მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

271223602_4539175972858209_7942491994663057274_n.jpg

გვანცა გულიაშვილი

მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე

 

არსებობს ტრადიციები, რომლებსაც ვერ ვთმობთ და მიუხედავად იმისა, რომ სიახლისკენ სწრაფვა გადარჩენის თითქმის ერთადერთი გზაა, მას მაინც ვუფრთხით. თანამედროვე ქართული თეატრი 14 იანვარს ზეიმით ხვდება, ეს უწყინარი ტრადიცია, აგერ უკვე წლებია გრძელდება და ერთი შეხედვით, მასში არავისთვის საზიანო არაფერი უნდა იყოს, თუმცა თარიღი, რომელიც უკავშირდება მუდმივმოქმედი ქართული თეატრის აღდგენას, თეატრალებისათვის   ერთმანეთის ქების, ხოტბის შესხმისა და საგანგებოდ გამოგონილი ჯილდოებით გულების დამშვენებას ვერ გასცდა. ცხადია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მიეგოს კეისარს კეისრისა, თუმცა სინამდვილის ობიექტურად აღქმასთან ამ დიდებულ ცერემონიალს, საერთო მგონი აღარაფერი დარჩა და მაინც, ყველა გამარჯვებულისთვის მხოლოდ სიკეთე და წარმატება  მისურვებია და აქვე,  თითქმის უჩინრად მბჟუტავ იმედსა თუ სურვილსაც გავამხელ, რომ იქნებ ერთ დღესაც სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთული დღეები აღინიშნოს ნაკლები ტაშით და მეტი ძალისხმევით ვიკვლიოთ და ვეძებოთ რეალური პრობლემები ჩვენს სფეროში. ჩინ-მედლებით დამშვენებული ჩვენი გულ-მკერდით თუ ავეფარებით სინამდვილეს,  ის არ შეიცვლება, თუმცა ჯერ ალბათ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სიახლე გვინდა და გვჭირდება და როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვუფრთხით მას.

ასე იშვიათი, ახალი ძიებებისა და მცდელობების ფონზე სიხარულით ამევსო გული, როცა შევიტყვე, რომ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ექსპერიმენტული სივრცე იხსნებოდა და მივაშურე კიდეც იანვრის ბათუმს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს გახვედრებს ნოტიო სევდას და შენც იჯერებ, რომ არასდროს ისე მარტივი არ არის სიყვარული, როგორც მაშინ, როცა საპასუხოდ არაფერს ელი.

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ჩემი თაობის ადამიანების მეხსიერებაში აუცილებლად წასაკითხი წიგნების პირველ ხუთეულში იყო. ალბათ, ცოტა უცნაური და გაუგებარი დარჩება ახალგაზრდებისთვის ჩემი ეს მოგონება, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ჩვენ გარკვეული და ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული რიგითობით შექმნილ სიას მივყვებოდით, რომელიც დაახლოებით ასე ლაგდებოდა: „ტომ სოიერის“ შემდეგ „დევიდ კოპერფილდის“ წაკითხვის უფლებას გაძლევდნენ, „ოკეანეში დაკარგულებს“ თუ გაართმევდი თავს, იქნებ „უთავო მხედარიც“ გაგერისკათ, შემდეგ უკვე „სამი მუშკეტერისა“ და „დედოფალი მარგოს“ შესახებაც შეგეძლო გცოდნოდა. „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ სულ სხვა სირთულის გამოწვევა იყო ახალბედა მკითხველისათვის და ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ინტელექტუალური კეკლუცობა, ასე თანმიმდევრულად უნდა მისულიყავი შემზარავ და ვერავისგან წაკითხულ „ულისემდე“, მაგრამ როგორც კი ეს წიგნი შენი თავსასთუმალის მუდმივი რეკვიზიტი გახდებოდა, შენ უკვე გერქვა ქანცგაწყვეტილი მკითხველი და ამაყად თავაწეულს შეგეძლო გემზირა მისთვის და რატომ მთელი სამყაროსთვის არა?!

სწორედ, პატარა პრინცის ზღაპარივით მოყოლილი ამბავი იქცა წარმოდგენად ბათუმის თოჯინების თეატრის ახალ სივრცეში. ანიმაციისა და მარიონეტების თეატრის ერთგვარ სინთეზს გვთავაზობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩხაიძე. მასვე ეკუთვნის ინსცენირებაც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ სპექტაკლი გაფორმებული იყო ცოცხალი მუსიკით, არც ისე განებივრებულია ქართველი მაყურებელი ამ კუთხით და ვფიქრობ, ნამდვილად ხაზგასასმელია მსგავსი ინიციატივა. კომპოზიტორი გიორგი ტრაპაიძე ამ შემთხვევაში შემსრულებლის ამპლუაშიც წარსდგა მაყურებლის წინაშე.

კამერული სივრცე და მისთვის დამახასიათებელი კლაუსტროფობიული განწყობა განსაკუთრებული თავსატეხია თეატრის სცენოგრაფ-მხატვრებისათვის, რადგან მაყურებელთან თითქმის წაშლილი დისტანცია მოითხოვს მეტი სიზუსტითა და სიფაქიზით მუშაობას. თოჯინებზე თეატრის მხატვარმა მირანდა გურგენაძემ იმუშავა და როგორც რეჟისორი აღნიშნავს, იმდენად მიამსგავსა ისინი ადამიანებს, რომ ფაქტობრივად განსაზღვრა სპექტაკლის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მარიონეტული წარმოდგენა ანიმაციური ფილმის ელემენტებით დაიტვირთა. სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ იზრუნა.

თავდაპირველად პატარა ყუთში უნდა გაკეთებულიყო სპექტაკლი, თუმცა მუშაობის პროცესმა განსხვავებული მიმართულებით ატარა სადადგმო ჯგუფი. არ შეიძლება, აღუნიშნავი დაგვრჩეს თოჯინების თეატრის მსახიობთა უჩინარი არსებობა, რომელიც წარმმართველ ძალას წარმოადგენს სპექტაკლში. საქმის განსაკუთრებული სიყვარულითა და  პროფესიული ოსტატობით „პატარა პრინცის“ მაყურებლისთვის თეატრის მსახიობებმა შეძლეს, წაეშალათ ზღვარი გამონაგონსა და რეალურ სივრცეებს შორის და შექმნეს ზღაპრისთვის ასე მნიშვნელოვანი ფანტასმაგორიული ატმოსფერო.

ინსცენირება ეგზიუპერის ტექსტს სრული სიზუსტით არ მიჰყვება. თხრობის დინამიკურობა მოქმედებას ხდის საინტერესოს და მარტივად აღსაქმელს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, არც ერთი წუთით არ ეძლევა მაყურებელს ყურადღების გაფანტვის დრო. მთელი წარმოდგენის განმავლობაში პრინცის თავგადასავალს მიჰყვება მაყურებელი და მასთან ერთად ცდილობს ამოხსნას, მაინც რატომ ვართ ეს დიდები ასეთი უცნაურები.

სცენოგრაფიაში გამოყენებული დიდი სკრუპულოზურობით შექმნილი პაწაწინა საგნებისა და  მრავალფეროვანი მასალის ძალიან გემოვნებიანი შერწყმა სპექტაკლს ხდის სანახაობრივად ძალიან საინტერესოს იმ ეპოქის მაყურებლისთვისაც კი, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით დატვირთულ სამყაროში, რთულია გააკვირვო ან სულ მცირე დააინტერესო და გაართო მაინც. განათების მხატვრობა, რომელიც სუსტი წერტილია ქართული თეატრისათვის, ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული სპექტაკლის შემთხვევაშიც იჩენს თავს და ცხადია, გიჩნდება სურვილი, რომ მხოლოდ სიბნელისა და სინათლის მონაცვლეობას არ ხედავდე სცენაზე.

„პატარა პრინცი“ ჩემთვის არის ადამიანის სურვილი შეიცნოს და ამოხსნას სამყაროს არსი და ამ გზაზე ის უპირველესად საკუთარი თავის შეცნობას ესწრაფვის.  ცხოვრება, როგორც თავგადასავალი უამრავი უცნაური და მტკივნეული გამოცდილებისთვის გვიმეტებს. მათზე დგას ჩვენში  ზრდასრულობის გააზრება, ისევე, როგორც ბავშვის ინტერესითა და წყურვილით სიახლისკენ სვლა და სწრაფვა. მისთვის უცნობ პლანეტასა თუ პლანეტებზე მოხეტიალე პატარა პრინცი, სპექტაკლის ინსცენირების მიხედვით, დედამიწაზე  შეხვდება განსხეულებულ ადამიანურ სისუსტეებსა თუ თვისებებს.

 ვარდის სახით პრინცი შეიცნობს მშვენიერებას, რომელსაც უპირობო სიყვარულითა და ერთგულებით აავსებს და მასზე ზრუნვას უზენაეს მიზნად დაისახავს. მას შემდეგაც კი არაფერი დააკლდება მის გრძნობას, როცა აღმოაჩენს, რომ სულაც არ არის მისი ვარდი ამქვეყნად ერთადერთი და მისნაირი უამრავია, თუმცა ამ უამრავ ვარდს შორის არსებობს ერთი, რომელსაც პრინცი წყალს უსხამდა და უსუსური სამი ეკლის ამარა მიტოვებულზე დარდით ევსება გული. აქ ის  ხვდება, რომ ამაგია, რის გამოც განსაკუთრებულად ძვირფასები ვხდებით ერთმანეთისთვის. გველთან შეხვედრისას პატარა პრინცი აღმოაჩენს, რომ თითის ხელა არსებაში სამყაროს მთელი სიბრძნე და ძალა შეიძლება იმალებოდეს. ხელმწიფის სახით პრინცი ძალაუფლების აბსურდულობას შეიცნობს, ლოთთან შეხვედრისას სასოწარკვეთის სევდიან სახეს, ხოლო ვარსკვლავების დასაკუთრებაზე მეოცნებე ადამიანი მომხვეჭელობის შესახებ ჩააფიქრებს მას. განდიდების მანიით შეპყრობილი მუსიკოსი პრინცის აღფრთოვანებას ვერაფრით დაიმსახურებს. თავად პრინცისთვის კი გაუგებარი დარჩება, რატომ სწუხან ადამიანები დიდებასა და პატივზე. მარადიულობისკენ სწრაფვასაც სასწრაფოდ განერიდება და ყველა დანარჩენთან შედარებით მეფარნე  დააინტერესებს. მის მოსაწყენ ყოფაში ერთგულებას აღმოაჩენს, დროის სწრაფად სვლასთან ერთად რომ არ დუნდება და უდრტვინველად ემორჩილება განგების ძალას.  მეგობრის ძიებაში დაღლილი, მაგრამ მაინც ბავშვური აღტყინებით სავსე მოიშინაურებს მელიას და იაზრებს ყველაზე მნიშვნელოვანს- პასუხისმგებლობის გრძნობას ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მიმართ და ალბათ, სწორედ ამ დროს პატარა პრინცი იქცევა ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც არ ეშინია აცოცხლოს საკუთარ თავში ბავშვი.

საბოლოოდ, ის გადაწყვეტს, შეწყვიტოს მოგზაურობა. მზის ჩასვლის სიყვარულს გაიყოლებს თან და როგორც ერთ სრულ სიცოცხლის ციკლს, ისე ასრულებს საკუთარ თავგადასავალს. გველი მას დააბრუნებს შორეულ ვარსკვლავზე, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვებისგან და ყველა ადამიანური სისუსტისა თუ ღირსების შემცნობი პრინცი მშვიდად შეხვდება დასასრულს, რადგან თავიდან დაიწყოს ყველაფერი სულ სხვა რეალობაში, იქ, სხვა ვარსკვლავზე.

ვფიქრობ, ბათუმის თოჯინების თეატრს გაუჩნდება ახალი მაყურებელი, რომელიც  შეიყვარებს „პატარა პრინცს“ და მასავით აღმოჩენებისათვის შექმნილ ექსპერიმენტულ სივრცეს.