top of page

მიზანთროპი, ჩაცკი და საზოგადოება

ddd-790x301.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი  
მიზანთროპი, ჩაცკი  და საზოგადოება 


სპექტაკლი რომ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მზრუნველობა, შენახვა, გაფრთხილება და ყურადღება სჭირდება  კიდევ ერთხელ დამარწმუნა  რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ნაჩვენებმა ჟ. ბ. მოლიერის „მიზნათროპმა“, რომლის პრემიერაც  წინა სეზონში გაიმართა.ეს წარმოდგენა უკვე მეორედ ვნახე და ჩემდა გასაკვირად პირველად ნანახი მეორესგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა - მიზეზები შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ ისინი ვერ ამართლებენ ვერც რეჟისორს და რაც მთავარია ვერც მსახიობებს, მითუმეტეს, რომ ისინი გიყვარს და პატივს სცემ  მათ. ეს პრეამბულა ან შესავალი ან თუნდაც შემჩნება  რასაკვირველია ყველა მათგანს არ ეკუთვნის, მაგრამ ერთის გადაცდომაც რომ მთელ წარმოდგენას  აზიანებს  ეს  ხომ ყველასთვის ცნობილია. განსხვავება იმდენად  დიდი და თვალშისაცემი იყო, რომ ვერც კი ვიჯერებდი, რომ იგივე სპექტაკლის პირველი წარმოდგენა მომეწონა და მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ ვეცდები მაინც პირველი წარმოდგენის შესახებ მოგითხროთ. 
მოლიერის ეს პიესა იმთავითვე იწვევდა თანამედროვეთა გაოცებას - ალცესტი, ზოგადად და სავარაუდოდ ავტოპორტრეტული პერსონაჟი ამავდრიულად ტრაგიკულიცაა და ნევრასტენიულიც - (მიზანთროპი - კაცთმოძულე - ასოციალური). მაგრამ ამავე დროს  ჭკვიანი, გონიერი, თუ გნებავთ ინტელექტუალიც  კი. მის პირველსავე რეპლიკაში ფილინგის მიმართ ირკვევა, რომ კონფლიქტი მეგობართან გარდაუვალია. რეჟისორს  დრამატურგის მსაგავსად დასაწყისშივე შემოყავს  ეს ორი მეგობარი სცენაზე  და დასაბამს უდებს  ალცესტის „მოგზაურობას“  დანტესეულ წრეებზე.  ალცესტი (გოგა ბარბაქაძე) ირეალისტია, რომელიც თითქმის სხვა სამყაროდან აღმოჩნდა, ვერ პოულობს თავის კუთვნილ  ადგილს. ჯერ გამართლებული და შემდგომ კი გამტყუნებული სასამართლოს მიერ, უარყოფილი საცოლისა და მეგობრის, ნაჩხუბარი ყველასთან, სპექტაკლის ბოლოს სულ მარტო რჩება. 
რეჟისორმა გოშა გორგოშიძემ, რომელიც უკვე მეოთხე სპაქტაკლს დგავს ამ თეატრში,  სადაც თავის ნამუშევრებში  ძირითადად ერთიდაიგივე მსახიობებს აკავებს (ჰ. ფ. კლაისტის „პრინცი ჰომბურგი, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და ე.ე.  შმიტის „სტუმარი“) მიზნად დაისახა  ამ პიესის დღევანდელი ვერსია შემოთავაზებინა: თანამედროვე კოსტუმებით, მობილური ტელეფონებით, მესიჯებით, ლეპტოპებით და მეილებით, ვიდეოკამერითა და მიკროფონებით.  შეელამაზებინა  იტალიური კომედია დელ′არტეს ნიღბებით. რეჟისორის მიერ ტექსტური მასალის ასეთი გადაწყვეტა  ადასტურებს ჟ.ბ. მოლიერის მუდმივ თანადროულობას და იმას რომ თითქმის ოთხი საუკუნის მერე ადამიანთა ბევრი მანკიერი თვისება,საზოგადოების  პიროვნებასთან დაპირისპირება, რაც დრამატურგის სარკაზმისა და სატირის საბაბი ხდებოდა დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც  XVII საუკუნის საფრანგეთში. დიახ, ეს არის მოლიერის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატირული კომედია, უდნავ მისტიურიც, რადგად ძნელი მისახვედრია როგორ უყურებს თვით მოლიერი  თავის მთავარ გმირს. აქ მხოლოდ რეჟისორზე დამოკიდებული როგორი იქნება, ვიმეორებ  ინტელექტუალი ალცესტი - მარტოხელა გმირი, რომელიც  იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ  (მის მიმართ სასამართლო პროცესია), ტრაგიკული (დრამა - შეყვარებულის დაკარგვა)  ან კომიკურ-სატირული.  რეჟისორ გოშა გორგოშიძის გადაწყვეტაში ალცესტი უფრო სენტიმენტალურ კომედიის პერსონაჟს  გავს, დაღლილს, ცხოვრებისაგან გაწამებულს და არა ტრაგიკომიკურ მარტოხელა გმირს. იგი სულაც არ იწვევს  სიცილს, რასაც ამტკიცებდა  დღევანდელი მაყურებლის რეაქცია ყოველივე იმაზე, რაც სცენაზე  ხდებოდა. ფრანგული თეატრის ისტორიკოსები  ადასტურებენ  რომ ამ როლში, როგორც  წერს ნიკოლა  ბუალო,  მხოლოდ თვითონ მოლიერი იყო სასაცილო (1666  წ.). შესაძლებელია რომ მიზეზი იმისა, რომ ამ პიესის სცენაზე წარმოდგენა ძალიან იშვითად  ხდებოდა სწორედ ის უნდა იყოს, რომ  ეს კომედია  სასაცილო არ გამოდის ხოლმე  (გავიხსენოთ თუნდაც ა. ეფროსის მიერ  დადგმული ვ. ზოლოტუხინით მთავარ როლში).  არც დრამატურგის სამშობლოში წყალობდნენ ამ ნაწარმოებს. ბოლოს ეს  პიესა  2014  წელს იქნა წარმოდგენილი კლემან ერვიე-ლეჟეს  მიერ კომედი ფრანსეზში. 
სცენაზე მინიმალური აღჭურვილობაა - რამოდენიმე მომწვანო, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი  სავარძელი და ბალიშები (მხატვარი ნინო თათარაშვილი), ვარდი  (სავარაუდოდ სიყვარულის, გულის სიმბოლო)  ავანსცენაზე,  შემდგომ პირველი სპექტაკლის მსვლელობისას ასე რომ ამშვენებდა ბექა სონღულაშვილის პერსონაჟის, კლიტანდრის ყურს,  მეორე სპექტაკლში სადღაც გაქრა. 
ნიღბებაფარულ მთავარ მოქმედ პირთა ალცესტისა (გიორგი ბარბაქაძე)  და ფილინგის (ბაჩო ჩაჩიბაია) საუბარი ძალიან მდორედ მიმდინარეობს. ალცესტი  „ფილოსოფოსობს“,  ფილინგი უფრო თავისუფლად  გრძნობს თავს, ცეკვს ილეთების მსგავს მოძრაობებსაც კი აკეთებს (ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე და ცისია ჩოლოყაშვილი), თუმცა დაძაბულობა  მათ შორის მაინც  იგრძნობა. ორონტის (პაატა გულიაშვილი) გამოჩენა მეტ სიხალისეს  მატებს სპექტაკლს. იტალიელი მაფიოზივით გამოწყობილი, ყვითელ კოსტუმში, თანმხლებლების და  ვიდეოკამერისა თანხლებით.   ორონტი ტელევარსკვლავივით პოზიორობს კამერის  წინ - მისი კლოუნადა მიმართულია სელიმენას მოსახიბლად - იგი ხომ ხელის სათხოვნელადაა მოსული. არც შექსპირის  სონატების ტექსტი დავიწყებია. სპექტაკლში დროდადრო ჩართულია  მეოცე საუკუნის  ჰიტები ცნობილი მომღერლების  (მაგ. ჯანის ჯოპლინი) შესრულებით  (მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძე). 
სელიმენა (ქეთი სვანიძე), ისევე როგორც ელიანტა (ლელა ახალაია), არსინოა (მანანა აბრამიშვილი) და აკასტი (ლაშა ჯუხარაშვილი) თანამედროვე კოსტუმებში არიან გამოწყობილი და თანამედროვე აქსესუარებს ატარებენ (მხატვარი  ნინო თათარაშვილი). სელიმენა  მედიდური, თავმომწონე, ხელის მთხოვნელებისგან განებივრებული, ელიანტა მისი ერთგული ნათესავი,  ყველაფერში რომ ეთანხმება და მხარს უწერს  მას,  არსინოა „მაღალი საზოგადოების“  - ელიტის წარმომადგენელი, ფარისეველი, ჭორების გავრცელებისა და მოყოლის ოსტატი, რომელიც ღალატის  წერილით ცდილობს ხელში ჩაიგდოს ალცესტი  და  სცენაზე თამაშდება ჩვეულებრივი ინტრიგა, ძირითადად მიმართული ალცესტის  წინააღმდეგ. და მაინც  ამდენი შეურაცყოფის და დაცინვის და იმის მიუხედავად  რომ იმდროინდელი საზოგადოება ცდილობს თავისნაირად აქციოს ალცესტი – ის  მაინც იმარჯვებს. იგი ყველაფრისგან და ყველასგან  თავისუფალია და ვერავინ ვერ შეძლებს მისი დამორჩილებას.  იკვეთება თუ არა ეს ყველაფერი იმ სპექტაკლში, რომელიც  ვნახე - ნაწილობრივად  კი  და ჩემი აზრით ამით  ხდება იგი საინტერესო.  ესაა რეჟისორის მცდელობა მიუახლოვდეს  ჟ. ბ. მოლიერის შესანიშნავ  დრამატურგიულ ტექსტსა და ქვეტექსტებს, მაყურებელს უჩვენოს ადამიანის სულის ტრანსფორმაცია  და ამაღლება იმ გარემომცველ სამყაროზე, იმ საზოგადოებაზე რაც გარს არტყია, რომელიც შესაძლოა  დამანგრეველი გახდეს პიროვნებისთვის თვითშეგნებისთვის. 

bottom of page