მოვა თუ არა?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

Screenshot 2022-04-01 at 3.07.41 PM.png

გიორგი ყაჯრიშვილი

მოვა თუ არა?

ახალგაზრდა მსახიობთა ნაკლებობას რეგიონის თითქმის ყველა თეატრი განიცდის: თელავის, ახალციხის, ფოთის და თუნდაც სენაკის. დმანისის თეატრის მაგალითი, სადაც სამინისტროს გადაწყვეტილებით გიორგი სიხარულიძის აღზრდილებით შეივსება დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დასი გვიჩვენებს, რომ სამინისტროსა და რასაკვირველია შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გარეშე არაფერი გამოდის. ასევე მაგალითად, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა მუნიციპალურმა თეატრმა ასევე ადვილად გადაწყვიტა ეს საკითხი - სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის სამსახიობო ჯგუფის კურსდამთავრებულებით თუ სტუდენტებით შევსებული დასი თანდათან აღმოიფხვრის ამ ვაკუუმს. მაგრამ ცალკეული მცდელობები ვერ შექმნის საერთო სურათს და პრობლემა პრობლემად დარჩება.

ბევრს ემახსოვრება რომ ათწლეულები წინ თეატრალური ინსტიტუტი ამზადებდა მიზნობრივ სამსახიობო ჯგუფებს - თელავის, გორის, ბათუმის და სხვა თეატრებისათვის და ამ ჯგუფის კურსდამთავრებულებით კომპლექტდებოდა დასები. ამას დაემატა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი (ახლა უკვე უნივერსიტეტი), სადაც ბევრი მსახიობი და რეჟისორი აღიზარდა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ, მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების, ასევე ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრებში.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ორი წელი ცდილობს ჩამოაყალიბოს სამსახიობო ფაკულტეტი დაახლოებით ისეთივე, როგორიც ილიაუნის თეატრალური ხელოვნების ცენტრია, რომელიც ამზადებდა ბაკალავრებს დრამის რეჟისურასა და სამსახიობო ხელოვნებაში. ახლა იქ მალე დაიწყება მიღება სამაგისიტრო პროგრამაზე რეჟისურასა და სამსახიობო ხელოვნებაში.  

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა სხვა გზა მონახა. აქ უკვე წლებია ფუნქციონირებს სამსახიობო სტუდია, რომელსაც თეატრის მთავარი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე უძღვება და რომელსაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პაატა გულიაშვილის მხრიდან. თუმცა მათთვის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის ფორმა მაინც ვერ გამოიძებნა. ამ თეატრში ბოლო დროს განხორციელებულ სპექტაკლებში „СOVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“, „გაჭედილები, „ალუბლის ტორტი", „ტრამვაი სახელად სურვილი“ და ბოლო დროის „გოდოსა მოლოდინში“ ამ სტუდიაში აღზრდილები არიან დაკავებული.  რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე უკვე ათეული წლებია ამ თეატრში მოღვაწეობს. სანქტ-პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (პედაგოგები გ. ტოვსტონოგოვი და ა. კაცმანი) დამთავრების შემდეგ, ჯერ ალ. გრიბოედოვის თეატრში მოღვაწეობდა, შემდგომ კი გასული საუკუნის 80 -ანი წლებიდან თელავის თეატრში სხვადასხვა დროს ეკავა მთავარი რეჟისორის თანამდებობა. მიღებულ აქვს მთელი რიგი სახელმწიფო და სხვა პრემიები წლის საუკეთესო სპექტაკლების დადგმისათვის. მის მიერ განსაკუთრებული წარმატებით იდგმებოდა თ. ჭილაძის დრამატურგია, ხოლო „ნახვის დღე“ სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

ზემოთ ჩამოთვლილის სპექტაკლებიდან „ალუბლის ტორტის“ გარდა, რეჟისორ გოგი ჩაკვეტაძის ნამუშევრებია. სარეჟისორო პრაქტიკის გარდა მსახიობთა აღზრდაც მისი ერთ-ერთი პროფესიული გატაცება და მისი კოზირია. უდიდესია გოგი ჩაკვეტაძის დამსახურება თელავის თეატრის მიმართ.

სამეულ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ გოგი ჩაკვეტაძის სპექტაკლია, რომლის პრემიერაც მარტის ბოლოს გაიმართა და სცენაზე ამ ოთხი პერსონაჟიდან (ბექა პაპუნაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, დათა ხუნაშვილი, ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე) მისი სტუდიის კურსდამთავრებულებიც არიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი რთულ ამოცანას, ვინაიდან აბსურდის ეს პიესა როგორც წესი „მახეს უგებს“ შემსრულებლებს. რეჟისორის მიერ შეთავაზებული ამოცანა მათ ნამდვილად ზედმიწევნით განახორციელეს. სპექტაკლი, რომელიც ტრაგიკომედიად იყო მოაზრებული ტრაგიფარსად იქცა, რაც სავარაუდოდ პიესის სირთულემ და მისმა მრავალპლანიანობამ განაპირობა. ამავდროულად მეჩვენება, რომ რეჟისორმა დიდი დრო დახარჯა მსახიობებთან მუშაობისას და გამორჩა ის მთავარი, რისთვისაც ეს პიესა შეიქმნა. ამიტომ სცენიდან ისმის რიტორიკა, რომელსაც სიღრმე და შინაარსი გამოცლილი აქვს და მგონია, რომ დარბაზში შეკრებილ მაყურებელთა დიდ ნაწილის არ ესმის რა ხდება, თუ არ ჩავთვლით მსახიობთა გადაადგილებას სცენაზე და ქმედებებს. გაქრა შეგრძნებები, მსახიობის დამოკიდებულება წარმოთქმულ ტექსტთან.

სცენოგრაფია სტერეოტიპულია, ის რაც სხვა სპექტაკლებშიც გვინახავს, ქვიშა (საიდან მოდის ეს აზრი რომ აუცილებლად ქვიშა უნდა იყოს გაუგებარია) და რელსები, რომელზედაც ვაგონი დგას და ფინალში ესტრაგონი და ვლადიმირი ამ ვაგონით გადიან (მახსენდება გ. აფხაზავას სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრში ან ვანის სახალხო თეატრის დადგმა (რეჟისორი ლაშა ლომჯარია, სადაც ტონობით ქვიშა იყო მიმობნეული სცენაზე).

ეს პიესა ურთულესი დრამატურგიული ტექსტია. ვინ არის გოდო და რატომ უნდა მოვიდეს, ან რატომ ელოდება ეს ორი მაწანწალა - ესტრაგონი და ვლადიმერი მის მოსვლას? შეკითხვაზე ვინ არის გოდო სამუელ ბეკეტი პასუხობს: „რომ მცოდნოდა ვინ არის გოდო, აუცილებლად დავწერდიო“.

ავტორისეული ტექსტი რასაკვირველია ერთი შეხედვით ადვილად გასაგები და აღსაქმელია, მაგრამ მასში უამრავი სიმბოლოებია ჩადებული. მაგალითად, ის, რაც ნაწარმოებში აუცილებლად ფიგურირებს და რასაც გვერდს ვერ უვლიან რეჟისორები ეს ხეა. ალვის ხე - ჯვარცმა, ჭაობი, გზის გასაყარი - ეს ბიბლიურია, ისევე როგორც რამდენიმე ფრაზა აღებული ბიბლიის ტექსტიდან, წყვილები ესტრაგონი და ვლადიმერი, პოცო და ლაკი - რომლების ერთმანეთზე ზრუნავენ, რაც ნოეს კიდობნის - ცხოველთა და ადამიანთაგან წყვილების სიმბოლიკიდან მოდის, ასევე ბიჭები - ძმები, (კაენი და აბელი), რომელიც პიესაში არის, მაგრამ სპექტაკლში სადღაც გაქრნენ, ესტრაგონი და მისი ჩექმები (სხვათა შორის, იდეაში ის უნდა დახეული და გაცვეთილი უნდა იყოს, რაც ამ სპექტაკლში ახლითაა შეცვლილი) და და ეს ყველა სიმბოლო ანუ ნიშნები მხოლოდ იმას ემსახურება რომ ესტაგონმა და ვალდიმირმა მასში ღმერთი დაინახონ, ღმერთი რომელსაც ისინი ელოდებიან. პერსონაჟები დროდადრო რაღაცას ეძებენ - ნიშნებს, რომელიც გოდოს არსებობას უნდა ადასტურებდეს, ხეზე, ჩექმებში, პოცოს ქუდში, მაგრამ არაფერი დარჩენით ლოდინის გარდა. და ეს სპექტაკლში აუტანელი უნდა ხდებოდეს, ისეთივე სატანჯავი, როგორც ქრისტეს ჯვარცმა, აქედან მოდის კიდევაც ესტრაგონის მიერ საკუთარი თავის ქრისტესთან შედარება.

თუმცა აქაც ჩნდება სხვა ვერსიაც - მართლა ღმერთია - თუ ის, რასაც ყველა თავის ღმერთს ეძახის. მთლიანობაში კი ალბათ პიესა მოლოდინზეა, სტატიკური უძრაობაზე, როცა არაფერი ხდება (ამიტომაცაა პიესის მეორე მოქმედება, რომელიც ზუსტად პირველს იმეორებ) თითქოს იმედს სახავს რომ, რამენაირად რაღაც უნდა შეიცვალოს. თელავის თეატრში დადგმულ სპექტაკლში სცენაზე ხეც დგას, რომელიც რაღას მომენტში აყვავდება, ქვიშაც მოფენილია და ვაგონის დაიძვრება, რომ ექსტრაგონი და ვლადიმერი წაიყვანოს, პოცოც აქვეა - რომელიც რაღაც ცირკის მომთვინიერებელს ჩამოჰგავს, თვითმკვლელობის სცენაც გათამაშებულია და ლაკი - პოცოს მონაც გამუდმებით კანკალებს და რაღაცას განიცდის, მაგრამ ყველაფერი ეს თითქოს „თამაშობს“, მაგრამ მაინც წარმოდგენა სქემატური ფარსია, ამიტომაც მათი გადაწყვეტილება თვითმკვლელობის შესახებ ვერ იწვევს მაყურებელთა თანაგრძნობას. სამწუხაროა, რომ იგნორირებულია იმ ყმაწვილის ფუნქცია, რომელიც პერიოდულად მათ უნდა ატყობინებდეს რომ გოდო არ მოვა, რაც თავისთავად მხოლოდ იმიტომაა პიესაში რომ ესტრაგონსა და ვლადიმირს თვითმკვლელობის სურვილი გაუღვიძოს დააეჭვოს საერთოდ გოდოს არსებობაში.