ყველგან ბოლომდე დავიხარჯე


ყველგან ბოლომდე დავიხარჯე...

საქართველოს სახალხო არტისტ ნანა ფაჩუაშვილს
ესაუბრება თეატრმცოდნე მაკა ვასაძე

 

მ. ვ. _ ქალბატონო ნანა, თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია წარმატებულად დაიწყო. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული „ბედი გწყალობდათ“.  თქვენი პირველი პედაგოგი  დიმიტრი ალექსიძე გახლდათ, შემდგომ მუშაობდით ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ბადრი კობახიძე, მიხეილ თუმანიშვილი, გიზო ჟორდანია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე... სამსახიობო ოსტატობის დაუფლებაში ალბათ, თითოეულმა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა. თუ შეიძლება, მოკლედ მოგვიყვეთ თუნდაც ერთი ხერხის შესახებ, რომელმაც პროფესიული დაოსტატების გზაზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს მსახიობად ჩამოყალიბების პროცესში და სამუდამოდ თქვენში დარჩა. ვგულისხმობ:  დიმიტრი ალექსიძეს, მიხეილ თუმანიშვილს, რობერტ სტურუას, გიზო ჟორდანიას, თემურ ჩხეიძეს და სხვებს.

ნ. ფ. _ ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. რუსთაველის თეატრში მოღვაწე თითქმის ყველა რეჟისორთან მიმუშავია, მქონდა ეს ბედნიერება. მე ყოველთვის აღვნიშნავ ბედისწერის მომენტს, მაგრამ ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ მაშინ თეატრში იყო ინტენსიური მუშაობა, 6-7 რეჟისორი ერთდროულად დგამდა სპექტაკლს. ზოგჯერ ორ სპექტაკლში პარალელურად ვმუშაობდი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მსახიობისთვის. სამწუხაროდ, ახლა, ახალგაზრდა მსახიობები მოკლებულნი არიან ასეთი მუშაობის რიტმს. მათ არა აქვთ ის სკოლა, რაც ადრე იყო. რეჟისორებს განსხვავებული ხელწერა აქვთ, სხვადასხვა რაღაცას გასწავლიან, ყველასგან რაღაც უნდა აიღო, შენთვის სასარგებლო. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში გამოგადგება. არ ჩამომართვათ ახლა ეს კეკლუცობაში, მაგრამ ვინაიდან ბევრი ხელისშემშლელი პირობა მქონდა ცხოვრებაში, ბოლომდე ვერ გამოვიყენე ჩემი რეჟისორები. ოჯახს ბევრი დრო მიჰქონდა.  ძნელია ორ საქმეს ერთნაირი სიყვარულით და ერთნაირი მონდომებით ემსახურებოდე. რაღაცას ვაკლებდი ხან, ერთს და, ხან მეორეს. ამანაც განაპირობა ის, რომ ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ ჩემი თავის. იცით, რას ვგულისხმობ? ისეთ რეჟისორებთან მომიწია მუშაობა, რომ ყოველ სპექტაკლში, რაღაც მნიშვნელოვანი რეზულტატი უნდა ყოფილიყო. მიშა თუმანიშვილი ნიშნებს გვიწერდა ხოლმე სპექტაკლის შემდეგ და ეს ჩემში დღემდე დევს. მსახიობს უნდა შეეძლოს საკუთარი ნამუშევრის შეფასება, როგორც სხვას აფასებ, ასევე შენი თავიც უნდა შეაფასო ობიექტურად. მაშინ აღარ გექნება ამბიციურობა, უფრო მეტი ლტოლვა გექნება სრულყოფისაკენ. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში დაილექა ჩემში. ადრე ამას ვერ ვაცნობიერებდი, მაშინ მინდოდა ბევრი როლი მეთამაშა. გადავდიოდი სპექტაკლიდან სპექტაკლში, თითქმის ერთფეროვან როლებს მაძლევდნენ _ `ცისფერ~ როლებს, მსხვერპლშეწირულებს, უფრო გმირ ქალებს. მაშინ ასე არ ვფიქრობდი, როგორც ახლა ვფიქრობ. ეს დრომ, გამოცდილებამ მოიტანა. უკმარისობის გრძნობა, რომ ამ რეჟისორებთან მუშაობა მაქსიმალურად ვერ გამოვიყენე, დღემდე მაქვს. შეიძლება ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ვის დავუმალო, საკუთარ თავს? მაგალითად, ხანდახან მიშა თუმანიშვილის რეპეტიციებიდან გაქცევაც მინდოდა ხოლმე, იმიტომ რომ იქ, ოჯახში, რაღაც პრობლემა იყო. ჩემი მეუღლე 25 წლის განმავლობაში ავად იყო და ამანაც შემიშალა ხელი. მაგალითად, არ შემიძლია ტკივილის გარეშე გავიხსენო ბერნარდაზე მუშაობის პერიოდი (ფ. გარსია ლორკა `ბერნარდა ალბას სახლი~ რეჟ. თ. ჩხეიძე მ. ვ.). ჩემს მეუღლეს საავადმყოფოში ვადექი თავზე და 20 ღამე სკამზე ვიჯექი, დილას კი რეპეტიციაზე გავრბოდი. საოცარი ძალები გამოვნახე მაშინ ჩემს თავში, ვინაიდან არ მინდოდა ამ როლის ხელიდან გაშვება. თემურსაც (თემურ ჩხეიძეს გულისხმობს მ. ვ.) უნდოდა, რომ მეთამაშა ეს როლი და სულ მეუბნებოდა, რაღაცნაირად შეძელიო. შევძელი... იმისდა მიუხედავად, რომ გარკვეული ეპიზოდების მიმართ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. წლების შემდეგ, როდესაც მე და თეამურ ჩხეიძე გოჩა კაპანაძის `ბერნარდას~ ვუყურებდით, თემურს ვუთხარი: იცი როგორ მაინტერესებს ადელას და მარტირიოს სცენა, ხინჯად მაქვს დარჩენილი, რომ ეს სცენა მაშინ ვერ ვითამაშე და ახლა, კარგად ვითამაშებდი. მაშინ თემურმა მითხრა: არა, შენ კი ვერ ითამაშე კარგად, მე ვერ დავდგი კარგად ეს სცენაო. აი, ასე, ტაქტიანად, რა თქმა უნდა იუმორით, დამამშვიდა თემურმა. ასეთი `უკმარისობები~ ბევრი მაქვს.
ყველა რეჟისორს სხვადასხვა მიდგომა ჰქონდა. გავმეორდები, მაგალითად, ბატონმა მიშამ საკუთარი ნამუშევრისთვის ნიშნის დაწერა მასწავლა, ანუ საკუთარი ნამუშევრის შეფასება. ბატონი დოდო იუმორით სავსე ადამიანი იყო და ისეთ რამეს გეტყოდა იუმორით, რომ აუცილებლად მიხვდებოდი, რა გიჭირს. მაგალითად, ერთხელ ჩემს არაჩვეულებრივ მეგობარს, ჯგუფელს უთხრა: `Какие у тебя неуклюжие ноги, ты как утюг их употребляешь~. ამით მიახვედრა, რომ მისი სიარულის მანერა მოუქნელი, უხეში იყო. იუმორით მიგითითებდა შენს ნაკლზე და იმაზე, თუ რა უნდა გამოგესწორებინა. თან არ გწყინდა, მაგრამ მიხვდებოდი რაც გიჭირდა.
თემურს რაც შეეხება, ჩვენ თანატოლები, თანაკურსელები ვიყავით, უფრო თანამოაზრენი და, ასე ვთქვათ, ერთად ჩამოვყალიბდით. ძიების პროცესმა ისე დაგვაახლოვა და გაგვაერთიანა, რომ უერთმანეთოდ ვერც ჩამოვყალიბდებოდით. მან დამინახა პირველმა, ის დაინტერესდა ჩემით და როდესაც რეჟისორი ინტერესდება შენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მსახიობისთვის. რობიკო (სტურუა მ. ვ.) უფრო სხვანაირად უყურებს მსახიობს, მაგალითად: ნანა ამ როლისთვის გამოვიყენო თუ არ გამოვიყენო, თემური კი უფრო სხვანაირად ზრუნავდა ჩემზე... ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეჟისორი ზრუნავს შენზე. რობიკო რომ იწყებდა შენთან მუშაობას, ზრუნვა, სწავლა, თუ, რაც გნებავთ, ის უწოდეთ, აუცილებლად გაკეთებინებდა იმას, რასაც ითხოვდა. Mოკლედ, ყველას სხვადასხვა ხელწერა აქვს, სხვადასხვა მიდგომა მსახიობთან _ ზოგს სიყვარულით, ზოგს ინტერესით, ზოგს იმიტომ, რომ სჭირდები, ზოგს იმიტომ, რომ გამოგიყენოს და მერე... აღარ აინტერესებ... 
მ. ვ. _ ინსტიტუტიდან თქვენ პირდაპირ რუსთაველის თეატრის სცენაზე მოხვდით. მესამე კურსზე იყავით, როდესაც ბადრი კობახიძემ შემოგთავაზათ ევას როლი ი. შტოკის „ღვთაებრივ კომედიაში“. თქვენი პარტნიორები სპექტაკლში იყვნენ: ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, ბორის წიფურია, კახი კავსაძე. ასეთი მსახიობების გვერდით თამაში, ალბათ, თქვენთვის დიდი სკოლა იყო. შემდეგ, თქვენმა პედაგოგმა დიმიტრი ალექსიძემ გათამაშათ ბრეხტის „სამგროშიან ოპერაში“, თანაც ჯერ ერთ-ერთი როსკიპის როლი მოგცათ, შემდეგ კი პოლი პიჩემი განასახიერეთ. პარტნიორობას კი რამაზ ჩხიკვაძე გიწევდათ. თუ არ ვცდები, საქართველოში ბრეხტი, პირველად, სწორედ ბატონმა დოდომ დადგა. რას გაიხსენებდით რუსთაველის თეატრში განსახიერებულ თქვენს პირველ როლებზე.
ნ. ფ. – დიახ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი იყო და მე, ეს მომენტი, გამოვიყენე. ჩემს თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევდი და ყველგან ბოლომდე დავიხარჯე. შეიძლება ამანაც შემიწყო ხელი. რეჟისორები ლაპარაკობენ, რომ ნანა მშრომელია. მშრომელი შეიძლება ბევრია, მე, უბრალოდ, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. შეიძლება ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა როლს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. მარტო შრომა არ ყოფნის, ყოველ როლს სერიოზულად, პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე.
მ. ვ. _ პარტნიორებიდან რომელს გამოყოფდით, რომელთან გრძნობდით თავს უფრო კომფორტულად, თავისუფლად სცენაზე... უფრო მეტად გესმოდათ ერთმანეთის... უფრო გრძნობდით ერთმანეთს სცენაზე...
ნ. ფ. _ ძირითად უფროს თაობასთან, გარკვეული წლები, ბევრად უფრო უფროს თაობასთან... სცენაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვიდექით, ამაში იყო რუსთაველის თეატრის ხიბლი, რასაც ახლა ნაკლებად ვხედავ... მაშინ კი სამი თაობა იდგა სცენაზე და ერთმანეთს ავსებდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი თხოულობდნენ შენგან, მათგან, უფროსებისაგან სწავლობდი. გრძნობდი, რომ დღეს ისე ვერ გაიარე ეს ეპიზოდი, ისე ვერ დააკმაყოფილე მათი მოთხოვნა... ამიტომ სულ მობილიზებული ვიყავი. აი, ისევ იქ მივდივარ, თუ არა გაქვს პასუხისმგებლობა, ყველაფერი გვერდით ჩაგივლის და ვერაფერს მიიღებ, ვერაფერს ისწავლი... რა თქმა უნდა, ეს დიდი სკოლაა, როდესაც უფროსი თაობასთან ერთად დგახარ სცენაზე.

მ. ვ. _ თანამედროვე სათეატრო სივრცე უამრავ მიმდინარეობას მოიცავს, როგორი თეატრი გიყვართ თქვენ, რომელია თქვენთვის ამ მიმდინარეობებიდან ყველაზე უფრო მისაღები?
ნ. ფ. – მე დასაწყისში გავამახვილე ყურადღება თემურ ჩხეიძეზე, გამოვყავი თემურთან მუშაობა, ვინაიდან ის დაინტერესდა ჩემით, ეს მსახიობს ძალიან სჭირდება. და ეს დაინტერესება, მუშაობის პროცესი სწორად გამოვიყენე. შემდეგ თემურ ჩხეიძე წავიდა რუსთაველის თეატრიდან, გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო კიევში. სუფრაზე ვიყავით და რობიკომ მითხრა _ შენ, ჟანრი (ლოლაშვილი მ. ვ.) და ავთო (მახარაძე მ. ვ.) უნდა გაყვეთ თემურსო. მე მაგალითად, რომ წავიდე თეატრიდან და ჩემი მსახიობები არ გამომყვნენ, მეწყინებაო... ვიფიქრე, მორჩა ჩემი კარიერა რუსთაველის თეატრში... ეს კი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. იქვე ცრემლები გადმოვყარე. რობიკომ მითხრა _ ახლა, არ გინდა ტირილი... ასეთია რობიკო. როგორ გითხრათ, ყველაფერ ამას, იუმორით უყურებს, უფრო სწორად ტკივილით არ უყურებს... ტრაგედიად არ მიიჩნევს, მე კი მაშინ მოვკვდი... ვიფიქრე, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. მარჯანიშვილის თეატრში გადასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, იმისდა მიუხედავად, რომ თემური მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა. როდესაც ჩამოვედით გასტროლებიდან, სწორედ მაშინ დაიწყეს მუშაობა ახალ სპექტაკლზე. განაწილდა როლები და მივიღე მთავარი როლი. ვიფიქრე, რომ თუ ახლა ყველაფერი არ გავაკეთე, ისე როგორც მეკადრება, როგორც რუსთაველის თეატრს ეკადრება და რობიკოს თავი არ მოვაწონე, მაშინ მართლა ყველაფერი დამთავრდება. ამ ამბავს ხელიდან ვერ გავუშვებ... და გიჟივით ვმუშაობდი... იმ სპექტაკლში ჩემი მეუღლე (ტრისტან ყველაიძე) იყო ჩემი პარტნიორი, ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. ეს იყო თ. მეტრეველის `შეშლილი, შეშლილი ახალი წელი~ (წლის საუკეთესო როლის პრემია ავიღე მაშინ). ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ მოვდივართ და, ჩემს მეუღლეს, პარტნიორს ვეუბნები: იცი ვიპოვე ამ როლის გასაღები. მან კი მიპასუხა: კარგი რა, რა იპოვე, რაღაც კლოუნადა შენ თუ მიგნებად მიგაჩნიაო... შენ გგონია, რომ შენ დღეს რაღაცა გააკეთეო? Aრადა, მართლა მივაგენი იმ დღეს როლის გასაღებს... დავუწყე კამათი... ბევრი ვიკამათეთ, მერე ვუთხარი _ გააჩერე ახლავე მანქანა, უნდა გადავიდე... იმ მომენტში, ის ჩემი ქმარი კი არა, მტერი იყო ჩემი... და როდესაც მიხვდა, რომ აღარ ვხუმრობდი, მაშინვე იუმორით მიპასუხა (ასე იცოდა ხოლმე) _ მერე გადადი, ვინ გიშლისო... და მანქანა მიჰყავს უფრო მეტი სიჩქარით... მერე, მეც ცოტა დავმშვიდდი... ახლა, უკვე ორნი მყავდნენ მოსაგრეხი, რობიკო და ჩემი მეუღლე... მართლაც, ძალიან გამომადგა გასაღები, რომელსაც იმ დღეს მივაგენი. ასეა როლზე მუშაობის პროცესი, როდესაც რაღაცას მიაგნებ, უნდა ჩაეჭიდო. ერთ-ერთ რეპეტიციაზე შემოვიდა რობიკო და ძალიან შემაქო, მეც მეტი არ მინდოდა. სპექტაკლს რეზო ჩხაიძე დგამდა, მაგრამ ვინაიდან რობიკო სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ესწრებოდა ხოლმე რეპეტიციებს. კომედია გახლდათ და ერთობა კიდეც. ორივე რეჟისორი ძალიან ამომიდგა მხარში, ორივე ძალიან მონდომებული იყო, რომ ეს როლი გამომსვლოდა და ძალიან მეხმარებოდნენ. მართლაც, ეს როლი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში... მახსოვს, პრემიერის შემდეგ, რობიკო ამოვიდა ჩემთან ოთახში და ძალიან შემაქო... ეს უკვე ნიშნავდა, რომ მე კვლავ მყარად დავდგებოდი ფეხზე...
მ. ვ. _ თუმცა თქვენ მანამდე გქონდათ ნამუშევარი რობერტ სტურუასთან, `სეილემის პროცესში~...
ნ. ფ. – დიახ, ადრეც მქონდა მის სპექტაკლებში ნათამაშები, მაგრამ ამ როლის შემდეგ, იგი ჩემით დაინტერესდა, დაინტერესება უკვე სულ სხვა არის... იმის თქმა მინდა, რომ ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა შენს საკუთარ თავთან, როლთან, გარემოსთან, ყველაფერთან... უნდა იბრძოლო, რომ გადალახო ბარიერი...  სულ ვამბობ, რომ მსახიობი რაღაცით სპორტსმენს ჰგავს, სპორტსმენივით სულ უნდა გადალახო ბარიერები და წინ მიიწევდე... ვინაიდან ის, რაც ადრე გააკეთე, წარსულს ჩაბარდა... ჩაბარდა ისტორიას. მთავარია დღეს რა ხარ, რას გააკეთებ, რას მოიპოვებ... მაყურებელს რას აჩვენებ... და რა სიმპათიას დაიმსახურებ მაყურებლისგან... ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან რთულია _ მოიშორო შტამპები, უკვე მიგნებულზე უარის თქმა... იმავდროულად, დაგროვილი გამოცდილება აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და უკვე არსებულს ახალი დაუმატო... მსახიობს ძალიან მძიმე რეჟიმი აქვს... გყავს ოჯახი, ბავშვები, გაქვს პრობლემები... მე რომ მახსენდება, რა რეჟიმით ვცხოვრობდი და დღესაც ვცხოვრობ... ცოტათი უფრო კომფორტულად, მაგრამ დატვირთვა იგივე მაქვს, რაც ადრე მქონდა... ამისდა მიუხედავად არასდროს რეპეტიციაზე არ დამიგვიანია. ვერც კი წარმომიდგენია, რომ რეჟისორი რეპეტიციაზე მოვიდეს და მე არ დავხვდე... ეს ჩვენი ძველი სკოლის ერთ-ერთი ნიშანია. ოჯახის საქმეებს ღამე ვაკეთებდი _ სადილს, ვალაგებდი, ვრეცხავდი და ა. შ., რომ დილას ამ საქმეებისგან თავისუფალი ვყოფილიყავი და დროზე გამოვცხადებულიყავი რეპეტიციაზე...  ეს ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა. ძალიან რთულია, როდესაც ყოფითი პრობლემების მოგვარებაში სხვა  დამხმარე არ გყავს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა... ძალიან ძნელია, ვინაიდან ყოფითი პრობლემები ბევრ დროს გართმევს... სამწუხაროდ, ჩვენთან საქართველოში მსახიობების უმრავლესობა ასე ცხოვრობს... ფანატიკურად უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, რომ ამ დატვირთვას გაუძლო.
მ. ვ. - დღევანდელი თეატრი მოითხოვს უნივერსალურ მსახიობს, იგი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ფსიქო-ფიზიკურ აპარატს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე თეატრის მსახიობი?
ნ. ფ. – სრულყოფილი... აბსოლუტურად მართალი ხართ, ახლა უფრო მეტს მოითხოვს რეჟისორი... კარგი პლასტიკა, მეტყველება უნდა გქონდეს. ამასთანავე, რაც მთავარია, აზროვნება უნდა შეგეძლოს და ხედვა უნდა გქონდეს... თუ არა გაქვს, უნდა ეძებო და უნდა იპოვო შენი ხედვა. ჩვენ ადრე როლის გარშემო ყველაფერს ვსწავლობდით. 2-3 თვე ვისხედით მაგიდასთან და ვამუშავებდით. მერე ვდგებოდით აბსოლუტურად მომზადებულები. ახლა ასე არ ხდება.. სამწუხაროდ, ახლანდელ თაობას არ აინტერესებს, რას აკეთებს უფროსი თაობა, როგორ აკეთებს... მაგალითად მე, სულ ვადევნებდი თვალს უფროს თაობას, მათგან ვსწავლობდი.... ახლა სადაც ვსხედვართ, ამ ოთახში, ვისხედით მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი და მე... ყოველი მათგანისგან რაღაც ვისწავლე... მედიკოსგან მეგობრობა, სალომესგან _ როგორ უნდა ჩაეჭიდო როლს, მარინასგან _ სიცოცხლის სიყვარული... და ა. შ. გასტროლებზე ხშირად მე და მარინა სასტუმროში ერთ ოთახში ვიყავით ხოლმე, გამოაღებდა დილას ფანჯარას, გადაიწერდა პირჯვარს და ამბობდა: `ღმერთო რობიკო ამყოფე კარგად, რამაზი იყოს კარგად~... მათში იგი ხედავდა დიდ შემოქმედებით სიხარულს...
მ. ვ. _ რას ფიქრობთ ჩვენს ახალგაზრდა მსახიობებზე? რას ურჩევდით ახალგაზრდებს, იმათ, ვინც დღეს ეუფლება მსახიობის ოსტატობას.
ნ. ფ. _ მეტ სიყვარულს, მეტ პროფესიონალიზმს, მეტ თავგანწირვას... ბევრ კარგ წინადადებაზე მაქვს უარი ნათქვამი, ვგულისხმობ კინოს... მაგალითად, სხვა ქალაქში გადაღებებზე წასვლაზე მითქვამს უარი. ვერ ვამბობდი, რომ მე წავალ. ეს წარმოუდგენელი იყო... ახლა, შეიძლება შეიცვალოს თეატრის რეპერტუარი, იმიტომ, რომ რომელიღაც მსახიობს სადღაც უწევს გადაღებაზე წასვლა. ჩემთვის ნომერი პირველი ყოველთვის თეატრი იყო. შენ თუ თეატრის მსახიობი ხარ, შენთვის თეატრი უნდა იყოს უპირველესი, მერე უკვე შეთავსება შეიძლება... მაგალითად, რასაც ახლა მე ტელევიზიაში ვაკეთებ, ეს შეთავსებაა... ასეთი დამოკიდებულება თეატრისადმი აღარ აქვთ ახალგაზრდებს. არ ვიცი, ეს რამ მოიტანა, ცხოვრებამ მოიტანა, თუ... ადამიანები პირადულს სწირავდნენ, შვილს არ აჩენდნენ... შეწირული ხალხი იყო, იმდენად უყვარდათ თეატრი, თავის პროფესია... 
მ. ვ. _ თქვენ ბევრ ახალგაზრდა რეჟისორთან იმუშავეთ, მათ შორის ვის გამოყოფდით, რომელთან მუშაობა იყო ყველაზე მეტად საინტერესო თქვენთვის და რატომ?
ნ. ფ. – ყოველ მათგანთან ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დათო ანდღულაძესთან მუშაობამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზულტატი მოიტანა. ვგულისხმობ, ფრიდრიჰ დიურენმატის მიხედვით გაკეთებულ სპექტაკლს, რომელსაც რეჟისორმა `მეორედ მოსვლა, ანუ ვიზიტი~ დაარქვა (პიესის სათაურია `მილიონერი ქალის ვიზიტი~ მ. ვ.) . დათომ კლარას როლი შემომთავაზა. იმდენად მივენდე რეჟისორს, მის ხედვას, რომ სპექტაკლი და როლი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დიურენმატის მეუღლის შეფასება. როდესაც ჩამოვიდა და ნახა სპექტაკლი, თქვა _ მე ასეთი კლარა არსად არ მინახავსო. დიურენმატი როდესაც ქმნიდა თავის პერსონაჟს, სწორედ ასეთად ხედავდა მასო. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი შეფასება იყო. ე. ი. დათო წავიდა სწორი გზით, გახსნა რაღაც მნიშვნელოვანი ამ დრამატურგში და დრამატურგიაში. იყო კიდე ასეთი აღმოჩენები. მაგალითად, ავთო ვარსიმაშვილს _ ავგუსტ სტრინდბერგის `სიკვდილის როკვაში~... რამაზი, კახი კავსაძე და მე ვიყავით ამ სპექტაკლში დაკავებულები. პრემიერა იტალიაში ვითამაშე, რვა ქალაქში, საკმაოდ წარმატებულად, ჩეხოვის ფესტივალზეც ვითამაშეთ. იქ, რამაზის გვერდით ვიდექი. ბევრი სიახლე შემოგვთავაზა მაშინ ავთომ და ბევრი ახალი შევიძინე კიდეც. ასევე, ანდრო ენუქიძესთან, როდესაც სერიალში ვითამაშე... გოგა თავაძესთან მაქვს ერთ-ერთი საუკეთესო როლი შექმნილი. ვგულისხმობ სპექტაკლს `აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე~ (ი. სამსონაძის პიესა მ. ვ.). იმ პერიოდისათვის დიდი ხანი არაფერი მქონდა ნათამაშები რუსთაველის თეატრში. გოგამ, რობიკოს მითითებით, შემომთავაზა როლი, რომელიც ფაქტიურად როლი არ იყო, ამას ვერც ეპიზოდურ როლს დაარქმევდი. წავიკითხე პიესა, პერსონაჟს სულ რამდენიმე ფრაზა ჰქონდა სათქმელი... მეტი არაფერი... თავიდან კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ მერე გოგასთან ერთად შევქმენით ძალიან საინტერესო სახე. რობიკო თბილისიდან მიდიოდა, მე მივედი მასთან და ვუთხარი: თუ დაგვრთავ ნებას, რომ ჩვენ ამ როლიდან  გავაკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი სახეთქო. – ნუ, გააკეთეთ, გააკეთეთ, აბა რა! _ მიპასუხა რობიკომ და წავიდა... ჩამოვიდა და საერთოდ ვერ იცნო ეს პერსონაჟი. შემდეგ იმდენად დაინტერესდა, რომ თვითონ დაიწყო ამ სახის განვითარებაზე ზრუნვა... იცი, რაღაც გარკვეული ინტერესი მქონდა, რომ მისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემიძლია. ვინაიდან მიყვარს ეს პროფესია. კი ბატონო, გავნაწყენდებოდი და გადავაგდებდი ამ პიესას, როლს... მაგრამ მე ამით მოვიგე, მე და გოგამ ამით მოვიგეთ. დავიწყეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სიარული, სულიერ ავადმყოფებზე დაკვირვება, იმდენ კურიოზს გადავაწყდი მაშინ. მაგრამ ეს იყო სკოლა... გოგა რომ ასეთი დამყოლი, უფრო სწორად, ძიების მოყვარული არ ყოფილიყო, არაფერი გამოვიდოდა. როგორც მე ვჭირდები ახალგაზრდა რეჟისორებს, ისე მჭირდებიან მე ისინი, ალბათ უფრო მეტადაც... რეჟისორმა თუ არ დაინახა, რომ შენ ხარ მისი თანამოაზრე და ისევე გინდა, რომ სპექტაკლი, როლი შედგეს, მაშინ არ გამოვა არაფერი. თუ არ გაინტერესებს, ხარ ინდიფერენტული, არ მუშაობ მთელი გულისყურით, ვერც შედეგს ვერ მიიღებ. უფრო მეტსაც გეტყვი, ხანდახან მთლიანად იხარჯები, ყველაფერს აკეთებ და მაინც არ გამოდის... ასეც ხდება... სპექტაკლ `მაგრიტის შემდეგ~ (ტომ სტოპარდის პიესა მ. ვ.) რეპეტიციების დაწყებისას გოგა თავაძემ მითხრა, რომ ტუბზე უნდა დაუკრაო... მე ვუთხარი, დავუკრავ... ერთი ნაცნობი მუსიკოსი მეუბნებოდა: ქალბატონო ნანა, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, ეს ძალიან რთულია, ოთხი წელი ვსწავლობდი, რომ ტუბზე დაკვრა მესწავლაო, _ შევძლებ _ ვუპასუხე, მაგრამ მერე ხელში რომ ავიღე და ჩავბერე, მივხვდი, რომ მართლაც არაფერი გამოვიდოდა... გოგა, ვერ შევძლებმეთქი. საბოლოოდ ისიც მიხვდა, რომ მართლა შეუძლებელს მთხოვდა, არა მარტო მე, ვერავინ ვერ შეძლებს ამას, ძალიან რთული ინსტრუმენტია... მთელი ზაფხული მე და გოგა ვეძებდით ამ გმირის ვიზუალურ გამოსახულებას, ერთად ვფიქრობდით კოსტიუმზე, დავდიოდით მეორად მაღაზიებში, რომ მოგვენახა შესაფერისი ჩაცმულობა ამ პერსონაჟისათვის. აი, ასეთი ერთობა თუ არ არის რეჟისორსა და მსახიობს შორის, მაშინ კარგი რეზულტატი ვერ გექნება.
მ. ვ. _ ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ მსახიობი აძლევს რეჟისორს მინიშნებას, გასაღებს...
ნ. ფ. _ იცი რა, ეს ერთდროულად ხდება... მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე, რომ მე რაღაც მივაწოდე, რაღაც აღმოვაჩინე, მაგრამ როდესაც რეჟისორის თანამოაზრე ხარ,  მაშინ იბადება რაღაც კარგო. გოგას აქვს ასეთი თვისება - 100 ვარიანტს მოსინჯავს და მერე ერთს დატოვებს. ეძებს შენთან ერთად. ზოგს სხვა მიდგომა აქვს. მაგალითად, დათო ანდღულაძესთან ერთ-ერთ ეპიზოდში მაცვია მოკლე შავი შორტი... ეს კოსტიუმი როდესაც შემომთავაზა, სამი დღე ვტიროდი, ამ ხნის ქალს რას მიშვები _ ასე როგორ უნდა გამოვიდე სცენაზე. დამცინებს ხალხი. მან კი გადამარწმუნა. მერე იმ კოსტიუმის გარეშე საერთოდ არ წარმომედგინა ეს პერსონაჟი. ეს ურთიერგაგება, ნდობა რეჟისორისა ძალიან მნიშვნელოვანია. რეჟისორი მთლიანობაში ხედავს რა უნდა, შეცდომაა თუ არა, ეს მისი ხედვაა და სწორედ ის აგებს ამაზე პასუხს... 
მ. ვ. - თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფიის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრის დრამატურგიაზე მოგიხდათ მუშაობა, განასახიერეთ მრავალი განსხვავებული სახე. ხომ არ არის ისეთი გმირი, ან ტიპაჟი, რომელსაც შექმნიდით და სცენაზე გააცოცხლებდით?
ნ. ფ. – სამწუხაროდ, ახალგაზრდობაში ჩემი როლები უფრო ერთფეროვანი იყო, სულ მაძლევდნენ ახალგაზრდა, ლამაზი, ჰაეროვანი  და ა. შ. ერთფეროვან ტიპაჟებს. თუმცა, მაშინაც იყო საინტერესო სახეები, მაგალითად `თუთარჩელაში~ (ნ. ჭულეისკირი, რეჟ. ნ. ხატისკაცი, ანინა – ნ. ფაჩუაშვილი, მ. ვ.), შემდეგ `ბერნარდა ალბაში~, მაგრამ იმ პერიოდში მაინც რაღაც სტერეოტიპი მომაკერეს და ძირითადად ერთნაირი ტიპის როლებს ვთამაშობდი. მერე და მერე ეს უკვე შეიცვალა... მაგალითად, გოჩა კაპანაძემ `მედეაში~ (ევრიპიდე) ძალიან საინტერესო როლი მომცა, მედეას მამიდის, კირკესი. ძალიან მნიშვნელოვანი სახეა, დადგმაში ეჯახებოდა მედეას. ამ ორ ქალს შორის ორთაბრძოლა იყო.
ვიმუშავებდი დიდი ინტერესით ისეთ როლზე, სადაც ყველაფერი ერთად იქნებოდა. ადრე რატომღაც ტრაგედიის თამაში არ მინდოდა, ახლა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ, რაიმე ასეთი სახის პერსონაჟზე. იყოს ეს თანამედროვე, ან თუნდაც, ისტორიული, სიამოვნებით ვითამაშებდი, სამწუხაროდ ვერ აარჩევ... რეჟისორი გთავაზობს ყოველთვის. ამასწინათ რადიოში ვიყავი მიწვეული და იქ ვამბობდი, რომ დღეს რეჟისორების დეფიციტია, მაგრამ თემურ ჩხეიძე დამპირდა, რომ ჩამოვა საქართველოში, აიყვანს რეჟისორების ჯგუფს და მთელს პლეადას შექმნის... მართლაც, ერთხელ საუბარში მითხრა თემურმა, რომ აპირებს რეჟისორების ჯგუფის აყვანას და ერთ რეჟისორს მაინც გავზრდიო. თემური თურმე უსმენდა რადიოთი ჩემს გამოსვლას, ეტყობა დედამისისგან, მედეა ჩახავასგან, გამოჰყვა რადიოს მოსმენის სიყვარული, მედეა უსმენდა სულ რადიოს. თემური ჩაერთო ეთერში ტელეფონით და მითხრა: ჩემო ნანა, რამდენიმე რეჟისორი კი არა, ერთი რეჟისორი თუ გამოვკვეთე, ისიც დიდი საქმე იქნებაო. მაშინ დამპირდა _ აი, სახალხოდ გეუბნებიო, რომ აუცილებლად დავდგამ შენთვის ერთ სპექტაკლსო. ოღონდ პიესაზე მეც ვიფიქრებ და შენც იფიქრეო. ისე რომ, ალბათ, იქეთ წელს რაღაც მელის ამ მხრივ. ერთხელ ასეთი შემთხვევაც მქონდა. თეატრი ათონელზე ახალი გახსნილი იყო, თეატრის დამფუძნებელს და გოჩა კაპანაძეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა და გოჩა თეატრიდან წავიდა. რუსთაველის თეატრში რემონტი მიმდინარეობდა. რობიკომ შემომითვალა, რომ ნანას თუ უნდა, რამეს დავდგამ მისთვისო. გამომიგზავნა ძალიან საინტერესო პიესა მარლენ დიტრიხზე. შევხვდი რობიკოს და ვუთხარი _ ახლა უფრო ის მინდა, რომ ამ თეატრმა რაღაც ახალი სიტყვა თქვას. არ იქნება სწორი, შენ ჩემთვის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის დადგა სპექტაკლი. ბევრი მეუბნება _ არ იყავი მართალი, უნდა დაედგა შენთვის სპექტაკლიო. იმ პერიოდში დაიწყო რობიკომ მუშაობა `ჯარისკაცზე~ (ლ. ბუღაძე `ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი~ მ. ვ.). ჩაატარა ქასტინგი და სულ ახალგაზრდები აიყვანა. მე შევთავაზე _  აქ რემონტია, მოდი ჩვენთან დადგი. ვიფიქრე, რომ ახალგაზრდებიდან ნაწილს მაინც ჩვენს თეატრში დატოვებდა. რობიკომ მითხრა, შენ, როგორც ჩანს, როლი არ მოგეწონაო. ვუპასუხე: პირიქით, ძალიან მომეწონა, მაგრამ ახლა ჯობია, ახალგაზრდებთან ერთად გააკეთო რამე.. სამი თვე იმუშავა ამ ჯგუფთან, აი-ია-დან დაიწყო, ყველაფერს დეტალურად ასწავლიდა და უღეჭავდა მათ. მეოთხე თვეს მითხრა: იცი რა, თუ ეს სპექტაკლი გამოვიდა მე მას მსახიობებთან ერთად რუსთაველის თეატრში წავიღებო. მართლაც ასე მოხდა... საბოლოოდ მე დავრჩი წაგებულ პოზიციაში, არც მარლენ დიტრიხი და არც ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფთან შექმნილი სპექტაკლი დარჩა ათონელის თეატრში. არადა, მართლაც ძალიან საინტერესო როლი იყო. ასაკში შესული მარლენ დიტრიხი, რომელიც ყველას ემალება და არავისთან შედის კონტაქტში. ჩაკეტილი თავის სახლში. ერთადერთი მგობარი ქალი ჰყავს, რომელიც რეჟისორია, იმასაც არ უღებს კარს. ბოლოს ის ქალი გადაძვრება ფანჯრიდან და იმართება დიალოგი მათ შორის. საბოლოოდ, მეგობარი ქალი ითანხმებს, რომ გადაიღოს ფილმში. აი, ასე ვთქვი უარი ამ როლზე. არ ვიცი, სწორედ მოვიქეცი, თუ _ არა...
მ. ვ. _ თეატრი ათონელზე, როდის გაჩნდა ეს იდეა, რომ შექმნილიყო ეს თეატრი? 
ნ. ფ. _ არის ასეთი ადამიანი რეზო სალუქვაძე, რომელსაც ძალიან უყვარს თეატრი, მეგობრობს მსახიობებთან. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაუშვეს. რეზომ თქვა: მე შევქმნი თეატრსო. ვურჩიეთ, რომ გოჩა კაპანაძე მოეწვია მთავარ რეჟისორად. გოჩამ მოიყვანა თავის სტუდენტები, აგრეთვე ის ადამიანები, ვინც გაუშვეს რუსთაველის თეატრიდან და ძალიან კარგი სპექტაკლი გააკეთა. მერე მოხდა რაღაც გაუგებრობა და გოჩა წავიდა, ის ჯგუფიც დაიშალა, მე კი დავრჩი... გადაწყდა, რომ მთავარი რეჟისორი თეატრს აღარ ეყოლებოდა, სპექტაკლებს დადგამდნენ მოწვეული რეჟისორები. 
მ. ვ.  _ 31 მარტს რუსთაველის პროსპექტზე, რუსთაველის თეატრის წინ თქვენი ვარსკვლავი გაიხსნა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ნ. ფ. _ ჩემი ჩანაფიქრი იყო _ მაყურებელს შევეფასებინე, შეეფასებინა ჩემი განვლილი შემოქმედებითი გზა. მინდოდა წარვმდგარიყავი ჩემი მაყურებლის წინაშე: ზოგს გინდა, რომ შენზე აზრი შეაცვლევინო, რაღაც რისკზეც კი მიდიხარ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. არ ვიცი, საბოლოო ჯამში როგორი გამოვიდა. საღამო უფრო უკეთესი მინდოდა  ყოფილიყო, უფრო სრულყოფილი თავისი გადასვლებით, შესაძლებლობებით, ჩანაფიქრი უფრო სხვა გვქონდა. შამწუხაროდ, რეპეტიცია არ გამივლია, ვიცოდი, რის შემდეგ რა იქნებოდა, მაგრამ ე. წ. `პრაგონი~ არ მქონია და ამიტომაც იყო ხარვეზები. მაგრამ მაინც მგონია  _ მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და ეს არის მთავარი.
მ. ვ. _ „მე და ჩემი რეჟისორები“ ასე ეწოდება თქვენს მიერ გამოცემულ წიგნს. წიგნის  ძირითად ნაწილში თქვენს შესახებ ყვებიან ის რეჟისორები, ვისთანაც მოგიხდათ მუშაობა. ყველა ერთხმად საუბრობს თქვენს ნიჭსა და პროფესიონალიზმზე. როგორ გაჩნდა ამ წიგნის შექმნის იდეა?
ნ. ფ. _  არავის არ უკარნახია, არსად არ მინახავს წიგნი ასეთი გადაწყვეტით. ეს წიგნი, ასე ვთქვათ ჩემი `მადლიერი გამოძახილი~ იყო. ამ ადამიანებმა (რეჟისორებმა) მე შემქმნეს, ამ ადამიანებმა მე გამომძერწეს, ჩემი გვარი და სახელი მომცეს, ამ ადამიანებთან ჩამომიყალიბდა ურთიერთობები, მეგობრობა. ისინი სხვადასხვანი არიან, სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა სკოლა აქვთ. ბედმა გამიღიმა, ვინაიდან რუსთაველის თეატრში ის რეჟისორები ბუდობდნენ, მიდიოდნენ, მოდიოდნენ, ვინც საქართველოში საუკეთესოები არიან.
მ. ვ. - და საუკეთესო სპექტაკლები, საეტაპო სპექტაკლები შექმნეს.
ნ. ფ. – დიახ, რა თქმა უნდა, გარდა რობიკოსი და თემურისა, უფრო ახალგაზრდა თაობასაც ვგულისხმობ, ვინც მათი მოწაფეები იყვნენ, უკვე თავიანთი ხელწერით, სხვა ხედვით... ამ წიგნით მინდოდა მადლიერება გამომეხატა ყველა ამ ადამიანის მიმართ.