
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების სცენოგრაფია
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.05.2026
მაია კიკნაძე
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების სცენოგრაფია
სულ ახლახან გამოცა შესანიშნავი ალბომი “მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენოგრაფია. “ წიგნის შექმნის იდეა ეკუთვნის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს ხათუნა კიკვაძეს. პროექტის ხელმძღვანელია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თაეტრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, თეატრში ძალზედ აქტიურ მენეჯერულ მუშაობას ეწევა. სხვადასხვა პროექტების განხორციელების გარდა, მისი ინიციატივითა და ავტორობით არაერთი წიგნი გამოიცა. ამდენად, სრულიად არ გამკვირვებია, როდესაც მან კიდევ ერთი ახალი წიგნი შესთავაზა საზოგადოებას.
წიგნ-ალბომი თეატრის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის -სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებას, სცენოგრაფიის ისტორიას ასახავს, რომელიც ქართული თეატრის ისტორიის ერთერთი შემადგენელი ნაწილია. არაერთმა მხატვარმა, რომელმაც პოპულარობა სცენის მიღმა მოიპოვა, სცენოგრაფიის ისტორიაში თავისი განუმეორებელი კვალი დატოვა, მაგალითისთვის ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის დასახელებაც კმარა. თუმცა, ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს ცნობილ მხატვართა სცენოგრაფიულ მოღვაწეობას, რაც ზრდის კიდეც ალბომის გამოცემის მნიშვნელობას.
წიგნში თავმოყრილია ქართული, რუსული და რუსულ თოჯინების თეატრებში დაცული მასალა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებს. უნდა ითქვას, რომ მოზადმაყურებელთა თეატრი ხშირად უბინაოდ იყო (დროებით სადღაც შესახლებული), ამიტომ თეატრის ექსპონატებიც ხშირად სხვადასხვა ადგილას იყო დაბინავებული. ამის შესახებ, დიმიტრი ხვთსიაშვილი, წიგნის შესავალში მადლიერებით აღნიშნავს: „ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში თეატრი „მომთაბარე’’ ცხოვრებას ეწეოდა.. იყო წლები, როდესაც თეატრის მუზეუმი სრულიად უბინაოდ არსებობდა და თანამშრომლებს საკუთარ სახლებში ჰქონდათ დაბინავებული ექსპონატები. სწორედ თეატრების (რუსული-ქართული) მუზეუმების მცველთა პირადი თავდადებით შენარჩუნდა ბევრი რამ...განსაკუთრებული მნიშვნელობის ესკიზები კი შალვა გაწერელიას გადაწყვეტილებით, გადაეცა თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს“.
წიგნის გადაშლისთანავე, მკითხველისთვის ადვილი მისახვედრია, თუ რა დიდი შრომა და ცოდნაა მასში ჩაქსოვილი. თუთოეული მასალა (ესკიზი, ფოტო) განსაკუთრებული სკურპულოზურობით არის გამოყენებული. უნიკალური ექსპონატები, ირინე აბჟანდაძის ფოტოები, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა კიკვაძის ტექსტი, ერთობლიობაში წარმოადგენს წიგნის ღირსებას. აღნიშნულ ტექსტში, ხათუნა კიკვაძე მკითხველს მოუთხრობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის შექმნის ისტორიას, რომელიც დაყოფილია სხვადასხა პერიოდების მიხედვით.
ამ კონტექსტში, ავტორი განიხილავს კონკრეტული სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებას, მოქმედების ვიზუალურ გამომსახველობას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სპექტაკლით დაინტერესებაში. ზოგიერთი სპექტაკლი ცნობილია ქართული თეატრის ისტორიაში, ბევრი რამ გვსმენია მის შესახებ, მაგრამ ავტორი , კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის (რამდენადაც მასალა ამის საშუალებას იძლევა) სპექტაკლის მხატვრული გაფორმების შესახებ და რაც მთავარია განიხილავს მას დროს კონტექსტში ( სხვადასხვა მხატვრული მიმართულებების ფონზე-მაგ სოცრეალიზმი). ხათუნა კიკვაძე წერს: „ ელენე ახვლედიანის დეკორაციები გამოირჩეოდა ფერადოვნებით, ფორმათა ლაკონურობით და დინამიკურობით. განსაკუთრებულია კოსტუმები „ბიძია თომას ქოხის“ გმირებისათვის, თითქოს მხატვარმა ისინი მოზარდი თვალით მისი წარმოსახვით დახატა და მათში გმირის შინაგანი სამყარო გამოაჩინა.“ წერის დროს, ავტორი ყურადღებას აქცევს თუ რამდენად დაეხმარა მხატვარი მსახიობს როლის უკეთ გააზრებაში. წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროს შექმნილი დეკორაციებისა და ესკიზების ავტორების: მ.გოცირიძის, ნიკა ყაზბეგის, მიხეილ ჭავჭავაძის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, იოსებ გაბაშვილის, ირინა შტენბერგის, დიმიტრი თავაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, თამარ აბაკელის, დინარა ნოდიას, იური გეგეშიძის, აივენგო ჭელიძის, მიხეილ ობრეზგოვის და სხვათა ნამუშევრები.
მხატვრ-სცენოგრაფების ნამუშევრების გარდა, ავტორი არ ივიწყებს იმ ადამიანებსაც, ვინც დიდი ამაგი დასდო მოზარდ მაყურებელთა თეატრს(ალ. თაყაიშვილი, გ,მიქელაძე და სხვა).
წიგნის მუშაობაში ჩართულნი იყვნენ: ავტორი ხათუნა კიკვაძე, თანაავტორი და მთარგმნელი ვიქტორია პირადოვა (ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი), ნინო ნადარაია (სტილისტ-რედაქტორი),ეკატერინე ურუშაძე (მუზეუმის გამგე), ანა მირიანაშვილი, ოლღა პირადოვა, ნუგზარ არჩემაშვილი, ირინე აბჟანდაძე. თითოეულ მადგანს გაწეული შრომისთვის მადლობა ეკუთვნის.
მოზარდმაყურებელთა სახელწიფო თეატრი მადლობას უხდის წიგნის გამოცემის მხარდაჭერისთვის კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმს, საქართველოს ხელოვნების სასახლეს.
წიგნი-ალბომი უდაოდ დიდ სამსახურს გაუწევს, ხელოვნებათმცოდნეებს, ქართული თეატრის ისტორიის მკვლევარებს, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს, დარგით დაინტერესებულ სპეციალისტებს. წიგნში წარმოდგენილი ნიმუშები, ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების განსაკუთრებული მონაპოვარია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ქართულ მოზად მაყურებელთა თეატრის ისტორიასთან.
P.S
ვინაიდან წიგნის პირველ ნაწილი -1969 მდე პერიოდს ასახავს, იგეგმება მისი მეორე ნაწილის გამოცემა.