მონოპიესების მეორე ფესტივალი ბათუმში

მონოპიესების მეორე ფესტივალი ბათუმში

ლაშა ჩხარტიშვილი

მონოპიესების ფესტივალს, რომელიც 2014 წლიდან იმართება ბათუმში, სკანდალები თავიდანვე დაებედა თითქოს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს, სპექტაკლის მსვლელობისთვის ხელი არავის შეუშლია, მაგრამ პროსტესტი საზოგადეობის გარკვეულმა ნაწილმა სოციალურ ქსელში ცალსახად დააფიქსირა მანამ, სანამ სპექტაკლის „აუტისტი ტერორისტის განცხადება“ (პიესა ირაკლი კაკაბაძის, რეჟისორი ირაკლი გოგია, აუტისტი ტერორისტი-გიორგი ცხადაძე) პრემიერა გაიმართებოდა  ბათუმის კემპინსკის (სასტუმრო -კემპინსკი ბათუმი შავი ზღვა) ავტოფარეხში. ვნებათაღელვა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პიესის სათაურმა - „აუტისტი ტერორისტის განცხადება“ - გამოიწვია. ორი ცნების: აუტისტი და ტერორისტი, ერთმანეთთან დაკავშირება საზოგადოების ნაწილს გაუკვირდა და გაუჭირდა კიდეც. უკმაყოფილება და პროტესტი ეფუძნებოდა მხოლოდ მონოპიესის სათაურს, ამიტომაც,  ავტორმა პიესა ხმაურის ატეხვის შემდეგ, ინტერნეტში გამოაქვეყნა, (http://www.bu.org.ge/x2699?lang=geo) თუმცა მკითხველთა ნაწილი იხტიბარს არ იტეხდა და ავტორს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. რაკი, პიესამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ნიშნავს იმას, რომ პიესა აქტუალურ და პრობლემატურ თემას ეხება, რომელიც უბიძგებს ინტელექტუალურ საზოგადოებას ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად. ირაკლი კაკაბაძის მიერ „შემოგდებული“ ინტრიგა გამოავლენს საზოგადოების ხედვას გარკვეული პრობლემების მიმართ. დაგვანახებს, რამდენად მართალია პიესის გმირი, 17 წლის აუტისტი, როცა ამბობს: „ეს არის ის „ოჯახური ღირებულებები“, რომლებსაც ჩემი ფარისეველი დედ–მამა ორივე ასე იცავს ტელევიზიით და ფეისბუქით!  ორივე მათგანი კომპუტერში არიან შეპარული – და ეს ოჯახური ღირებულებების დამცველები დღედაღამ პორნო საიტებში სხედან...“ 

ირაკლი კაკაბაძის მონოპიესის ერთადერთი და მთავარი გმირის 17 წლის ახალგაზრდის  ადრესატები მისი მშობლები არიან. 17 წლის აუტისტი, რომელიც სიმბოლურ ტერორისტად იქცა, ულტიმატუმს უყენებს პლანეტის მშობლებს, მეტი დრო დაუთმონ შვილებს და მოუსმინონ ხოლმე მათ. მონოპიესით, რომელსაც საკმაოდ გამომწვევი სათაური „აუტისტი ტერორისტის განცხადება“ აქვს, ძალზე მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას შეეხო, რომელიც აქტუალურობის გარდა, მტკივნეული და სათუთი თემაც არის. ავტორის მიზანი მშობლებისა და შვილების ერთმანეთთან გაუცხოების მხილებაა. პრობლემა დაფარულია და ის არცისე ხელმისაწვდომია ყველასთვის, რადგან გარკვეული კომპლექსები ვერც მშობლებმა და ვერც საზოგადოებამ ჯერ ვერ დასძლია, რასაც კარგად გრძნობს თავად პიესის გმირი.

17 წლის აუტისტის მონოლოგი მშობლებს მათი კარიერისტობის და მისი არაპრიორიტეტულ პოზიციაზე დაყენების გამო აპროსტესტებს, რომლებისთვისაც კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახური სითბო და ურთიერთობები. ირაკლი კაკაბაძე ხატავს ოჯახს, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს ან საერთოდ არ, ან მხოლოდ ფორმალურად ელაპარაკებიან. ერთმანეთისგან დაშორებულ-გაუცხოებულ ოჯახში კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს, რაც ახალგაზრდის პროტესტს იწვევს და ქმნის პერსპექტივას მისი მოძალადედ, ტერორისტად ქცევის. პიესის გმირი ერთდროულად რამდენიმე პრობლემას წამოჭრის, რაც აქტუალურია არა მხოლოდ აუტისტი ბავშვების, არამედ ზოგადად ქართველი და მსოფლიო ბავშვებისა და მშობლების ურთოერთობაში. დრამატურგი ირონიულად აკრიტიკებს მშობლებს, რომლებიც დღედაღამ კომპიუტერებთან სხედან, ისინიც კი ერთმანეთს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებიან.

დრამატურგი ხატავს ოჯახს, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთისგან მხოლოდ გაუცხოებულები კი არ არიან, არამედ შეინიშნება ძალადობის ნიშნები. მთავარი გმირი ამბობს: „ერთად ჭამის დროს ორივე საკუთარ კომპუტერს ჩაჰყურებს და ერთმანეთს არ უყურებს. სადილს მაგიდაზე სამი კომპიუტერით ვჭამთ. ყველა თავის კომპიუტერში იხედება. თუ მოხდა შემთხვევა და ერთმანეთს შეხედეს, იწყება ერთმანეთის გინება. მამაჩემი დედაჩემს აგინებს და დედაჩემი მამაჩემს. მერე ხანდახან დედაჩემი ჭიქას ესვრის ხოლმე. ძირითადად აცილებს.“

მთავარი გმირი გვიამბობს იმაზეც, რომ მშობლებმა დამხმარის აყვანაზე უარი თქვეს, რადგან მის თქმით, მათ არ სურდათ ენახა ვინმეს მუდმივად არეული სახლი და რომ მათი შვილი მუდმივად ესწრაფვოდა მშობლების მხირდან ყურადღებისკენ. მშობლებთან ურთიერთობისკენ კი, მთავარმა გმირმა არაერთხელ გადადგა ნაბიჯი, რაზეც უკურეაქცია მიიღო და დაიტუქსა ზედმეტი კომუნიკაბელურობისა და ინიციატივების გამო. „ეს ოჯახი სრული ფარსია. მე არ მჯერა ასეთი ოჯახის“ - ამბობს პიესის გმირი.

პიესის ავტორი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თემის სტიგმატიზირების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას ავტორი ასე პასუხობს: „არავის სტიგმატიზირება არ უნდა მოხდეს. მე პირველი პირიდან ვწერ, მე ავტორი ვარ, რომელიც ამას წერს. აქ სწორედ იმაზეა ლაპარაკი, თუ რატომ ახდენს საზოგადოება სტიგმატიზირებას... ყველანაირ ე.წ. დაავადებას ჩვენ დაავადება აღარ უნდა ვუწოდთ, ეს უნდა იყოს კონდიცია. მე ახლა ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პოზიციაზე ვსაუბრობ, ხოლო ეს წერილი არის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც  ხსნის სოციალაურ მიზეზებს. ხშირად ბავშვების ასეთ სტიგმატიზირებაში მშობლებები იღებენ მონაწილეობას, მშობლები არიან პასუხისმგებლები მათი შვილების სურვილზე... სულაც არ ვფიქრობ, რომ აუტიზმი დაავადება, მე ვფიქრობ, ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს საკუთარი  სამყაროს შექმნა. ეს სურვილი რომ უჩნდება ბავშვს, ხშირ შემთხვევაში მშობლების ბრალია.”

პიესა მონოპიესების ფესტივალის ფარგლებში დაიწერა და ის ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ ამავე თეატრის ახალგაზრდა მსახიობის გიორგი ცხადაძის მონაწილეობით დადგა. სპექტაკლის ავტორმა ხმაურიანი და ტკივილით სავსე მონოლოგის მოსასმენად  სასტუმრო „კემპინკი ბათუმი შავი ზღვა“ ავტოფარეხი შეარჩია, სკამები არატრადიციულ, არასათეატრო სივრცეში არათანმიმდევრულად და ქაოტურად განალაგა. მაყურებელი ერთდროულად ერთმანეთის პირისპირ და ზურგშექცევით აღმოჩნდა. ახმეტელის თეატრის ახალგაზრდა მსახიობმა გიორგი ცხადაძემ, მონოლოგის დაწყებამდე მაყურებელი პოლიციის ლენტით შემოსაზღვრა და ერთგვარ მძევლებად გადააქცია. მსახიობი დინჯად, ზედმეტი აღელვება-პათეტიკურობის გარეშე მოგვითხრობს კარიერისტი მშობლების შესახებ, რომლებზეც ის განაწყენებულია უყურადღებობის და მასთან კომუნიკაციის  ნაკლებობის გამო. მსახიობი ხაზს არ უსმევს გამომსახველობითი საშუალებებით გმირის აუტისტობას, მხოლოდ ერთი დეტალით, ხელის თითების უცნაური მოძრაობით გამოხატავს მის მდგომარეობას, რომელიც უფრო ნერვიულ ჩვევად აღიქმება. ამ დეტალით რეჟისორი და მსახიობი ხაზს უსმევს იმას, რომ პრობლემა გაცილებით ფართოა და გლობალური და ის არ ეხება მხოლოდ აუტისტისა და მისი მშობლების პრობლემას, ის სცილდება ვიწრო აუდიტორიას და განზოგადდება.

სპექტაკლის ფინალში აუტისტის ტერორისტად, ერთგვარ მოძალადედ ქცევაც სიმბოლურ-მეტაფორული ხასიათის აქციაა მშობლების გამსოაფხიზლებლად, რომლისთვისაც გმირი ექვს თვეს გვაძლევს. ეს ერთგვარი ულტმიატუმია, რომელიც საზოგადოებამ უნდა შეასრულოს.

ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი გოგია და გიორგი ცხადაძე სპექტაკლში მშობლების პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. სპექტაკლი ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა, მაგრამ მაინც მხატვრული ნაწარმოები, რომლის პირდაპირი მნიშვნელობით აღქმა მცდარი მიდგომა იქნება. სპექტაკლი რეალურ სურათთან ერთად, ხატავს მოსალოდნელ მდგომარეობას და პერსპექტივას, რა შეიძლება მოიტანოს უყურადღებო მშობლებმა, ძალადობამ ბავშვებზე. შედეგად კი, სპექტაკლის ავტორთა აზრით, შეიძლება პირობითად ტერორისტი მივიღოთ, რომლადაც ქცევა, პირველ ყოვლისა, არც სპექტაკლის მთავარ გმირს სურს.

მონოპიესების ფესტივალი სოციალურ ქსელში აქტიურად განხილვის თემად იქცა. ერთგვარი „ომი“ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ფესტივალში მონაწილე პიესების სათაურებს გამოუცხადა. ამჯერად, მწვავე კრიტიკის ობიექტი ლაშა ბუღაძის 2014 წელს დაწერილი მონოპიესა „პუტინის დედა“ გახდა. პიესის სათაურით გაღიზიანებული  Facebook  „მრევლი“ ფესტივალის ორგანიზატორებს და ავტორს არაკეთილმეზობლური მისწრაფებების გამო აკრიტიკებდა. წერდნენ, რომ ჩვენ უნდა დავათბოთ ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და არ უნდა გავაღიზიანოთ ერთმორწმუნე, მოძმე ერი. არადა, გამპროტესტებლებმა როდი იცოდნენ, რომ ლაშა ბუღაძის მონოპიესა სწორედ მათზე, მათ ნოსტალგიურ ვნებებსა და ოცნებებზეა, პიესის მთავარი გმირი, იმ დროს რომ  მისტირის, როცა ერთი, საერთო სამშობლო გვქონდა.

ლაშა ბუღაძის მონოპიესის „პუტინის დედა“ სცენური ხორცშესხმის სურვილი რეჟისორმა  ლევან ბიბილეიშვილმა გამოთქვა. პიესა 2014 წლის მაისში დაიწერა და ჟურნალ „არილში“ გამოქვეყნდა. ამ მონოპიესით ლაშა ბუღაძე წარმოადგენდა საქართველოს, კიევში გამართულ დრამატურგთა საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მოეწყო პიესის თეატრალიზებული კითხვა. ლაშა ბუღაძის „პუტინის დედა“ ფესტივალის ორგანიზატორებმა ექვსი ქართველი დრამატურგის ცხრა პიესიდან ამოარჩიეს.

პიესის დადგმა საქართველოში კი, პირველად, სწორედ, მონოპიესების ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა რეჟისორის ლევან ბიბილეიშვილის მიერ განხორციელდა. მონოპიესის გასათამაშებლად რეჟისორმა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ფოიე აირჩია, რომლის ცენტრში კუბო და მის ირგვლივ მაყურებელი განათავსა, კუბოს თავში კი, მონოპიესის ერთადერთი გმირი - ვერა პუტინა, ზოგიერთი წყაროთი, პუტინის დედის როლის შემსრულებელი მსახიობი სოფო ლეთოდიანი მოათავსა. სწორედ ისე, როგორც ჩვენში, პანაშვიდებსა და დაკრძალვებზეა მიღებული. პიესის შესახებ განმარტებას, შესავლის მაგიერ, დრამატურგი თავად გვაძლევს: „ჩემი პიესა კი არა იმდენად კონკრეტულ დედაზე, რამდენადაც მოხუც პენსიონერ ქალზეა, რომელიც, ერთი მხრივ, სამართლიანად ჩივის თავისი სიღატაკისა და დაუცველობის გამო, მეორე მხრივ, კი – და სწორედ, ამ მიზეზთა გათვალისწინებით! – თუკი ვინმე ეიმედება, ეს მხოლოდ პუტინია; პუტინი, რომელიც წარსულის დაბრუნებას, საბჭოთა კავშირის აღდგენასა და მისი უიღბლობისა და შიშის მთავარი მიზეზის, დასავლეთით მცხოვრები ძველი, ძლიერი და უჩინარი მტრის საბოლოო განადგურებას ჰპირდება. უკრაინის კრიზისის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა თავად აღიარა, რომ მისი ჯარისკაცები (ციტატა) “ქალებისა და ბავშვების ზურგს უკან იდგებიან”, და მართლაც – ბევრმა ნახა ის კადრები, როცა პუტინის ბეტეერებსა თუ სამხედროებს ფაქტობრივად წინ მიუძღოდნენ უსამართლოდ დაჩაგრული, მაგრამ აწ გამაოგნებლად გასასტიკებული და შურისმაძიებელი ბებიები. პუტინის დასაყრდენი ახლა შეშინებული, მიტოვებული და მძვინვარე პენსიონერებია. დესპოტების უკან ხომ ყოველთვის ეს უმრავლესობა დგას“.

ლაშა ბუღაძე მისთვის დამახასიათებელი და ჩვეული სარკასტულობით, გროტესკითა და ირონიით, მოგვითხრობს იმედგაცრუებული უსამშობლო პენსიონერის ვნებებსა და მისწრაფებებზე, ხატოვნად გადმოსცემს ერთი კონკრეტული მოხუცი ქალის მაგალითზე იმ ვითარებას, რასაც საბჭოეთის ნოსტალგია ჰქვია და დღევანდელ რეალობას წარმოადგენს. პიესაში პუტინის დედა შვილს წერილს უგზავნის, ან მიმართავს... ყოველ შემთხვევაში, პუტინი ცოცხალია, ჯანმრთელი და სახსალამათი.

რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა კი, ლაშა ბუღაძის პიესის განსხვავებული ვერსია და მოცემულობა შემოგვთავაზა. აქ დედა გარდაცვლილი შვილის კუბოს დასტირის და უკანაკნელი, ე.წ. გამოსათხოვარი სიტყვით „ემშვიდობება“ მას, თანაც ისე, როგორც გარდაცვლილის ჭირისუფალმა იცის, ტირილის დროს ათას სისულელეს, რომ წამოროშავენ ხოლმე. ლევან ბიბილეიშვილის ინტერპრეტაცია გვარიანად დაშორდა ლაშა ბუღაძის პიესას, არა მხოლოდ მოცემული ვითარების გამო, არამედ დაიკარგა პიესის მთავარი ხიბლი - სარკაზმი, გროტესკულობა და ირონია. რეჟისორმა და მსახიობმა სოფო ლეთოდიანმა ბუღაძის შეთხზული მონოლოგის დრამატულ პლანში გაცოცხლება განიზრახეს, უფრო გაასერიოზულეს ტექსტი (მონოლოგის დრამატულად წაკითხვა-გათამაშების გამო), რამაც დრამატურგის ჩანაფიქრს მთავარი ხიბლი - იუმორი და ირონია დაუკარგა. უნდა ითქვას, რომ რეჟისორი უშუალოდ ტექსტში უხეშად არ ჩარეულა. მან მხოლოდ მოცემულობა და ჟანრი შეცვალა. გროტესკი ყოფით დრამაში გადაიტანა, ყოველ შემთხვევაში მსახიობის მიერ წაკითხული მონოლოგი შორს იყო გროტესკულობისა და სარკასტულობისაგან. რა თქმა უნდა, ჟანრის შეცვლა შესაძლებელი და ზოგ შემთხვევაშიც საინტერესოდ არის, თუ იგი ლოგიკურობით არის განპირობებული და შესაბამისად, მხატვრული ხარისხით გამყარებული.

რეჟისორის შემოთავაზებული ხერხის მიხედვით, ლოგიკურია, რომ მთავარი გმირის ერთადერთი ადრესატი კუბოში ჩასვენებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობმა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაყურებელთან კომუნიკაციის მცდარ ხერხს მიმართა. იგი შეეცადა თითოეული ჩვენგანისთვის პირადად მოეთხრო მისი გმირის გულისწუხილი პირდაპირი გზით, არადა ადრესატი ტექსტის მიხედვით, სწორედ კუბოში უნდა ყოფილიყო.

სპექტაკლის ავტორმა და შემსრულებელმა, მცდელობის მიუხედავად, კომუნიკაცია ვერ დაამყარა აუდიტორიასთან. ამას ხელს უწყობდა მსახიობის მიერ არასწორად დასმული მახვილები და ინტონაციები. გარდა ამისა, წარმოსახვითაც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მსახიობი პუტინის, ან რა მნიშვნელობა აქვს, შვილმკვდარი დედის როლს თამაშობდა. ეს, სამწუხაროდ, არც კოსტიუმით (მსახიობი ჯინსის შარვალსა და კედებით) და არც მის მიერ შემოთავაზებული თამაშის ხერხით ჩანდა.

მოულოდნელი და ეფექტური იყო წარმოდგენის ფინალი. მსახიობმა სოფო ლეთოდიანმა პიესის მიხედვით დაუგეგმავად, ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, ბოდიში მოიხადა მაყურებელთა წინაშე და სათამაშო არენა დატოვა. ეს პასაჟი იმდენად დამაჯერებელი, გულწრფელი და მოულოდნელი იყო, რომ დაბნეულობა-უხერხულობის განცდა ნამდვილად შექმნა დამსწრე მაყურებელთა შორის. იმდენად ეფექტური იყო კულმინაცია, რომ ახლაც მიჭირს გააზრება, ეს რეჟისორის ჩანაფიქრი იყო, თუ მსახიობმა მართლა ვერ შეძლო პიესის ბოლო ფრაზებამდე წაკითხვა (მონოლოგის კითხვა პიესის ბოლო ორ აბზაცზე შეჩერდა). სწორედ, ამ დაბნეულობის დროს, სამარისებურ და დამაბნეველ სიჩუმეში გაისმა სამგლოვიარო მარში (აკომპანიმენტი გიორგი თებიძე), მაყურებელთა დარბაზიდან ოთხი ახალგაზრდა მიიჭრა კუბოსთან და ტრადიციისამებრ, კუბო წამოსწიეს და როგორც მიცვალებულს მიაცილებენ, ისე გაასვენეს მიცვალებული ხელოვნების ინსტუტის ფოიედან გარეთ.

მაყურებელი კი, მაინც ელოდა სპექტაკლის რეჟისორს ლევან ბიბილეიშვილს და მსახიობ სოფო ლეთოდიანს ე.წ. „პაკლონზე“, თუნდაც მოულოდნელი და ეფექტური ფინალის გამო მადლობის სათქმელად, რასაც ტრადიციისამებრ ტაშით გამოხატავდნენ მოწყალე და გულშემატკივარი მაყურებელი, მაგრამ ამაოდ.

მონოპიესების ფესტივალის მესამე წარმოდგენა უცნობ პიესას დაეთმო, რომელიც ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ფოიეში გათამაშდა. სპექტაკლის ავტორი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, არაერთი დრამატურგიული კონკურსის გამარჯვებული, ამავდროულად მონოპიესების ფესტივალის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ოთარ ქათამაძეა. ტექსტზე, რომელსაც მონოპიესა ემყარება, რეჟისორმა და მასში მონაწილე მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა (ბათუმის დრამატული თეატრის დასის ერთ-ერთი გამორჩეული და თვითმყოფადი სახე) ერთობლივად იმუშავეს. წარმოდგენას ავტორებმა „თეთრი, ფუმფულა, სურნელოვანი“ უწოდეს, რითაც ხაზი გაესვა სათაურის ირონიულ და მეტაფორულ ჟღერადობას.

მონოპიესის მთავარი გმირის ძირითადი კონფლიქტი ნებისყოფასთან ჭიდილსა და ორთაბრძოლაში მჟღავნდება. ნებისყოფის გამომუშავება და საბოლოოდ მისი დაძლევა რთული, ხანგრძლივი, მაგრამ მიღწევადი პროცესია, როცა რეფლექსის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მასთან გამკლავება ყველაზე მყარი ფსიქიკის ადამიანებსაც უჭირს; ადამიანი საბოლოოდ მაინც ვერ უმკლავდება მას. ალბათ, სწორედ ამაშია ადამიანის სისუსტეების მთავარი საიდუმლოებები შეფარული.

რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ მთავარი გმირი ყოფით (და არა მხატვრულ და მეტაფორულ) სამყაროში მოაქცია. სამოქმედო სივრცე ტრენინგისთვის განკუთვნილ აუდიტორიად გადააქცია (დაფა, მაგიდა, სკამები). სპექტაკლის ავტორების მიერ შემოთავაზებული უშუალო კონტაქტის ხერხი ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდა მაყურებელთან საკომუნიკაციოდ, სპექტაკლში დასმული პრობლემის უფრო ახლოდან, შიგნიდან შესახედად.

სპექტაკლზე მისული მაყურებელი მთავარი გმირის, დიეტოლოგ ნატო ჯიქიას (მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი) ტრენინგზე აღმოჩნდება. სპექტაკლის ინტერაქტიული ფორმა პიესით არის ნაკარნახევი და სპექტაკლის პირველ ნაწილში მთლიანად შენარჩუნებულია ტრენინგ-კურსების მიმდინარეობის მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობა (მეთოდოლოგიების გამოყენებით). მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი ლაღად, სრული გულწრფელობით, პათეტიკურობისა და მოთამაშე მსახიობის მანტიის მორგების გარეშე, უშუალოდ წარმოგვიდგენს თავს და გვაცნობს ტრენინგის მიზანს. ტრენინგი ჭარბი წონისა და სწორი კვების თემაზე, ტრენერებისთვის დამახასიათებელი სტატიკურობით (ემოციური თხრობის გარეშე) მიყავს მთავარ გმირს მანამ, სანამ ტრენერ ნატო ჯიქიას საკუთარი თავგადასავალი ჭარბ წონასთაბ ბრძოლის რთულ გზაზე არ გაახსენდება. ამ მომენტიდან, ცივი, ზრდილობისთვის, ეტიკეტით გათვალისიწნებული და დადგენილი მომღიმარი ქალბატონის სახე იცვლება და ჩვენს წინ წარსდგება ტრაგიკული პერსონა, რომელმაც მთელი ცხოვრება თავად შეალია ჭარბ წონასთან ბრძოლას. ტრენერი, რომელიც მოულოდნელად პირადი თავგადასავალის ტრენინგზე დამსწრეთათვის თხრობას იწყებს, წარმოგვიდგება უნებისყოფო ქალად, რომელმაც ვერადავერ სძლია უზომოდ ჭამის ცდუნებას. მონოლოგიდნ ირკვევა, რომ პრობლემა მის წინაშე ბავშვობიდან იდგა და პირველი ტკივილიც სწორედ  ჭამის ცდუნებას უკავშირდება. „როცა გშია და ვერ ჭამ, ამაზე დიდი უბედურება არაფერია“ - ამბობს ერთგან მთავარი გმირი. სწორედ, ჭარბი წონის დასაძლევად ტრენერი, როგორც მონოლოგიდან ირკვევა, დაინტერესებულა დიეტოლოგიით და როგორც ჩანს, წარმატებული დიეტოლოგიც გამხდარა. მაყურებელი სწორედ ხომ მის ტრენინგზეა მისული.

პიესის მთავარ გმირს არაერთხელ უჩნდება მოტივაცია, მოერიოს უნებისყოფობას და საბოლოოდ უარი თქვას მავნე პროდუქტებზე, მაგრამ ადამიანი ხომ მუდმივად ისწრაფვის აკრძალული ხილისკენ და ამიტომაც, ცდუნება დიდია და ფაქტობრივად დაუძლეველი. მსახიობი ამ ტრაგიკულ ისტორიას ზომიერი ემოციით, სიცხადით, მაგრამ არა ხაზგასმული სიმწვავით გვიყვება. ისტორია მძიმეა და ამბავის ტრაგიკულობას ის ეპიზოდიც ამძაფრებს, როცა ორსული ჭამით ნაყოფს ვნებს. სწორედ, ამ ეპიზოდიდან იწყება მთავარი გმირის თვითგვემის პროცესი, რომელიც უშედეგოა. მთავარი გმირი ვერ ძლევს პრობლემას, რომელმაც მას მოსიყვარულე ქმარი და შვილი დააკარგვინა. სპექტაკლის მთელი პათოსი კი იმ ირონიშია, როცა ტრენერი ის არის, რომელმაც თავად ვერ გადაჭრა ვერც ერთხელ მის წინაშე მდგარი პრობლემა. 

„ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ!..“ ამ საგულისხმო ფრაზით ამთავრებს მაყურებელთან შეხვედრას ოთარ ქათამაძე და ეკა ჩავლეიშვილი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ალბათ, მაყურებელს ათასგვარი აზრი უტრიალებს თავში, თუმცა ყველაზე ჭეშმარიტი შეგონება და მიზანი წარმოდგენისა ის არის, რომ დაასკვნა: ზოგჯერ, მხოლოდ სურვილი მიზნის მისაღწევად არ კმარა. საჭიროა მუდმივი ბრძოლა და არავითარ შემთხვევაში მოდუნება, რადგან მტერს-უნებისყოფობის სახით, არასდროს სძინავს.

მონოპიესების ფესტივალის მორიგი დღე ლაშა შეროზიას სპექტაკლს დაეთმო, რომელიც რეჟისორმა ლილე შენგელიას პიესის "სათადარიგო ლიანდაგი" მიხედვით დადგა. ლაშა შეროზიას უკვე კარგად იცნობს ბათუმელი მაყურებელი, რომელმაც გასულ წელს ბათუმის დრამატულ თეატრში გოგოლის „ქორწინება“ სადეკორაციო საამქროში განახორციელა. არც ლილე შენგელიაა უცხო თეატრალური სამყაროსთვის. დამწყებმა დრამატურგმა, რომელმაც თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას, როგორც თეატრმცოდნეობაში (გასულ წელს იგი კომედიის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო გორში), ისე დრამატურგიაში. ლილე შენგელია ახლახანს კონკურსის „ახალი ქართული პიესა“ ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

„სათადარიგო ლიანდაგი“ ახალგაზრდა დრამატურგის გამოუქვეყნებელი პიესაა, რომელიც ნერვიულ ისტერიკამდე მისული ახალგაზრდა ქალის მამის ძიების დაუდეგარ სურვილს ეძღვნება, რომელიც მოგონებებსა და ოცნებებში ვლინდება. თუკი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედას და დედის კულტი უმიშვნელოვანესი ფასეულობაა, ლილე შენგელია საერთო მამის ხატის ძიების საკითხს აყენებს თავის მონოპიესაში, რომელიც არანაკლებ დრამატული, მტანჯველი და სულიერი ტრამვების გამომწვევია.

რეჟისორ ლაშა შეროზიას სპექტაკლს ეტყობოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობის მიმართ. აშკარა და ნათელი იყო, რომ მაყურებელმა დასრულებული სპექტაკლი ნახა. შესამჩნევი იყო დრამატურგის მუშაობა რეჟისორთან, რეჟისორისა კი მსახიობთან და მსახიობისა (მარინა ბურდული) საკუთარ როლზე. ლაშა შეროზიამ მაქსიმალურად მოახერხა საგანგებო სიტუაციასა და დროის შეზღუდულ მონაკვეთში (რაც ფესტივალის სფეციფიკით არის განპირობებული), „შეეფუთა“ სპექტაკლი, ეფიქრა სცენოგრაფიაზე, სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე, შეევსო სივრცე საჭირო რეკვიზიტით და რაც მთავარია-ემუშავა მსახიობთან. ამისთვის, ლაშა შეროზიამ აჭარის მწერალთა კავშირის სააქტო დარბაზი შეარჩია, რომელიც მყუდრო სახლის ასოციაცის ბადებდა და თბილ, კამერულ ატმოსფეროს ქმნიდა. სპექტაკლიდან კარგად ჩანდა, რომ ამ შემთხვევაში თანამოაზრეთა გუნდი შეიკრიბა, რომლებმაც ერთობლივად განიზარაზეს სათეატრო ენით ესაუბრათ და ეჩვენებინათ ის განცდები და მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ოჯახის კრიზისით, დაკარგული მამის მუდმივი და უშედეგო ძიებით.

დრამატული და სენტიმენტალური ისტორიის გადმოცემას მარინა ბურდული დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში მსახიობმა ბოლომდე ვერ შეძლო მაყურებლის ისტორიაში ჩართვა და თანაგანცდის გამოწვევა. შესაძლოა, ამაში მას ხელს ტექსტის ოდნავი მხატვრული მოკაზმულობაც უშლიდა, რომელიც „სცენიდან“ ისე ვერ გაისმა. სპექტაკლი მიტოვებულ სახლში ქალიშვილის შემოსვლით იწყება, რომელიც სახლის დათვალიერების შემდეგ იხსენებს და ეძებს აბსტრაქტულ მამას. ლილე შენგელიას ტექსტში არაფერია ყოფითი და პირდაპირი მნიშვნელობით. დრამატურგი ცდილობს მოვლენები განაზოგადოს და მაქსიმალურად მოშორდეს კონკრეტულს.

მოგონებებზე აგებულ ისტორიას რეჟისორი მსახიობის ინტერაქტიულობით ავსებს. მთავარი გმირი ხშირად მიმართავს მაყურებელს კონკრეტულად, ეძებს თანამოაზრეებს, მის მდგომარეობაში მყოფებს, ან ეძებს თანაგანცდას, სულიერ სიახლოვეს. მთავარი გმირი მაყურებელშიც ეძებს მამას, ოცნებებსა და მოგონებებში ჩაფლული მეტი რეალიზმისთვის მაყურებელს რთავს მოქმედებაშიც. ამ ამოცანას მსახიობი წარმატებით ართმევს თავს. მარინა ბურდული გმირის სულიერი განწყობის მრავალფეროვან მდგომარეობას გვიჩვენებს. მისი გმირი ხან ფსიქიკურად აშლილია, ხანაც ისტერიკაშია. ზოგჯერ პათეტიკურიც კი, დრამატიზმში გადადის და შემდეგ მსახიობის ტონალობა დაბლა ეშვება, რითაც სცენურ გულწრფელობასა და უშუალობას უახლოვდება. სწორედ, ასეთი ეპიზოდები იყო სპექტაკლში განსაკუთრებულად საინტერესო, დამაჯერებელი და ხელშესახები მაყურებლისთვის, ვიდრე წყობიდან გამოსული, აფექტის მდგომარეობამდე მისული ქალის ხმამაღალი განცდების სცენები.

ადამიანების ერთმანეთთან გაუცხოების, ტექნიკური პროგრესის დაჩქარებული პროცესისა და ვირტუალური სამყაროს ეპოქაში, აქტუალურია ადამიანური ურთერთობების, ოჯახური იდელიის პრობლემა. ოჯახის კრიზისი (მშობელთა განქორწინება, მშობლების დაღუპვა) აჩენს ბავშვის, მოზარდის და ზრდასრულის ფსიქიკაში დიდ ნაპრალს, რომელსაც ბევრი ვერ უძლებს და ამ ნაპრალში იჩეხება. ლილე შენგელიას, ლაშა შეროზიასა და მარინა ბურდულის ერთობლივი ნამუშევარი კი, ამ პრობლემაზე მიძღვნილი ერთგვარი აქციაა.

მონოპიესების ფესტივალის ბოლო, დასკვნითი წარმოდგენა მშენებარე სასტუმრო „კემპინსკი ბათუმი“ მეორე სართულზე გაიმართა. სპექტაკლი ცნობილი ახალგაზრდა პოეტის ლია ლიქოკელის ტექსტის მიხედვით რეჟისორმა პაატა ციკოლიამ დადგა. პაატა ციკოლიას კარგად იცნობს თეატრისმოყვარული მაყურებელი. იგი გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, აზროვნებით, რაც თავის სპექტაკლებში გამორჩეულ ფორმასთან ერთად, გარკვეული თემებისა და აქტუალური პრობლემების არატრადიციული კუთხით ხედვასა და გადაწყვეტაში გამოიხატება. რეჟისორი, რომელიც არასდროს ერიდება აგრესიის, სისასტიკისა და ყველაზე მწარე რეალობის მთელი სიმძაფრით სცენაზე ჩვენებასა და გაცოცხლებას, ყველასთვის მოულოდნელად, მის სპექტაკლებს შორის, ყველაზე პოზიტიური და სიყვარულით გამთბარი ამბავი, თუმცა მძიმე და მტკივნეულ თემაზე ორიგინალური გადაწყვეტით შემოგვთავაზა. ლია ლიქოკელის ტექსტი, რომელიც „წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ სათაურის ქვეშ გაერთიანდა, მოგვითხრობს პიროვნების (ყველაზე ფართო გაგებით) კონფლიქტს მის გარშემო არსებულ საზოგადოებასთან. პიესის მთავარი გმირი ობოლი გოგონაა, რომელმაც დიდი, საინტერესო და ადაიანური ტკივილით დამძიმებული გრძელი გზა გამოიარა.

სცენური სივრცე, რომელიც რეჟისორმა ამ სენტიმენტალური ისტორიის მოსასმენად შემოგვთავაზა, თითქოს ხატოვნად გამოხატავს პიესის მთავარი გმირის მდგომარეობას. იმ ადგილამდე, სადაც ისტორია უნდა გათამაშდეს, მაყურებელი საკმაოდ გრძელ გზას გადის, ლაბირინთების დასრულებისთანავე არატრადიციული მუსიკალური ჰანგები მოულოდნელად იჭრება უზარმაზარ გაშლილ სივრცეში. უხეში ხმოვანი რიგი, ამ სივრცის მისტიკურობისა და შეზღუდულობის (ჩაკეტილობის) ატმოსფეროს ქმნის. სივრცე, რომელშიც მაყურებელი და სპექტაკლის მთავარი გმირი აღმოჩნდა, სულაც არ არის თავისუფალი საზღვრებისგან, ჰორიზონტს ქალაქის ულამაზესი ხედით, შუშის კედელი ჭრის და ზღუდავს, ისე როგორც მთავარ გმირს საზოგადოება, რომელიც ერთი შეხედვით უკონფლიქტოა. უკიდეგანო სივრცე, რომელიც თავისუფლების მეტაფორადაც აღიქმება, მოჩვენებითი და ილუზიურია.

სპექტაკლის დაწყებამდე არატრადიციულმა მუსიკალურ ხმოვანმა რიგმა და მონოტონურმა ხმაურმა, დაუსრულებელმა და გამოშიგნულმა ინფრასტრუქტურამ (ხარაჩოები, საკანალიზაციო მილები, შეუბათქაშებელი კედლები, მოუპირკეთებელი სვეტები), ქუჩიდან შემოსულმა ბუნებრივმა ყოფითობამ გარკვეული ატმოსფერო სპექტაკლის დაწყებამდე ნამდვილად შექმნა, ამ ატმოსფეროში ეტაპობრივად, ლოგიკურად და დიდი სიფრთხილით ორგანულად ჩაეწერა მსახიობ ანი ცეცხლაძის მონოლოგი. პაატა ციკოლიამ (ლია ლიქოკელის არც თუ უემოციოდ მოსასმენი მძიმე ტექსტი) მიზანსცენებით გაამდიდრა. მსახიობი, უხეში მუსიკასავით, ამ ალტერნატიულ და არატრადიციულ სათეატრო სივრცეში „შემოაპარა“, სცენისთვის უჩვეულო ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, მსახიობი ანი ცეცხლაძე, დინჯად და აუღელებლად მიუსხდა ცისფერ მერხს და თავისი თავგადასავლის მაყურებელზე გაზიარება მშვიდად დაიწყო. ამ უცნაურ გარემოში რეჟისორმა მსახიობი სუფთად, თეატრალობისა და კეკლუცობის გარეშე შემოაპარა. მსახიობმაც უშუალობით, წკრიალა თამაშის ხერხით გაგვანდო მისი გმირის პოეტური ბუნება და მოამზადა მაყურებელი ერთობ დრამატული ამბის გასაზიარებლად. მსახიობს ამ ამოცანის გადაჭრაში, ხელი შეუწყო დახვეწილმა სასცენო მეტყველებამ და შინაგანმა კულტურამ, მკაფიო და უშუალო საუბრის მანერამ, რეჟისორის მიერ სივრცის ლოგიკურად და მაქსიმალურად ათვისებამ. (მსახიობის გადაადგილება და თითოეული ნაბიჯი ლოგიკას ემყარებოდა და არა მიზანსცენის შეცვლას მიზანსცენისთვის). ანი ცეცხლაძე სახიერს და ქმედითს ხდიდა ლია ლიქოკელის ტექსტს, რაც უწინარესად მსახიობის მიმაკასა და წარმოთქმული ტექსტის ინტონაციაში ვლინდებოდა. მსახიობმა მოახერხა ემოციების, განწყობების გრადაციული მონაცვლეობის პრინციპის შექმნა, რომელიც ყველაზე ეფექტური ხერხი აღმოჩნდა მაყურებლის მაქსიმალური ჩართულობისთვის. რეჟისორი იყენებს ირიბი ინტერაქტივის ხერხს და მსახიობს გარკვეულ გამოწვევებსაც სთავაზობს. ანი ცეცხლაძესთვის მიღწევადი აღმოჩნდა რეჟისორის მიერ შეთავაზებული თამაშის ხერხების ერთობლიობის დაძლევა. მსახიობი მაყურებლისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით თამაშობს ისე, რომ ის მაინც ახლოსაა თითოეულ მათგანთან. მას ეყო ძალა, ენერგია და ხმა, მაყურებელთან შორიდან საკომუნიკაციოდაც კი. ლია ლიქოკელის ნაფიქრალ-ნააზრევის მოტანა თითოეულ მაყურებლამდე არ არის იოლი. რეჟისორისა და მსახიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს შესძლეს.

სპექტაკლის ავტორები რადიკალურად განსხვავბეული თვისებების მქონდე ერთი ჭკვიანი, თვითმყოფადი, გულწრფელი, თანაბრად თამამი და მორიდებული, განსაკუთრებული თვისებების მქონდე და გამორჩეული აზროვნების ობოლი გოგონას მხატვრულ სახეს გვიხატავენ, რომელსაც ორიგინალური თვისებების გამო, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებს, ირიბ კონფლიქტშია გარშემომყოფებთან. სპექტაკლის გმირი, როგორც თავად ამბობს, თავისთვის აპროტესტებს იმას, რაც მას არ მოსწონს, იგი ემორჩილება კიდეც შემოთავაზებულ წესებსა და კანონებს იმის მიუხედავად, რომ ის არ მოსწონს. მიუხედავად მთავარი გმირის მორიდებულობისა, ყურადღების ცენტრში იყო ბავშვობიდანვე, მთელი სოფელი ლაპარაკობდა მასზე, ჭორაობდნენ, ეს კი არასდროს იმჩნევდა, მხოლოდ თავისთვის აღნიშნავდა.

სპექტაკლში ერთადერთი რეკვიზიტი უცნაური წარმოშობის, გაურკვეველი და უცხო ცხოველის პატარა სათამაშოა, რომელსაც სპექტაკლის მთავარი გმირი მუდამ თან დაატარებს. ისიც ამ ცხოველივით უცხოა იმ საზოგადოებაში, რომელშიც ის ცხოვრობს

სპექტაკლის გმირი არ ეძებს კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც მას არ ჰგავს. ის ცდილობს გაეცალოს პირობითად ამ ქვეყანას და წავიდეს იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან. იცით ასეთი ქვეყანა?! – „წყლის პირას, მურყნის ჭალაში!“.

წლევანდელი ფესტივალი აქცენტებითაც განსხვავდებოდა წინა ფესტივალისგან. თუკი გასულ წელს, დრამატურგები აქცენტირდებოდნენ ტაბუირებულ თემებზე, რპობლემებზე, რომელსაც იშვიათად სვამდნენ საჯაროდ და სცენიდან, წელს აქცენტი ადამიანის, პიროვნების განცდებსა და ემოციებზე, სულიერ მდგომარეობაზე კეთდებოდა. გარდა იმისა, რომ ფესტივალი ახალგაზრდა დრამატურგებს უქმნის მოტივაცია მონოპიესების დასაწერად, ახალგაზრდა რეჟისორებს ეძლევათ შანსი გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და თავისუფალ გარემოში შექმნან ის პროდუქტი, რომელიც მათ სურთ, თუმცა გარკვეულ მოცემულობას ფესტივალი მათ უკვე სთავაზობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ფესტივალმა დატოვა თეატრის სცენა და დარბაზი და ყველა სპექტაკლი განხორციელდა ალტერნატიულ, არასათეატრო სივრცეში, რომლებიც სწორედ სპექტაკლების განხორციელების შემდეგ ადაპტირდა სათეატრო სივრცედ. ფესტივალი გახდა მოტივაცია ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ახალი სივრცეეების ასათვისებლად.

მომავალ წელს დაგეგმილია ფესტივალის საერთაშორისო ფორუმად ქცევა, სადაც უცხოელი დრამატურგების მონოპიესებთან ერთად, უცხოელი რეჟისორები დადგამენ ქართველ ავტორების პიესებს. ორმხრივი თანამშრომლობა კი იმედია უკეთეს შედეგს გამოიღებს და ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხეს უცხოეთში.