
რა და როგორ უნდა მოჰყვე ემიგრაციაზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

05.07.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
რა და როგორ უნდა მოჰყვე ემიგრაციაზე
„მწვანე ბარათი“ თუმანიშვილის თეატრში
ემიგრაციაზე მოყოლა ყველაზე რთულია. არა იმიტომ, რომ სათქმელი აღარ დარჩა, არამედ იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი უკვე მოყოლილია. ქართულმა თეატრმა, კინომ და ლიტერატურამ არაერთხელ სცადა უცხოეთში წასული ქართველების ბედის გააზრება, მაგრამ ხშირად ეს ისტორიები ან სენტიმენტალურ მელოდრამად იქცა, ან სოციალური პრობლემების მშრალ ჩამონათვალად. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა აღარ არის, რა უნდა მოჰყვე ემიგრაციაზე. მთავარი კითხვაა, როგორ უნდა მოჰყვე, რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ უკვე ნაცნობი ისტორია კი არ მოისმინოს, არამედ საკუთარი თავი, თავისი ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი ან უბრალოდ საკუთარი ქვეყანა ამოიცნოს.
სწორედ ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის გაცემას გიორგი სიხარულიძე ნინია სადღობელაშვილის პიესის „მწვანე ბარათის“ სცენური ინტერპრეტაციით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. ოთხი წლის წინ დადგმული სპექტაკლი მხოლოდ ახლა ვნახე და კარგა ხანია თეატრიდან ისეთი განცდით არ გამოვსულვარ, როცა საკუთარ თავს უნებლიეთ ეუბნები: „უფ... სპექტაკლით ვისიამოვნე.“ ეს იშვიათი შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო წლებში ქართულ თეატრში ხშირად უფრო ფორმა გვაოცებს, ვიდრე დასრულებული მხატვრული შედეგი.
ნინია სადღობელაშვილის პიესა ემიგრაციას მხოლოდ სოციალურ პრობლემად არ განიხილავს. მისთვის ემიგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური მდგომარეობაა. ეს არის მუდმივი ყოფნა ორ სამყაროს შორის, ორ სახლს, ორ ენას, ორ მეხსიერებას შორის. ამიტომაც „მწვანე ბარათის“ პერსონაჟები მხოლოდ საქართველოდან ამერიკაში წასული ადამიანები არ არიან. ისინი ადამიანები არიან, რომლებმაც ნელ-ნელა დაკარგეს მყარი საყრდენი, მაგრამ მაინც არ დაუკარგავთ სიცოცხლის, სიყვარულისა და ბედნიერების სურვილი. სწორედ ეს განასხვავებს ნინია სადღობელაშვილის ტექსტს მრავალი სხვა დრამატურგიული ნაწარმოებისგან, რომელიც ემიგრაციას მხოლოდ სევდისა და ტრაგედიის პრიზმაში ხედავს. აქ ტკივილი მუდმივად თანაარსებობს იუმორთან, ირონიასთან, თვითირონიასთან, ზოგჯერ გროტესკთანაც კი.
ნინია სადღობელაშვილის პიესის მთავარი ღირსება მხოლოდ აქტუალური თემის არჩევანი არ არის. დრამატურგი უარს ამბობს ხაზოვან თხრობაზე და ეპიზოდურ, ფრაგმენტულ კონსტრუქციას ქმნის, რომელიც სხვადასხვა ადამიანის ცხოვრების, ბედისა და გამოცდილებისგან იკვრება. ერთი შეხედვით, ეს დამოუკიდებელი ისტორიებია, თუმცა თანდათან ისინი ერთ დიდ სურათად ერთიანდება. პიესის სტრუქტურა მოზაიკურ პრინციპს ემყარება. ცალკეული ეპიზოდები ერთმანეთს სიუჟეტურად ყოველთვის არ აგრძელებს, მაგრამ ემოციურად და შინაარსობრივად მჭიდროდ უკავშირდება. სწორედ ამიტომ მაყურებელი არც ერთი წუთით არ კარგავს მთლიანობის განცდას. დრამატურგი ერთი ოჯახის ან ერთი პერსონაჟის ისტორიით არ გვიყვება ემიგრაციის ტრაგედიას. იგი სხვადასხვა თაობის, პროფესიისა და ბედის ადამიანებს გვახვედრებს, რომელთა გამოცდილება საბოლოოდ ერთ საერთო ისტორიად იქცევა.
ნინია სადღობელაშვილის „მწვანე ბარათის“ პერსონაჟები საკუთარ ტკივილზე ისევე ხშირად ხუმრობენ, როგორც ტირიან. ამიტომ პიესაში იუმორი არასოდეს არის მხოლოდ განტვირთვის საშუალება. ის ისეთივე მნიშვნელოვანი დრამატურგიული ინსტრუმენტია, როგორც სევდა, მონატრება თუ იმედგაცრუება. სწორედ ამ წონასწორობას ინარჩუნებს ტექსტი თავიდან ბოლომდე და ამიტომაც აძლევს რეჟისორს შესაძლებლობას, ემიგრაციაზე მორიგი სოციალური დრამა კი არა, მრავალხმიანი ადამიანური ქრონიკა შექმნას.
გიორგი სიხარულიძე სწორედ ამ რთულ ბალანსს გრძნობს ყველაზე ზუსტად. რეჟისორი არ ცდილობს მაყურებლის ემოციებით მანიპულირებას, არც ტრაგიკული ეპიზოდების ხელოვნურად გამძაფრებას და არც იუმორის იაფფასიან ეფექტად ქცევას. პირიქით, იგი პოულობს ისეთ სათეატრო ფორმას, რომელშიც ერთი ეპიზოდი თითქმის შეუმჩნევლად გადადის მეორეში, ერთი ამბავი მეორეს ებმის, რეალობა წარმოსახვაში გადადის, მოგონება აწმყოში ბრუნდება, პერსონაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ წარმოდგენის დინება არასოდეს წყდება. თითქოს მთელი სპექტაკლი ერთი დიდი ამოსუნთქვაა, რომელიც დასაწყისიდან ფინალამდე ერთიან რიტმს ინარჩუნებს.
სწორედ ამ უწყვეტობაშია გიორგი სიხარულიძის მთავარი რეჟისორული მიგნება. სცენები ერთმანეთს მხოლოდ სიუჟეტურად კი არ უკავშირდება, არამედ ემოციურადაც. წარმოდგენა არ იშლება დამოუკიდებელ ნოველებად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პერსონაჟს საკუთარი ისტორია აქვს. ყველა მათგანი საბოლოოდ ერთ დიდ მოზაიკად ერთიანდება, რომელსაც საერთო სახელი აქვს – ემიგრაცია.
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლის ყველაზე დიდი ღირსება სწორედ თხრობის ფორმაა. დღეს, როდესაც ბევრი რეჟისორი ფორმის ძიებაში თავად ამბავს კარგავს, „მწვანე ბარათში“ ფორმა შინაარსის გაგრძელებაა. რეჟისორს არ აინტერესებს ემიგრანტების ყოფის ილუსტრირება. იგი ქმნის სამყაროს, სადაც ერთმანეთში ირევა დრო, სივრცე, მოგონება, სინამდვილე, ოცნება და მოლოდინი. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრიობით ხდება, რომ მაყურებელი ერთი წამითაც არ კარგავს ორიენტაციას. პირობითობა, რომელსაც გიორგი სიხარულიძე მიმართავს, არ აშორებს მაყურებელს მოვლენებს, პირიქით, უფრო აახლოებს მათთან. ამიტომ წარმოდგენა თანაბარი ინტენსივობით მუშაობს როგორც ემოციურ, ისე ინტელექტუალურ დონეზე.
სპექტაკლის რიტმს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სივრცის გადაწყვეტაც. თეო კუხიანიძისა სცენოგრაფია ერთი შეხედვით უკიდურესად მინიმალისტურია. სცენის გვერდებზე განლაგებული სკამები, ცენტრში მაგიდა ორი სკამით და ფონად გადაჭიმული თეთრი ნახევრადგამჭვირვალე ეკრანი თითქოს არაფერს გვთავაზობს. მაგრამ სწორედ ამ „არაფერში“ იბადება ყველაფერი. სივრცე მუდმივად იცვლის დანიშნულებას, გარდაიქმნება, ფართოვდება და ვიწროვდება. დეკორაცია მსახიობს არ ავიწროებს, არ უკარნახებს მოძრაობას, პირიქით, მთლიანად მათ არსებობას ემორჩილება. სწორედ ამიტომ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ატმოსფეროს დეკორაცია კი არა, თავად მსახიობები ქმნიან.
იგივე პრინციპით მუშაობს ვიდეოპროექციაც. თანამედროვე თეატრში ეკრანი ხშირად თვითმიზნურ ეფექტად ან რეჟისორის ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრაციად იქცევა. „მწვანე ბარათში“ კი მას ზუსტი ფუნქცია აქვს. ეკრანი ხან ტიტრებს გვთავაზობს, ხან ქალაქის ფრაგმენტებს, ხან მხოლოდ სინათლისა და ჩრდილის თამაშს. იგი არ ანაცვლებს სცენურ მოქმედებას, არ ეჯიბრება მსახიობებს, არამედ მათთან ერთად ჰყვება ამბავს. სწორედ ამიტომ პროექცია ორგანულად ერწყმის წარმოდგენის საერთო ქსოვილს და არასოდეს აღიქმება ზედმეტ ვიზუალურ დეკორაციად.
ამავე პრინციპით არის აგებული დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმებიც. ისინი რეალისტური არ არის, მაგრამ არც აბსტრაქტულია. სტილიზებული, ზოგჯერ ექსტრავაგანტური, ზოგჯერ გროტესკული სამოსი არა მხოლოდ პერსონაჟის სოციალურ სტატუსს, არამედ მის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს. ერთი და იგივე მსახიობი რამდენიმე სრულიად განსხვავებულ ტიპაჟს ქმნის და კოსტიუმიც ამ გარდასახვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ეპიზოდიდან მეორეში გადასვლა ელვის სისწრაფით ხდება.
გიორგი სიხარულიძის სპექტაკლის უხილავი მთავარი გმირი მუსიკაა. უფრო სწორად, ცოცხალი ხმა, რომელიც მთელი წარმოდგენის განმავლობაში არ წყვეტს არსებობას. The Bookmarks სპექტაკლში აკომპანიატორები არ არიან. ისინი წარმოდგენის სრულუფლებიანი მონაწილეები არიან. კატო ჩქარეული, ანასტასია ბერიშვილი, ბარბარე იმნაძე, მარიტა ხვედელიძე, ნიკოლოზ ხარატი, სოსო ჩაჩუა, რატი გელოვანი და ნინი გაზდელიანი სცენაზე არა მხოლოდ ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს, არამედ ქმნიან იმ უხილავ ემოციურ ქსოვილს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა ეპიზოდს. ისინი ახმოვანებენ მოქმედებას, ქმნიან ხმაურებს, მღერიან, რიტმს აძლევენ სცენურ ცხოვრებას და ხშირად იმ განცდას გადმოსცემენ, რასაც სიტყვა ვეღარ გამოხატავს. მათი ფუნქცია იმდენად ორგანულია, რომ გარკვეულ მომენტებში გეჩვენება, თითქოს სპექტაკლის კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი სწორედ ცოცხალი მუსიკაა.
სწორედ ამიტომ „მწვანე ბარათი“ არასოდეს იშლება ცალკეულ ეპიზოდებად. ერთი ემოცია მეორეს ებმის, ერთი სიმღერა მომდევნო ამბავს ამზადებს. ეს უწყვეტობა წარმოდგენის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორული მიღწევაა, რადგან მაყურებელი დაახლოებით 90 წუთს არ კარგავს იმ ემოციურ ძაფს, რომელსაც სპექტაკლი პირველი წუთებიდან აბამს.
„მწვანე ბარათი“ სწორედ იმ კატეგორიის სპექტაკლს მიეკუთვნება, რომელიც არტისტებისთვის არის შექმნილი. აქ თითოეულ მსახიობს აქვს საკუთარი სივრცე, საკუთარი ტემპი, საკუთარი კულმინაცია და, რაც მთავარია, საკუთარი სათქმელი. ამიტომ წარმოდგენაში არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები. ყველა პერსონაჟი, რამდენად მცირე დროც არ უნდა დაჰყოს სცენაზე, მაყურებლის მეხსიერებაში დამოუკიდებელ ადამიანად რჩება. იშვიათია შემთხვევა, როცა ანსამბლის თითქმის ყველა წევრი საკუთარი შესაძლებლობების ახალ მხარეს ავლენს. „მწვანე ბარათი“ სწორედ ასეთი სპექტაკლია. მეტიც, ის მსახიობებიც კი, რომელთაც სხვა წარმოდგენებში ყოველთვის ვერ ვხედავდი სრულად გახსნილებს, აქ მოულოდნელად საინტერესოები, თავისუფლები და სრულიად ორგანულები აღმოჩნდნენ.
ამ ანსამბლში განსაკუთრებულ ყურადღებას ირინა გიუნაშვილი იქცევს. მისი გმირი, ფილოლოგი ქალი, თითქოს ერთ ადამიანში მოქცეული მთელი ბიოგრაფიაა. მსახიობი არ გვიჩვენებს მხოლოდ ცალკეულ ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან. იგი თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს პერსონაჟს, რომელსაც ბედისწერა, გარემო და ემიგრაცია მუდმივად ცვლის. ირინა გიუნაშვილი არ ჩქარობს ეფექტის მოხდენას. იგი აკვირდება საკუთარ გმირს, უსმენს მას და ამ გზით მაყურებელსაც აძლევს შესაძლებლობას, თან გაჰყვეს მის შინაგან ტრანსფორმაციას. თითქოს ერთი ადამიანის ცხოვრებას კი არ ვუყურებთ, არამედ მთელ დრამატურგიას, რომელსაც მსახიობი სცენაზე საკუთარი სხეულით, ხმითა და დუმილით წერს.
ნინელი ჭანკვეტაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდი მსახიობი მხოლოდ გამოცდილებით არ იქმნება. იგი მუდმივი ძიების პროცესშია. პოლონელი ემიგრანტი ქალის მონოლოგი, „სადღაც ცასა და მიწას შორის“, წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამავე დროს ყველაზე ადამიანური ეპიზოდია. აქ აღარ მოქმედებს გროტესკი, რომელსაც მსახიობი სპექტაკლის სხვა მონაკვეთებში ოსტატურად იყენებს. ნინელი ჭანკვეტაძე თითქმის მთლიანად შიშვლდება ემოციურად და ბავშვობის ტრავმებს, მარტოობასა და გაუცხოებას ისეთი შინაგანი სიზუსტით გადმოსცემს, რომ დარბაზში სიჩუმე ისადგურებს. სწორედ ასეთ მომენტებში აცნობიერებ, რომ მსახიობის პროფესიული ოსტატობა ხმამაღალ ემოციებში კი არა, ემოციის ზუსტ დოზირებაში ვლინდება.
თუმცა ნინელი ჭანკვეტაძის სამსახიობო დიაპაზონი მხოლოდ ამ ტრაგიკული მონოლოგით არ შემოიფარგლება. მას იშვიათი უნარი აქვს, მაყურებელი ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეში ისე გადაიყვანოს, რომ ეს გარდატეხა სრულიად ბუნებრივად აღიქმებოდეს. იგი სრულიად განსხვავებულ ეპიზოდებში წარმოუდგენელი სიმსუბუქით გადადის გროტესკში, ირონიაში, თვითირონიაში, თითქოს ერთი სპექტაკლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა მსახიობს ვხედავდეთ. ამ გარდასახვებში ხელოვნურობა არ იგრძნობა. იმავე პოლონელი ემიგრანტის სრულიად განსხვავებულ სახეს ვხედავთ, როცა იგი ალცჰაიმერით დაავადებულ, ოდესღაც წარმატებულ ბალერინად გვევლინება. მსახიობი არ ცდილობს დაავადების კომიკურ ეფექტად ქცევას. პირიქით, იუმორი მისი პერსონაჟის ადამიანურ ბუნებასა და ცხოვრების აბსურდულობაში იბადება, რის გამოც მაყურებელი ერთდროულად იცინის და თანაგანცდითაც იმსჭვალება.
სწორედ ამ ეპიზოდებში განსაკუთრებული სიზუსტით იკვეთება ნინელი ჭანკვეტაძისა და ირინა გიუნაშვილის სცენური პარტნიორობა. ისინი ერთმანეთის პარალელურად კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთის პერსონაჟებს ავითარებენ. ერთი მეორის რეპლიკას, პაუზას, დუმილსა და ემოციურ მდგომარეობას ბუნებრივად აგრძელებს. შემთხვევითი არ არის, რომ სპექტაკლის ყველაზე შინაარსობრივად დატვირთული და მსახიობური ოსტატობის თვალსაზრისით ყველაზე მრავალფენიანი ეპიზოდები სწორედ ნინელი ჭანკვეტაძისა და ირინა გიუნაშვილის პერსონაჟებს უკავშირდება. მათი ურთიერთობა მხოლოდ პარტნიორობა არ არის. ეს არის ორი განსხვავებული ბედის, ორი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ორი სამსახიობო ინდივიდუალობის ისეთი ზუსტი თანაარსებობა, რომელიც სპექტაკლის ემოციურ ბირთვს ქმნის.
მზია არაბული კი იმ იშვიათ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც კომიკურისა და ტრაგიკულის ერთმანეთში გადაზრდა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ. მის მიერ შექმნილი ტიპაჟები ზედაპირულ კომიკურ ეფექტზე არასოდეს არის აგებული. იუმორის მიღმა ყოველთვის იგრძნობა ცხოვრებისეული გამოცდილება, იმედგაცრუება, მარტოობა და გადარჩენის ინსტინქტი. ამიტომ მაყურებელი ერთსა და იმავე პერსონაჟზე შეიძლება ჯერ გულიანად იცინოდეს, რამდენიმე წუთში კი თანაგრძნობით შეხედოს. სწორედ ამ მრავალშრიანობაშია მსახიობის ოსტატობის მთავარი ღირსება.
სპექტაკლის ანსამბლურ მთლიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ: გია აბესალაშვილს, ეკა ანდრონიკაშვილს, გიორგი ჩაჩანიძესა და გუგა კახიანს (ამ უკანასკნელს პერიოდულად ბექა ჯუმუტია ენაცვლება). თითოეული მათგანი ქმნის მკვეთრად ინდივიდუალურ ტიპაჟს, თუმცა არასოდეს ცდილობს ყურადღების მხოლოდ საკუთარ თავზე გადატანას. პირიქით, მათი არსებობა სცენაზე მუდმივად პარტნიორობის კულტურას ემსახურება. ისინი უსმენენ ერთმანეთს, რეაგირებენ ერთმანეთის იმპულსებზე და სწორედ ამ ურთიერთქმედებიდან იბადება ის ბუნებრიობა, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსებაა.
გიორგი ჩაჩანიძე ამ ანსამბლის ორგანული ნაწილია. იგი თითოეულ ეპიზოდში ზუსტად გრძნობს როგორც რიტმს, ისე პარტნიორებს. მსახიობი თანმიმდევრულად მონაწილეობს, ხან თავად წარმართავს იმ საერთო ემოციურ ქსოვილს, რომელსაც გიორგი სიხარულიძე მთელი სპექტაკლის განმავლობაში ასე ფაქიზად და სკრუპულოზურობით ქსოვს.
„მწვანე ბარათის“ ყველაზე დიდი სამსახიობო ღირსება ის არის, რომ წარმოდგენაში ვერ იპოვით მსახიობს, რომელიც საკუთარ წარსულში შექმნილ ტიპაჟს იმეორებს. თითოეული მათგანი ახლებურ გამომსახველობით ფორმას ეძებს, განსხვავებულ ინტონაციას, განსხვავებულ რიტმს, განსხვავებულ პლასტიკას. სწორედ ამიტომ ანსამბლი ერთ მთლიან ორგანიზმად აღიქმება და არა ცალკეული წარმატებული როლების ერთობლიობად. ეს არის სპექტაკლი, სადაც მსახიობები არა მხოლოდ თავიანთ პროფესიულ ოსტატობას ავლენენ, არამედ აშკარად სიამოვნებას იღებენ ერთმანეთთან თამაშით. ეს განცდა კი დაუყოვნებლივ გადაეცემა მაყურებელს.
„მწვანე ბარათი“ არ ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, ღირს თუ არა ემიგრაციაში წასვლა. არც ვინმეს ამტყუნებს და არც ვინმეს ამართლებს. გიორგი სიხარულიძისა და ნინია სადღობელაშვილისთვის მთავარი სხვა რამ არის: თითოეული ისტორიის მიღმა ადამიანის დანახვა, რომლებიც ყოველდღე კარგავენ რაღაცას და ყოველდღე თავიდან სწავლობენ ცხოვრებას.
ბოლო დროს ქართულ თეატრში არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი შეიქმნა, მაგრამ იშვიათად მინახავს წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს ისე ცრემლს მოგვრის, აცინებს, აფიქრებს და ბოლოს ისეთი სიმსუბუქით აცილებს დარბაზიდან, როგორც „მწვანე ბარათი“.
ნიშანდობლივია, რომ სპექტაკლი იქ მთავრდება, სადაც იწყება. ირინა გიუნაშვილის გმირი, ნინო, კვლავ იმავე ზონგს ასრულებს, რომლითაც წარმოდგენა იწყება. წრე იკვრება, მაგრამ პრობლემა არ გვარდება. კრედიტები ისევ არსებობს, ბანკებიც ისევ არსებობენ, ემიგრაციაც ისევ ერთადერთ გამოსავლად მოჩანს. გიორგი სიხარულიძე და ნინია სადღობელაშვილი მაყურებელს არც ილუზიას უქმნიან, რომ უცხო ქვეყანაში წასვლა ყველა პრობლემას გადაწყვეტს და არც იმის იმედს აჩენენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქართველები საკუთარ სოციალურ თუ მენტალურ ჩიხებს მარტივად დააღწევენ თავს. ისინი არც ემიგრაციას აიდეალებენ და არც სამშობლოში დარჩენას წარმოაჩენენ ხსნად.
თუმცა, სწორედ აქ ვლინდება სპექტაკლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაში ბედნიერი ფინალი არ არსებობს, მაყურებელი თეატრს სასოწარკვეთილი არ ტოვებს. გიორგი სიხარულიძე ახერხებს, ჩვენს ყოველდღიურ სევდას იუმორისა და თვითირონიის პრიზმაში შეგვახედოს. ისეთი იუმორით, რომელიც პრობლემას არ ამსუბუქებს, მაგრამ მის ატანას გვასწავლის. ამიტომ „მწვანე ბარათი“ არც კომედიაა და არც ტრაგედია. ეს არის ძალიან ადამიანური ამბავი ადამიანებზე, რომლებიც ხშირად მარცხდებიან, მაგრამ საკუთარ თავზე გაღიმების უნარს მაინც არ კარგავენ. იქნებ სწორედ ეს იყოს გადარჩენის ყველაზე სარწმუნო ფორმაც.