top of page

მოიტანე ბედნიერება

file (1).jpg

მაკა ვასაძე

მოიტანე ბედნიერება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანია მსოფლიო თეატრალური მიმდინარეობებისა თუ პროცესების ჩვენება. უკვე მეექვსე წელია ორგანიზატორები პროგრამას ადგენენ სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის სპექტაკლებით, წარმოდგენებით, სანახაობებით, პერფორმანსებით, შოუებითა და ა.შ. დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლიდსიდან კომპანიის „უხილავი ჯგუფი“ (Invisible Flock) და მუსიკალური ბენდის „იმედი და ერთად ყოფნა“ (Hope and Social) მიერ წარმოდგენილი სანახაობაც არ გახლავთ დრამატული, საცეკვაო ან თუნდაც შერეული ტიპის სპექტაკლი. მსახიობები და მუსიკოსები: ბენ ითონი, ვიქტორია პრატი, რიჩარდ ვორბარტონი, საიმონ გოფი, ჯეიმს ჰამილტონი, რიჩ ჰაქსელი, გერი სტიუარტი, საიმონ ვეინრაითი და ედ ვორინგი მაყურებელს ეპატიჟებიან  ადამიანთა ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენებსა თუ წუთებზე სასაუბროდ.

მაყურებელს და შემოქმედებით ჯგუფს შორის არ არსებობს  ზღვარი. აქ არ არის სცენა და მაყურებელთა დარბაზი. წარმოდგენაზე მისულს დარბაზში განლაგებული მრგვალი, გაწყობილი  მაგიდები გხვდება. მონაწილეები მაყურებელს ღვინით უმასპინძლდებიან. დარბაზი ბუშტებით არის მორთული. ისმის სასიამოვნო მუსიკა. მაყურებელი სანახაობის უშუალო მონაწილე ხდება.

 სანახაობას ეწოდება „მოიტანე ბედნიერება“ (Bring the Happy). თუმცა, როგორც აღვნიშნე, პროექტის ავტორები, მხოლოდ ბედნიერებაზე არ გვესაუბრებიან.  ტექსტს, მუსიკალური გაფორმების თანხლებით, სამი მასხიობი კითხულობს. ბენდის მიერ სრულდება რამდენიმე სიმღერა. მონაწილენი მაყურებელს საცეკვაოდ იწვევენ. წარმოდგენა იტერაქტიულია. საინტერესო ფაქტია, რომ ეს პროექტი  დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ პირველად სწორედ საქართველოში უჩვენეს.

შემოქმედებითი ჯგუფი წარმოდგენის მსვლელობისას  3D განზომილებაში ქმნის რუკას, სადაც აღბეჭდილია თუ სად, როდის, რა ადგილას იყვნენ ადამიანები ბედნიერნი. პროექტის განხორციელებისას, იმისდამიუხედავად, რომ კითხვები, რომლებსაც მსახიობები ხალხს უსვამდნენ, პოზიტიური იყო, ადამინთა დიდი ნაწილი წყენას და უკმაყოფილებას გამოთქვამდა სხვების მიმართ. ამიტომაც, სანახაობა სიხარულთან ერთად სევდის მომგვრელიცაა. ძირითადად ადამიანთა ბედნიერი წუთები პირველ სიყვარულს, პირველ კოცნას, ბავშვის დაბადებას ეხება. ერთი ქალი კი დღეს იმით ივსებს, რომ ნებისმიერი მიმართულების ავტობუსში ჯდება და მგზავრობს. ზოგ ადამიანს საერთოდ არა აქვს ბედნიერი მოგონება. ზოგიერთის პასუხი ძალიან მტკივნეულია. ბევრს კი უთქვამს ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა წყვდიადში ვარო. „ჩვენ გთავაზობთ გონების გამომაფხიზლებელ, გულისამაჩუყებელ, სიცილის ან თვალზე ცრემლის მომგვრელ,  გულწრფელ წარმოდგენებს. არა, წარმოდგენებს კი არა, სანახაობებს“ - ამბობს შემოქმედებითი ჯგუფი.

პროექტის შემნელებმა თბილისშიც ჩაატარეს გამოკითხვა და სანახაობის ბოლო ნაწილი ჩვენი მოსახლეობის მონათხრობზე ააგეს. მათ მიერ შესრულებულმა „მრავალჟამიერმა“ მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. თბილისელთა აზრი „მოიტანე ბედნიერებაზე“ ორად გაიყო. ზოგს არ მოეწონა, ზოგი კი ბრიტანელების მიერ შემოთავაზებულ სანახაობაში აქტიურად ჩაერთო და კმაყოფილიც დარჩა.

bottom of page