა). სცენოგრაფიაც სპექტაკლის სტილისტიკაშია გადაწყვეტილი, სცენაზე ვხედავთ გიგანტურ და უტრირებულ ნივთებს, ისე როგორც ჯადოსნურ სამყაროში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ წარმოდგენაში ხშირად გვესმის ტექსტი (სპექტაკლში გამოყენებულია სუფი მისტიკოსის და პოეტის ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია), მასში განსაკუთრებული მნიშვნელობა არავერბალურ გამომსახველობით ფორმებს ენიჭება, აქ მთავარია მოძრაობა, ჟესტი, ფიზიკური მოქმედება და სხეულის ენით განცდების, განწყობების, დამოკიდებულებების გადმოცემა. ტექსტს, რომელიც მინიშნებას იძლევა, ძირითადად ფონად გასდევს My Equinox Divine-ის მუსიკა, და საავტორო მუსიკალური კომპოზიცია (ბანსური, დაფი), რომელსაც ცოცხლად (სპექტაკლის პროლოგსა და ეპიზოდში) გიორგი სირაძე ასრულებს. წარმოდგენაში ასევე ჟღერს Mikalojus Konstantinas Čiurlionis - Jūra (The Sea) კომპოზიცია.
ზემოთ ვახსენე, რომ ირა კოხრეიძის ახალი ნამუშევარი „ზღვის კარიბჭე“, რომელიც სხვათა შორის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით დაიდგა, ჰიბრიდული სპექტაკლია. ირა კოხრეიძე, განწყობის გადმოსაცემად, ამბის მოსათხრობად, ადამიანის მისწრაფებების გადმოსაცემად მიმართავს თეატრის სხვადასხვა სახეობებს და ფორმებს. ერთ კონკრეტულ სპექტაკლში ვხვდებით მულტიმედიას (ვიდეო გრაფიკა - არჩილ ბედიაშვილი), რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში იცვლება; ვერბალურ და არავერბალურ ეპიზოდებს, ფიზიკური თეატრის ელემენტებს, პანტომიმის თეატრისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით საშუალებებს, მოძრაობის თეატრის ფორმებს, საცირკო ტრიუკებს...
ირა კოხრეიძის სპექტაკლში ვერ შეხვდებით კლასიკურ დრამატურგიულ თხრობას, სადაც სიუჟეტის განვითარება დრამის კანონებს ექვემდებარება. აქაც, როგორც სიზმარში, ამბები და მოვლენები დანაწევრებულია, მათთან ლოგიკური კავშირები საერთოდ დარღვეულია და ფანტასტიკის სფეროში გადადის. ეს წარმოდგენაც, ერთი დიდი, ლამაზი, საინტერესო სიზმარია, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ დაგამახსოვრდეს, ან გამოღვიძებისთანავე დაგავიწყდეს.