
სცენოგ რაფიის მეხსიერება და თეატრის ვიზუალური ბიოგრაფია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.
ლაშა ჩხარტიშვილი
სცენოგრაფიის მეხსიერება და თეატრის ვიზუალური ბიოგრაფია
ხათუნა კიკვაძის ავტორობითა და ვიქტორია პირადოვას თანაავტორობით გამოცემული ვრცელი და მონუმენტური ფორმის წიგნი-ალბომი „მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფია“ არ არის მხოლოდ თეატრის ისტორიის ამსახველი გამოცემა. იგი, უპირველესად, წარმოადგენს ქართული სასცენო მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაკადის პრეზენტირებას, ისე როგორც ქართული თეატრის სპეციფიკური კერის - თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ვიზუალური მეხსიერების სისტემატიზაციის მცდელობას.
გამოცემის მიზანი ნათლად იკითხება როგორც შესავალ წერილში, ისე თავად მასალის ორგანიზებაში: თეატრის მრავალწლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის თავმოყრა, დოკუმენტირება და სამომავლო კვლევებისთვის ხელმისაწვდომი გახდომა. წიგნი ემყარება მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუზეუმში დაცულ ესკიზებს, აფიშებს, ფოტომასალასა და საარქივო დოკუმენტებს, რაც მას განსაკუთრებულ წყაროთმცოდნეობით მნიშვნელობას ანიჭებს.
გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ მისი დოკუმენტური ხასიათია. ავტორი თეატრის ისტორიას არ განიხილავს მხოლოდ ქრონოლოგიური მიმოხილვის ფორმით. კვლევის ცენტრში მოქცეულია სცენოგრაფია, როგორც თეატრალური აზროვნების დამოუკიდებელი და სრულფასოვანი კომპონენტი. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ თეატრმცოდნეობასა და ხელოვნებათმცოდნეობაში სცენოგრაფიული მემკვიდრეობის კვლევა დღემდე შედარებით ნაკლებად დამუშავებულ და მიმზიდველ სფეროდ რჩება.
ხათუნა კიკვაძე იმ მკვლევართა შორისაა, რომლებმაც სცენოგრაფია საკუთარი სამეცნიერო ინტერესის მთავარ ობიექტად აქციეს. ამ მიმართულებით იგი არაერთი მნიშვნელოვანი კვლევისა და გამოცემის ავტორია. წიგნი-ალბომი ნათლად აჩვენებს, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორია მხოლოდ რეჟისორებისა და მსახიობების საქმიანობით არ იქმნებოდა. მისი მხატვრული სახის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა თაობის სცენოგრაფებმა, რომელთა ნამუშევრები გამოცემაში წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი მხატვრული მოვლენები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ვიზუალური მასალა, რომელსაც აღნიშნული გამოცემა ეფუძნება. აფიშები, დეკორაციის ესკიზები, კოსტიუმების ნახაზები და საარქივო ფოტოგრაფიები არა მხოლოდ ტექსტის ილუსტრაციებად გვევლინება, არამედ თავად ქმნის ნარატივს. მაგალითად, 1920-იანი წლების აფიშებიდან 1960-იანი წლების ექსპერიმენტულ ძიებებამდე და შემდგომი პერიოდის ნამუშევრებამდე აშკარად იკვეთება თეატრის ესთეტიკური ტრანსფორმაციის პროცესი. მკითხველი თვალს ადევნებს არა მხოლოდ კონკრეტული თეატრის, არამედ მთლიანად ქართული სცენოგრაფიის განვითარების დინამიკას.
წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ისტორიული კონტექსტის გააზრება. ავტორი თეატრის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესს განიხილავს საბჭოთა კულტურული პოლიტიკის, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების სისტემის ფორმირებისა და ქართული თეატრის ზოგადი განვითარების ფონზე. შედეგად, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორია აღარ აღიქმება იზოლირებულ მოვლენად და ფართო კულტურულ პროცესებში იძენს საკუთარ ადგილს.
წიგნი-ალბომის ფორმატი, ბუნებრივია, უპირატესობას ანიჭებს სცენოგრაფიული მასალის წარმოჩენასა და დოკუმენტირებას. ამავდროულად, ავტორი შესავალ წერილში ყურადღებას ამახვილებს მხატვარ-სცენოგრაფების სტილურ თავისებურებებზე, სცენოგრაფიული კონცეფციების ევოლუციასა და თეატრის ვიზუალური სახის ფორმირების პროცესზე. ამ თვალსაზრისით, გამოცემა უპირველესად ფუნდამენტური წყაროა, რომელიც მომავალში უფრო ფართო თეორიული კვლევების საფუძვლად შეიძლება იქცეს.
სწორედ ამიტომ, „მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფია“ მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. იგი ერთდროულად ასრულებს საარქივო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციას. წიგნი არა მხოლოდ ინახავს თეატრის ვიზუალურ მემკვიდრეობას, არამედ საფუძველს უქმნის მომავალი კვლევების განხორციელებას. გამოცემა განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს თეატრმცოდნეების, ხელოვნებათმცოდნეების, სცენოგრაფიის მკვლევრებისა და, ზოგადად, ქართული თეატრის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
საბოლოოდ, ეს წიგნი-ალბომი შეიძლება შეფასდეს როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის ვიზუალური ისტორიის პირველი ფართომასშტაბიანი კატალოგი, რომელიც სცენოგრაფიულ მასალას კულტურული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილად წარმოაჩენს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ თეატრის ისტორია მხოლოდ წარმოდგენების ისტორია არ არის. იგი ასევე დეკორაციების, კოსტიუმების, ესკიზებისა და მხატვრული სივრცეების ისტორიაცაა.
აღნიშნული გამოცემა პირველი ნაწილია იმ ჩანაფიქრის, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორს დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ პროექტის ხელმძღვანელიცაა. პირველ ნაწილში შევიდა თეატრის დაარსების დღიდან 1969 წლამდე პერიოდი, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმობა 1969 წლიდან დღემდე პერიოდს. წიგნი-ალბომზე მუშაობდნენ: ეკატერინე ურუშაძე, ანა მირიანაშვილი, ოლღა პირადოვა, ირინე აბჟანდაძე და ნუგზარ არჩემაშვილი. წიგნის გამოიცა საქართველოს კულტურის სამინსიტროს მხარდაჭერით.