top of page

მონოპიესების ფესტივალი -  2016

14207819_683907695089555_658058706940563

@ ლაშა ჩხარტიშვილი

უკვე მესამე წელია, ორგანიზაცია “Art Way” ბათუმში მონოპიესების ფესტივალს მართავს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა რამდენიმე ათეული პიესა და იმდენივე სპექტაკლი. უკვე გამოიცა „მონოპიესები“, რომელიც ორი წლის განმავლობაში, ამ პროექტის ფარგლებში, შექმნილი პიესების კრებულს წარმოადგენს განხორციელებული სპექტაკლების ანოტაციებით. პიესების კრებული საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ „კენტავრი“ გამოსცა. წლევანდელმა ფესტივალმა მასშტაბები გაზარდა და მასში ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელი და უკრაინელი არტისტებიც (რეჟისორი და დრამატურგი) მონაწილეობენ.

მონოპიესების ფესტივალი არის სივრცე, სადაც არა მხოლოდ რეალიზდება ახალგაზრდა ხელოვანები (დრამატურგები, რეჟისორები და მსახიობები), არამედ კამერულ და ალტერნატიულ სივრცეში ღიად და გულწრფელად, ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ისმება ის პრობლემები, საზოგადოებისთვის საჭირ-ბოროტო საკითხები, რომელიც დიდი და აკადემიური სცენების ალტერნატივას წარმოადგენს. ახალგაზრდა  ხელოვანები თავისუფალ და ალტერნატიულ სივრცეში ქმნიან მცირე ფორმის სპექტაკლებს, რომელშიც სწორედ პიესას, ტექსტს, სათქმელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თუმცა ზოგიერთი რეჟისორის შემთხვევაში ეს არენა იქცევა ახალი ფორმისა და სივრცის ათვისების საინტერესო საშუალებად. ალტერნატიული სივრცეები ხშირ შემთხვევაში, რეჟისორებს განსხვავებულ ამოცანებს უსახავს და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს, რაც მათ ახალი პროფესიული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას უწყობს ხელს.  

მონოპიესების ფესტივალი კარგი ასპარეზია სერიოზულ თემებზე გულწრფელად და თავისუფლად სასაუბროდ, აგრეთვე ერთგვარი გამოწვევა ახალგაზრდა არტისტებისთვის მხატვრული და აქტუალური ამოცანების დასაძლევად, რომელსაც არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ თანამედროვე თეატრი უყენებს მონაწილეებს. მონოპიესების ფესტივალი ყოველ წელს ახერხებს იყოს რეზონანსული, სწორედ აქტუალური თემების წამოჭრის და გაშუქების მიზნით, რომელიც ეფექტურობითა და პრაქტიკული შედეგებით გამოირჩევა. მონოპიესების ფესტივალი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ახალგაზრდა ხელოვანების ფორუმია, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ახალგაზრდა ხელოვანთათვის ახალი გამოცდილების შესაძენად.

მონოპიესების ფესტივალის ფარგლებში შექმნილი  ნაწარმოებები იქმნება შეზღუდულ დროსა და ექსტრემალურ პირობებში, ამიტომ, აქ, მხატვრულ ხარისხს კი არ ენიჭება უპირატესობა, არამედ რეჟისორისა და დრამატურგის პოზიციას, სათქმელს, სპექტაკლის ფორმას და მსახიობის მუშაობას.

ფესტივალის მაყურებლისთვის თითოეული წარმოდგენა არის უცხო და მოლოდნელი, ვინაიდან პიესის გაცნობის საშუალება მაყურებელს მანამდე არ აქვს (ფესტივალის პირობის თანახმად, პიესა უნდა იყოს გამოუქვეყნებელი და დადუგმელი), ამიტომაც ტექსტზე წარმოდგენა მაყურებელს მხოლოდ სპექტკლიდან რჩება.

2016 წლის ფესტივალი პაატა ციკოლიას საავტორო წარმოდგენით „მე მქვია ლალი“ გაიხსნა. საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონდე რეჟისორისთვის უცხო არ არის სათეატრო ტექსტის შექმნა. ამჯერადაც, ტექსტის ავტორად თავად რეჟისორი მოგვევლინა, რომელიც დახვეწილი ლიტერატურული და მომავლის სასაუბრო ენის სტილისტიკაშია გადაწყვეტილი. სიუჟეტი რთული დრამატურგიული კოსტრუქციისაა, სადაც ერთმანეთს კვეთს წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც გარკვეულ ბუნდოვანებას ქმნის. სპექტაკლში, რომელიც ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე გათამაშდა, დასმულია ძალადობის პრობლემა, ნაჩვენებია გზა სიყვარულიდან სიძულვილამდე, ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპები კომპიუტერულ თოჯინასა და ადამიანს შორის. პიესის თითოეული პერსონაჟი მათი ურთიერთობის მსხვერპლია. ისინი ანადგურებენ ერთმანეთს ფიზიკურადაც და მორალურადაც. მაყურებელი, რომელიც ასევე სცენაზე იყო  განთავსებული და წარმოდგენას ადევნებდა თვალს, მიზანმიმართულად, დისტანცირდა მსახიობისგან, ვინაიდან არ შეიქმნა (სავარაუდოდ მიზანმიმართულად) კამერული სივრცე. მაყურებელი შორიდან აკვირდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი სცენაზე იყო განთავსებული და მსახიობიც ამავე სცენაზე მუშაობდა) უხილავი გამჭირვალე შუშის მხარეს გათამაშებულ ტრაგედიას, რომელიც ერთგვარ ლაბორატორიაში შესრულდა. სივრცე განათებული იყო ე.წ. დღის განათებით, რომელიც ლაბორატორიის, კიბერ სივრცისა და მომავლ დროში მოგზაურობის შეგრძნებას ქმნიდა.

რეჟისორი მისტიკურ-კიბერ სივრცის მსგავს ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ორგანულად ჩაეწერა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე. მეგი კობალაძისთვის, როგორც მსახიობისთვის დამახასიათებელი სცენური მეტყველების მანერული სტილი, მთლიანად გამქრალი იყო პაატა ციკოლიას სპექტაკლში. მსახიობი ოსტატურად, ინტონაციისა და ხმის ტემბრის მუდმივი მონაცვლეობის რეჟიმში ახერხებდა ორი (როგორც გაირკვა უფრო მეტი) ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟის დახატვას. ამ სპექტაკლის ცქერისას მაყურებელს მოუხდა წარმოსახვის უნარის მოხმობა და მისი ჩართვა. ამავდროულად გაანალიზება იმის, რასაც მსახიობი რეჟისორის ხელმძღვანელობით წარმოგვიდგენდა. რამდენიმე ბუნდოვანობით მოცული დადგმა 40 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში 200-ზე მეტი მაყურებელი სულგანაბული ადევნებდა თვალს მეგი კობალაძის მიერ განსახიერებულ და პაატა ციკოლიას მიერ შეთხზულ ლიტერატურულ, თუ სცენურ გმირებს, რომლებიც ჩვენი თანამედროვენი არიან...

„პატარა“ - ასე ერქვა თემო კუპრავას სპექტაკლს, რომელიც ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ახალბედა მსახიობმა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამახიობო სპეციალობის სტუდენტმა სოფი ჩალაშვილმა (ავთანდილ ვარსიმაშვილის სახელოსნო) გააცოცხლა. პროფესიული გამოცდილება არც დრამატურგს და არც რეჟისორს აკლიათ. ორივეს კარგად იცნობენ სათეატრო სამყაროში, როგორც წარმატებულ ახალგაზრდა ხელოვანებს, შესაბამისად, მოლოდინი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათ მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელიც სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. საზამთროების გამყიდველი ჯუჯა გოგონას მონოლოგის მოსმენისას მაყურებელს გაუჩნდა სინანულის გრძნობა იმ დისკრიმინაციის გამო, რომელსაც მსგავსი ადამიანები განიცდიან. ლოგიკურია, რომ აგრესიის ადრესატი უსუსრია, მაგრამ სანაცვლოდ დისკრიმინირებული გმირი აგრესიას აგრესიითვე პასუხობს, რაც ლოგიკურია, ერთგვარი ინსტიქტი და რეფლექსია. სწორედ ამ ურთულეს შინაგან მდგომარეობას ააშკარავებს სპექტაკლის ავტორები. რომ არა მუსიკალური ფონი, რომელიც უფრო ხელს უშლიდა მსახიობს და მაყურებელს ტექსტის აღქმაში, ვიდრე დრამატულ ფონს ქმნიდა, სპექტაკლში დასმული პრობლემა მეტი სიმძაფრით გაიჟღერებდა. ახალგაზრდა მსახიობი სოფი ჩალაშვილი კი პერსპექტული მსახიობია, რომელმაც მარტომ, პარტნიორის გარეშე შეძლო მაყურებელში ინტერესის გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ სრულყოფილად არ ფლობს სამსახიობო ტექნიკას და ოსტატობას. ვფიქრობ, ახალბედა მსახიობმა დიდი გამოცდილება შეიძინა ფესტივალში მონაწილეობით.

„ჰალუცინაცია“  გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლია, რომელიც პიესის ავტორმა და რეჟისორმა თავად გაითამაშა ლიტერატურულ კაფეში „BK“.  გეგა გაგნიძე ჯერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სპეციალობის, ხოლო შემდეგ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტი გახდა. ახალგაზრდა, პერსპექტულმა რეჟისორმა გამოამჟღავნა უდიდესი ენთუზიაზმი და სათეატრო სფეროს სიყვარული მის საავტორო დადგმაში. ზედმეტად ექსცენტრულ თამაშის სტილს ხელი არ შეუშლია მისთვის ყოფილიყო ზედმეტად მობილიზებული. იუმორის გრძნობითა და იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოვებულმა ახალგაზრდა არტისტმა რამდენიმე რიტორიკული კითხვა დასვა და ეჭვქვეშ დააყენა ღმერთის არსებობის და ზოგადად რწმენის საკითხი. მის ტექსტში იგრძნობოდა ფილოსოფიური განათლების გავლენა და ის თანამედროვე ფილოსოფიური თეორიები, რომელმაც კარგა ხანია თქვა, რომ „ღმერთი მოკვდა“. ექსპერიმენტულ სივრცეში პიესის გმირი - მთავარი ჰალუცინაცია, კომფორტულად გრძნობდა თავს, არაერთხელ მიმართავდა ინტერაქტივს და ცდილობდა მაყურებლის ბოლომდე ჩართვას წარმოდგენის მსვლელობაში.

მონო პიესების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პოეტი ლია ლიქოკელი უკვე მეორედ წარსდგა მაყურებლის წინაშე დრამატურგის ამპლუაში. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ობიექტურად გამორჩეული ავტორის მოთხრობის „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის“ ინსცენირებას და სათეატრო ენაზე აჟღერებას ნინო შოთაძე შეეცადა.

ლიქოკელის ზედმეტად დახვეწილი ლიტერატურული ენის თეატრალურ ენაზე „თარგმნა“ საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა რეჟისორისა და მსახიობ მარინა ბურდულისთვის. მათ შეძლებისდაგვარად დაძლიეს ბარიერები და ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე, ლიქოკელის პოეტური სამყაროსთვის დამახასიათებელი მისტიკურობა და კამერული ატმოსფერო თეატრალურ წარმოდგენად აქციეს. ამაში მათ ხელი შეუწყო ბათუმის დრამატული თეატრის ახალი წარმოდგენის „რამდენი დემონიც გნებავთ“ დეკორაციამ, რომელშიც ორგანულად გათამაშდა ლია ლიქოკელის, ნინო შოთაძის დ მარინა ბურდულის ერთობლივი ნამუშევარი. სცენაზე შექმნილი ტყის, მიტოვებული ქოხის და მისი შემოგარენის იმიტაცია შეიქმნა. სპექტაკლი მთლიანობაში ლიქოკელის ტექსტის ილუსტრაციას და მის დეკლამაციას წარმოადგენდა. მსახიობი ზედმეტად მიმართავდა ჟესტიკულაციას, რაც ტექსტის ილუსტრირებას ახდენდა, რითაც მსახიობი ცდილობდა თხრობის მანერის შეცვლას.

მორთულ-მოკაზმული სიტყვები ყოველთვის ლამაზად და სასიამოვნოდაც კი გამოიყურება, თუმცა თეატრის სცენიდან ის ეფექტურად მაინცდამაინც ვერ ჟღერს. ამავდროულად ძალიან სახიფათოა ამ ტიპის ტექსტის კითხვისას დეკლამაციისა და ფსევდო დრამატიზმისკენ სწრაფვა, რომელიც ალაგ-ალაგ შეინიშნებოდა სპექტაკლში. მსახიობის ფსევდოდრამატიზმს გააზრებით შერჩეული მუსიკალური კომპილაცია აქრობდა, რომელიც ეფექტურ ფონს უქმნიდა მსახიობს ხან მძაფრად, ხანაც ლირიკულად გადმოეცა ისტორია, რომელსაც ლია ლიქოკელი გვიყვებოდა ტყისმჭრელ ოჯახზე. რომანტიკოსი და მგრძნობიარე მაყურებლისთვის წარმოდგენას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ თეატრისთვის შექმნილი ტექსტი სცენიდან მაინც უფრო ორგანულად და დამაჯერებლად ჟღერს.

„ლიტერატურულ კაფეში“ ირაკლი გურგენიძის სპექტაკლი „სადღეგრძელო“ გათამაშდა, რომლის ტექსტიც ზურა პაპიაშვილს ეკუთვნის. პიესა, რომელიც ქართულ ტრადიციებს - სუფრის (როგორც სიმბოლო ქართული ტრადიციების ერთობლიობის) გარშემო ირონიზირებს, დრამატურგისა და რეჟისორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. სპექტაკლი აგებულია ორ კონტრასტულ მოვლენაზე: ქართული სუფრის ფენომენზე, რომელიც სავსეა ფამილარობით, ფარისევლობითა, ბაქი-ბუქით, გულზე მუშტების რტყმითა და იმ რეალობით, რომელთანაც ასე შეუმჩნევლად მივედით.

ერთი შეხედვით, ევროპული თავშეყრა, ქართულ ტრადიციულ სუფრად იქცევა. ამ პროცესს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი დავით წერეთელი წარმართავს. მონოპიესაში მსახიობი ახერხებს ორი კონტარსტული პერსონაჟი დაგვანახოს - ერთი მხირვ, ტრადიცული ქართველი, რომელიც თავს იწონებს სადღეგრძელოებით და ცდილობს ქართული ტრადიციების დადებითაც წარმოჩენას და მეორე მხრივ, გვიჩვენებს მედლის მეორე მხარეს. ყველა მანკიერებას, რაც ერმა გამოცდილების სახით შეიძინა და ვერ ეთხოვება მას. დავით წერეთელი ხატავდა ტრადიციულ ქართველ კაცს, რომელიც ამაყობს წარსულით, ტრადიციებით, გვმოძღვრავს და თავს იწონებს სადღეგრძელოებით, შესაბამისად, მსახიობის პათეტიკური, სიყალბეშეპარული ტონი ბოხ ხმაში ერთი მხრივ გამართლებულიცაა, თუმცა მსახიობს მაინც აკლდა სისადავე და ბუნებრიობა. სპექტაკლის მეორე ნაწილში, როცა კონტრასტულად ხდება პირველი ნაწილის გააზრება-განხილვა, იმატებს დრამატიზმი და რიტორიკა. პერსონაჟი, რომელიც ყიდის ჩვენს რეალობას დარგების და „ღირებულებების“ მიხედვით დილემის წინაშე დგას, რადგან ასეთ „საქონელი“ გასაღების გარეშე რჩება. „აბა, რა გინდათ, რა?“ - სვამს სპექტაკლის ავტორები ლოგიკურ კითხვას და პასუხს მაყურებლისგან ელიან.

ბათუმის თავისუფალ სივრცეში რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ირაკლი კაკაბაძის „ჩემი მეგობარი ჰაშიში“ წარმოადგინა. ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი ცხადაძე მოგვითხრობს იმ პრობლემაზე, რომელიც ერთნაირად დგას, როგორც მის პატარა სამშობლოში, ასევე  გიგანტ სახელმწიფოში. გიორგი ცხადაძის გმირი ქვეშევროდმია პატარა ქვეყნიდან, რომელიც ამერიკაში მსახურობს სახელმწიფო სამდივნოში და სარეცელს სამსახურის უფროსთან იყოფს. მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი ისევე მწვავედ დგას გიგანტ სახხელმწიფოში, როგორც მის სამშობლოში და ორივეგან საკითხის დადებითად (პრაგმატულად) გადაწყვეტას ერთნაირი წინააღობები ახლავს თან.

წარმოდგენა ალტერნატიულ სივრცეში გათამაშდა. მაყურებელი სრულიად მოულოდნელად სპექტაკლის გმირის სახლში აღმოჩნდა სწორედ იმ დროს, როცა ის სექსით იყო დაკავებული. სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ გიორგი ცხადაძემ (პარტნიორი მსახიობი ნინო ციმაკურიძე) ბუნებრივად, ყოველგვარი დეკლამაციურობის გარეშე, არტისტული უბრალოებით მოგვითხრო საკუთარი თავგადასავლის შესახებ. ირაკლი გოგიამ მაქსიმალურად აითვისა თავისუფალი სივრცის ყველა კუთხე ისე, რომ მიზანსცენები წარმოდგენის ლოგიკური ნაწილი იყო და არა ტექსტის ილუსტრირებისთვის, ან მისი თეატრალურ ფორმად გადაქცევის ხერხი.

მონოპიესების ფესტივალი მულტიეროვნულმა წარმოდგენამ დაასრულა. პიესის „წრე“ ავტორი უკრაინელი ნატალია ბლოკია, ხოლო რეჟისორი აზერბაიჯანელი ტურალ ვაგიფოღლუ, მსახიობი კი ქართველი ნინო ციმაკურიძე. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენა „წრე“ ფესტივალის სევდიანი და გემრიელი ლუკმა აღმოჩნდა. სპექტაკლი ერთი გოგონას მაგალითზე მოგვითხრობდა იმ ინსტიტუტების შესახებ, რომელიც ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დამთავრებული საჯარო სკოლით, უნივერსიტეტით და იმ გარემოთი, რომელშიც პიესის გმირი და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს. შეძენილი თუ თანდაყოლილი კომპლექსები კი, რომელიც ადამიანებს აქვთ, წრეზე ბრუნავს და თაობებს გადაეცემა. ნინო ციმაკურიძემ თავისი მონოლოგით იოლად „წამოიკიდა“ დამსწრე საზოგადოება და პროცესების თანამონაწილე გახადა. მსახიობი ზომიერი ემოციურობით ხატავდა ტრაგიკული ქალის სახეს ბავშვობიდან შუახნობამდე, რომელმაც რთული გზა გამოიარა და შვილის თვითმკვლელობამდეც მივიდა.

მონოპიესების მესამე საერთასორისო ფესტივალი დასრულდა, რომელიც წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა. ფესტივალის დახურვისას, ახმეტელის თეატრის სამახტვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია, გამოვიდა ინიციატივით, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები ნაჩვენები იყოს თბილისში, ახმეტელის თეატრში თვეში ერთხელ მომდევნო სეზონის განმავლობაში. სპექტაკლის ავტორთა თანხმობის შემთხვევაში ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების ნახვის საშუალება მათაც მიეცემათ, ვინც ვერ მოახერხა თვალი ედევნებინა ფესტივალის ფარგლებში შექმნილ სახელდახელო წარმოდგენებზე. ფესტივალის საზეიმო დახურვისას მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ პირობაც დადო, რომ ფესტივალი მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება და სამინისტრო პროექტს აუცილებლად დაუჭერს მხარს. აღდგომა და ხვალეო :)

bottom of page