მხოლოდ ღამემ...
მხოლოდ ღამემ...
ლელა ოჩიაური
„როცა ყველა ეს კოშმარი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!“
ბესიკ ხარანაული
რაც ხდება, არც ზმანებაა და არც ავი სიზმარი. არც არადაუჯერებელი ამბავია. არც ის შემთხვევაა, როდესაც თეატრში მისული ან დაბრუნებული, რეალობას ან ნანახს ივიწყებ.
გოგი მარგველაშვილის „ჰელვერის ღამე“ ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ინგმარ ვილკვისტის (იაროსლავ სვერჟიჩი) პიესაზე, ალბათ დღეს მეტი სიმწვავით აჟღერდა და ახალი „თვისებებიც“, შეიძინა, ვიდრე მაშინ შეიძლება ყოფილიყო, როდესაც შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო. სხვა კანონი ამოქმედდა. ან სხვა კანონზომიერება ჩაერთო. პრემიერა 18 თებერვალს გაიმართა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. რეპეტიციები საბრძოლო მოქმედებების დაწყების მოლოდინის პირობებში ტარდებოდა და ჩვენებები უკვე მიმდინარე ომის ფონზე გრძელდება. ომის, რომელმაც სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. რომელმაც სხვა აზრი შესძინა თეატრსაც, ყოფასაც, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც.
„ჰელვერის ღამეში“ ვხედავთ, თუ როგორ იბადება და ძლიერდება ძალადობა სამყაროში, რომელმაც დაუშვა მისი არსებობა და არ შეეწინააღმდეგა; როგორ შეიძლება, რომ ასეთ გარემოცვაში, ყველაზე უცოდველ, სუფთა ადამიანსაც კი, მოძალადედ ქცევის საფრთხე დაემუქროს; როგორ შეიძლება ადამიანით მანიპულირება და მასზე ძალადობა; როგორ და რამხელა მსხვერპლის ფასად შეიძლება დაუპირისპირდე და შეეწინააღმდეგო მოძალადეებსა და სიბნელეს, არ დაუშვა მათი განზრახვა და „ნების ტრიუმფი“ და როგორ შეიძლება ამ ორთაბრძოლაში გაიმარჯვო.
აქ არაფერი უნდა გამოგეპაროს. ყურადღებით უნდა იყო, ყველაფერს თვალი დაძაბულმა უნდა ადევნო. აუცილებლად. ვითარებაც ასეთია, განცდაც და მოცემულობაც. უნდა „ჩასაფრდე“, რამე რომ არ გამოგრჩეს, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ფრაზა, ჟესტი, ინტონაცია, გამომეტყველება თუ მზერის მიმართულება. არც ერთი ნაბიჯი.
ნაბიჯი აქ ბევრია. სხვადასხვა ხასიათის, მდგომარეობის, გრძნობის, დამოკიდებულების, ამბის, მოვლენის გამომხატველი. მზერაც და ემოციაც ბევრია. დამოკიდებულებისა და შეგრძნებების ცვალებადობაც. მოვლენისა და საქციელის შეფასებისაც. როგორც შინაგანი, ასევე გარედან. დეტალების დამუშავებითა და ნიუანსების ერთიანობის ინტენსიური გამოყენებით. საფიქრალი და შესაფასებელი - უფრო მეტია. არჩევანია გასაკეთებელი.
მოქმედების მიმდინარეობა და ცვლილება არათანაბარია. მაყურებელიც იგივე რიტმს მიჰყვება, რომლითაც ამბავი ვითარდება და რომელსაც მსახიობები - ირინა მეღვინეთუხუცესი - კლარა და ბექა მეძმარიაშვილი - ჰელვერი - ქმნიან, იყენებენ, გრძნობენ, განიცდიან და ამჟღავნებენ.
მით უმეტეს, მაყურებელი იქვე ზის. სცენაზე. მოვლენებისა და მოქმედების ეპიცენტრში. მათთან, მათ ბინაში, მათი ცხოვრების ერთი ღამის მომსწრეა, თუმცა არა იმდენად თანამონაწილე, რამდენადაც ახლოდან დამკვირვებელი. ვერ „შინაურდება“. ცხოვრებისა და ურთიერთობის უტყვი მომსწრე. სცენას სამი მხრიდან გარშემორტყმულს, „მთავარი“ ტერიტორიიდან (მოქმედების ადგილიდან) მხოლოდ იატაკზე დაკრული ქაღალდის თეთრი ზოლები აშორებს. და ისიც, პირობითად. გამყოფი ხაზი არ არსებობს, არც ადგილთან, არც დროში, არც ამბისგან. პერსონაჟებისგან - განსაკუთრებით. ასეთ შემთხვევაში ვერავინ ინარჩუნებს სიმშვიდეს. მოდუნებისა და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება არაა. აღარც რაიმეს შეჩერება და შეცვლა შეიძლება. ბევრი მიზეზით.
სცენა - ოთახი - მოქმედების ადგილი - რომელშიც მთელი ცხოვრება და სამყაროა გაერთიანებული. და რომელშიც თითქოს და სიმყუდროვეა. სადაც სუსტი განათებაა და სიბნელეც. სადღაც სხვა ოთახებიცაა, სხვა სათავსოები, მაგრამ ისინი არ ჩანს. აქაურობა სავსეა და ინტენსიურად დატვირთული. თუმცა ჰაერითა და სივრცით სავსე. ყოფის ყოველდღიური „საჭირო“ ნივთებითა და ავეჯით. სცენოგრაფ შოთა ბაგალიშვილის დეკორაცია, კოსტუმები და რეკვიზიტი სპექტაკლის კონცეფციისა და იდეის მეტყველი ვიზუალური და „მატერიალური“ გამომსახველია. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. დატვირთვა და ურთიერთკავშირი. ზოგი წარსულს აკავშირებს აწმყოსა და ადამიანებთან. ზოგი - პერსონაჟებს ერთმანეთს. ზოგი მათ წარმოშობას ან ინტერესებს გამოხატავს. ზოგი მიზეზებსა და საფუძველს განაპირობებს.
ყველა ელემენტს დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. თითოეული ცალ-ცალკე და ერთად ქმნიან - საშუალო ფენის ოჯახის საცხოვრებლის/საზოგადოების (შესაძლოა, პოლონეთში, ან გერმანიაში, ან სადღაც სხვაგან - ევროპაში, ფაშიზმისა თუ ბოლშევიზმის, ან იქნებ სულაც, თანამედროვე ტოტალიტარულ სახელმწიფოში), ეპოქის (დაუკონკრეტებელს, თუმცა XX საუკუნის 30-იანი წლების) ნიშნებსა და ხასიათს.
აქ, ამ ბინაში მოხვედრა სცენის უკანა კედლის ზედა რეგისტრის ხიდიდან, გადასავლელიდან და კიბით შეიძლება, როგორც თავშესაფარში, თავდაცვით ბუნკერში. უწესრიგოდ აწყვია და ნივთების სიმრავლის მიუხედავად, არაფერია გამოუყენებელი და აზრსმოკლებული- სკივრი, კარადა, მაგიდა, ვენური სკამები, ტუმბოები, სპილენძის ტაშტი, ემალის ლურჯი ბიდონი, ჭაღი, სათამაშო ცხენი, ჭრელი სუფრა, მაქმანებიანი თეთრი გადასაფარებელი, საპურე, მინისა და თიხის ჭურჭელი, სამშვენისები, სათვალე, კეპი, სამხედრო კიტელი, ლაბადა, ჯარისკაცის ჩექმები, კბილის სახეხი ფხვნილი და ჯაგრისები, კარადის ქვეშ ერთმანეთზე შემოწყობილი ფიბრის ჩემოდნები; იატაკზე - გაცვეთილი, გახუნებული ხალიჩა; ზურგჩანთა, კანფეტების ძველი ლითონის ყვითელი ყუთი - წამლებისთვის და შავი - საბუთებისა და ფოტოების შესანახად (ეს პატარა კოლოფები მყუდროებისა და სითბოს იდეას უნდა ასახიერებდნენ, ისევე, როგორც სკივრი, რომელიც კარლას მთელ ცხოვრებას „ინახავს“ და საიდუმლოს მალავს - საგულდაგულოდ შენახულ თუ გადამალულ მენორას, რომელსაც ქალი მხოლოდ ფინალში იღებს და ანთებულ სანთლებს უმაგრებს); კალის ჯარისკაცები - „უწყინარი“ სათამაშოები, რომლებსაც ჰელვერი კარლასთან პირველი შეხვედრის დღიდან აგროვებს, უკვე ავბედით შეფერილობას იძენენ. სხვაგვარად „თამაშდებიან“ ახალ რეალობაში და ომის ზღურბლზე.
მოქმედ გმირებთან ერთად სცენის სიბრტყეზე მოქცეული მაყურებელი კაცობრიობის იმ ისტორი(ებ)ისა და დღევანდელობის მონაწილე და გამზიარებელია, ამბების, რომლებიც ომის, ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური და ფიზიკური ტერორის, ძალადობის, სისასტიკის, სიკვდილის, მორალური სიმტკიცისა და სიმამაცის ხსოვნითა და დღევანდელობის ფიზიკური შეგრძნებით, ხვალინდელი დღის იმედის (ან, იქნებ, სიკვდილზე გამარჯვებისაც) გამაბრუებელი სურნელითაა გაჟღენთილი.
კლარა და ჰელვერი. დედობილი და შვილობილი. ქალი, რომელმაც წლებს წინ, საკუთარი ახალდაბადებული, ფიზიკურნაკლიანი შვილი მიატოვა და ვეღარნაპოვნი გოგოს ნაცვლად პატარა ბიჭი იშვილა. მისგან ოდესღაც ქმარიც წავიდა (რომელიც მხოლოდ მოგონებებსა და ფოტოებზე შემორჩა, ოდესღაც ბედნიერი ცხოვრებისა და ჩადენილი შეცდომის მუდამ შეხსენების ნიშნად) და კლარა მარტო დარჩა ჰელვერთან.
ინგმარ ვილკვისტთან ჰელვერი - 30 წლის, საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩასუქებულია. კლარა - მასზე ოდნავ უფროსი და უფრო მაღალი. შავგვრემანი.
გოგი მარგველაშვილთან ბექა მეძმარიაშვილის ჰელვერი - სიმპათიური, მაღალი, მოხდენილი, 25-იოდე წლის ახალგაზრდა კაცია. ბავშვური სახითა და კეთილი გამომეტყველებით. თვალთ აკლია და სათვალეს ატარებს. რაც კიდევ ამძაფრებს მისი დაუცველობის ეფექტს. არც ჩასუქებულია და არც გონებრივად განუვითარებელი (როგორც მიღებულია ამ პიესის დადგმების შემთხვევაში და მინიშნებულია პიესაში). უფრო გაუწონასწორებელი, გულუბრყვილო, დაბნეული, არამყარი ფსიქიკის, ინფანტილური, საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი შეიძლება ითქვას. ბევრი ახალგაზრდის მსგავსი. ყველა დროში და საზოგადოებაში რომ არსებობენ. ისევე, როგორც კარლას ტიპის ქალები - ხშირად და ბევრგან.
ირინა მეღვინეთუხუცესის კლარა - ლამაზი, შავგვრემანი ქალი - ჰელვერზე საკმაოდ უფროსია (როგორიც შეიძლება ნამდვილი დედა იყოს და არის კიდეც დედა). მისი ცხოვრება შვილობილზე ზრუნვაში, წარსულის დავიწყების ამაო მცდელობასა და უკვე მომავალზე სასოწარკვეთილ ფიქრში გადის. ნერვულ დაძაბულობასა და სტრესულ გარემოში.
მოვლენათა ჯაჭვი ჩაკეტილ და გამოუვალ სივრცეში, ერთი, ალბათ ყველაზე გრძელი და უკუნი ღამის განმავლობაში იკვრება. და იშლება. ყველაფერი ერთ ღამეში ხდება. (ფინალურ სცენასა და მოკლე ტექსტურ ფლეშბექს თუ გამოვრიცხავთ). ამბავი, რომელიც არა ერთ მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს, პირდაპირ თუ მეტაფორულად, ნიშნებითა და მინიშნებებით, ნახევარტონებითა და ინტენსიური პირობითობით. და იმით, რაც ბოლომდე უთქმელი და გაუმჟღავნებელი რჩება. და იმითაც, რაც პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშეა ნაჩვენები.
დასაწყისში განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ღამდება და დედა შვილს ელოდება, რომელსაც სახლში დაბრუნება შეაგვიანდა. უნდა ივახშმონ, როგორც ყოველ საღამოს (ასეც იქნებოდა, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ყოველთვის. შფოთიანი დროა) და ისიც ბრუნდება. სხვანაირი. გარდასახული. ახალი, არეული ცხოვრების ნაკადი შემოაქვს. ახალი წესრიგის. ახალი საზოგადოების. აფორიაქებულია. მარშირებს. მწყობრი ნაბიჯით დადის და კლარასაც აიძულებს, მას მიბაძოს. შემდეგ აიძულებს, იცეკვოს. ივარჯიშოს. ასე და ასე მოიქცეს. ესა და ეს თქვას... განწყობა, ხასიათი ეცვლება. მასთან ერთად იცვლება და სხვაფერდება კლარაც.
ჰელვერი იმ ამბებს ჰყვება, რაც ქუჩაში - ქალაქში ვითარდება. ძალადობისა და დარბევის, მკვლელობისა და დევნის ამბებს. აფასებს. თავისებურად. მერყეობს. მოწოდებებს იმეორებს. დროშას აფრიალებს. (ნაცისტურ წითელ დროშას, ბრიტანელი ფაშისტების, ნაციონალ-სოციალისტების კავშირის მსგავსი სიმბოლიკით), რომელიც გილბერტმა (ახალი პარტიის ლიდერმა და იდეურმა ხელმძღვანელმა) აჩუქა. შემდეგ, მოგვიანებით, როდესაც მოვლენები ახალ ფაზაში გადადიან და უფრო და უფრო ბნელდება, მონათხრობი სხვაგვარად ისმის. ბრბო სხვაგვარად იქცევა. გილბერტი და მისი მიმდევრები ძალადობისა და მკვლელობის, ანგარიშსწორების, წამების წრეს თან ზრდიან და თან ავიწროებენ. ვითარება იცვლება და ჰელვერიცა და კლარაც კვლავ იცვლებიან.
დროდადრო, თითქოს ამ მონათხრობისა და რეალობის დასტურად, საიდანღაც გარედან მსხვრევის, ღრიანცელის ხმები ისმის. ბრბოს ავისმომასწავებელი გუგუნი და არა ქუჩის ჩვეულებრივი, ყოველდღიური ხმაური. ასე გრძელდება ბოლომდე და უფრო და უფრო ინტენსიურად. უხილავი, დამანგრეველი გარესამყაროს, მყიფე „რეალობის“ მძაფრი შეგრძნება კლარასა და ჰელვერის საცხოვრებელში ღამის სიბნელესავით იჭრება.
აქამდე ისინი ცხოვრობდნენ სახლში (რომელიც წინაპრების კვალსა და ისტორიის ნიშნებს ატარებს და ინახავს), საზოგადოებაში, რომელიც პიროვნული და პირადი შეცდომების, ყოველდღიური სიხარულისა და განცდის, ჩვეულებრივი „ადამიანური“ პრობლემების დინებას მიჰყვებოდა, როგორც ყველა დროში და „ჩვეულებრივად“. ახლა კი აღმოჩნდნენ ქვეყანაში, რომელიც ნგრევასა და დაშლას იწყებს. ქალაქში, რომელსაც წვავენ, ლეწავენ, ანადგურებენ და საიდანაც გამოსავალი არაა. არც გასასვლელი. გასაქცევი. სადაც ჩვეულებრივად უკვე აღარაფერი და ვეღარ იქნება. ღამეა და წყვდიადი. ეს ღამე ყველაფერს ცვლის. სამყაროშიც, საზოგადოებისთვისაც და კარლასა და ჰელვერისთვისაც.
ჰელვერი აუცილებლად იქნება გილბერტის მსხვერპლი - როგორც გულუბრყვილო, სუსტი, ემოციური და ახალგაზრდული რადიკალიზმით შთაგონებული. მისი იდეების მიმდევარი - მოძალადე, სასტიკი და ბრბოს ნაწილი. ან პირიქით, სისუფთავე და კეთილი ბუნება, უსუსურობა და დაუცველობა აქცევენ მსხვერპლად, როგორც არამათნაირსა და უმართავს, როდესაც ეიფორია გაივლის. როდესაც რეალობას აღიქვამს. და რადგან კლარა ამას ხედავს და იცის, რაც მოხდება, როდესაც გადარჩენის ერთადერთი გზაც ჩიხი აღმოჩნდება,ყველაფერს აკეთებს შვილის არა ფიზიკურად, არამედ, უკვე სულიერად და მორალურად გადასარჩენად. (როგორი გაუმართლებელი, წარმოუდგენელი და ულმობელიც შეიძლება ჩანდეს არჩევანი და გადაწყვეტილება). ეს მისი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა.
ირინა მეღვინეთუხუცესი და ბექა მეძმარიაშვილი პერსონაჟების სახეებს, თვისებებს, გრძნობათა ბუნებას გარდასახვების, შინაგანი ცვლილებების რთული პროცესის გავლით ქმნიან. ისინი არასდროს არიან ერთნაირი და ერთგვარი.
ჰელვერი აგრესიულად, ძალადობრივად, ისტერიულად იქცევა. ერევა და ჯაბნის კლარას. შემდეგ კლარას ღალატობს თავშეკავება, შინაგანი ძალა ელევა და მომთხოვნი და მოძალადე ხდება. თრგუნავს და აშინებს ჰელვერს და ჰელვერიც რბილდება, ფრთხება და უსუსურდება.
შემდეგ კი, ჯერ კიდევ ფინალურ სცენამდე, როდესაც ყველაფერი უკვე თითქოს მომხდარია - მთავარი წამი - დაფარულის გამომჟღავნების დროც დგება. რაც რეალურად აახლოებს და ერთმანეთს აღმოაჩენინებს ჰელვერსა და კლარას.
დახვეწილი, სუფთად დამუშავებული, უმცირესი დეტალებით აწყობილი სისტემა, ქმედითი მხატვრული ფორმები და ზომიერი და გარეეფექტებს მოკლებული სტილისტიკა, კიდევ ახალი წახნაგებითა და ფენებით იტვირთება თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა, ნათელი და თვალსაჩინო. ყველაფერი გახსნილია. მაგრამ ყველა საიდუმლო მხოლოდ ღამემ იცის. წარსულიდანაც, აწმყოშიც და ისიც, თუ ხვალ ან ამ ღამესვე რა იქნება.
ინგმარ ვილკვისტის პიესაში, ყველა დეტალი, ყველა მოძრაობა, ყველა ელემენტი, რეკვიზიტის ჩამონათვალი, დახასიათება თუ მუსიკის შემოსვლის ადგილი და ხანგრძლივობა - განსაზღვრული და მითითებულია. ასეთივე სიზუსტითაა განსაზღვრული და აღწერილი ფინალი.
გოგი მარგველაშვილი თითქოს მიჰყვება და ითვალისწინებს პიესის მსვლელობასა და სტრუქტურას, მაგრამ თავისი კორექტივები შეაქვს, გარდასახვები და ცვლილებები. ცვლის მოვლენების განვითარების ხასიათს. მიმართულებსაც და პოზიციასაც. ცვლის და გარდაქმნის მთავარს და თან არაერთაზროვნად ასრულებს სპექტაკლს. პირადად მას ყოველთვის მყარი და ზუსტად გამოკვეთილი სათქმელი და დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ასევე ყოველთვის ქმნის პირობას, „ეთამაშება“ მაყურებელს და აძლევს შანსს - იფიქროს, განსაჯოს, შეაფასოს და დაასკვნას. საიდუმლოებებით სავსე ყუთები აქვს „გადანახული“. შემდეგი ფსკერი მაშინ იხსნება, ახალი სიღრმეები მაშინ ჩნდება, როდესაც აღარ ელოდები. ხან რა ფეთქდება და ხან რა. ამიტომ ფრთხილად უნდა იარო ამ დანაღმულ ველებზე.
პიესა კარლასა და ჰელვერის სახლში ბრბოს შევარდნით, დარბევით, ყველაფრის დალეწვით და ძალადობის სცენით სრულდება. სპექტაკლში ისევ მხოლოდ ხმაური ისმის. მოახლოებული ხმაური. შემდეგ სიჩუმეა და მატარებლის ხმა, რომელსაც კარლა ურიკაზე დაწყობილი ბარგითა და ნივთებით „მიჰყვება“. ხმა, რომელიც მოულოდნელად ტრადიციული ებრაული რიტუალური სიმღერის „შალომ ალეიხემ“ მელოდიაში გადადის. (მუსიკალური გამფორმებელი - გოგი მარგველაშვილი). ეს სიმღერა - ანგელოზების მისალმება, მოხმობა და მფარველობისა და მშვიდობის მარადიული და უწყვეტი თხოვნაა. მის ტაქტს აყოლილი, ბარბაცითა და გაუბედავად მოცეკვავე, თითქოს მოფარფატე, გაბრუებული კარლა ბრუნდება, თითქმის სიბნელეში, მაგრამ არა ავანსცენასა თუ ახლოს მაყურებელთან, არა საკუთარ სახლში, არამედ სხვა სიბრტყეზე, სხვა სივრცეში და სხვაგან. სუსტად განათებულ, სცენის უკანა, ამჯერად თეთრ კედელს უახლოვდება და ხელებაღმართული, ვედრების პოზაში დგება. ბრუნდება, როგორც გოდების - სალოცავ, იმედისა და რწმენის - კედელთან.
ის, რაც მანამდე „ჩვეულებრივი“ აგურის, ლურჯად განათებული კედელი იყო და სცენისა და დეკორაციის ბუნებრივი ნაწილი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა მზერის არეში ხვდება. ახალ მნიშვნელობას, შინაარსსა და ფუნქციას იძენს და ახალ მიმართულებას, დატვირთვას აძლევს ისტორიასაც. და აწმყოსაც.
ინგმარ ვილკვისტი ასე ასრულებს პიესას - მუსიკა აცილებს მაყურებელს, რომელიც დარბაზს ტოვებს, მისდევს ფოიეში, გასახდელში და კიდევ დიდხანს, თეატრიდან გასვლის შემდეგაც ისმის ქუჩაში დინამიკებიდან.
გოგი მარგველაშვილის „ჰელვერის ღამეში“ მსგავსი არაფერი ხდება. სპექტაკლის მუსიკა სპექტაკლის დასრულებასთან ერთად სრულდება. მაგრამ აი, თვითონ სპექტაკლი და ჰელვერისა და კლარას სახეები, მათი ამბავი კი კიდევ დიდხანს მიჰყვება მაყურებელს. აფიქრებს, აღელვებს, თავს ახსენებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამარჯვების რწმენასა და იმედს აძლევს.