top of page

მოზარდის თანამედროვე ისტორია

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

6.-მირიანაშვილი-მოზარდ-მაყურებელთა-თეატრის-როლი.jpg

14.06.2026

გუბაზ მეგრელიძე

მოზარდის თანამედროვე ისტორია

 

გამეხარდა, როდესაც წავიკითხე ახალგაზრდა თეატრმცოდნის ანა მირიანაშვილის მონოგრაფია ,,საბავშვო/მოზარდ მაყურებელთა თეატრის როლი მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში“ (გამ. ,,კენტავრი“, 2025). მით უმეტესს, როდესაც არსებობს მხოლოდ ერთი ნაშრომი ა. ღვინიაშვილის ,,მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი“ (1956), ცალკეული მოგონებები და ალბომები (1978, 2018). რა თქმა უნდა აღნიშნული ლიტერატურა დღეისთვის მოძველებულია და საჭიროებდა თანამედროვე თვალთახედვით გადახედვას.  

მართებულად აღნიშნავს ავტორი, რომ ეს დარგი უკვლევი სფეროა და არ არსებობს საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა. თუმცა ზემოთაღნიშნული ა. ღვინიაშვილის წიგნი პირველი ისტორიული კვლევაა ამ მიმართულებით. ავტორმა მიზნად დაისახა ასეთი ხასიათის თეატრის მნიშვნელობის განსაზღვრა სოციალ-პოლიტიკური, საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენში, საბჭოთა პერიოდში თეატრს აღმზრდელობით-საგანმანათლებლო ფუნქცია ენიჭებოდა, ხოლო დღეს უფრო ფართო სპექტრით ახალგაზრდობის აღზრდის პერსპექტივის დანახვაა. ამ მხრივ ჯერ კიდევ დასახვეწია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფუნქციის ჩამოყალიბება, რომელიც მეტწილად სპექტაკლების რაოდენობრივ ჩვენებაზეა ორიენტირებული და არსებული დარბაზები ყოველდღიურად გადაჭედილია მოსწავლე-ახალგაზრდობით. ამიტომ ავტორს აინტერესებს საბავშვო თეატრის როლი და ფუნქცია თანამედროვე საზოგადოებაში, რადგან ის დიდ როლს თამაშობს ახალი თაობის აღზრდაში. 

მონოგრაფიის ღირსება ის გახლავთ, რომ ავტორი განიხილავს ევროპასა და აშშ-ში არსებულ საბავშვო თეატრების ისტორიას, გვაცნობს მათ ხელმძღვანელებსა და რეპერტუარს, მის მნიშვნელობას ამა თუ იმ ქვეყნის თეატრალურ ცხოვრებაში. ავტორი ევროპული პროფესიული საბავშვო თეატრის განვითარებას პირობითად ორ ეტაპად ყოფს: მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე და მის შემდგომ. ავტორის თქმით იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთდროულად აღმოცენდა და ერთმანეთის პარალელურად ვითარდებოდა. ავტორი საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს საბავშვო თეატრის პირველად წარმოშობის შესახებ. ამერიკელი ნ. მაკკასლინის აზრით 1903 წელს ელის მინი ჰერცის დაარსებული საგანმანათლებლო თეატრი მსოფლიოში პირველია, საბჭოთა თეატრმცოდნე ალ. გოზენპუდის აზრით ასეთი თეატრი საბჭოთა კავშირში დაარსდა. ევროპელი მკვლევარები კი 1904 წელს ასახელებენ, როდესაც ლონდონში ჯეიმს მეთიუ ბარის ,,პიტერ პენის“ პრემიერა შედგა, სხვა თარიღს 1946 წელს ასახელებენ, როდესაც სტოკჰოლმში ,,პეპი გრძელი წინდა“ დაიდგა. ეს მონაცემები ძალიან საინტერესოა მოზარდთა თეატრების ისტორიის მსოფლიო თეატრალური პროცესების შესასწავლად.

შემდგომში ა. მირიანაშვილი მიმოიხილავს ნიდერლანდების, შვედეთის ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ირლანდიის და აშშ-ს თეატრებს. 60-70 იანი წლების ცალკეულ მიმდინარეობებს - ,,უნგა კლარას“ დასს, სუსანე ოსტენის ექსპერიმენტს  ,,ბეიბიდრამა“, რაც ითვალისწინებს 6-12 თვის ბავშვების საცდელი ჯგუფების შექმნას, ,,აპრილფესტის“ მასშტაბური ფესტივალი დანიაში, ევა ბალის შემოქმედება ბელგიაში, ,,ბრჭყვიალა ფრინველის“ საერთაშორისო პროექტის შექმნა ნორვეგიაში, რაც გულისხმობდა ნორვეგიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და ისტალიის კოლაბორაციას. მასში ჩართულნი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები და წარმოდგენების გარდა მოიცავდა ლექციებსა და კვლევებს, რათა ამ პროცესში მეტი ბავშვი ჩართულიყო.   

ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო პროექტების განხილვასაც. ასეთია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,მცირე ზომა“, რომელიც განკუთვნილის 0-6 წლის ასაკის მაყურებლისთვის. იგი 2005 წელს დაიწყო და მასში წამყვანი ევროპული დასები მონაწილეობდნენ. პროექტი აერთიანებდა სპექტაკლების ჩვენებებთან ერთად შემოქმედებით ძიებებს, ტრენინგებსა და სემინარებს ხელოვანთათვის, აგრეთვე, პედაგობებისა და ბავშვებისთვის.  ყოველივე ეს კი შუქდებოდა პრესაში, ტარდებოდა შესაბამისი კვლევები, ფესტივალები და სხვა. აქვეა მოყვანილი შვედი რეჟისორის სუსანე ოსტენის ,,ბეიბიდრამას“ მაგალითი, რომელიც 10-15 ბავშვისა და მშობლისთვის იყო განკუთვნილი და უჩვენებს ბავშვებთან მუშაობის სხვადსხვა მეთოდებს.

ასევე საინტერესოა ბრიტანული თეატრ ,,პოლკას“ მუშაობაც, რომელიც საერთაშორისო პროექტ ,,მცირე ზომას“ პარტნიორია და მოიცავს 4 ასაკობრივ ჯგუფს 0-12 წლამდე. აქ სპექტაკლების გარდა ტარდება სემინარები და ვორქსოპები და მიზნად ისახავს მეტი მოზარდის ჩართვას. ასევე წარმატებული აღმოჩნდა შოტლანდიური დასის ,,ვარსკვლავთმრიცხველების“ მუშაობა, რომელიც 2006 წელს რონა მეთისონმა დააარსა. მისი წარმოდგენები შეიქმნა ბავშვთა ცენტრებსა და ბაგა-ბაღებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე და მუშაობს 0-4 წლის ასაკის მაყურებელზე. აქედან გამომდინარე ავტორი ასკვნის, რომ საბავშვო თეატრი არა მხოლოდ კულტურის, აგრეთვე საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია, არამედ ზრუნავს თითოეული ინდივიდის ჩამოყალიბებაზე. 

ავტორი განმარტავს საბავშვო და საყმაწვილო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ასიტეჟის“ ისტორიასა და მნიშვნელობას, რომელიც აჯამებს თეატრების მუშაობის  გამოცდილებასა და განსაზღვრავს სამომავლო პერსპექტივებს.

ცალკე თავი ეძღვნება საბავშვო თეატრების ისტორიას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოზარდ მაყურებელთა თეატრებს ყოფილ საბჭოთა კავშირში, ნატალია საცის თეატრს (ავტორი აღნიშნავს სპექტაკლს ,,პეტია და მგელი“, რომელიც ბავშვებს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებს აცნობდა. ამ სპექტაკლს მეც დავესწარი თეატრის თბილისში გასტროლების დროს), ნაჩვენებია საბავშვო თეატრების განვითარება და სახეცვლილება პოსტსაბჭოთა პერიოდში. კარგი იქნებოდა ავტორს აღენიშნა რიგის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელის ადოლფ შაპიროს დამსახურებაც, სადაც პირველად დაიწყო საინტერესო ექსპერიმენტები უფროსი ასაკის მაყურებლისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლებით, სადაც საღამოს წარმოდგენებზე  მაყურებელი ჩვეულებრივად ესწრებოდა. ამ თეატრის მუშაობის სპეციფიკას მეც გავეცანი, როდესაც მივლინებული ვიყავი საწარმოო პრაქტიკაზე. ამასთანავე, ა. შაპირომ თბილისის რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმატებით დადგა ,,ბუმბარაში“ და კარგი იქნებოდა მასზე ორიოდ სიტყვა თქმულიყო.

მონოგრაფიაში ცალკე თავი ეძღვნება საქართველოში არსებულ ქართულ და რუსულ (აგრეთვე, მასთან არსებულ რუსულ თოჯინების) მოზარდ მაყურებელთა თეატრების ისტორიას. მოყვანილია ამონარიდები პრესიდან, ცალკეულ მოღვაწეთა მოგონებებიდან, გაანალიზებულია ამ თეატრების რეპერტუარი და აღნიშნულია შალვა გაწერელიას ღვაწლი ქართული თეატრის მხატვრული სახეცვლილების საქმეში.

სათაური ,,მოზად მაყურებელთა თეატრის დაბადება 1930-1940 წლები“ ალბათ უნდა ყოფილიყო 1920-იანი წლები, ვინაიდან ორივე თეატრი 20-იან წლებში (1927 და 1928) დაარსდა. ავტორი აღნიშნავს, რომ შენობის უქონლობის გამო, დასი სხვადასხვა შენობებში მართავდა წარმოდგენებსო. მათ შორის დასახელებულია აკაკი ფაღავას სტუდია, რომელიც გაუქმდა 1926 წელს და ამდენად მისი გამოყენება ვერ მოხერხდებოდა. ავტორი ცალკე გამოჰყოფს ზღაპრის თემას და მისი განხორციელების მნიშვნელობას, რომლიც სათავეს ქართულ ხალხური ზღაპრებიდან იღებდა. ამ თემაზე საუბრისას სრულიად უადგილოა რუსთაველის თეატრში 1963 წელს დადგმული ,,ჭინჭრაქას“ განხილვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მოზარდ მაყურებელთა თეატრთან - მით უმეტესს რუსთაველის თეატრში დადგმული ზღაპრული თემატიკის სპექტაკლების ჩამოთვალთან, სადაც დასახელებული არ არისოიმ დროისტვის პოპულარული ,,სალამურა“. ავტორი ჩამოთვლის იმ რეჟისორებს, რომლებიც პერიოდულად დგამდნენ სპექტაკლებს. მათ შორის დასახელებულია თენგიზ მაღალაშვილი და ქეთევან ხარშილაძე, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ. კარგი იქნებოდა ყოფილიყო მათი შემოქმედების უფრო მნიშვნელოვანი შეფასება.

ა. მირიანაშვილი მართებულად შენიშნავს, რომ რეჟისორები ლიტერატურულ მასალას ირჩევენ მათი სურვილის მიხედვით და არა თეატრის საჭიროებიდან გამომდინარე და კარგი იქნებოდა უფრო საფუძვლიანად შეჩერებულიყო ამ საჭირბოროტო საკითხზე. ავტორი უფრო ზოგადად საუბრობს ბათუმისა და სოხუმის მოზარ მაყურებელთა თეატრების შესახებ და გვაწვდის საერთო ტენდენციების განვითარებას. ალბათ, სამომავლოდ მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო, ქართული ხალხური ზღაპრების, საბავშვო მოთხრობების ინსცენირებებზე, რაც მოზარდს პატრიოტულ სულისკვეთებას განუვითარებს, ვინაიდან ორიგინალური საბავშვო დრამატურგია არ ვითარდება.

ავტორი ეხება ფრიად მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორებიცაა: საქართველოში სულ პატარებისთვის (0-3 ასაკობრივი ჯგუფი) არ არსებული დადგმები, თეატრში ,,პედაგოგის“ ფუნქციის საჭიროებასა და მის უფრო თანამედროვე ფუნქციის მინიჭებას, უფრო მჭიდრო კავშირის საჭიროებას თეატრსა და მაყურებელს შორის, საჭირო დრამატურგიის ნაკლებობას და დრამატურგებთან მუშაობის ნაკლებად სურვილს, რაც თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც პრობლემას წარმოადგენს და არაფერია ნათქვამი თუ რა კეთდება ამ მიმართულებით. ალბათ, რეფორმა ამ თეატრმა უფრო გაბედულად უნდა დაიწყოს, რაც ავტორს ძალიან აწუხებს.

ნაშრომი მკითხველს მთლიანობაში უქმნის წარმოდგენას ევროპული და აშშ-ს საბავშვო თეატრების ისტორიისა და მათი მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე თეატრალურ სივრცეში. აწვდის ინფორმაციას იმ ტენდენციების შესახებ, რომლებიც ნაკლებად ან სულაც არ არის ცნობილი ქართველი სპეციალისტებისთვის. წარმოაჩენს არსებულ პრობლემებსა და მისი აღმოფხვრის მიმართულებებს, მუშაობის მეთოდების სხვადასხვა გზებსა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული სამომავლო მუშაობაში.

ავტორი მსჯელობს ამ თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მსახიობთა პრესტიჟულობის შესახებ და აქღნიშნავს, რომ იდინი აქ მოღვაწეობას სერიოზულად არ აღიქვამენო. ვფიქრობ, დღეისთვის ეს ტენდენცია შეცვლილია. ცნობილი მსახიობები დაკავებულნი არიან თეატრის რეპერტუარში (პარალელურად სხვა თეატრებშიც მუშაობენ) და საინტერესო სახეებსაც ქმნიან, ხოლო მართალია იმ საკითხში, რომ ამ სფეროს კვლევა ნაკლებად მიმდინარეობს. ავტორი მსჯელობს თანამედროვე ცხოვრების მეტად აქტუალურ საკითხზე - ციფრული ეპოქის გავლენაზე თანამედროვე საბავშვო თეატრზე და მოჰყავს ევროპელი რეჟისორების მუშაობა, ვინაიდან ქართულ თეატრში ამის გამოცდილება არ არსებობს. 

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს საშტატო განრიგით შესწევს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა და გარკვეული შედეგების მიღწევა. ამისთვის სურვილი და მონდომებაა საჭირო.

bottom of page