top of page

მზეთუნახავი სპილოს ძვლის კოშკიდან

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258516747_4249027345227011_1985929287967101429_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

მზეთუნახავი სპილოს ძვლის კოშკიდან

 

ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერი“ გენიალური ნორვეგიელი დრამატურგის  შედევრია. ამ ფართომასშტაბიანი ფილოსოფიური პიესის ცენტრალური პერსონაჟი, თეატრის ისტორიაში სამართლიანადაა მიჩნეული ერთ-ერთ ყველაზე ენიგმატურ, დიდ დრამატულ როლად. ჰედას ადარებენ ჰამლეტს, მედეას, იაგოს, ყინულის  დედოფალს, შუა საუკუნეების ზღაპრებიდან შემორჩენილ პრინცესას, მებრძოლს ცხოვრების იმ დახავსებული ყოფის წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდება ინდივიდუალიზმის გამოვლენას, თავისუფლებისაკენ ლტოლვას. ეს ამბივალენტური პიესა ცხოვრების არსისა და ადამიანურ ურთიერთობათა ამსახველი შავი იუმორიცაა. ბევრი ჰედას მსხვერპლად მიიჩნევს, სხვები ხაზს უსვამენ მის ქედმაღლობას, ფიქრობენ, რომ მას ისეთივე მცირე კონტაქტი აქვს გარესამყაროსთან, როგორც სასახლეში გამოკეტილ მზეთუნახავს; ზოგისთვის ჰედა სილამაზის ტრფიალი, მიუღებელი სინამდვილით განხიბლული, დაღლილი ნიჰილისტია, ზოგისთვის მეამბოხეა. თითოეულ მათგანს ჰედა ჰგავს და არც ჰგავს...  ამ პრინცესას, დედოფალსა თუ ამორძალს თავდავიწყებით შეუყვარდა მასავით გავლენიანი ოჯახის მომხიბვლელი, პიროვნული ღირსებებით გამორჩეული, იმედის მომცემ მეცნიერად სახელდებული მზეჭაბუკი, მაგრამ პრინცი ყალბი აღმოჩნდა. იგი ზღვარგადასული ბოჰემური ცხოვრების ტრფიალი, საროსკიპოს ხშირი სტუმარი, წითელთმიანი მომღერალი  მეძავის საყვარელი იყო და ჰედამ არავის გაუყო თავისი სიყვარული, არ აპატია უსასრულო ღალატი და ჭუჭყი. მოურჯულებელი უფლისწული მან დამბაჩით მოიშორა, თუმცა ვერ დაივიწყა.  გულიდან მისი მოკვეთა მხოლოდ ტყვიით აღმოჩნდა  შესაძლებელი.

        

ქალი-პროტაგონისტისათვის განკუთვნილი ჰედას დიდებული როლი თითქმის  ტრაგიკული განცდის კაშკაშა მსახიობს ითხოვს სცენაზე, რომელსაც სიღრმისეულად აქვს გაცნობიერებული ამ არაპრაქტიკული, თავისუფლებისმოყვარე არისტოკრატი ქალბატონის, დიდი და ძველი ეპოქის უკანასკნელი მოჰიკანის სულიერი ტრაგედია. მსახიობს უნდა უყვარდეს ჰედა ისე, როგორც თავად ჰედას შეუძლია სიყვარული, რომ განიცადოს მისი მოუშუშებელი ჭრილობები, რომელთანაც უშედეგოდ ცდილობს გამკლავებას, მის ოსტატურად დაფარვას.

     

XX საუკუნის დასაწყისში ვალერიან გუნიამ თარგმნა იბსენის ეს მშვენიერი პიესა, სავარაუდოდ ქართული ტრაგედიული თეატრის დედოფლის - ნუცა (ნინო) ჩხეიძისათვის. 50-იან წლებში „ჰედა გაბლერი“  დადგა  შალვა გაწერელიამ თეატრალურ ინსტიტუტში, ხოლო 2015 წელს  ახალგაზრდა რეჟისორმა თამარ გომართელმა წარმოადგინა მუსიკისა და დრამის თეატრში (ჰედა გაბლერი - სალომე ჭულუხაძე, იორგენ ტესმანი - შაკო მირიანაშვილი, ასესორი ბრაკი - ზაალ ჩიქობავა, აილერტ ლევბორგი - ჯ. სხირტლაძე).

        

იბსენის სახელოვანი „ჰედა გაბლერი“ ამჯერად რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გამოჩნდა. პიესით კვლავაც  ახალგაზრდა რეჟისორი დაინტერესდა. თამარ (თათა) პოპიაშვილმა   მონუმენტური დრამისაგან თამამად შეთხზული ლაკონური ვერსია, ანუ დრამა ერთ მოქმედებად წარმოადგინა (პიესის ახალი თარგმანი ეკუთვნის გურამ ღონღაძეს,   მუსიკალური გაფორმება  თამარ (თათა) პოპიაშვილის). რეჟისორმა სპექტაკლის მთელ ვიზუალურსა თუ ვერბალურ პარტიტურაში გამოკვეთა პიესის მთავარი, ავტორისეული გრძნობათა ბუნება, მისი იდეის ძირითადი გზავნილი, პერსონაჟთა ხასიათები, ძველი ეპოქის ღირებულებათა სახეცვლილება და იბსენისეული დრამებისთვის ნიშანდობლივი სიმბოლური ნიშანი.

         

სპექტაკლის ექსპოზიციურ ნაწილში ავანსცენისკენ ფეხაკრეფით მოემართება  დარეჯან ხარშილაძის მიერ განსახიერებული ქალბატონი იულიანა ტესმანი,  იორგენ ტესმანის მზრუნველი მამიდა. იგი შვილივით აღზრდილი  ძმისშვილის, ახალგაზრდა მეცნიერის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და არაფერს იშურებს მისი ბედნიერების, კარიერული წინსვლის, უზრუნველი ყოფისთვის. მისი შემოსვლა გროტესკულია. მსახიობი გამოირჩევა  

იერარქიულ კიბეზე აცოცების მოსურნე  მეშჩანის  გააზრებულად გამოკვეთილი გამომსახველობითი ხერხებით. თითქმის შარჟირებული პროვინციელი ქალის ძველმოდური ჩაცმულობა, ტანსაცმლის უზარმაზარ გროვას წააგავს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დიდი გაჭირვებით შემდგარ საბრალო ქალს, განუზრახავს მოინახულოს  ხანგრძლივი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებული ძმისშვილი, თან ესწრაფვის თავისი ახალი მორთულობითაც გამოიჩინოს თავი მომაჯადოებელი ახალგაზრდა ქალბატონის წინაშე.  საგანგებოდ გამოწყობილი, ჭარბი მაკიაჟით ლამის მოთხუპნული ხანდაზმული ქალბატონი, ცდილობს მზეთუნახავ რძალს მისი ახლადშეძენილი, ძვირადღირებული ქუდითაც მოაწონოს თავი, რომელიც თავზე შავად დაზვინულ უზარმაზარ ბეწვის გორგალს წააგავს. დარეჯან ხარშილაძის იულიანა ტესმანი დიდი ხნის უნახავ ახალდაქორწინებულებს სუნთქვაშეკრული ელის სასტუმრო ოთახში, თან ცდილობს ცალი თვალით შეიჭყიტოს მათ საძინებელშიც. ამ დროს, მამიდის წინაშე  სახელდახელოდ ამოცმულ შარვალზე აჭიმების სწორებით წარდგება იორგენ ტესმანი, ბაჩო ჩაჩიბაიას შესრულებით. იგი საშუალო სიმაღლის სათვალიანი, მოკრძალებული ნიჭის მქონე მეცნიერია და უსაზღვროდ ბედნიერი ჩანს, რომ უხვი თაყვანისმცემლებით გამორჩეულმა, ყველასათვის სასურველმა ჰედამ, სწორედ მასზე შეაჩერა არჩევანი, მისი მეუღლე გახდა და თავისი გადაწყვეტილებით ყველა გააოცა.

     

ბაჩო ჩაჩიბაია მკვეთრი ფერებით წარმოგვიდგენს იორგენ ტესმანის ზღვარგადასულ სიხარულს. მაღალი ტემბრითა და  მკაფიო მეტყველებით გამორჩეულ მსახიობს, სიამაყისაგან ენა ებმის, დაბნეულია, ცხადად ავლენს მის ეიფორიულ მდგომარეობას. მოულოდნელად, სცენის მარჯვენა მხრიდან დიდი ჭავლით შემოჭრილ სინათლეს მოჰყვება თავად ჰედა. ია სუხიტაშვილის ფეხშიშველი,  თეთრ საღამურში მოლივლივე არსება მზის სხივს, არაამქვეყნიერ ნათებას, ზღვის ქაფიდან გადმოსულ აფროდიტეს ჰგავს. მართლაც ულამაზესი მიზანსცენა იშლება სცენაზე. მის დანახვაზე სიამოვნებისა და ჟრუანტელის მომგვრელი უცნაური გრძნობით მონუსხულ ბაჩო ჩაჩიბაიას იორგენ ტესმანს მუხლებიც უკანკალებს. მსახიობი ღიად თამაშობს ჰედას სილამაზით აღტაცებას,  გაოგნებას. იგი სპექტაკლის შუა ნაწილამდე მონუსხულია ქალის დიდებული გარეგნობით, უჩვეულო ქორწინებით. უცებ, არაამქვეყნიური სილამაზის ჰედა, უსაზღვროდ ყოფითი იულიანა ტესმანის გვერდით აღმოჩნდება და ცხადად იკვეთება მათი სოციალური წარმომავლობისა თუ ღირებულებათა მარადიული კონტრასტიცა და დაუძლეველი კონფლიქტიც. ჰედას დაცინვით ნირწამხდარი, შეურაცხყოფილი მამიდა, გულსაკლავი ქვითინით ტოვებს სცენას.

      

ია სუხიტაშვილის ჰედა ხანგრძლივი საქორწინო მოგზაურობიდან დაღლილი, მოწყენილი, იმედგაცრუებული ბრუნდება მისთვის საოცნებო სასახლეში, რომელიც ამჯერად ძალზე ბანალური და შეცვლილი ეჩვენება. მხატვარ ბარბარა ასლამაზის მიერ მინიმალისტური დეკორაციით წარმოდგენილი სპექტაკლის სცენოგრაფია, ზედმიწევნით ასახავს ახალგაზრდა ქალბატონის სულიერ მდგომარეობას.  მაღალი, მოშიშვლებული თეთრი კედლები და სასტუმრო ოთახის ცარიელი, გაშლილი სივრცე, სადაც მხოლოდ აქა-იქ მოჩანს ყვავილები, წიგნები და კუბები, ჰედას სატუსაღოდ ეჩვენება. თავბრუდამხვევი სილამაზის მქონე თავნება ახალგაზრდა ქალბატონი უკმაყოფილოა. სახელოვანი  გენერლის სრულქმნილი ასული აშკარად ხაფანგშია. მისი ქმარი არასდროს უყვარდა. ის უკვე აცნობიერებს, რომ თავისი უეცარი, უცნაური ამბოხით სამსხვერპლოზე მიიტანა თავისი ქალური ბედნიერება, ამიტომაც დაბნეულია, ცინიკური, ყინულივით ცივი, დაუცველი. მსახიობი არტისტული ხიბლით, ტაქტით თამაშობს მისი მხატვრული გმირის თავშეკავებულ ტრაგიზმს, რაც სახიერი პლასტიკით გამოსახა შინაგან დრამატიზმთან ერთად.  ია სუხიტაშვილის მიერ განსახიერებული ჰედა, თითქმის მთელი სპექტაკლის მანძილზე არ ამჟღავნებს მიუღებელ რეალობაში დაბრუნების სურვილს. ის თითქოს ძილ-ღვიძილში მყოფ არსებას წააგავს, ოცნებობს მის გვერდით ვინმე სხვაზე, მესამეზე, - მასზე. უმწეოდ იბრძვის გათავისუფლდეს იმ ქსელისგან, უნებურად რომ გააბა და თავადვე გაიხლართა.

        

იამზე სუხიტაშვილის გარეგნობა, ქალური მომხიბვლელობა, სახისმეტყველება, თავდაჭერა, ორგანულად ეწყობა ჰედა გაბლერის იერსახისა თუ ხასიათის მთავარ კონტურს. მსახიობი თამაშობს ბუნებრივად, ლაღად და თითქმის დამაჯერებლადაც. მისი მშვენიერი გარეგნობის, ქალური სინატიფით გამორჩეულ, ჰაეროვანსა და გრაციოზულ მხატვრულ  გმირს თან სდევს მომაკვდინებელი სევდა, მაგრამ დროდადრო თითქოს შორდება და უცხოვდება კიდეც მისგან. ბუნებრივია არც რეჟისორის ნამუშევარია უნაკლო. რუსთაველის თეატრის დიდ, გაშლილ სივრცეს მიჩვეულ მსახიობთა ნაწილს, ზღუდავს თეატრის ციცქნა  ექსპერიმენტული  სცენა. ეს ფაქტიც შესამჩნევია მათ სასცენო მოძრაობასა თუ გაჟღერებულ სიტყვაში.  შეუძლებელია არ აღინიშნოს ამ ფართომასშტაბიანი ფილოსოფიურ-ენიგმატური პიესის არსში წვდომის სირთულეცა და კარგად მივიწყებული ეპოქის ფასეულობათა გამოსახვისას სპექტაკლის დამდგმელი გუნდის მიერ ორგანიზებული ორიგინალური მიზანსცენებიც.

         

ქალაქში მოულოდნელად ჰედას ძველი სიყვარული ჩამოდის. ეილერტ ლევბორგის ხელახალი გამოჩენა სრულ არეულობაში აგდებს ახალგაზრდა ქალბატონს. კიდევ უფრო თავზარდამცემია ის ფაქტი, რომ ეილერტ ლევბორგი ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუბრუნდა ჰედასათვის ყველაზე საძულველი თანაკლასელი თეა ელვსტედის დახმარებით და თავისი მეცნიერული გამოკვლევებით ხმაურიან წარმატებას მიაღწია.

            

მსახიობ ლაშა  ჯუხარაშვილის მიერ განსახიერებული ლევბორგის პირველი  სტუმრობა ტესმანების ოჯახში ნათელს ჰფენს ყოფილ შეყვარებულთა სულიერ განწყობას. კარის ჭრილში ჩამდგარი, სცენური მომხიბვლელობით გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობი უტრირებით თამაშობს ლევბორგის სულიერ ტკივილს, დიდ სინანულსა და პროტესტს ჰედას მოულოდნელი ღალატის გამო. მიუხედავად ამისა, იამზე სუხიტაშვილის ჰედასა და  ლაშა  ჯუხარაშვილის ლევბორგის შეხვედრა ემოციით, დაუძლეველი ლტოლვით, სინაზით გამოირჩევა. ერთმანეთს ჩაკონებული მსახიობები სცენაზე ქმნიან შეყვარებულ წყვილთა სრულქმნილ სახეებს და ჰედა, გაჭირვებით ახერხებს სძლიოს  მოჭარბებული გრძნობები,  მძაფრად აშლილი სინანული.

          

ჰედა გაბლერისათვის გაუსაძლისია თეათი მისი ჩანაცვლება. ლელა ახალაიას მიერ განსახიერებული ძველმოდურად გამოწყობილი, დათრგუნული ახალგაზრდა ქალი, სრული ანტიპოდია ძალაუფლებისმოყვარე, უჩვეულო  სილამაზით ელვარე ჰედა გაბლერის. შემპარავი აგრესიით აღბეჭდილი ნატიფი მანერების დიდებული მასპინძელი ქალბატონით შემცბარი თეა, თამაშობს ფრთხილ,  მიზანდასახულ არსებას, რომელიც საჭირო მომენტში მზადაა უხვად წარმოაჩინოს მთელი თავისი დაფარული რესურსი. მსახიობი მისი სცენური სახის კონტურებს გამოსახავს მშვიდი, აუღელვებელი მანერით, შინაგანი კულტურით, თანმიმდევრულად. იგი სიმართლითა და გულწრფელობით გამოკვეთს თავისი არცთუ უნიჭო გმირის პორტრეტს. მას გაცნობიერებული აქვს ჰედას განწყობა მისდამი, მაგრამ ცდილობს გადალახოს ყველა წინააღმდეგობა. საკუთარი თავმოყვარეობის იგნორირებით წვეული, მოახლის იმიჯის მქონე ლელა ახალაიას თეა, კედელს აკრული ცახცახებს თავდასხმის მოლოდინში. მიუხედავად ამისა, ეს თითქოსდა დაუცველი, სუსტი მარტოსული, თავისი მიზნის მისაღწევად არ აპირებს უკან დაიხიოს მის პირისპირ ალესილი ხმალივით აღმართული, ლამის კვარცხლბეკზე მდგარი მეტოქისაგან და მორჩილად ეგებება  ყველა განსაცდელს.

      

ჰედა იმედოვნებს, რომ ეილერტმა მხოლოდ დროებით დაძლია მისი ჩვეული ცხოვრების წესი და კვლავაც დარწმუნებულია თავის გავლენაზე ყოფილ სატრფოსთან.  მისი ფიქრით, სწორედ ამას უდასტურებს ლევბორგის განაცხადი, რომ განზრახ გაანადგურა თავისი შედევრი თეასთან კავშირის გაწყვეტის  მოტივით. ამ დროს, იამზე სუხიტაშვილის ჰედა მზადაა დააბრუნოს მის ხელთ არსებული ხელნაწერი, ხელსაც იწვდის მის ასაღებად, მაგრამ მოულოდნელად ცვლის გადაწყვეტილებას. საზრიანი თეა „საერთო შვილად“ ნათლავს ნაშრომს, წამში ახდენს ლევბორგზე ზემოქმედებას და შურისძიებით ანთებული ჰედაც ცვლის განზრახვას. იგი ყოფილ შეყვარებულთან პირისპირ დარჩენისას, მამის დამბაჩას სთავაზობს ლევბორგს, მოუწოდებს გარდასული ეპოქის ღირსეული რაინდივით ლამაზად, რომანტიკულად დაასრულოს უღირსი სიცოცხლე. მისი წასვლის შემდეგ, თითქმის სასოწარკვეთილი ჰედა გაბლერი, დაუნანებლად  წვავს თავის მფლობელობაში არსებულ ხელნაწერს და ავანსცენაზე მიცვალებულის პოზაში კუბზე გაწოლილი, მოუთმენლად ელის მოვლენათა განვითარებას.  ცოლის „მავნებლობით“ აღშფოთებული ბაჩო ჩაჩიბაიას  იორგენ ტესმანი,  მზადაა მოახრჩოს მისთვის უკვე გაუსაძლის პარტნიორად ქცეული ექსცენტრიული ქალი. აღნიშნული მიზანსცენა სახიერად გამოხატავს იორგენ ტესმანის რეალურ დამოკიდებულებას ჰედასადმი და მათი ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივასაც. მსახიობი ბაჩო ჩაჩიბაია შინაგანი სიმართლით წარმოადგენს მისი მხატვრული გმირის განწყობას მისთვის დასაწყისშივე უცხო, სრულიად შეუფერებელი, ამჯერად უკვე განხიბლული სახელოვანი გენერლის მომაჯადოვებელი ასულისაგან.

          

ჰედა ადრეული წლებიდანვე ინტუიტურად გრძნობდა თეაში სახიფათო მეტოქეს. მასთან  საბრძოლველად მუდამ მზად იყო თმები დაეგლიჯა, შეურაცხყოფით გაენადგურებინა. ყოფითი ქალის მზაკვრული არტისტიზმისადმი დაუძლეველი ბრაზით განწყობილი, ამჯერად უკვე მთელი სისრულით აცნობიერებს თავის ტრაგიკულ უმწეობას. დაბალი სოციალური ფენიდან აღზევებულმა, უსუსური ქალის ნიღაბში შემალულმა შეძლო ის, რისი უნარიც არ აღმოაჩნდა თავად. თეამ მოხერხებულად აართვა ყველაზე ძვირფასი ადამიანი, აჯობა და დაამცირა. „უჩინარი ქალის“  თავგანწირვამ ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე კაცისაგან შექმნა დიდი მეცნიერი,  საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ ჰედას ეფემერულ კომფორტს, არამედ აზრდაკარგულ არსებობასაც. ამიერიდან ფინალამდე, იამზე სუხიტაშვილი თამაშობს იმედგაცრუებულ, დათრგუნულ ქალს, რომელმაც ვერ შეძლო რეალობის გაცნობიერება და მისი თავდაჯერებაც საპნის ბუშტივით გაქრა.

         

ჰედასათვის ლამაზი სიკვდილის ნაცვლად, ლევბორგი  თეასადმი მადლიერების გრძნობით განეწყო და „ერთობლივი შვილის“ გადასარჩენად გაბრძოლების დროს, შემთხვევით გავარდნილი ტყვიის მსხვერპლი გახდა. შეცვლილ ვითარებაში საოცრად საზრიანი, პრაგმატული თეა ელსტედიც, ელვისებური სისწრაფით ორიენტირდა იორგენ ტესმანისაკენ და ნიშნისმოგებით გახედა ჰედა გაბლერს, რომელსაც ოსტატურად გამოსტაცა საოცნებო შურისძიების სადავეები. ბაჩო ჩაჩიბაიას სარგებლისმოყვარე იორგენ ტესმანიც ხალისით დათანხმდა სარფიან შეთავაზებას. მისთვის  ყველა ღირსებისაგან განძარცვული, ზედმეტ  არსებად ჩამოქვეითებული მზეთუნახავი, გასართობად შესთავაზა ბრაკს და ცოლის მოსალოდნელი ნებისმიერი  ამბოხი, არაადამიანური  ყვირილით გადაფარა. 

        

გენერალ გაბლერის ოჯახში აღზრდილ ჰედას,  კვლავაც მხოლოდ დამბაჩა შერჩა  თავისუფლების ერთადერთ გარანტად. სწორედ თავისუფლების გამო მოიშორა იარაღის მუქარით აილერტ ლევბორგი. ტესმანთან შეუღლებაც ამ თავისუფლების ნაწილი იყო. მეორედ ასესორ ბრაკს დაუმიზნა  იარაღი, როდესაც მასში თავისი თავისუფლების საბედისწერო პერსონა შეიცნო, მაგრამ ბრაკის დაშინება შეუძლებელი აღმოჩნდა. 

        

მალხაზ ქვრივიშვილი თამაშობს ქედმაღალ, ირონიულ, გამოცდილ ლაველასს. მსახიობი მისი გმირის ხასიათში სიღრმისეული წვდომით ქმნის მკვეთრი სცენური სახის გამომსახველ ფორმებს. იგი ძლიერი, მოხერხებული, ცბიერი და თავდაჯერებულია. აშკარაა, რომ ეს დათვივით უხეში არსება ყველა საწადელს მიღწეული გამარჯვებით ზეიმობს და ამჯერადაც ჩასაფრებულივით ელის მოხერხებულ დროს, როდის აღმოჩნდება ილუზიებში მოფარფატე ქალი მის ხაფანგში. მალხაზ ქვრივიშვილის ასესორ ბრაკისათვის ჰედა გაბლერი ბროლის კოშკში მცხოვრები მეფის ასულია. ჰაეროვანი, მედიდური, ნატიფი, კრისტალივით წმინდა დედოფლის მოპოვება, მისი ტალახში ამოსვრა,  ასესორ ბრაკს ამჯერადაც თავისი მამაკაცური ღირსების დასტურად ესახება. ბრაკის გავლენა აშინებს,  ზღუდავს, უსიხარულო არსებობისადმი სრული აპათიით განაწყობს თავნება „პრინცესას“. მიუხედავად იმისა, რომ ჰედასათვის არ იყო უცხო შურისძიების მძაფრი გრძნობა, იგი არ ცდილობს ლევბორგს იარაღის ქურდობა დააბრალოს, თავი დაიხსნას მოსალოდნელი სირცხვილისა თუ სასჯელზე გაცილებით მტანჯველი ბრაკის ზღვარგადასული ცინიზმისაგან.

        

ჰედას თვითმკვლელობის თაობაზე არსებობს არაერთი ვარაუდი. ზოგი მიიჩნევს რომ სწორედ ბრაკი აღმოჩნდა ჰედას საბედისწერო გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა სპექტაკლის რეჟისორული კონცეფცია ვფიქრობ სხვა ვერსიას გვთავაზობს და იგი სრულიად გამართლებული მგონია. ჰედა თითქმის სპექტაკლის დასაწყისშივე გვევლინება რეალობისგან გაუცხოვებულ, დისტანცირებულ ნიჰილისტად, რომელმაც გააცნობიერა რომ სარგებელზე ორიენტირებულ, გადაგვარებულ სამყაროში მისი ღირებულებები მკვდარია, ხოლო იქ, სადაც სიყვარული გაუფასურდა, დომინოს პრინციპით ყველა დანარჩენის ნგრევა გარდაუვალია.

       

სპექტაკლის მიწურულს ია სუხიტაშვილის სასოწარკვეთილი ჰედა აცნობიერებს რომ იორგენ ტესმანის გვერდით მისი ადგილი უკვე საძულველმა თეამ დაიკავა. მსახიობი მისი ცრემლმორეული გმირი ქალის უკანასნელი ძალების მობილიზებით, თითქოს გამომცდელად, ვედრების ინტონაციით სთავაზობს ხელნაწერის აღსადგენად გარჯილ ახალ წყვილს საკუთარ სამსახურს, ნაქმარევის უხეშ უარზე კი საძინებელში განმარტოვდება. პიესის ტექტში ჰედა როლიალზე უკრავს, სპექტაკლში - სრული სიჩუმეა. მიუხედავად ამისა, გაისმის ბაჩო ჩაჩიბაიას ისტერიული ყვირილი  ,,გაჩუმდი ჰედა“. რეჟისორის მიერ მიგნებული მიზანსცენა ზუსტია.

        

რეჟისორ თათა პოპიაშვილის მიერ მოფიქრებული, ეკრანზე წარმოდგენილი სცენები  დახვეწილად, ორიგინალურად, ეფექტურადაა სპექტაკლში მოხმობილი. მათ შორის გამოკვეთილად შთამბეჭდავია ფინალური, - თვითმკვლელობის სცენა საძინებელში. ჰედა კვდება საფეთქელში ნასროლი ტყვიით, როგორც რომანტიკული ეპოქის წითელკაბიანი მზეთუნახავი, რომელმაც შეიცნო, რომ მომხმარებლური ეპოქის საზოგადოებაში მარადიული ღირებულებანი   ანაქრონიზმად იქცა.  

bottom of page