„მტრის კოსმეტიკა“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ანასტასია გოგბერაშვილი
„მტრის კოსმეტიკა“
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ხშირად გვანებივრებს საინტერესო, ღრმა, მრავალფეროვანი და ემოციური სპექტაკლებით. ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც საშუალო თაობის, ისე დამწყებ რეჟისორთა წარმოდგენები, კერძოდ, დავით ჩხარტიშვილის ტრილოგია ფროლიან ზელერის „ვაჟიშვილი“, „მამა“, „დედა“, ნანუკა ხუსკივაძის „გაუგებრობა“, გიორგი თენაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და სხვა.
ამჯერად ამ საინტერესო თეატრის ერთ-ერთ ბოლო საპრემიერო დადგმას, თათა პოპიაშვილის ერთმოქმედებიან სპექტაკლს, სახელწოდებით ,,მტრის კოსმეტიკა” განვიხილავ. სპექტაკლი სწორედ ისეთ საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა: საკუთარი თავის ძიების შეუცნობელი, ურთულესი პროცესი და პიროვნული ტრავმების სიმძაფრე, მისი ტრაგიკული შედეგები. რეჟისორის ეს უაღრესად ეფექტური ნამუშევარი გვაფიქრებს, არის თუ არა შესაძლებელი ბოლომდე გავუგოთ, ჩავუღრმავდეთ და ვაპატიოთ ჩვენს თავს უნებურად, აფექტის დროს ჩადენილი დანაშაული?... სპექტაკლი გვაფიქრებს იმ პრობლემაზეც, თუ როგორ გავურბივართ ადამიანები იმას, რაც გვაშინებს და რისი აღიარებაც საკუთარ თავთანაც კი გვიჭირს, ის შეულამაზებლად გვიჩვენებს ისეთ მარადიულ თემას, როგორიცაა არა მხოლოდ საკუთარ თავთან, წარსულთან თუ შეცდომებთან ბრძოლა, არამედ მის შედეგებთან გამკლავება.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ სპექტაკლში მაყურებელი სცენაზეა. აქედან გამომდინარე, ისინი უსწრაფესად ერთვებიან მოქმედებაში, რომელიც აეროპორტის მოსაცდელში ვითარდება. რამდენიმე წუთშივე ვაცნობიერებთ, რომ შავსამოსიანი, მძიმე გრიმით შენიღბული, აგრესიული და ხმაურიანი არსება, წარმოდგენის მთავარი გმირია, ხოლო მისი პირდაპირი სამიზნე, - მაყურებლის პირისპირ განთავსებულ სკამზე მოთმინებით მომლოდინე ჰალსტუხიანი მამაკაცი. ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი თუ მეტოქე, ფრენის გადადების შესახებ გამოცხადებულ ინფორმაციას ერთდროულად იგებს და იწყება მათი ერთმანეთთან კომუნიკაციის მძაფრი პროცესი. მაყურებელი სპექტაკლის დასრულებამდე ინტრიგასა და სრულ გაურკვევლობაშია, მისთვის გამოცანად რჩება ეს ორი პიროვნება, მათი ცხოვრებისეული დეტალები და, ზოგადად, ამ ორი ადამიანის ხასიათი.
საინტერესოა სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა და გიორგი უსტიაშვილის მინიმალისტური, თითქოსდა მარტივი, მაგრამ სტერილური სისუფთავით წარმოდგენილი, ზუსტი და დახვეწილი სცენოგრაფია. დეკორაცია სწორედ ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელი კითხვის ნიშნების გარეშე ხვდება, სად ვითარდება მოქმედება. სცენის ცენტრში ვხედავთ აეროპორტის სამ სკამს და მის უკან გამჭვირვალე გამყოფი კედლის მიღმა განთავსებულ მოწესრიგებულ საპირფარეშოს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში არც ერთი ნივთი არ გახლავთ ზედმეტი და შემთხვევითი. საბოლოო ჯამში, მხატვარი მეტად ოსტატურად ახერხებს სცენური ატმოსფერო მარტივად და მინიმალისტურად წარმოგვიდგინოს. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პერსონაჟთა კოსტიუმები ზუსტად ასახავს თითოეული გმირის ხასიათის შტრიხებს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, კოსტიუმებს გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. აქ ტექსტორ ტექსტერის როლს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე განასახიერებს, მისი პარტნიორი - ჟერომი კი, მსახიობი გიორგი გოგუაძე გახლავთ.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის პერსონაჟი თამამი, ჯიუტი, პირდაპირი და უტეხია. მსახიობი ტექსტორ ტექსტერის ხასიათის მაყურებლამდე უკეთ მოსატანად არ იშურებს ენერგიასა და პროფესიონალიზმს. საუცხოოა მისი სამსახიობო ოსტატობა, პლასტიკა და გარდასახვა. სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე შთამბეჭდავად ახერხებს მაყურებლის ყურადღების კონცენტრირებას მის მიერ შექმნილ სახეზე, დახვეწილ პლასტიკასა და ზუსტ ინტონირებებზე. ამ ყველაფრის მეშვეობით კი იგი სპექტაკლის ბოლომდე სრულ გაუგებრობაში გვამყოფებს. მისი პერსონაჟის მიერ ნათქვამი თითოეული ფრაზა და რეპლიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს სპექტაკლის მიმდინარეობაში. სწორედ იგია რეჟისორის კონცეფციის მთავარი „გამტარი“.
სპექტაკლში მომაჯადოვებელი ექსპრესიითაა წარმოდგენილი პერსონაჟთა შინაგანი კონფლიქტი. მსახიობ გიორგი გოგუაძის მიერ განსახიერებული ჟერომი მოქმედების ბოლომდე ახერხებს, დაგვაჯეროს, რომ ტექსტორ ტექსტერისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრების სტილით. მაყურებელს სპექტაკლის ბოლომდე ეჩვენება, რომ ჟერომი საკმაოდ მკაცრი, პედანტური, ლამის იდეალური ბუნების საქმიანი ადამიანია. თუ სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე თავისი ექსცენტრიული ხასიათით, მჩქეფარე ენერგიითა და სცენაზე მუდმივი მოძრაობით ახერხებს გროტესკულ-სარკასტული პერსონაჟის გამოძერწვას, გიორგი გოგუაძე, პირიქით, ზედმეტად დინჯი, აუღელვებელი მოძრაობებითა და მშვიდი ხასიათით ქმნის ჟერომის სახეს.
მსვლელობისას სცენაზე ორი მთავარი პერსონაჟის გარდა, ვხვდებით პოლიციელს, ამირან ქაჩიბაიასა და აეროპორტის დამლაგებელს - ლევან ოზგებაშვილს. მათი როლი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, თუმცა პოლიციელის სცენაზე გამოჩენა ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია, სწორედ მისი რეაქციით საბოლოოდ რწმუნდება მაყურებელი, რომ რეალურად არანაირი ტექსტორ ტექსტერი არ არსებობს და ის მხოლოდ გიორგი გოგუაძის ჟერომის წარმოსახვის ნაყოფია. რაც შეეხება დამლაგებელს - ლევან ოზგებაშვილს, მას სცენაზე რამდენჯერმე ვხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი ბოლო გამოსვლაა, როდესაც მკვლელობის მომენტში დინამიკში ჩართული მუსიკით თითქოს განმუხტავს იმ დაძაბულ სიტუაციასა და ატმოსფეროს, რომელიც ,,აეროპორტში ’’ სუფევს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, კულმინაციური მომენტი, როდესაც მაყურებელი უკვე ცხადად ხედავს, რომ რეალურად ტექსტორ ტექსტერი და ჟერომი ერთი ადამიანია, ტექსტორი ჟერომის არაცნობიერი ნაწილია. პერსონაჟთა ხანგრძლივი კამათი და დაპირისპირება, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის გმირის თხოვნით სრულდება, ის ჟერომს სთხოვს, რომ მოკლას ტექსტერი, რეალურად კი ამ მკვლელობით ჟერომი მხოლოდ საკუთარ თავს, თავისსავე ალტერ ეგოს კლავს. სწორედ ამ მომენტში აღმოვაჩენთ, რომ არანაირი ორი პიროვნება არ არსებობს, მათი დიალოგი რეალურად მონოლოგია, ჟერომი კი ტექსტორ ტექსტერია. სწორედ ამ მომენტში დასტურდება, რომ სპექტაკლი ჟერომის წარმოსახვაში დაბადებული დიალოგია, საკუთარი დანაშაულის აღიარება და თვალის გასწორება იმასთან, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.
ორიგინალურადაა გადაწყვეტილი სპექტაკლის ფინალური მიზანსცენა. მაყურებელს ლამის ზურგიდან ეპარება სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის - ტექსტორ ტექსტერი და ამჯერად თითქოს სწორედ ჩვენზე, მდუმარე საზოგადოებაზე აპირებს თავდასხმას. „რას უყურებთ? კარგია?“ - ამ სიტყვებით თითქოს აფხიზლებს დადუმებულ, სხვათა პრობლემურ ყოფას მშვიდად მჭვრეტელ ადამიანებს. ეს ფინალური სცენა, ისევე როგორც სპექტაკლის დასაწყისი, ნათლად გვიჩვენებს რეჟისორის კონცეფციას, რომლის ადრესატიც სწორედ ჩვენი თანამედროვე ქართული საზოგადოებაა, - დაბნეული, დაღლილი, დროდადრო გონდაკარგული, გაბოროტებული და საკუთარ შინაგან სამყაროში დაკარგული. მსახიობებისა და რეჟისორის ასეთი ტანდემი კი, მაყურებელს ფიქრის და საკუთარ თავთან ჩაღრმავების სურვილს აღუძრავს. სპექტაკლში წამოჭრილი თემები კი მუდმივად აქტუალური და დამაფიქრებელია.