მთვარისკენ სწრაფვის და მასზე ცხოვრების ასახვის თავისებურებები უახლეს სათეატრო ხელოვნებაში

ლაშა ჩხარტიშვილი

 

მთვარისკენ სწრაფვის და მასზე ცხოვრების ასახვის თავისებურებები უახლეს სათეატრო ხელოვნებაში

(რობერტ ლეპაჟის „მთვარის შორი მხარე“ და კლაუს გუთის „ბოჰემა“ სპექტაკლების მაგალითზე)*

 

ციური სხეულები კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე იტაცებდა ადამიანს. შესაბამისად, ამ ინტერესს ხელოვნება სხვადასხვა ეპოქაში სათანადოდ ასახავდა. აღმოსავლური თუ დასავლური მითების სიუჟეტთა უმრავლესობა სწორედ ციურ სხეულებზეა შექმნილი, რომლებსაც ადამიანი ხან სახვითი ხელოვნების გზით, ხანაც ლიტერატურული ინსტრუმენტებით გადმოსცემდა. განსაკუთრებული ინტერესი ციურ მნათობთა მიმართ, ხელოვანებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეცნიერება განვითარდა და კაცობრიობამ უფრო მეტი შეიტყო პლანეტების, მთვარის, ვარსკვლავების შესახებ. ტექნიკურმა პროგრესმა კი ხელოვანთა წინაშე, განსაკუთრებით თეატრსა და კინოში, უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა, რათა პროგრესული გამომსახველობითი საშუალებებით, ხელოვანებს შეექმნათ საოცნებო წარმოდგენები და გადაეღოთ ფილმები, რომლებსაც, თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, ვერ განახორციელებდნენ.

 

 

XXI საუკუნის თეატრი უახლესი თეატრია, ათასი შესაძლებლობით, ფორმითა და იდეებით. ხელოვნება, მათ შორის, თეატრი, უფრო მიუახლოვდა მეცნიერებას, კვლევას. რობერტ ლეპაჟი კი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოსტატია, რომელიც მეცნიერების სიახლეებისა და ახალი გამოცდილების თეატრში დანერგვის გზით, ავითარებს არა მხოლოდ სათეატრო ხელოვნებას, არამედ ადამიანის გონებას, უგროვებს მას ინტელექტს, აწვდის ახალ ინფორმაციას და ამოგზაურებს „მთვარის შორ მხარეში“ და ადამიანთა სულებში ერთდროულად.

 

 

გამოჩენილმა კანადელმა რეჟისორმა, რობერტ ლეპაჟმა, კოსმიური წარმოდგენა „მთვარის შორ მხარეში“ 2000 წელს განახორციელა. სპექტაკლი მისივე დაარსებული თეატრალური კომპანიის „EX MAჩHINA“ (საფრანგეთი, კანადა) პროდუქციაა. „EX MAჩHINA“ არის მულტი-დისციპლინარული დასი, რომელიც მსახიობებს, მწერლებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს, ოპერის მომღერლებს, თოჯინების თეატრის მსახიობებს, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერებს, ვიდეო არტისტებსა და მუსიკოსებს აერთიანებს. შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ „საშემსრულებლო ხელოვნება _ ცეკვა, მუსიკა, სიმღერა აუცილებლად უნდა შეერწყას კინემატოგრაფიას, ვიდეო ხელოვნებას, მულტიმედიას. მათი რწმენით _ უნდა გაიმართოს შეხვედრები დრამატურგებსა და მეცნიერებს, სცენოგრაფებსა და არქიტექტორებს, კვებეკის მსახიობებსა და დანარჩენი სამყაროს მსახიობებს შორის. მათ სჯერათ, რომ ამ ურთიერთობების შემდეგ, ნამდვილად ჩამოყალიბდება ხელოვნების ახალი ფორმები. თეატრი მიისწრაფის ახალი გამოწვევებისაკენ

მუდმივად. მისი მიზანია გახდეს ერთგვარი ლაბორატორია, თეატრის ახალი ფორმების ინკუბატორი, რომელიც თანამედროვე მაყურებელს სწორედ ამ ახალი საუკუნის ენაზე დაელაპარაკება“.[1]  სწორედ ასეთი პროდუქტია რობერტ ლეპაჟის სპექტაკლი „მთვარის შორი მხარე“, რომელშიც მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს.

 

წარმოდგენის მთავარი გმირი ფილიპია (მსახიობი ივ ჟაკი (Yves Jacques). მისი ისტორია ეპიკურია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან დაკარგა დედა, მოუწია ერთადერთ ახლობელთან _ პატარა ძმასთან განშორება. „სამყაროს საიდუმლო ცოდნა კი აიძულებს ყველაზე გაბედულებს ცაში იყურონ და იფიქრონ. დროსა და ადგილს ფილიპისათვის მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ სამყაროსა და ამ სამყაროში ადამიანის ადგილის მნიშვნელობაზე იფიქროს“.[2] ფილიპი მთვარის იმ მხარეში მოგზაურობაზე ოცნებობს, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს და მას ამერიკელი მეცნიერები ჯერ მთვარის „მახინჯ მხარეს“, ხოლო მოგვიანებით „შორ მხარეს“ უწოდებენ. გამბედაობა და სამყაროს შეცნობის დაუცხრომელი სურვილი _ აი, რა ამოძრავებს მარტოდ დარჩენილ ფილიპს.

 

სპექტაკლში ფილიპს, როგორც რიგით დედამიწელს, სურს, მეცნიერების მსგავსად, გაიგოს _ არის თუ არა ადამიანი მარტო? არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე, მათ შორის, მთვარეზე? ამოუცნობ და ჯერ შეუსწავლელ, მაგიურ სამყაროში სამოგზაუროდ გადაჰყავს მაყურებელი რობერტ ლეპაჟს. სპექტაკლზე

კრიტიკოსმა მარკ ლეირენ-იანგმა (Mark Leire-Young) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ლეპაჟი ბედნიერია, რომ თვითონ დედამიწაზე რჩება, მაყურებელს კი მთვარეზე უშვებს“. ავტორი წერს: „საზოგადოებას ლეპაჟი უშიშარ რეჟისორად ჰყავს წარმოდგენილი, მაგრამ ყველა გააოცა სატელეფონო ინტერვიუში მისმა ნათქვამმა  იგი სხვა კოსმოსურ სივრცეში არასდროს გაფრინდებოდა, რადგან, შესაბამისი გაბედულება არ ჰყოფნის. „აი, ასეთი ქათამი ვარ“ _ თქვა მან. ვფიქრობ, ამასაც დიდი გამბედაობა სჭირდება“.[3] რობერტ ლეპაჟს შესაძლოა, არ სურდეს ნამდვილი კოსმონავტობა, მაგრამ ის თავისი ნაწარმოების გმირს _ ფილიპს ამოგზაურებს მთვარეზე. ფილიპის როლს სპექტაკლში თავდაპირველად თავად რეჟისორი ასრულებდა, 2007 წლიდან კი ეს როლი მან ივ ჟაკს გადაულოცა.

 

სპექტაკლის მთავარი და ერთადერთი გმირი ფილიპი გატაცებულია კოსმოსით, მას სურს მთვარეზე გაფრენა, სულიერ სიმარტოვეს განიცდის და განმარტოვებით ცხოვრობს. ფილიპი შემთხვევით მოისმენს ერთ-ერთ ახალ ამბავს ტელევიზიით, რომ ადამიანები კოსმოსში დაშიფრული ინფორმაციის გაგზავნას აპირებენ დედამიწაზე ცხოვრების შესახებ. ცხადდება კონკურსი საუკეთესო ვიდეომასალის შექმნაზე. კონკურსში გამარჯვებული ვიდეო კი კოსმოსში გაიგზავნება. ფილიპი საკუთარი ცხოვრების მაგალითზე იწყებს ფილმის გადაღებას, რომელიც ადამიანის სულიერ მარტოობასა და ფიზიკურ ტკივილზე ჰყვება. სპექტაკლში ფილიპის პირადი ისტორია (კონფლიქტი უმცროს ძმასთან) ოსტატურადაა გადახლართული „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პაექრობასთან, რაც კოსმოსის შესწავლა-ათვისების შეჯიბრში გამოიხატებოდა.

 

მთავარი გმირი საკუთარ თავს ძმის მახინჯ ნაწილს უწოდებს, როგორც ამერიკელები უწოდებენ მთვარის შორ მხარეს, იმ ადგილს, რომელსაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ. საბჭოთა კავშირის  კოსმონავტებმა კი მთვარის ამ ნაწილზე ფოტოებიც კი გადაიღეს. ამ პარალელზე საუბრობდა თეატრის კრიტიკოსი მანანა ტურიაშვილი, როცა წერდა: „ფილიპი გარე სამყაროს ძირითადად ტელეფონით უკავშირდება და სპექტაკლში ეს სატელეფონო დიალოგი ისეა აწყობილი, რომ მხოლოდ ფილიპის პასუხებიდან ხვდებით უჩინარი მოსაუბრის პიროვნებას. ძმები ძალიან გვანან ერთმანეთს. ანდრე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცია და თუ ჩავთვლით, რომ მთვარე დედამიწას აირეკლავს, მაშინ შეიძლება პარალელიც მოვნახოთ ფილიპისა და ანდრეს უცნაურ მსგავსებაში. ანდრე თითქოს ფილიპის მეორე მხარეა და ძმების განხეთქილება უფრო ფილიპის საკუთარ თავთან კონფლიქტს ჰგავს სარკის მიერ არეკლილი ადამიანი რეჟისორის კვლევის საგანია“.[4]

 

სპექტაკლზე, რომელიც 2013 წელს თბილისში, რუსთაველის თეატრში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში აჩვენეს, თეატრის კრიტიკოსი მაკა ვასაძე წერს: „სპექტაკლში გამოყენებულია, ერთი შეხედვით, უბრალო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული ტექნიკური აღჭურვილობა. აქ ერთმანეთს ერწყმის მაღალტექნოლოგიური სტილი და ლეპაჟის, „ბავშვური“ ფანტაზია. გასაოცარია ყოფითიდან კოსმიურ განზომილებაში გადასვლის ტექნიკური თუ გამომსახველობითი მიგნებები“.[5]

 

რობერტ ლეპაჟის შედევრად აღიარებულ სპექტაკლში „მთვარის შორი მხარე“ სარკისებურად აირეკლა ერთი მეოცნებე, მიზანდასახული კაცის განვლილი მთელი ცხოვრება. მსახიობი ივ ჟაკის პარტნიორი სცენაზე სხვადასხვა უსულო საგანსა და ანიმაციასთან ერთად თავადაა, ამიტომ მოქმედების მათემატიკურ სიზუსტეს ლეპაჟის სპექტაკლში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დატვირთვა აქვს. სწორედ ამაზე მიუთითებდა კრიტიკოსი მაკა ვასძე, როცა წერდა: „მონოსპექტაკლში ლეპაჟი სხვა პერსონაჟის, თანამოსაუბრის თუ ოპონენტის ყოფნის ეფექტს ქმნის. სინამდვილეში, ამ სხვას მაყურებელი ვერ ხედავს, უკეთეს შემთხვევაში, ესმის მხოლოდ ტელეფონით გაცემული პასუხები. ლეპაჟის რეჟისურაში ყველაფერი

ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთმანეთში იხლართება. სარეცხი მანქანის სახურავი უცებ გარდაიქმნება კოსმოსური ხომალდის ილუმინატორად, საუთოო მაგიდა ხან _ ველოსიპედად, ხან _ სავარჯიშო ტრენაჟორად, ხან _ კოსმონავტების საწვრთნელ ცენტრიფუგად და ა. შ.“.[6] ლეპაჟის ამდაგვარი ფოკუსები ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, მათი გადაადგილება ჭირს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოგზაურობს საერთაშორისო ფესტივალებზე. ტექნიკურად ურთულესი სპექტაკლების შემთხვევაში მათი ოდისეა კიდევ უფრო რთულდება, რათა გადადგილებისას არ  დაიკარგოს არც ერთი ნიუანსი, რომელიც მთლიანობაში ქმნის იმ წარმოდგენას, როგორიც ის არის - პოეტური, ზღაპრული, შთამბეჭდავი.

 

ლეპაჟის სპექტაკლები გაკვეთილია იმაზე, თუ როგორ უნდა შეერწყას იდეას, რეჟისორულ ხედვას და მსახიობს გამომსახველობითი საშუალებები - მულტიმედიური ხერხების მრავალფეროვნება (ეკრანის მრავალფუნქციური გამოყენება, Live-ში შექმნილი გამოსახულება, დოკუმენტური კადრების თუ სპექტაკლისთვის საგანგებოდ შექმნილი ანიმაცია), მუსიკალურ-ხმოვანი რიგი, გამოსახულება, თოჯინური პლანი, „ადამიანი-თოჯინა“, დახვეწილი მხატვრული განათების სისტემა, სცენური სივრცის და გარემოს ინტენსიური შეუმჩნეველი ცვლა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თეატრალური ეფექტის მიუხედავად, რომლებიც დაუვიწყარ, ფერადოვან, მისტიკურ და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიან, მაყურებლის გაოცებას ივ ჟაკის გარდასახვის უნარი იწვევს და ის კიდევ ერთხელ თავისი ოსტატობით ადასტურებს, რომ მსახიობია თეატრში უპირველესი.

 

ლეპაჟის სპექტაკლი ადამიანის პოეტურ ოცნებებსა და წარმოსახვაზე, ასევე იმ წრეზე მოგვითხრობს, რომელზედაც სინამდვილეში ის ტრიალებს. თავად დარწმუნებულია, რომ მუდმივ აღმოჩენებშია. ამ აღმოჩენების შედეგად ირკვევა, რომ ადამიანი, მარტოობის მიუხედავად, არასდროსაა მარტო. ნებისმიერი ოცნება ხდება, მაგრამ ხდება - თავისებურად.

 

თეატრის ისტორიაში აქამდე სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით განახორციელა გერმანელმა რეჟისორმა კლაუს გუთიმ პუჩინის ცნობილი ოპერის „ბოჰემა“ დადგმა  პარიზის ნაციონალური ოპერა ბასტილიის სცენაზე.[7] ეს ოპერა განსაკუთრებულად უყვართ ფრანგებს, რადგანაც მოქმედება პარიზში მიმდინარეობს. კლაუს გუთმა კი ოპერისა და, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულ მსოფლიო საზოგადოებას განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა. სპექტაკლში მოქმედება ჯერ კოსმოსური ხომალდის კაფსულაში, ხოლო შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, მთვარეზე გადაიტანა. პუჩინის XIX საუკუნის პერსონაჟები XXI საუკუნეში და უცნაურ გარემოში აღმოჩნდნენ. რეჟისორის ამ დაგეგმილ პროვოკაციას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. უამრავი ოპერის კრიტიკოსი და თანამედროვე თეატრის მკვლევარი გამოეხმაურა დადგმას, რომლის პრემიერაც „ბასტილიის ოპერაში“ 2017 წლის ბოლოს გაიმართა. ნაწილი კატეგორიულად აკრიტიკებდა რეჟისორის ოპერაში მოქმედების ადგილის შეცვლას, ნაწილს მოსწონდა სპექტაკლის ვიზუალის ეფექტური გადაწყვეტა, ნაწილი კი დადგმას მსოფლიო საოპერო ხელოვნების წარმატებად და წინ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯად მიიჩნევდა. კრიტიკოსმა, მრავალი თეორიული შრომისა და წიგნის ავტორმა პაულ კურიტცმა კატეგორიულად არ მიიღო სპექტაკლი და კლაუს გუთს „პუჩინის დამასაფლავებელი“ უწოდა. „გერმანელმა რეჟისორმა პუჩინის სიუჟეტი დამარხა მთვარის სქელი საფარისა ქვეშ და კოსმოსური ხომალდის კარადებში. ახალ დადგმას არაფერი აქვს საერთო XIX საუკუნის პარიზის ბოჰემასთან. მხოლოდ სიმბოლოებით საუბრობს რეჟისორი რუდოლფოს ცხოვრებაზე... მის ცხედარს ხომალდის მიმტანები აკრობატული ილეთებით დაატარებენ... ეს წარმოდგენა ნამდვილი უსამართლობაა მომღერლების და პირველ რიგში, პუჩინის ხსოვნის წინაშე“,[8] _ წერდა კრიტიკოსი თავის ბლოგზე.

 

 

კლაუს გუთმა დამარხა პუჩინის პარიზული ბოჰემური სამყარო, ახლა რუდოლფოს ისტორიაში სიმბოლოებად მოჩანს მისი სამყარო, როგორც ძველი აჩრდილი. კოსმონავტი რუდოლფო შეეწირა მისიას, ხოლო მიმი სიცივისგან გაიყინა. „სონია იანჩევას მიმიმ ოცნება აისრულა, მაგრამ კლაუს გუთმა განიცადა კოსმოსური კრახი“.[9]  ასე შეაფასა „Finansial Times“ - ში კრიტიკოსმა შირლი აფთორპმა (Shirley Apthort) კლაუს გუთის ახალი ნამუშევარი. კრიტიკოსი თვლიდა, რომ მოქმედების კოსმოსურ ხომალდზე გადატანას საერთოდ არ ამართლებდა თავად ოპერა და მისი ორიგინალი სიუჟეტი. სპექტაკლს ამ გადაწყვეტას ის „ახირებას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ გერმანელი რეჟისორის ეს ჩანაფიქრი დაკავშირებულია კინორეჟისორების: ანდრეი ტარკოვსკის, სტენლი კუბრიკის და ლარს ვონ ტრიერის შემოქმედებათა გავლენასთან.

 

სინამდვილეში, კლაუს გუთის რეჟისურა პუჩინის „ბოჰემაში“ ერთგვარი გადაძახილია კინოხელოვნების შესაძლებლობებთან, რომლის სხვა მასშტაბში წარმოდგენა საოპერო ხელოვნებაში სწორედ რომ რეჟისორის მიზანი იყო. ამავდროულად, მას სურდა ოპერის გმირები ისეთ გაორებულ სამყაროში მოექცია, როგორადაც თავად არიან. რეჟისორის განხორციელებული იდეა _ „ბოჰემის“

გმირების კოსმოსში გამგზავრება _ თავად ოპერის სიუჟეტის ღრმად გაანალიზების საფუძველს ეყრდნობა. რეჟისორმა აიძულა მსმენელი, ხელახლა და ახალი თვალით მოესმინათ პუჩინის მუსიკა, რომელიც გმირებს გამოუვალ მდგომარეობაში, ჩაკეტილ სივრცეში აქცევს, როგორც თავად ოპერაში. რეჟისორის ამ ხედვას იწონებს კრიტიკოსი ისტინ ვენი (Justine Nguyen).  სპექტაკლის მომოხილვაში იგი წერდა: „გმირები კლაუსტროფობიით დაავადებულნი არიან, კოსმოსურ ექსპედიციაში მოგზაურობა, დიდი და გულწრფელი სურვილის მიუხედავად, ყველას არ შეუძლია, ეკიპაჟის წევრების გადარჩენის შანსი მცირეა და გარემო სულ უფრო უიმედო“.[10] სპექტაკლის გმირები გადარჩენისთვის იბრძვიან, მათ ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტები უდგათ, მანიაკალური ენერგია სჭირდებათ, რათა შეაჩერონ უიმედობის განცდა. სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება, როცა გმირები ბონოიტის ცხედარს უყურებენ კოსმოსურ ხომალდზე. გმირები ხომალდიდან მთვარეზე გადიან, მაგრამ მიმი ვეღარ უძლებს მთვარის სიცივეს და ის იყინება.

 

 

სპექტაკლში მიმის ავადმყოფობა ფეტიშიზმამდეა დასული, უფრო მეტად არის გარღმავებული და მისი სიყვარულიც რუდოლფოს მიმართ უფრო გულწრფელია. მიმი აღმერთებს მის ყოფილ, ახლა უკვე გარდაცვლილ სიყვარულს _ რუდოლფოს. სპექტაკლში რუდოლჰო ასტრონავტია, რომელმაც თავისთან წაიყვანა მიმი. პუჩინის ოპერები აქამდე შორს იყო აბსტრაქციისაგან. მის ოპერებში თითოეული დეტალი გათვლილია. კლაუს გუთმა კი მოქმედების კოსმოსში გადატანით გააფართოვა ოპერის არეალი და მასშტაბი. გმირების ცხოვრებაც ახალ, მიუჩვეველ სივრცეში ჰალუცინაციის ფონზე მიმდინარეობს. რეჟისორმა ოპერის მოქმედების ადგილის მთვარის ლანდშაფტში გადატანით ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ადამიანების სიყვარულის ძალას, არამედ კოსმოსური მისიის ტრაგიკულ ბედისწერას. წარსულის რეკონსტრუქციამ ორივე სამყაროში განუვითარებელი ტრაგედია გამოიწვია. სპექტაკლში თითქმის აღარ დარჩა რომანტიკა და გმირთა გრძნობები. ერთ-ერთ ინტერვიუში კლაუს გუთმა განაცხადა: „მე უნდა გავანადგურო ეს ძველი წაბლი. ლიბრეტოს პირველივე ხაზის წაკითხვიდან ვფიქრობდი, რომ მასში არის ბევრი წერტილი, მე ვეძებ სამყაროს ამ წერტილების მიღმა“[11]  და ეს სამყარო მან ორ სივრცეში: კოსმოსურ კაფსულაში და მთვარეზე აღმოაჩინა.

 

 რეჟისორის ამ ჩანაფიქრს მხარი დაუჭირა მუსიკის კრიტიკოსმა ნიკ ჰამონდმა (Nick Hammond),  რომელმაც შეაქო არა მხოლოდ რადიკალიზმით გამორჩეული საოპერო რეჟისურა, არამედ დამდგმელი ჯგუფი და მასში მონაწილე არტისტები, რომლებმაც ურთულეს, თითქმის განუხორციელებელ, შეუძლებელ ტექნიკურ ამოცანებს გაართვეს თავი. „კონსერვატორი პუბლიკისთვის აუცილებელია ასეთი შემოლაწუნება, რომელიც აცოცხლებს აუდიტორიას, იწვევს კამათს და ცხარე დისკუსიას, ეს სჭირდება ხელოვნების განვითარებას. კლაუს გუთმა კი ჩვენ წინაშე, პუჩინის მუსიკაზე დაყრდნობით, შექმნა ცივი, ჩაკეტილი და უჟანგბადო სამყარო, ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს“.[12] კლაუს გუთის სპექტაკლი უახლესი საოპერო რეჟისურის საუკეთესო მონაპოვარია, ხოლო ეტიენ პლუსის (Etianne Pluss) სცენოგრაფია ავლენს არა მხოლოდ ადამიანის ფანტაზიის უსაზღვროებას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას სათეატრო ხელოვნებაში, რომელიც მონუმენტური მხატვრული ტილოს ეფექტს ქმნის.

 

უახლესი მსოფლიო თეატრი ტექნიკურ პროგრესთან ერთად ვითარდება. თეატრში აისახება მეცნიერული სიახლეები და მიღწევები. თეატრი ეძებს ამბებს, ხანაც მხიარულს და ხანაც ტრაგიკულს, ის ქმნის ცხოვრების სარკეს. ის არ ღალატობს ტრადიციას, ქმნის ახალს და ავითარებს ძველს. მომავლის თეატრში კი, არა მხოლოდ მთვარის ილუზია შეიქმნება სცენაზე, არამედ, შესაძლოა თავად ციური სხეულები იქნეს გამოყენებული სპექტაკლის სათამაშო სივრცედ. ვინ იცის?!

 

*მოხსენება წაკითხულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ამერიკისმცოდნეობის XX საერთაშორისო კონფერენციაზე, 2019 წლის მაისში.

 

[1] თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კატალოგი, თბ., 2013. გვ. 10.

[2] იქვე, გვ. 11.

[3] Leiren-Young Mark, LEPAGE HAPPY TO STAY ON EARTH WHILE HE TAKES AUDIENCES TO THE MOON The Vancouver Sun, October 31, 2012.

 

[4] ტურიაშვილი მ. ეს სანუკვარი უწონადობა, ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“, # 3. 2014. გვ. 56.

[5]  ვასაძე მ., საფესტივალო ჩანაწერები, ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, # 5-6. 2013. გვ. 70.

[6] ვასაძე მ., საფესტივალო ჩანაწერები, ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, # 5-6. 2013, გვ. 70.

[7] მანამდე, 2015 წელს, ალვის ჰერმანესმა ჰექტორ ბერლიოზის ოპერის „ფაუსტის გაკიცხვა“ მოქმედება მარსზე გადაიტანა. სპექტაკლი პარიზის ოპერის თეატრში დაიდგა.

[8] Paul Kurutz, PARIS OPERA’S LA BOHEME: LOST IN SPACE https://paulkuritz. com/2017/12/paris-operas-la-boheme-lost-in-space/ (ბოლოს გადამოწმდა: 08/10/2019).

[9] Apthorp Shirley, A storm of boos for La Bohème at the Paris Opera, “Financial Times”, DECEMBER 4, 2017.

[10] Nguyen Justine, Despite its out-of-this-world setting, this production of La Bohème remains human and grounded. “limelight”, January 22, 2018.

[11] LA BOHÈME, “Tragic Love in a Frosty Setting”, December 6, 2017, By Nick Hammond: https://www.parisupdate.com/la-boheme-2/ (ბოლოს გადამოწმდა: 08/10/2019).

[12] Hammond Nick, „LA BOHÈME - Tragic Love in a Frosty Setting, Paris Ubdate“, December 6, 2017.